ხალხი იბრუნებს სახელმწიფოს

ზაალ ანდრონიკაშვილი

პროტესტმა, რომელიც დაიწყო სპონტანური საპროტესტო რეაქციით მართლმადიდებელი კომუნისტის და რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის და მისი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვის წინააღმდეგ, ქართული სახელმწიფო მანქანის სიღრმისეული სისტემური ხარვეზები გამოავლინა.

მივყვეთ პოლიტიკური კრიზისის არქეოლოგიას ფენა-ფენა.

1. ანტიიმპერიული აფექტი

20 ივნისის პროტესტის უშუალო გამომწვევი სურათი იყო: სურათი, რომელზეც რუსეთის დუმის წევრი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ზის. ამ იმიჯის სიმბოლიკამ მეტი შეძლო, ვიდრე იქამდე ნათქვამმა ყველა სიტყვამ. მან პირდაპირ გამოაჩინა რუსული რბილის ძალის და ამ ძალის სამსახურში მდგომი ქართველების მიზნები. ეს იყო სურათი, რომლის სიტყვიერი შესტაყვისიც გახდა ოკუპაცია; სიმბოლო, რომელმაც გააცოცხლა ყველა ტრავმა და გააღვივა ყველა ჭრილობა, რომელიც თანამედროვე საქართველოს რუსეთისგან მიუღია 1989 წლის 9 აპრილიდან 2008 წლის 8 აგვისტომდე და მცოცავ ოკუპაციამდე. ამ სიმბოლომ გამოიყვანა ქუჩაში ახალგაზრდები, რომლებიც, შეიძლება, დაიბადნენ 9 აპრილის, ან აფხაზეთის ომის შემდეგ, მაგრამ თავისუფლება მათთვის აღმოჩნდა ის ღირებულება, რომლის დასაცავადაც, რამდენადაც პათეტიკურად არ უნდა ჟღერდეს, მზად აღმოჩნდნენ საკუთარი ჯანმრთელობის ფასადაც კი.

2. ფასეულობების ომი

აღმოჩნდა, რომ ის ფასეულობათა სისტემა, რომელსაც დღევანდელი ქართული ახალგაზრობა თბილისში, პალამენტის წინ იცავს - პირობითად დავარქვათ მას “თავისუფლება” - შეუთავსებელია ფასეულობათა იმ სისტემასთან, რომელსაც განასახიერებდა მართლმადიდებელი კომუნისტი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მართლმადიდებლობის და ბოლშევიზმის ფეთქებადი კოქტეილი ალბათ საუკეთესოდ გამოხატავს ფასაულობათა იმ სისტემას, რომელსაც “რუსული სამყარო”, რუსეთის ნეოიმპერიული იდეოლოგიის დასაყრდენი რუსეთის იმპერიის ყოფილ ნაწილებში ავრცელებს.

1990-იან წლებიდან დაწყებული რუსული იდეის ძიება ბოლოს დასრულდა “რუსული სამყაროს” დოქტრინით, რომლის ერთ-ერთი ავტორი და სულისჩამდგმელი ალექსანდრ დუგინი გახდა. 2005 წელს დუგინი სტატიაში “რუსული სამყარო. სცენარი” რუსულ სამყაროს ერთმნიშნელოვნად მოიაზრებდა “ამერიკული სამყაროს” საწინააღმდეგო პროექტად. დასავლეთის დასახასიათებლად დუგინი - უკიდურესად გამარტივებულად - იყენებდა ტრიადას: ინდივიდუალიზმი, ლიბერალიზმი, ტექნოლოგიური მოდერნიზმი, ხოლო რუსული სამყაროს დასახასიათებლად ტრადიციულ საზოგადოებას, იერარქიას და თემურ ერთობას (общинность), რომელიც მას ესმის, როგორც “კოლექტიური სუბიექტურობა”. რუსულ იდეას აქვს მესიანური ბირთვი, რომელსაც დუგინი მართლმადიდებლობაში ხედავს. სწორედ მართლმადიდებლურმა მესიანიზმმა უნდა დათრგუნოს ამერიკული კულტურული ჰეგემონია და რუსული (მსოფლიო) კულტურული ჰეგემონიის დასაყრდენი გახდეს. “რუსული სამყაროს” იდეა აიტაცა როგორც რუსეთის საპატრიარქომ, ასევე სახელმწიფომ და ის რუსეთის ოფიციალურ იდეოლოგიად აქცია. ყოველ წელს იმართება “რუსული სამყაროს” კონგრესები სახელმწიფო მაღალჩინოსანთა მონაწილეობით რუსეთის პრეზიდენტის ჩათვლით. პროექტს აქვს უზარმაზარი სახელმწიფო დაფინანსება. მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც საქართველოში უნდა გამართულიყო “ქართული ოცნების” დეპუტატების ინიციატივით სწორედ ამ პროექტის ნაწილია. ამ ასამბლეის პარალელურად გააქტიურდა დუგინის თანამოაზრე და მისივე პროექტის ნაწილი ლევან ვასაძე, რომელმაც საქართველოში არაფომრალური შენაერთების შექმნა განიზრახა. ამ შენაერთებს ჰომოფობიური პატრულის ფუნქცია უნდა შეესრულებინათ.

