როცა საქმე სიტყვის თავისუფლებას ეხება, თურქეთს საამაყო არაფერი აქვს და არც ჰქონია, ყოველი შემთხვევისთვის, მეორე მსოფლიო ომის მერე. მთავრობები დემოკრატიულ სტანდარტებს ყოველთვის უგულებელყოფდნენ და სამხედრო ინტერვენციებიც თურქულ პოლიტიკას მუდამ შავ ლაქებად აჩნდებოდა. ასეთივე ტენდენცია ვრცელდებოდა სოციალურ-საზოგადოებრივ შრეებშიც – თვითკრიტიკა ჭირდა, ფასდებოდა, როგორც სისუსტის გამოვლენა და, ცხადია, მიუღებლად მიაჩნდათ სხვებისგანაც – ირწმუნებოდნენ, რომ ადამიანის კრიტიკა იგივეა, რაც შეტევა ამ ადამიანზე.

ათწლეულებმა ჩაიარა მდუმარედ; ისე, რომ სერიოზულად არასდროს გვიმსჯელია ბევრ მწვავე იურიდიულ-პოლიტიკურ საკითხზე. მაგალითად, ქურთების თემა ცხადდებოდა ტაბუდ და ყველა, ვინც ამ ტაბუს აწევას მოინდომებოდა, ხდებოდა პოლიტიკური თუ იურიდიული სანქციების სამიზნე. რაც შეეხება სასამართლოს, სასამართლოც ადამიანის პირად თავისუფლებაზე წინ ყოველთვის ძალიან ბუნდოვან ფასეულობას აყენებდა – ე.წ. საზოგადოებრივ საკითხებს, მაგალითად, როგორიცაა: „საზოგადოებრივი წესრიგი“ ანდა „უსაფრთხოება“.

ეს ყველაფერი რიცხვებში კიდევ უფრო მკაფიოდ აისახება, თავად ნახეთ:

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ისტორიაში გამოხატვის თავისუფლების დარღვევის დადასტურებული შემთხვევების 42 პროცენტი მხოლოდ თურქეთზე მოდის.

„მსოფლიო სამართლიანობის პროექტის“ მიერ ჩატარებული კანონის უზენაესობის ბოლო ინდექსში (2016) კი თურქეთი 113 ქვეყანას შორის 105-ე ადგილს იკავებს; ხოლო ის ორი უფლება, რომლებიც აქ ყველაზე ხშირად ირღვევა, სწორედ რელიგიის და გამოხატვის თავისუფლებებია. ანდა, თუნდაც ეს მონაცემი რად ღირს: ჩვენი კრიმინალური კოდექსის საგანგებო დადგენილების გამო (ესაა ცნობილი #299 მუხლი), ქვეყნის მეთაურის შეურაცხყოფის ბრალდებით, 1850-მდე საქმეა აღძრული! ეს აშკარად არქაული დადგენილება დღემდე მხოლოდ რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს კრიმინალურ კოდექსშია შემორჩენილი. გარდა ამისა, შიგნით თუ გარეთ, თურქეთს გამუდმებით აკრიტიკებენ სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმის, twitter-ის, youtube-ის, facebook-ის შევიწროების გამო.

და ბოლოს, 15 ივლისს, თითქოს ამ სურათს კიდევ უფრო სჭირდებოდა დამძიმება, ჩვენს ქვეყანაში სისხლიანი გადატრიალების მოწყობაც სცადეს. მთავრობამ საპასუხოდ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა (რაც, ცოტა ხნის წინ, უკვე მეორედ გააგრძელეს სამი თვით) და ადმინისტრაციული დეკრეტების გამოშვება დაიწყო. ამ დეკრეტებს კანონის ძალა აქვს და სხვადასხვა ფუნდამენტური უფლებისა და თავისუფლების განხორციელებას უშლის ხელს.

ყველაზე ძვირ ფასს შექმნილ სიტუაციაში თურქული პრესა იხდის.

ჯერ კიდევ გადატრიალებამდე, მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში, 180 ქვეყანას შორის თურქეთი საწყალობელ 151-ე ადგილზე იყო, სხვაგვარად არც შეიძლებოდა, რადგან ჯერ კიდევ იმ პერიოდში, მედიაორგანიზაციები სამართავად გადაეცემოდა პროსამთავრობო ჯგუფებს და ეს ყველაფერი სამართლებრივი და ადმინისტრაციული დადგენილებებით – სრულიად გამართულად, თითქოსდა ყოველგვარი დარღვევების გარეშე ხდებოდა. რამდენიმე წლის წინ თურქეთი პირველ ადგილზეც კი იყო დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობის მხრივ.

