“მიდიოდა დეზერტირი და თან რაღაც სიმღერას ღიღინებდა”

“სად ხართ? ხომ არ მოყევით? კიდევ ისვრიან? ჩემი შვილი თქვენთან ხომ არ არის? ჩემი და არ გინახავთ? იქნებ დააღწიოთ თავი. საშინელება ხდება. რას აკეთებთ? გვხოცავთ? გეტკინა როცა მოგხვდა? რომელ საავადმყოფოში გადაგიყვანეს?” 

ყველა სპექტაკლს აქვს თავისი გამორჩეული სცენები: “მახსოვს აფთიაქში დამალულ ადამიანებს როგორ გამოათრევენ და სასტიკად სცემენ. პირადად მახსოვს, როგორ მომდევს ოცი პოლიციელი გინებით, წვიმაში, მათი საწვიმრების შრიალი მესმის უკან. თავსზემოთ აღმართული ხელკეტები ეშვებიან. გავრბივარ და ძლივს ვასწრებ. 

ბოლო წარმოდგენამ თავი თვალში დამიზნების საოცრად ზუსტი სცენებით დაგვამახსოვრა. შედეგად მივიღეთ ქართველი გოგო-ბიჭები, გაჭრილი ვაშლივით რომ ჰგავდნენ ქრისტინა ლინდბერგის ცალთვალა პერსონაჟს -- განრისხებულს, თოფის ლულამოღერებულს, შურისძიებით ანთებულს - ძველი ფილმიდან, Thriller – A Cruel Picture ანუ ‘ისინი ეძახდნენ ცალთვალას’. ეს 73 წელს გადაღებული ექსპლუატაციური ჟანრის ფილმია, ახლა რომ ვუფიქრდები, ჩვენც ზუსტად ამ ჟანრში ვცხოვრობთ: ასე ზედაპირულად ვიყენებთ თემებს, მივდივართ წრეზე, არ ვფიქრობთ და ვფიქრობთ შურისძიებაზე, მაგრამ ამის ძალა არ შეგვწევს, თუმცა კი ვცდილობთ. 

მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობაა გამახსენდა კიდევ. “ჯილდო” ჰქვია. 1905 წელსაა დაწერილი და იმ დროინდელ სპეცნაზელზეა, რომელსაც დემონსტრაციის დაშლისას ახალგაზრდა ბიჭი შემოაკვდება: “გიორგიმ (სპეცრაზმელმა) იქვე მწოლარე მუშას გადახედა. ის აღარ კვნესოდა. გულაღმა იწვა და აღარ ინძრეოდა. ხელფეხი განზე ჰქონდა გადაყრილი. თავი გიორგისკენ მოებრუნებინა, ერთი თვალი დაეხუჭა, მეორე კი პირდაპირ გიორგისთვის ჩაერჭო თვალში. ორივე ხელი, კისერი, პირსახე და მკერდი სისხლით ჰქონდა მოსვრილი.” ამ შემთხვევის მერე ეს სპეცრაზმელი მოსვენებას კარგავს, იმასაც კი ეცდება, რომ ფულადი ჯილდო აქციის დაშლისთვის რომ მისცემენ, მსხვერპლის ოჯახს შეაძლიოს. ბოლოს კი გარბის. ასე მთავრდება მოთხრობა: “მიდიოდა დეზერტირი და თან რაღაც სიმღერას ღიღინებდა”. სად გაქრა ეს ცოდნა, ეს თემა, რომელსაც საუკუნის წინ ამუშავებდნენ ქართველი მწერლები? სადაა დანაშაულის შეგრძნება? მონანიება? სილაღე? 

ერთი ადამიანი მაინც რატომ არ გამოჩნდა, თუნდაც 7 ნოემბრის მერე, 26 მაისის მერე, ციხის ამბების მერე, ამ 20-21 ივნისის წარმოდგენის მერე, ვისაც შეაწუხებდა დანაშაული, ვინც უარს იტყოდა ხელფასზე, პრემიაზე, კარიერაზე, კომფორტზე. ერთი მაინც ვინც მოიხსნიდა ნიღაბს, გამოაჩენდა ცრემლს, გაიქცეოდა.

აი, გადადგომამდე გახარია რომ მივიდეს და მოინახულოს კომაში მყოფი ბიჭი, შეუშვებენ, რაც არ უნდა იყოს, მინისტრია ჯერ, ოღონდ ფრთხილად შეიპაროს სხვა დაშავებულებს გულები არ დაუხეთქოს, შორიახლოს დადგეს და უყუროს. დააკვირდეს, როგორი მყიფეა ადამიანი. იქნებ ისიც გაახსენდეს, რომ ყველანი მოკვდავები ვართ და ძალიან ძვირფასია ეს დრო, რასაც ახლა ასე ვფლანგავთ. იქნებ პალატიდან აღარ გამოვიდეს მინისტრი და გამოვიდეს ადამიანი. იქნებ თავისით ჩაბარდეს? ვიცი, ასე არ მოხდება და, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვაა, მაგრამ ერთხელ მაინც, ერთი ატირებული პოლიციელი, ერთი გულწრფელი მონანიება ბევრ რამეს შეცვლიდა და როგორმე გაგვიმარტივებდა იმ ამოცანას, რომელსაც ერთანეთის გვერდით ცხოვრება ჰქვია.