ვასაძის ამ მოწოდებაზე, რომელიც საქართველოს კანონის ჩარჩოებს სცდება, “ქართული ოცნების” მთავრობას დუნე რეაქცია ჰქონდა. რამდენიმე ადამიანი დაიბარეს პოლიციაში, კონკრეტული შედეგები ამას არ მოჰყოლია.

“რუსული სამყაროს” პროექტი პირდაპირ, ფულით და ძალით, “ქართული ოცნების” და საპატრიარქოს დახმარებით, ცდილობს საკუთარი ფასეულობების სისტემის დანერგვას: ეს სისტემაა ე.წ. “ტრადიციული” საზოგადოება და იერარქიული სტრუქტურები. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს ახალგაზრდობისათვის ეს ფასეულობები მიუღებელია -  თავისუფლება, რომელიც მათთვის, პირველ რიგში, დემოკრატიულ თანამონაწილეობას და საკუთარი ქვეყნის ბედ-იღბალზე პასუხისმგებლობას გულისხმობს - მათთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე “ტრადიცია” დუგინის განმარტებით. პარლამენტის წინ შეკრებილმა ახალგაზრდებმა აჩვენეს, რომ მათ ფასეულობითი არჩევანი გაკეთებული აქვთ.

3. რუსული სამყაროს ქართველი მხარდამჭერები

პროტესტი სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა მმართველი პარტიისათვის. “ქართული ოცნების” წევრებმა სასწრაფოდ დაიწყეს ნიანგის ცრემლების ღვრა, ეს რა ვნახეთ, რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელშიო, თუმცა მართლმადებელთა საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარების ინიციატივა მმართველი პარტიის დეპუტატებისა იყო, ხოლო საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგი საქართველოს პარლამენტის აწ უკვე გადამდგარი თავმჯდომარის თანხმობით შედგა. მმართველი პარტია ზარალის მინიმიზაციას იმით შეეცადა, რომ დათანხმდა საპროტესტო აქციის მოთხოვნას პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის შესახებ. პარლამენტარის მანდატი დატოვა ასამბლეის ჩატარების ინიციატორმა მილიონერმა დეპუტატმა ქუცნაშვილმა.

4. საარჩევნო სისტემა

საპროტესტო აქციამ აჩვენა, რომ იქ შეკრებილი ადამიანები მოქმედებენ არა მარტო ანტიიმპერიული აფექტის გავლენით, არამედ ესმით პოლიტიკური უსამართლობის პრინციპები და იციან, როგორ გამოასწორონ ისინი. ამ პოლიტიკური უსამართლობის გამოსწორებას ემსახურებოდა მოთხოვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. “ქართული ოცნება” ამ მოთხოვნასაც დათანხმდა, ოღონდ აქაც შეეცადა ხეირი ენახა. 2020 წლის არჩევნები (განსხვავებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისაგან, როგორც გვაუწყა პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, მოყვარულმა პოეტმა თალაკვაძემ) ჩატარდება საარჩევნო ბარიერის გარეშე. ამ გადაწყვეტილებას თითქოს არეულობა უნდა შეეტანა საპროტესტო აქციის რიგებში. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო კომისიას უბარიერო არჩევნებზე არაფერი უთქვამს, არჩევნების ბარიერის გარეშე ჩატარება საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს ფართო წარმომადგენლობა ჰყავდეთ საქართველოს პარლამენტში. ეს საქართველოს მოქალაქეების უდავოდ დიდი გამარჯვებაა.

