დინამოს სტადიონი
ამჟამინდელი ფუნქცია: საფეხბურთო სტადიონი დინამო არენა
არქიტექტორები: ა.ქურდიანი, გ.ქურდიანი
წელი: 1976

1955 წელს საბჭოთა კავშირში მიღებულმა დადგენილებამ „არქიტექტურაში ზედმეტობებთან ბრძოლის შესახებ“, რადიკალურად შეცვალა საბჭოთა არქიტექტურის განვითარების გზა, რაც, ერთი მხრივ, ე.წ. სტალინის კულტის დამხობის  პროცესს, მეორე მხრივ კი, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საბინაო კრიზისს უკავშირდება. ახალი არქიტექტურული სტილი, სტალინური პომპეზური არქიტექტურისგან განსხვავებით, სისადავით, არქიტექტურული სხეულის ფუნქციაზე ორიენტირებულობითა და, ხშირად, დაბალი სამშენებლო ღირებულებით ხასიათდებოდა. ხრუშჩოვის ხელისუფლებამ „ახალი არქიტექტურის“ ინდუსტრიულ რელსებზე შეყენება და მოსახლეობის საცხოვრისით დაკმაყოფილება უპირველესი მნიშვნელობის პრობლემად გამოაცხადა, რომლის სწრაფად და ეფექტიანად გადაჭრისთვის დასავლური ქვეყნების გამოცდილების შესწავლა და ათვისება დაიწყო. შედეგად, საბჭოთა ქალაქების ახალი რაიონები და მიკრორაიონები სწრაფად დაიფარა საპროექტო ინსტიტუტებში შემუშავებული ტიპური კორპუსებით. ამ ტენდენციამ საბჭოთა კავშირის ქალაქების დიდი ფრაგმენტები ბეტონის ჯუნგლებად აქცია, რომელთა ჰომოგენურობა და დაბალი ხარისხი მალევე იქცა კრიტიკისა და ირონიის საგნად. თუმცა, ამავე ეპოქაში, მასობრივი საბინაო მშენებლობის პარალელურად, ჩნდება ინდივიდუალური პროექტების საფუძველზე შექმნილი ე.წ. სარეპრეზენტაციო, იგივე საჯარო-საზოგადოებრივი შენობების ჯგუფი: სარიტუალო სასახლეები, სპორტული ნაგებობები, გასართობი და დასასვენებელი შენობები, ადმინისტრაციული შენობები და ა.შ. 

„თბილისის საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის გზამკვლევი 1955-1991“ სწორედ შენობების ამ ჯგუფზე ფოკუსირდება, რადგან სწორედ აქ მიეცათ საბჭოთა არქიტექტორებს შემოქმედებით პროცესში თავისუფალი ნავიგაციის იშვიათი შესაძლებლობა. მოდერნისტული არქიტექტურული ენის უნივერსალურობისა და ინტერნაციონალურობის მიუხედავად, სხვადასხვა რესპუბლიკაში, და მათ შორის საქართველოშიც, ე.წ. ლოკალური მოდერნიზმის საინტერესო მაგალითები აღმოცენდა, სადაც არქიტექტურაში ადგილობრივი კულტურული თუ გეოგრაფიული კონტექსტის მიმართ სენსიტიურობა და ინტერესი გამომჟღავნდა.
თბილისის საბჭოთა მოდერნისტულ არქიტექტურაშიც იგრძნობა ქართველი არქიტექტორების სურვილი და ნება ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის თუ გამოცდილების გადააზრებისა. სწორედ ამ არქიტექტორების მივიწყებული ჯგუფური თუ ინდივიდუალური შემოქმედებითი ძიებების და აღმოჩენების ილუსტრირების მცდელობად შეგვიძლია მივიჩნიოთ „თბილისის საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის გზამკვლევი 1955-1991“.
სარეპრეზენტაციო ‒ საჯარო-საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობების მომავალი, „ველური“ კაპიტალიზმისა და პრივატიზაციის ეპოქაში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და მათ შორის საქართველოშიც საკმაოდ სევდიანი სცენარით განვითარდა. ნაწილი შენობებისა განადგურდა, მეორე ნაწილი გასხვისებული და მიტოვებულია, მესამე ნაწილი კი კვლავ ასრულებს პირვანდელ ფუნქციას, თუმცა განადგურების ანდა უხეში სახე-ცვლილების ყოველდღიური საფრთხის წინაშე დგას.
„თბილისის საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის გზამკვლევი“ ცდილობს, წინ წამოწიოს თბილისის მოდერნისტული არქიტექტურის მნიშვნელობა ქალაქის კულტურული, ფსიქო-სოციალური მეხსიერების კონტექსტში.

„თბილისის საბჭოთა მოდერნისტული გზამკვლევი 1955-1991“ 2016 წელს ორ ეგზემპლარად გამოიცა, წიგნის ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით. მასში თავმოყრილია თბილისის სხვადასხვა უბანში გაბნეული თექვსმეტი ნაგებობა და არქიტექტურული კომპლექსი, რომლებიც საბჭოთა კავშირის მესამე ოფიციალური და, ამავდროულად, უკანასკნელი არქიტექტურული სტილის გამოძახილია. 

 

ამიერკავკასიის ენერგოსისტემების გამოთვლითი ცენტრის მთავარი სამმართველოს შენობა
ამჟამინდელი ფუნქცია: სხვადასხვა დანიშნულების საოფისე სივრცეები, რადიო ფორტუნა
1985 წელი
არქიტექტორები: გ.ჯანბერიძე, ს.კაციტაძე, გ. ჯანბერიძე

 

ამიერკავკასიის ენერგოსისტემების გამოთვლითი ცენტრის 

მთავარი სამმართველოს შენობა

რიტუალების სასახლე
ამჟამინდელი ფუნქცია: საცხოვრებელი სივრცე, სადღესასწაულო სივრცე
არქიტექტორები: ვ.ჯორბენაძე, ვ.ორბელაძე
წელი: 1985

 

 

 

 

მუხათგვერდის კრემატორიუმის არქიტექტურული კომპლექსი
ამჟამად არ ფუნქციონირებს
არქიტექტორი: ვ.ჯორბენაძე. ე.ფიცხალაურთან და გ.ფიცხალაურთან თანამშრომლობით