საქართველოში რეპრესიული და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის უთანასწორო ომს უფრო ჰგავს. ძალოვანი სტრუქტურების ძირითადი საქმიანობა დღეს ნარკომომხმარებლების დევნა, დაშინება, ფულის გამოძალვა და დაპატიმრებაა.

ჯერ კიდევ 2013 წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 13 572 ადამიანი დააჯარიმეს. ჯარიმა საერთო ჯამში 6 786 000 ლარი იყო.

იმავე წელს ნარკოდანაშაულზე 6,456 ადამიანი ციხეში წავიდა. მათგან 96,5%-ს ბრალი 260-ე (უკანონო ფლობა) და 273-ე (განმეორებითი მოხმარება) მუხლებით წაუყენეს.

ნარკოტიკის ფლობისთვის მსჯავრდებულების 44.8%-ს ისეთივე საპატიმრო სასჯელი მიუსაჯეს, როგორიც განზრახ მკვლელობის ან გაუპატიურებისთვის გასამართლებულებს.

სახელმწიფო, ძირითად სასჯელთან ერთად, ჯარიმებსა და საპროცესო გარიგებებში კოლოსალურ თანხებს აკისრებს მსჯავრდებულებს. მოქალაქეს საპროცესო გარიგების გაფორმება მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის 5 000 - 35 000 ლარამდე უჯდება. ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ კანონმდებლობა ნარკოტიკული საშუალებების ოდენობას არ განსაზღვრავს. 207 აკრძალული ნივთიერებიდან 147-ის უმცირესი ოდენობის ფლობაც კი, სასჯელის უმკაცრეს ზომას ითვალისწინებას.

ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ცარიელი შპრიცის ან ქაღალდზე აღმოჩენილი ნივთიერების უმცირესი ნაწილაკების გამო ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით იხდიან სასჯელს.

2015 წლის მაისში ევროკავშირის საბჭოსთვის მომზადებული „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ მესამე ანგარიშიც იმავეს ამბობს: „საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის ეროვნული პოლიტიკა კვლავაც სადამსჯელო ზომებს ეყრდნობა და არა – სარეაბილიტაციო ღონისძიებებს“. სტატისტიკაში სახელმწიფოს დამოკიდებულება იკითხება: ყოველწლიურად 45000-მდე ადამიანს უტარდება ურინოტესტირება და მათგან მხოლოდ 35%-ს უდგინდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი. ყოველწლიურად არამიზნობრივად იხარჯება ურინოტესტირებისთვის გამოყოფილი 17 000 000 ლარი.

დღეს თანამედროვე სამყარო თანხმდება, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არაეფექტიანი იყო.

2016 წლის აპრილში გაეროში გამართულ სესიაზე წამყვანმა ქვეყნებმა ერთხმად აღიარეს, რომ ნარკოტიკის წინააღმდეგ ომი წაგებულია.

ამ ბრძოლის ერთადერთი შედეგი ისევ კარტელების, არალეგალური ვაჭრობის და ძალადობის არნახულად გაზრდილი მასშტაბებია. გლობალური ნარკოპოლიტიკის კომისიის წევრი, წარსულში გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი, მოუწოდებს მთავრობებს, იპოვონ ჰუმანური და ეფექტიანი გზები ნარკოტიკის კონტროლისა და რეგულირებისთვის: „ნარკოტიკების მოხმარების კრიმინალიზაცია უნდა ჩანაცვლდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიდგომებით“.

ჩილემ, კოლუმბიამ და ეკვადორმა ნარკოტიკის პირადი მოხმარებისთვის გამოყენების დეკრიმინალიზაცია დაუშვა, ურუგვაი კი, კანაბისის ინდუსტრიის შექმნას აპირებს, პორტუგალიაში დეკრიმინალიზაციის შედეგად ჰეროინის მოხმარება 50%-ით შემცირდა.

საქართველოში წარმოებული რეპრესიული პოლიტიკის შედეგად ნარკოტიკის მოხმარება არ შემცირებულა. პირიქით, პრობლემური მომხმარებლების რიცხვი 40 ათასიდან 45 ათასამდე გაიზარდა. ის, რომ სახელმწიფომ გაართულა წვდომა სხვადასხვა ნივთიერებაზე, არ ნიშნავს, რომ მომხმარებლებმა ნარკოტიკის მოხმარება შეწყვიტეს, მათ, უბრალოდ, საჯარო სივრცეებიდან იატაკქვეშეთში გადაინაცვლეს, ახალი ნივთიერებების ძებნა და გამოგონება დაიწყეს (ე.წ. ნიანგი, „ვინტი“), რომელსაც ჯანმრთელობისთვის განუზომლად მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე ტრადიციულ ნარკოტიკს.

დეკრიმინალიზაცია არ ზრდის ნარკოტიკის მიმოქცევას. დეკრიმინალიზაცია ნარკოკარტელების და შავი ბაზრის წინააღმდეგ ბრძოლაა, რომელიც კუსტარული წარმოების, საშიში ნარკოტიკის ბაზარზე გაჩენას უშლის ხელს.

ახალი პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს ნარკოტიკის ეფექტიანი რეგულირების მექანიზმს, სადაც მთავარი ამოსავალი ადამიანი და საზოგადოება იქნება.

და ბოლოს, დავსვათ ძალიან მარტივი კითხვა: ვის ან რას ებრძვის სახელმწიფო – ნარკომანიას, როგორც პრობლემას თუ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ნივთიერებას მოიხმარენ? საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში წერია, რომ საქართველო სოციალური სახელმწიფოა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის მაინც არ არსებობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამები, არ არსებობს ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი სოციალური პროექტები, სახელმწიფო უარს ამბობს საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვაზე.

ის დღეს მხოლოდ ებრძვის ადამიანს, ძალადობს მასზე და რა უცნაურიც უნდა იყოს, მის წინააღმდეგ მისსავე ბიოლოგიურ მასალას იყენებს.

და რა ხდება, როცა სახელმწიფო ძალადობს ხალხზე? ჩვენ გვახსოვს ვარდების რევოლუცია, გვახსოვს ცოცხების რევოლუცია და, თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ნარკომომხმარებლების კრიმინალებად განხილვას და არ შეცვლის კანონს, ვპირდებით, რომ მიიღებს, არც მეტს, არც ნაკლებს – „შარდ(ებ)ის რევოლუციას“. ამიტომ ჩვენც და მთავრობასაც ისღა დაგვრჩენია, ავირჩიოთ – ომი თუ მშვიდობა?!