Everything you see is a part of your imagination, everything you see is a lie.

„ხელოვნური სუნთქვა“

 

ბევრი რამ ხდება, ჰორაციო, ზეცად და ქვეყნად, რაც ფილოსოფოსთ სიზმრად არც კი მოლანდებიათ.

„ჰამლეტი“

 

მან, ვინც იხილოს მცურავი გიგანტური ტიტა, აღარაფერი გაიკვირვოს. 

ხალხური

 

ეძღვნება ალეპოს მტვერმიყრილ ბავშვებს; მძინარე ცხინვალში ჩახოცილ ათასობით დედა-შვილს; შევარდნაძის ვილას ბადენ-ბადენში; სადამის მასობრივი განადგურების იარაღს; ტიმიშუარას 4632 ცხედარს... და დონალდ ტრამპის ინაუგურაციას.

 

სანამ კითხვას შეუდგებოდეს მკითხველი, უნდა შევთანხმდეთ, ეთანხმება თუ არა ის მოსაზრებას, რომ „თუ ისტორიიდან ამოვიღებთ ტყუილს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დარჩება მხოლოდ სიმართლე – შესაძლოა, საერთოდ არაფერი დარჩეს“ (1). აი, მაგალითად, სიუზან ზონტაგი ამბობდა, რომ სიმართლე არის ის, რაც ნათქვამია; რომ არ ვლაპარაკობდეთ, ან არ ვწერდეთ, არც სიმართლე იარსებებდა. მაგრამ რა გამოდის, რასაც ვამბობთ, ან ვწერთ, სიმართლეა?

ან რატომ არის ხშირად ტყუილი ტკივილამდე რეალური და სიმართლე ასე დაუჯერებელი?

და, კიდევ: როდესაც ინგლისურ ტექსტში გადავეყრებით სიტყვას „Truth“, როგორ ესმის ეს მკითხველს? როგორც სიმართლე, თუ როგორც ჭეშმარიტება?

21-ე საუკუნის დასაწყისში ლონდონის უნივერსიტეტის ერთ-ერთი კვლევის ავტორები ირწმუნებოდნენ, რომ საშუალოსტატისტიკური ადამიანი დღეში 200-ჯერ მაინც ცრუობს: არ ამბობს სიმართლეს, ცვლის, აფერადებს, ამრუდებს მას და, შესაბამისად, ამბობს პატარ-პატარა, მეტწილად უწყინარ ტყუილებს.

უფრო ადრე, მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ჩვენი ეს სისუსტე კარგად ესმოდა ადოლფ ჰიტლერს, რომელმაც, ბრიტანელების კრიტიკისას, უნებლიეთ, „დიდი ტყუილის“ თეორიას დაუდო სათავე: ინგლისელები ფიქრობენ, რომ რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო დამაჯერებელია ჩვეულებრივი ადამიანისთვის, ვინაიდან პატარ-პატარ ტყუილებს პატარა ადამიანები ისედაც ამბობენ და ვერ წარმოუდგენიათ, რომ ვინმეს დიდი, ძალიან დიიდი, ტყუილის თქმის გამბედაობა აქვს. ეს ყველაფერი ფიურერმა ცნობილ პოლიტიკურ მანიფესტში დაწერა; შეშლილი ლიდერის უბერპროპაგანდისტმა გებელსმაც მოგვიანებით იგივე გაიმეორა, და მიმდევრებმა მისგან ისწავლეს, რომ თუ გინდა დააჯერო, ტყუილი დაუჯერებლად, უსირცხვილოდ დიდი უნდა იყოს.

2017 წლის დასაწყისში სამოცდახუთი მილიონ რვაას ორმოცდაოთხი ათას ექვსას ათი ამერიკელი დაუჯერებელი, შეუძლებელი სიმართლის წინაშე აღმოჩნდა. წიგნების მაღაზიებში იმასაც კი აცხადებდნენ, რომ პოსტაპოკალიპტური მხატვრული ლიტერატურა მიმდინარე ამბების სექციაში გადაიტანეს, რადგან: 20 იანვარს დონალდ ტრამპი ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი გახდა. ამერიკის სპეცსამსახურებმა აღიარეს ნაცისტური და საბჭოთა პროპაგანდის ოსტატების ღირსეული მოწაფეების ღვაწლი; ანუ ის, რომ რუსეთი საინფორმაციო და ჰაკერეული მეთოდებით ჩაერია ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში.

