რატომ არ ჩანს ბლოგპოსტი ახალგორთან?

კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 27 თებერვალს გზა სინაგურთანაც გადაკეტეს. ეს ძალიან გრძელი, მაგრამ ერთადერთი გზა იყო ახალგორიდან გადმოსასვლელად.

მეორე გზა კი, ბოლოს ღია 6 თებერვალს იყო. ხუთთვიანი იზოლაციის შემდეგ, ცხინვალმა იმ პენსიონრების სია შეადგინა, ვინც ქართულ პენსიას იღებდა და მათთვის ორი კვირით, 24 იანვარს, მოსაბრუნში, რაზდახანის გამშვები პუნქტი გახსნა. პუნქტთან ბევრად მეტი მივიდა, მაგრამ სიაში საკუთარი გვარი ყველამ ვერ ამოიკითხა, მათ შორის მძიმედ ავადმყოფებმაც და გამშვები პუნქტიდან ატირებულები გაბრუნდნენ სახლებში. 

რატომ ვისჯებით, ის მაინც გვითხრან რატომ ააშენა მთავრობამ საგუშაგო წნელისთან? წნელისის გამო ვისჯებით? - კითხულობდნენ მათი მეზობლები.

ოძისში, პირველი მარშუტკით გადმოსული პენსიონრები ჰყვებოდნენ ძალიან გრძელი ხუთი თვის ამბებს, როდესაც წამლებს უკვე ერთმანეთს უნაწილებდნენ, რომ მაღაზიებში და აფთიაქებში ყველაფერი მალე გაძვირდა, რომ მეჩხრად შემორჩენილი მეზობლები პროდუქტებს ან ნისიად ყიდულობდნენ, ან ერთმანეთს სადილად ეპატიჟებოდნენ. რომ ზოგმა ისიც მოახერხა და ხუთთვიანი შინაპატიმრობა შემოდგომაზე მოწეული მოსავლით გადაიტანა. რომ მძიმე ავადმყოფებმა დე ფაქტო ხელისუფლებას წერილი მისწერეს და გზის გახსნა სთხოვეს. რომ ორი ავადმყოფი პასუხის მოლოდინში გარდაიცვალა.

ამბობენ, რომ ახალგორში ათასხუთასამდე ადამიანი ცხოვრობდა იქამდე, ვიდრე გზას ჩაკეტავდა ცხინვალი. ამბობენ, რომ ახლა ყველა, ვისაც ოჯახის წევრები მაინც აქეთ ჰყავს, სამუდამოდ დატოვებს იქაურობას, რადგან რთულია გამოცნობა, როდის და რამდენი ხნით ჩაიკეტება კიდევ ეს გზა. ამბობენ, რომ იცლება ახალგორი, მაგრამ ზუსტად ვერავინ ვერაფერს ამბობს. ვერც საქართველოს მთავრობა, რომელიც აცხადებს რომ: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არ არსებობს "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული სასაზღვრო გამტარი პუნქტები. შესაბამისად, სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში, ზემოაღნიშნულ რეგიონებში გადაადგილებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დაცული არ არის“.

ანუ: ზემოაღნიშნულ რეგიონებში გადაადგილებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დაცული არ არის. სულ ეს არის. 

პაატა ზაქარეიშვილი: ეს ჩვენი გამოცდილებაა, ყოველი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პოლიტიკური ინსტიტუტები, მთელი სახელმწიფო ძირეულად იცვლება. მიდიან ისინი, ვისი პასუხისმგებლობაცაა ფლობდეს ინფორმაციას, იცნობდეს კონტექსტს. სამაგიეროდ მოდიან ისინი, ვისაც უბრალოდ არა აქვს ცოდნა და ეს კონტექსტი არც აინტერესებს. ასეთი ჩინოვნიკების პოლიტიკა თხზავს სწორედ ახალ ლეგენდებს, ლეგენდები ჩნდება მაშინ, როდესაც არ არსებობს ცოდნა. 

ჩემი აზრით, დღევანდელი ქართული პოლიტიკის ყველაზე პრიმიტიული და თვალსაჩინო მაგალითი მაინც ის რეზოლუციაა, რომელიც 2018 წლის მარტში ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობების შემდეგ მიიღო პარლამენტმა. სიაში 33 ადამიანია, ვისაც ქართული მთავრობა მკვლელობებში მიიჩნევს ეჭვმიტანილად და ცხინვალს მათ დასჯას სთხოვს. ოცდაცამეტიდან ექვსი მკვდარი სულია. ისინი დიდი ხნის გარდაცვლილები არიან და არაფერი საერთო ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობასთან არ შეიძლება ჰქონდეთ. ეს რეზოლუცია ზუსტად ასახავს იმ აბსურდს, რაც კონფლიქტების პოლიტიკას ახლავს თან.

ამიტომ, არ მიკვირს არც ის, რომ არავინ აღრიცხავს სტატისტიკას და არ ითვლის მათ, ვინც გზის გადაკეტვის გამო სამუდამოდ ტოვებს ახალგორს. 

ჩვენ ახლა შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. მე ასე ვვარაუდობ ჩემთვის, რომ ახალგორში დღეს ალბათ 1500 ადამიანიც აღარ არის დარჩენილი. მათგან ალბათ ორასია ისეთი, ვინც გადმოვა და აღარ დაბრუნდება უკან, რადგან ავად არის, ან უბრალოდ დაიღალა. მე მგონია, უმრავლესობა, ვინც საზღვრის გახსნა-დაკეტვის რეგულარულობას დაინახავს, მოერგება ამ მოცემულობას. დიდი ნაწილი გლეხები არიან, ვისაც თავიანთი სამშობლო, სახლი და კერა უყვართ. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან თუ ახალგორს ნელ-ნელა ახალგაზრდები დატოვებენ, იქ სურათი აუცილებლად შეიცვლება.