5. ერთპარტიული მმართველობა

არსებული საარჩევნო სისტემა თავადაა იმ პოლიტიკური წყობის გამოხატულება, რომელიც საბჭოთა კავშირიდან მოგვდევს. 1990-იან წლებში ბარიერის დაწესება ედუარდ შევარდნაძის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციისაკენ იყო მიმართული. საარჩევნო ბარიერი და მაჟორიტარული სისტემა მმართველ პარტიებს ძალაუფლების მონოპოლიის საშუალებას და ოპოზიციაზე კონტროლის საშუალებას აძლევდა. ძალაუფლების მონოპოლია ნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელში არის არა მარტო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. ის აკონტროლებს სასამართლო სისტემასაც და ცდილობს, კონტროლი დააწესოს მედიასა და ბიზნესზე. აქამდე ისე იყო, რომ სრული კონტროლის დაწესების მცდელობები მმართველ პარტიას ძვირად უჯდებოდა: რევოლუციური ან კვაზირევოლუციური მოდელით ხელისუფლება იცვლებოდა, ოღონდ არ იცვლებოდა ხელისუფლების (ძალაუფლების ყველა შტოს ერთდროულად პყრობის) მოდელი. პოლიტიკური პროტესტი არის პროტესტი მმართველობის ამ ფორმის მიმართ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიული თანამონაწილეობის გზას უკეტავს. რადგანაც მათ არ აქვთ პოლიტიკაში მონაწილეობის კანონით განსაზღვრული შესაძლებლობა (პარლამენტარები ქართველი ამომრჩევლის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენენ, სახელმწიფო პოლიტიკა მმართველი პარტიის, უფრო სწორად კი მმართველი პარტიის თავმჯდომარის, საქართველოს არაფორმალური მმართველი ოლიგარქი ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება), პროტესტი არის ერთადერთი ფორმა, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, მოითხოვონ მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული ძალაუფლება. როგორც ვნახეთ, ამას ისინი დიდი წარმატებით აკეთებენ, მიუხედავად მათ წინააღმდეგ მომართული სახელმწიფო ძალადობის და პროპაგანდისტული მანქანისა. 

6. ძალადობრივი სისტემა.

მმართველი პარტია საპროტესტო აქციის ყველა მოთხოვნას დაჰყვა ერთის გარდა: გათავისუფლდა 20 ივნისის აქციის მონაწილე ყველა მონაწილე, რომელიც პოლიციამ დააკავა. გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე. 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. ერთადერთი მოთხოვნა, რომელსაც მმართველი პარტია ჯერაც არ თანხმდება, საქართველოს მოქალაქეების დარბევაზე და დასახიჩრებაზე პოლიტიკურად და სამართლებრივად პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას გადაყენებაა. რატომ ხდება ასე? ერთპარტიული ავტორიტარული სისტემის დასაყრდენი საბჭოთა დროიდან ძალოვანები არიან. საქართველო ჯერ-ჯერობით რჩება პოსტსაბჭოთა სახელმწიფოდ იმიტომ, რომ თავისი არსით ის ჯერ კიდევ პოლიციური სახელმწიფოა. ამ სახელმწიფოს ხერხემალი პოლიცია - და, შესაბამისად, ის მინისტრია, რომელიც ამ პოლიციას აკონტროლებს. ის, რომ პოლიციაა სახელმწიფოს ხერხემალი იმას ნიშნავს, რომ არსებობს დაპირისპირება მთავრობას და მოქალაქეებს შორის. რამდენადაც მთავრობას ძალაუფლების ყველა შტო აქვს არადემოკრატიულად დაპყრობილი, ამ არადემოკრატიულ ძალაუფლებას, რომელსაც ჩვენთან დღემდე - და სწორადაც - ხელისუფლებას ეძახიან, მას სჭირდება რეპრესიული მექანიზმებით დაცვა. ამ რეპრესიული მექანიზმების გამოხატულებაა ნარკოტიკული პოლიტიკაც, რომელიც სსრკ-დან მოყოლებული მოქალაქეთა კონტროლის ეფექტური მექანიზმია, კლუბების შარშანდელი შტურმიც, რომელმაც ასევე მასობრივი პროტესტი გამოიწვია, რეიდების აღდგენაც, რომლის შედეგადაც პოლიციამ უკანონოდ დააკავა და სცემა პოეტ ზვიად რატიანს.

რეჟიმი თავის დასაყრდენს სწორედ პოლიციაში ხედავს და ამიტომაც უმალ თანახმაა, დაჰყაბულდეს პროპორციულ არჩევნებს, სამაგიეროდ კი მოიგოს კიდევ ერთი წელი პოლიციური რეჟიმის გასამყარებლად.

7. როგორ ყალიბდებოდა პოლიტიკური მოთხოვნები?

უხერხული შეკითხვებიც უნდა დავსვათ. ვინ მართავდა პროტესტს? ცხადია, რომ პირდაპირი მნიშვნელობით პროტესტი არ მომდინარეობდა პოლიტიკური (ოპოზიციური) პარტიებიდან. მიუხედავად ამისა, საპროტესტო აქციების მოთხოვნები ემთხვეოდა პოლიტიკური პარტიების მოთხოვნებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქალაქეთა და ოპოზიციის ინტერესები ამ ეტაპზე დაემთხვა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე გამომსვლელმა და კომენტატორმა მოისაკლისა პროტესტის სოციალური კომპონენტი. პროტესტი მთლიანად პოლიტიკური იყო და არანაირი სოციალური ან ეკონომიკური მოთხოვნები პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს არ ჰქონიათ. შევხვდებით აზრსაც, რომ ნებისმიერი მთავრობის წინააღმდეგ მიმართული პორტესტი (“ტრადიცულ ფასეულობათა” დამცველთა პროტესტი იქნება ეს, თუ “თავისუფლების” დამცველთა პროტესტი), იმავდროულად, გაუცნობიერებელი სოციალური პროტესტიცაა. შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ “დისკურსული კვალი” პოლიტიკური ან ინტელექტუალური “ელიტის” მიერ იყო გავლებული და პროტესტი სწორედ ამ დისკურსულ  კვალში მოექცა, ჩამოაყალიბა ის მოთხოვნები, რომლებიც უკვე არტიკულირებული იყო. ამ შემთხვევაშიც გაგვიჭირდება იმის თქმა, რომ პოლიტკოსებმა მიიტაცეს საპროტესტო მუხტი: მოქალაქეების აქტივობის გარეშე ის საკითხები, რომლებსაც პოლიტიკური ოპოზიცია რამდენიმე წელია აყენებს, ვერაფრით დასრულდებოდა გამარჯვებით. სწორედ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლეს თავიანთი აქცენტების და პრიორიტეტების მიხედვით დაელაგებინათ პოლიტიკური მოთხოვნები და მოეპოვებინათ იმ მოქალაქეების მხარდაჭერაც, რომლების ფიზიკურად არ დგანან პარლამენტის წინ. (“ბასიანის” პროტესტების დროს ასე არ ყოფილა, მხარდაჭერა მაინც უფრო “სექტორული” იყო).

8. პოლიტიკური თუ სოციალური პროტესტი?

1989 წლიდან მოყოლებული მოქალაქეთა პოლიტიკური ცნობიერება და მგრძნობელობა შეიცვალა. ახლა “ჩვეულებრივ” (ვგულისხმობ პოლიტიკური თეორიით და პრაქტიკით დაუინტერესებელ) მოქალაქესაც უკეთ ესმის ძალაუფლებრივი სტრუქტურები. იცის, რომ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი, იცის, რომ მოთხოვნები უნდა იყოს კონკრეტული, მეტ-ნაკლებად იცის, როგორი პოლიტიკური სისტემა უნდა და შედარებით ზუსტად იცის, როგორი არ უნდა. 30 წლის განმავლობაში საქართველოში დაგროვდა პოლიტიკური ცოდნა და გამოცდილება. ამ ცოდნის და გამოცდილების მოზიარენი ის ახალგაზრდებიც არიან, რომლებსაც ეს გამოცდილება ფიზიკურად არ მიუღიათ და მის შესახებ მხოლოდ გადმოცემით იციან. მოქალაქეთა პროტესტმა პარლამენტის წინ გვაჩვენა, რომ “თავისუფლება”, რომლისთვისაც ჩვენი თანამოქალაქეები - ამასობაში, არა მარტო ახალგაზრდები - იბრძვიან, გარკვეულ პოლიტიკურ ფორმებს ითხოვს. და რომ ეს ფორმა ნამდვილად არაა ის, რომელიც დღეს გვაქვს. გვაქვს ერთ მილიარდერზე აწყობილი და ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემა, რომელიც აკონტროლებს პარლამენტს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, სასამართლოს, ბიზნესსა და მედიის დიდ ნაწილს. ამ იერარქიულ ძალადობრივ სისტემაში კი, რომელიც თავისი არსით და ბუნებით კორუფციულია, არა მარტო იმიტომ, რომ ახალისებს ნეპოტიზმს და აწარმოებს ყურმოჭრილი მონობით მიღწეულ კარიერისტებს, მოქალაქის ადგილი არ არის. მოქალაქეს სჭირდება გამჭვირვალე დემოკრატიული სისტემა, რომელშიც მას, მისი ეთნიკური, რელიგიური, სოციალური, გენდერული მიკუთვნებულობის და წარმოშობის მიუხედავად, ექნება ხმის და მოქმედების, ღირსეული ცხოვრების საშუალება.