ეჰ, ჰორაციო!

„ნიუ იორკ ტაიმსის“ მიმომხილველმა ენდრიუ როზენტალმა შარშან 15 დეკემბერს გამოქვეყნებულ სვეტში, დაბნეულ მილიონებს ტრამპის პრეზიდენტობის ეპოქის გასააზრებლად რუსული ენის სწავლა ურჩია. რუსულ ენაში კი სიმართლე – Truth, ისევე, როგორც ქართულში, ორი სიტყვით განისაზღვრება: სიმართლე (правда), რომელიც სუბიექტურია, რბილი, ადვილად გამოსაძერწი, თხევადი, მღვრევადი და ჭეშმარიტება (истина) – მყარი, მარადიული; შეიძლება ეთამაშო და ითამაშო სიმართლით, მაგრამ ძვრას ვერ უზამ ჭეშმარიტებას.

აი, „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველმა ემი ბ. ვანგმა კი, ნიცშესავით გამოაცხადა, რომ ჭეშმარიტება მოკვდა, მაგრამ, ეგებ სიმართლე იგულისხმა, როდესაც ფაქტების მშვიდ გარდაცვალებაზე მიუთითებდა? ასეა თუ ისე, ვანგის მთელი სვეტი ეძღვნებოდა იმას, რომ ოქსფორდის ლექსიკონის შემდგენელთა გუნდმა 2016 წლის საერთაშორისო სიტყვად „Post-truth“ გამოაცხადა, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ კაცობრიობამ ჭეშმარიტების-მიღმა ეპოქაში შეაბიჯა. „ვაშინგტონ პოსტის“ ყურადღება ამ ცნებამ იმის გამოც მიიპყრო, რომ სწორედ 2016 წელს ბრიტანეთი ევროკავშირიდან გამოვიდა, დონალდ ტრამპი კი თეთრ სახლში შევიდა. ეს ორი ფაქტი კი „ვაშინგტონ პოსტისთვის“ იმაზე მიუთითებს, რომ ზოგადად ობიექტური რეალობა, და ამ რეალობაზე დაფუძნებული პატიოსანი, ინტელექტუალური არგუმენტები, საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ვეღარ ახდენს. ახალ ეპოქაში მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც საზოგადოების ემოციებითა და რწმენით მანიპულირებს.

მოკლედ, ეს არისო ეპოქა, ამტკიცებენ დღეს, რომელიც ჭეშმარიტების დასრულების შემდეგ იწყება. ფილოსოფოსებმა პოსტმოდერნიზმსა და რელატივიზმში დაუწყეს მის საწყისს ძიება; სოციოლოგებმა გამოაცხადეს, რომ ახალი რეალობა, მეინსტრიმის უარყოფა და მარჯვნივ და მარცხნივ, კიდეებზე გადაჯგუფება, გასული ათწლეულის ეკონომიკურმა რეცესიამ და უთანასწორობის გაზრდამ გამოიწვია; სხვებმა ახალი ტექნოლოგიები დაადანაშაულეს, რადგანაც ნებისმიერ ადამიანს და მისი აზრების ამოფრქვევა–გავრცელებას შორის მხოლოდ ანდროიდის ან აიფონის კლავიატურაა ბარიერად დარჩენილი. საზოგადოების აზრის ფორმირებაზე კი უფრო მეტ გავლენას i-ბაიტები ახდენს და არა „ვაშინგტონ პოსტსა“ თუ „ნიუ იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებული პატივცემული გვამების მოსაზრებები. ინტერნეტში მოხეტიალე ფალსიფიცირებული, ყალბი ამბები, „ფეიკ-ნიუსები“ და ტროლების ორგანიზებულად ქაოტური ხმაური – 2016 წლის მთავარი ატმოსფერული მოვლენა.