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ კი, წინასწარი პატიმრობა 32 ათასზე მეტ ადამიანს შეუფარდეს, 70 ათასი ადამიანი დააკავეს და ციხეში ჩასვეს. 150 ათასზე მეტი საჯარო მოსამსახურე გადააყენეს ან სულაც დაითხოვეს სამსახურებიდან, მათგან 6500 აკადემიკოსია. დაიხურა 15 უნივერსიტეტი და მათ ფეხდაფეხ მიაყოლეს 1100 ასოციაციაც. ადმინისტრაციული დეკრეტებითა და დადგენილებებით, 100-ზე მეტი მედიაორგანიზაცია დახურეს და მიზეზად ვითომდა ტერორიზმის პროპაგანდა ანდა იმ ტერორისტულ ჯგუფთან შესაძლო კავშირი დაასახელეს, რომელსაც გადატრიალება ბრალდება.

15 ივლისის შემდეგ 2500-ზე მეტმა ჟურნალისტმა დაკარგა სამსახური, რითაც დათხოვნილი ჟურნალისტების რიცხვი დამრგვალდა კიდეც – ახლა ისინი უკვე 10 ათასი არიან, თუმცა, მონაცემები ყოველდღიურად იცვლება მეტისკენ.

რამდენიმე კვირის წინ CPJ-ის (Committee to Protect Journalists) წარმომადგენელმა დაწერა სოციალურ ქსელ ტვიტერში: „მალე თურქეთში აღარ დარჩება ახალი ამბების გამავრცელებელი მედია, სახელმწიფოსგან სანქციები რომ არ ჰქონდეს. თურქეთი სწრაფი ნაბიჯებით მიემართება ავტორიტარიზმისკენ“.

ცხადია, მოვლენების ასე განვითარებას ძალიან სახიფათო ფენომენისკენ – თვითცენზურისკენაც მივყავართ და ამ ფონზე კიდევ უფრო აუცილებელი ხდება მსჯელობა კითხვაზე – სადაა გამოსავალი, სად არის თურქეთის მომავალი?

დარწმუნებული ვარ, თქვენთვის, ამ კონფლიქტის გარეთ მყოფთათვის, ბოლომდე გაუგებარი დარჩება, თუ რამხელა თავზარი და შიში დაატყდათ თავს თურქებს 15 ივლისს. არავინ ამბობს იმას, რომ სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორი ჯგუფი სახელმწიფომ არ უნდა გააუვნებელყოს, თუმცა, გადატრიალების პირველივე დღიდან ვიმეორებდი იმას, რომ ანტიდემოკრატიულ და არაკანონიერ ქმედებებზე პასუხი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ზუსტი, ეფექტური და ბევრ წელზე გათვლილიც, თუ ის დემოკრატიულ პრინციპებსა და კანონს არ გადაუვლის.

კაცობრიობის ისტორიაც და თანამედროვე სახელმწიფოს პოლიტიკურ გამოცდილებაში დაგროვებული მაგალითებიც გამუდმებით გვიდასტურებს იმას, რომ ძალის გადამეტება პრობლემებს მხოლოდ წელავს და აჯანჯლებს. ამიტომ მგონია, რომ თურქეთის მთავრობამ აუცილებლად უნდა მოუსმინოს კეთილ რჩევებს, რაც მასთან აკადემიური წრეებიდან აღწევს. და თუ ამ რჩევებს მაინც არ გაითვალისწინებს, ეს არც შეუპოვრობა იქნება და არც – სიმტკიცე; ამას პირდაპირ დაერქმევა ბრმა სიჯიუტე და სიკერპე.

პარალელურად, ევროპის ქვეყნები არა მხოლოდ დემოკრატიული პრინციპების დაცვას უნდა ეცადონ, არამედ – თურქეთის დახმარებასაც გადატრიალების ორგანიზატორების ძებნაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფასობს თურქეთის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა და მისი უნიკალური (თუმცა ახლა უკვე გასაჭირში მყოფი) ტრადიცია – მთელ მუსლიმურ სამყაროში დემოკრატიულობითა და სეკულარიზმით გამოირჩეოდეს. სწორედ ამიტომ თურქეთის „დაკარგვა“ ევროპას გაცილებით ძვირი დაუჯდება, ვიდრე რიგითი მეკავშირის დაკარგვაა.

მურათ ონოქი, სტამბოლის Koç უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი