მე რომ ინგლისის, ამერიკის ან იტალიის მოქალაქე ვიყო, მაჟორიტარულ სისტემას და, შესაბამისად, დიდი პარტიების წახალისებას დავუჭერდი მხარს. საამისოდ ჩემი არგუმენტები მაქვს (ისევე, როგორც პროპორციული სისტემის მომხრეებს აქვთ თავისი არგუმენტები), მაგრამ ეს თეორიული კამათი იქნება, რომელიც განვითარებულ, ჩამოყალიბებულ დემოკრატიებს შეეხება. მე კი საქართველოს მოქალაქე ვარ, და ამ შემთხვევაში, აქაური რეალობიდან ამოვდივარ.

მაჟორიტარული სისტემა საქართველოში საპარლამენტო სუპერუმრავლესობების შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ბოლო არჩევნების შედეგებმა ეს აზრი კიდევ უფრო განამტკიცა: პროპორციული სისტემით „ქართული ოცნება“ მყარ, მაგრამ ჩვეულებრივ უმრავლესობას მოიპოვებდა, შერეულით კი დიდი შანსი აქვს, საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს.

სიტუაციას ირონიულს ხდის ის ვითარება, რომ 2010 წელს პარლამენტმა, სწორედ ამგვარი ვითარების თავიდან ასაცილებლად, საკონსტიტუციო უმრავლესობის ზღვარი ორი მესამედიდან სამ მეოთხედამდე ასწია: კონსტიტუციის შეცვლას ახლა 100 კი არა, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. თუმცა, როგორც ჩანს, ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ერთი პარტიის ნებით კონსტიტუციის წამდაუწუმ ცვლა გამოვრიცხოთ.

ესე იგი, მაჟორიტარული სისტემა თავისთავად ნაკლებ დემოკრატიულია, ვიდრე პროპორციული? ეს პოპულარული, მაგრამ არასწორი აზრია: საერთაშორისო გამოცდილება მას არ ადასტურებს. ბევრ წარმატებულ დემოკრატიას წმინდა მაჟორიტარული, ან, ჩვენნაირად, შერეული სისტემა აქვს, მაგრამ სუპერუმრავლესობები იქ არ იქმნება, იმიტომ რომ მთლიანობაში პოლიტიკური და სოციალური გარემო პლურალისტურია. მთავარი სწორედ ქვეყნის პოლიტიკური კონტექსტია. საქართველოს ოცდახუთი წლის გამოცდილება კი ასე შეგვიძლია შევაჯამოთ: არც დიქტატურა გვქონია და არც დემოკრატია; ვცხოვრობთ (და, ბოლო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ასე გავაგრძელებთ) ბუნდოვან, ორაზროვან სისტემაში, რომელსაც უფრო ხშირად „ჰიბრიდულ“, ანუ როგორც დემოკრატიის, ისე ავტორიტარიზმის ნიშნების მატარებელ სისტემას უწოდებენ.

ჩვენი „ჰიბრიდის“ ძირითადი ნიშანი ისაა, რომ დროდადრო ვცვლით ხელისუფლებებს და გვგონია (ზოგიერთებს მაინც), რომ ახალი ხელისუფლება წინაზე უკეთ მოიქცევა, საბოლოოდ კი ისევ ერთი პარტიის, უფრო სწორად კი მის უკან, ან მის თავზე მდგომი ერთი ლიდერის დომინირებას ვუბრუნდებით. რატომ ხდება ასე? მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ სავარაუდოდ ისინი ჩვენი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურასა და პოლიტიკურ კულტურაშია საძიებელი.

საარჩევნო სისტემებიც ამ რეალობიდან გამომდინარე უნდა განვიხილოთ. საქართველოში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ხელს უწყობს არა ორპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას (რაც დემოკრატიისთვის სრულიად ნორმალურია), არამედ ერთი პარტიის სრულ ჰეგემონიას (რაც დემოკრატიის არსის საწინააღმდეგოა).

მაშასადამე, კარგია, რომ მაჟორიტარული სისტემა პროპორციულით შევცვალოთ. ამ მიზნის მიღწევა ძნელია, რადგან სისტემის შენარჩუნება ყველა მმართველი პარტიის ინტერესებშია. სანამ ხელისუფლებაში იყო, ნაციონალური მოძრაობაც იცავდა მას, თუმცა ახლა ძალიან უნდა მისი შეცვლა. პირიქით, ოპოზიციაში მყოფი ქართული ოცნება აძაგებდა მაჟორიტარულ სისტემას და მისი გაუქმების პირობას დებდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი პოზიცია 180 გრადუსით შეიცვალა.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ის ვერასოდეს შეიცვლება? არა, ეს შესაძლებელია ძალთა შედარებითი თანაფარდობის მომენტებში, როცა ოპოზიცია ძლიერდება და ხელისუფლება მზადაა, გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.

მაგალითად, ასეთი მომენტი დადგა 2008 წლის გაზაფხულზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მზად იყო, მაჟორიტარული სისტემა რეგიონული სიებით შეეცვალა (თუმცა უხალისოდ), მაგრამ იმჟამინდელმა ოპოზიციამ არ იკადრა, პარლამენტში შესულიყო და თავისივე ინიცირებული კანონპროექტისთვის მხარი დაეჭირა. ამით ისტორიული შესაძლებლობა დაიკარგა.

შანსი შეიძლება კიდევ გაჩნდეს, მაგრამ მისთვის მზად უნდა ვიყოთ. 2008 წლის მაგალითი ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ხელისუფლებაზეცაა და ოპოზიციაზეც: ორივემ ქვეყნის (და საკუთარ) გრძელვადიან ინტერესებზე უნდა იფიქროს და არა მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკურ კონიუნქტურაზე.