ამ ფეიკ-ნიუსების ალტერნატიულ სამყაროში 2016 წელს ადამიანებს საშიში კლოუნები კლავდნენ; ჯასტინ ტრუდომ კანადაში შესვლა აუკრძალა დონალდ ტრამპს; ტრამპმა ქრისტეს შეადარა თავი და იმ სულელური ჯვრის გარეშეც გადავარჩენო ამერიკას, დაიკვეხნა; პრეზიდენტმა ობამამ სიტყვა ღმერთი ამოიღო რესპუბლიკისადმი ერთგულების ფიციდან; ედვარდ სნოუდენმა ჯერ მსოფლიოს აუწყა, ბინ ლადენი ცოცხალი და ჯანმრთელიაო და მერე მოსკოვში დანით მოკლეს; სნოუდენის მკვლელობასთან კავშირში არ იყო, მაგრამ ჯერ ანჯელინამ მოიკლა თავი და მერე ბრედ პიტმა; ასევე მოკვდა ჰილარი კლინტონი, რომელსაც ბევრი ორეული ჰყავდა და კლონით ჩაანაცვლეს; კლონი, თუ ნამდვილი ჰილარი, და მისი გუნდი ბავშვებს სექსმუშაკებად ამუშავებდნენ და ამისთვის ვაშინგტონის ერთ-ერთ პიცერიას იყენებდნენ; სანამ ეს ამბავი გასკდებოდა, ჰილარის (ან კლონს) წამოსცდა, შეცდომით 400 მილიონი დოლარი „ისლამურ სახელმწიფოს“ შევწირეო; მელანიამ ქმრის ღალატისა და ქალების მიმართ დამოკიდებულების შესახებ რომ შეიტყო, ჰილარის მივცემ ხმასო, გამოაცხადა; ჰო, ოქტომბერში ტრამპიც მოკლეს; იქამდე კი, მოასწრო და კენია ვესტს შესთავაზა ვიცეპრეზიდენტობა; ბოლოს კი ნასამ გამოაცხადა, დედამიწას პლანეტა ნიბირუ ეჯახებაო;

ეჰ, ნიბირუ, ნიბირუ!

დეკემბერში Pew Research Center-ის კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელების 64 პროცენტს საოცრად აბნევს ყალბი ახალი ამბები; დაბნეულობას ფეიკ-ნიუსები გამოკითხულთა კიდევ 24 პროცენტში იწვევს.

ახლახან ჩატარებული კიდევ ერთი გამოკითხვის (Economist and YouGov) მიხედვით, ტრამპის ამომრჩეველთა 62 და კლინტონის ამომრჩეველთა 25 პროცენტს სჯერა, რომ მილიონობით არალეგალურმა ემიგრანტმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში; კლინტონის ამომრჩეველთა 50 პროცენტი კი დარწმუნებულია, რომ რუსმა ჰაკერებმა ელექტრონული საარჩევნო მანქანების მონაცემები შეცვალეს. ეს გამოკითხვა იმასაც გვახსენებს, რომ ამა თუ იმ „ფაქტის“ დამაჯერებლობას პოლიტიკური იდენტობა ამყარებს. შენში ის ყალბი თესლები ხარობს, რისთვისაც ნოყიერი ნიადაგი ხარ.

მაგრამ, რა ამოძრავებს მათ, ვინც ყალბ ამბებს თესავს? მხოლოდ იმიტომ აზვიადებენ, ამრუდებენ ან იგონებენ სიმართლეს, რომ ნათელ მიზნებს მიაღწიონ?

გუტენბერგის ეპოქაში ბროშურის ერთ გვერდზე გამოსახული, ცხენზე ამხედრებული ჩვილი იესო, რომელიც დემონ პაპს გმირავდა შუბით, მარტინ ლუთერს რეფორმაციაში დაეხმარა;

1917 წელს ლონდონის ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა ყალბმა ფოტომ, გერმანულ საპნის ფაბრიკაში ჯარისკაცების გვამების ჩაბარებას რომ „ასახავდა“, პირველ მსოფლიო ომში ანტანტის მხარეს ჩინეთის მიმხრობას შეუწყო ხელი;

1989 წლის 17 დეკემბერს მსოფლიოს ახალი ამბები მოიარა მასობრივი სასაფლაოს კადრებმა რუმინეთიდან. ჟურნალისტებმა 4632 ცხედარი დაითვალეს, ჩაუშესკუს რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყების სისხლიანი ჩახშობის შემზარავი სამხილი; წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტიმიშუარაში სამთავრობო ძალებმა 72 აჯანყებული მოკლეს და 253 დაჭრეს; რაც, როგორც ჩანს, არ იქნებოდა საკმარისი რეჟიმის შიგნიდან შესარყევად და მსოფლიოს შესაძრწუნებლად, და დიქტატორის მოწინააღმდეგეებმა უპოვართა ადგილობრივი სასაფლაოდან ამოთხრილი გვამები მიამატეს, სანამ კამერებს მიიწვევდნენ. ტიმიშუარას სასაკლაომ სათავე დაუდო ჩაუშესკუს დამხობას და სასტიკ აღსასრულს.

1990 წელს კუვეიტში ერაყის შეჭრის შემდეგ, საუდის არაბეთს და პრესას ამერიკელებმა წარუდგინეს სატელიტური ფოტოები, რომლის მიხედვით, ერაყის არმიის განლაგება საუდის არაბეთზე თავდასხმისთვის მზადყოფნას ასახავდა; საუდის არაბეთმა შეერთებულ შტატებს სამხედრო ბაზა დაუთმო; თვეების შემდეგ ერთ-ერთმა ამერიკულმა გაზეთმა კომერციული სატელიტის ფოტოები მოიპოვა, სადაც იმავე პერიოდში ერაყის ჯარი სულ სხვაგვარად იყო განლაგებული და არც კი ფიქრობდა საუდისკენ გადაადგილებას.

1980 წლის სექტემბერში „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულმა ისტორიამ ჰეროინის მესამე თაობის მომხმარებელი, 8 წლის ქვიშისფერთმიანი ჯიმის შესახებ, ავტორს, ჯანეტ კუკს, პულიცერის პრემია მოაპოვებინა; თუმცა კუკს შემდეგ ჯილდო ჩამოართვეს, რადგან გამჟღავნდა, რომ ნარკომანი ბიჭისა და მისი ოჯახის ისტორია მან უბრალოდ გამოიგონა.

2003 წელს „ნიუ იორკ ტაიმსის“ ჟურნალისტმა, 29 წლის ჯეისონ ბლერმა ბრუკლინის ბინიდან გაუსვლელად წერა სხვადასხვა შტატში ვეტერანების ოჯახების გულისშემძვრელი ისტორიები; აღმოაჩინეს; გაკიცხეს და გაზეთიდანაც გაუშვეს.

2016 წელს ჟურნალისტმა მარკო ჩაკონმა ყალბი ახალი ამბების გვერდი (MARC CHACON RealTrueNews.org) შექმნა და აბსურდული ამბების გავრცელებაზე დაიწყო დაკვირვება. დაუჯერეს, როდესაც დაწერა, რომ ჰილარი კლინტონმა „ისლამურ სახელმწიფოს“ პასპორტების საბეჭდი მანქანა მიჰყიდა; რომ ბარაკ ობამა არასდროს იყენებს სიტყვათშეთანხმებას „რადიკალური ისლამი“, რათა მფარველი ჯადო არ მოეხსნას; რომ წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვები ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის ტარდება... მარკო ჩაკონი 6 თვეს იტყუებოდა და ბოლოს ერთი ვრცელი სტატია დაწერა ექვსთვიანი გამოცდილების შესახებ.

მთელი წლის განმავლობაში მარკოზე გაცილებით ოსტატურად იტყუებოდნენ მაკედონიელი თინეიჯერები, რომლებმაც არჩევნების წინ მრავალი ყალბი ვებგვერდი შექმნეს დონალდ ტრამპის მიმდევრებისთვის და გამდიდრდნენ კიდეც.

ალექს ჯონსის რადიოშოუ და ვებგვერდი „ინფოომები“ (Infowars.com) ცდილობს, მიმდევრები დაარწმუნოს, რომ ობამა სატანაა (პირდაპირი მნიშვნელობით), მთვარეზე ფეხის დადგმა ტყუილია, სანდი ჰუკის სკოლის ტრაგედია, 11 სექტემბერი და ოკლაჰომის აფეთქება – ამერიკის მთავრობის კონსპირაციაა; ჯონსი თავს ლიბერტარიანელს და პალეოკონსერვატორს უწოდებს, სხვები კი რუსეთის მესაყვირედ მიიჩნევენ, რუსული დეზინფორმაციის ენთუზიასტური და მრავალჯერადი გავრცელებისთვის.

მაგალითად, 2014 წელს, MH17-ის ჩამოგდების შემდეგ, ალექს ჯონსი ირწმუნებოდა, რომ უკრაინელებს იმავე მარშრუტით მოძრავი პუტინის თვითმფრინავის ჩამოგდება სურდათ და შეეშალათ; ჯონსი მოსკოვის დამცველია და რუსეთის საქართველოში შეჭრასაც ამართლებდა; მის მსგავსად, რამდენიმე ულტრაკონსერვატორი კომენტატორი და ვებგვერდი (Michael Savage, DrudgeReport.com, Breitbart) კრემლის ის სასარგებლო იდიოტები არიან, ახალი ამბების დელეგიტიმაციას, მეინსტრიმმედიის დემონიზაციას რომ უწყობენ ხელს.

ჯონსის და მისთანების მრევლს – ცენტრიდან ექსტრემალურ კუთხეებში გადანაცვლებულ საშუალოსტატისტიკურ ამერიკელს, რომელიც აღმოჩნდა, რომ პატარა ქალაქების უმუშევრად დარჩენილი თეთრკანიანი, ცისფერსაყელოიანი, საშუალო ასაკის მამაკაცია – ასევე სჯერა პიცაგეიტის (2) და არ აინტერესებს ტრამპის სექსიზმი და მიზოგინია, და კიდევ უფრო ნაკლებად აინტერესებს, ვინ, როგორ და რატომ ჩაერია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ერთია, როცა ყალბს და ნამდვილს ვერ განასხვავებ, და მეორე, როდესაც საერთოდ არ გაინტერესებს, ტყუილია თუ მართალი. მთავარია, სისტემა და ისტებლიშმენტი დაინგრეს, ჭაობი დაშრეს. რაც არ უნდა ემუშავათ ალგორითმებით სტეპის თუ გაპრანჭულ დათვებს (3), GRU-ს და FSB-ს ინტერნეტოფიცრებს, ვიკილიკსის ანარქისტებს, რუსული პროპაგანდისტული მანქანის მესაჭეებს, ამგვარ განწყობას მაინც ვერ შექმნიდნენ. მათ ნიადაგი ორგანულად გაანაყოფიერეს;

მოსკოვს მთავარი „ნაკელის“, ინგლისურენოვანი ახალი ამბების ქსელის, ყოფილი Russia Today-ს შენახვა ყოველწლიურად დაახლოებით 190 მილიონი უჯდება; 2017 წლის ბიუჯეტში კონგრესმა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს 160 მილიონი გამოუყო რუსეთის პროპაგანდასთან გასამკლავებლად; „როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოსთან ომობდა, Russia Today-ს საინფორმაციო ომი ჰქონდა მთელ დასავლეთთან“, – RT-ის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის ეს ციტატა აშშ-ის დაზვერვის უწყებების იმ დოკუმენტში მოხვდა, რომლის ნაწილი 44-ე და 45-ე პრეზიდენტებისთვის წარდგენის შემდეგ გახდა საჯარო და მოსკოვის ახალ ომს ეხება ამერიკული არჩევნებისა და, ზოგადად, ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ. CIA-მ, FBI-მ და NSA-მ ორივე პრეზიდენტს კიდევ ერთი დოკუმენტი მიაწოდა, ეგრეთ წოდებული ოპოზიციური კვლევა, ბრიტანული MI-6-ის ყოფილი აგენტის მიერ მოსკოვში შეგროვებული ამბები, დონალდ ტრამპის ფინანსური და სექსუალური თავგადასავლების ისტორია. დოსიე, რომელიც ტრამპის პოლიტიკური ოპოზიციის დაკვეთით შეიქმნა, მდიდარია გადაუმოწმებელი თუ გადაუმოწმებადი ფაქტებით, ფერადი დეტალებით და მკაფიო მიზნებით. დოსიეში შეკრებილი ამბების ერთ-ერთ მთავარ წყაროს, რუსეთის სპეცსამსახურებს, არ აინტერესებს, დაიჯერებს თუ არა ამერიკელი ამომრჩეველი „ოქროს შხაპით“ ობამების საწოლის მორწყვის ვნებას; ანდა იმას, რომ დონალდ ტრამპი თანამედროვე მანჯურიის კანდიდატია. პოსტსიმართლის პროპაგანდის მთავარი მიზანი დემოკრატიის მიმართ რწმენის შერყევაა, მონაწილეობის, ჩართულობის, აქტიურობის სურვილის დათრგუნვა, სრული აპათია. ისეთი აპათია, თავისუფლების დაცვის სურვილს რომ ჩაგიკლავს.

„ჩვენმა გეგმამ იმუშავა იმიტომ, რომ სანამ ჩვენ მოვიდოდით, თქვენ უკვე დაკარგული გქონდათ თქვენი ქვეყანა. თქვენ გქონდათ პოლიტიკური თავისუფლება, მაგრამ არც გიფიქრიათ თავგანწირვა მის დასაცავად. როგორ შეგვეძლო, რომ არ მოგვეგო?“ – ეუბნება საბჭოთა ოკუპანტი 1987 წელს გადაღებულ სატელევიზიო სერიალში „Amerika“ დაპყრობილ ამერიკას. ფილმი სევდიანი ალტერნატიული ისტორიაა: ცივი ომით დაძაბუნებულმა საბჭოთა კავშირმა გლობალური წონასწორობის შესაცვლელად სასოწარკვეთილი ნაბიჯი გადადგა: ამერიკის თავზე, იონოსფეროში თერმობირთვული აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა ელექტრომაგნიტურმა იმპულსმა შეერთებული შტატების კომუნიკაციები, კომპიუტერული სისტემები, ელექტროგაყვანილობის ქსელი და ყველა ის ხელსაწყო-მანქანა გაანადგურა, რომელიც კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე იყო დამოკიდებული. იზოლირებული და განიარაღებული შეერთებული შტატები იძულებული გახდა, უპირობოდ დანებებოდა საბჭოთა კავშირს...

დღეს კაპიტულაცია ყალბი, ალტერნატიული რეალობის წინაშე მოხდა. ადამიანის გონება აღარ განასხვავებს სიმართლეს – „რომელიც იშვიათად არის უმწიკვლო და არასდროს მარტივი“ – ტყუილისგან, რომელიც კომფორტულად მარტივია და თითქმის უბიწო.

დაელოდეთ, სანამ ხელოვნური ინტელექტი გაარჩევს სიმართლეს სიცრუისგან. გვპირდებიან, რომ ეს მალე იქნება. 

 

1. ფრაგმენტი სტანისლავ ეჟი ლეცის წიგნიდან „რა არის ისტორია?“

2. საპრეზიდენტო კამპანიის დროს გავრცელებული ყველაზე პოპულარული ყალბი ცნობების მიხედვით, ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის უფროსის პირადი იმეილები, რომელიც ვიკილიქსმა გამოაქვეყნა, შეიცავდა დაშიფრულ ინფორმაციას არასრულწლოვნების ტრეფიკინგში კლინტონის კამპანიის წევრების მონაწილეობის შესახებ; ამ ცნობების მიხედვით, ვაშინგტონის რამდენიმე რესტორანი, მათ შორის, ერთ-ერთი პოპულარული პიცის რესტორანი ამ კრიმინალურ ქსელში იყო ჩართული.

3. Grizzly Steppe And Fancy Bear – კიბერშეტევებით ცნობილი ოპერაციებისა და დაჯგუფებების სახელის თავისუფალი თარგმანი