ყველაფერ ამას საქართველოს პროტესტმა, რომელიც დაიწყო სპონტანური საპროტესტო რეაქციით მართლმადიდებელი კომუნისტის და რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის და მისი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დასკუპების წინააღმდეგ, არამედ ქართული სახელმწიფო მანქანის სიღრმისეული სისტემური ხარვეზები.

მივყვეთ პოლიტიკური კრიზისის არქეოლოგიას ფენა-ფენა.

ის მოქალაქე - ყოველ შემთხვევაში ის, რომელიც დღეს რუსთაველზე დგას - კარგად აცნობიერებს და მზადაა ამისთვის იბრძოლოს.

პოლიტიკური ცნობიერებისაგან განსხვავებით, სოციალური და ეკონომიკური წიგნიერება შედარებით განუვითარებელია. ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, როგორ მუშაობს ეკონომიკა, ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც მგრძნობიარეა სოციალური უსამართლობის და ჩაგვრის მიმართ. სამაგიეროდ ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც სოციალური უსამართლობის ან ჩაგვრის მსხვერპლია, მაგრამ არ იცის, როგორ გამოხატოს საკუთარი პროტესტი და მოიპოვოს თანამოქალაქეების სოლიდარობა, ან იცის და არ აქვს საშუალება ასეთ პროტესტში ჩაერთოს. სოციალური უსამართლობის საკითხები ქართულ საჯარო დისკურსში, ჩვენს თვალსაწიერში, ხუთი, მაქისმუმ ათი წლის წინ შემოვიდა. ეს საკითხებიც ახალმა თაობამ შემოიტანა, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა შალვა ნათელაშვილის ან გია ჟორჟოლიანის თაობის მემარცხენეობისაგან, ან თუნდაც ჩემი თაობის ადამიანებისაგან, ვისთვისაც პოლიტიკური თავისუფლება უპირობო პრიორიტეტი იყო.

დღევანდელი პოლიტიკური სისტემა - ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც საბჭოთა კავშირიდან მოგვდევს - უკვე ძნელად გაიმიჯნება ეკონომიკური სისტემისაგან. “ქართულ ოცნებამდე” პოლიტიკური ძალაუფლება დომინირებდა ეკონომიკურზე. გამდიდრების მთავარი საშუალება იყო კორუფცია, ბიუჯეტის და საქართველოსათვის გამოყოფილი საერთაშორისო სახსრების საკუთარი ჯიბეებისაკენ გადამისამართება, მთავრობის წევრებისათვის უფასო ან შეღავათიანი კრედიტები ბანკებში და ასე შემდეგ. სახელმწიფო იყო ფულის წყარო. 2012 წელს მდგომარეობა შეიცვალა და საქართველო ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ოლიგარქიულ რეჟიმად. ამ ოლიგარქიული რეჟიმის მთავარი ფიგურა ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ ის არაა მარტო. პარლამენტში 30-მდე მილიონერი დეპუტატია, რომელიც ძირითადად საკუთარი ბიზნესის ლობირებითაა დაკავებული. საკუთარი ბიზნესის ლობისტები არა მარტო პარლამენტში, მთავრობაშიც ბუდობენ. ყალიბდება კასტა, რომელსაც ხელში აქვს ჩაგდებული უკვე მზა რეპრესიული სახელმწიფო მანქანა და ახლა ამ მანქანას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ ამუშავებს და, როგორც ვხედავთ, როდესაც სჭირდება, ამ მოქალაქეების სისხლსაც ღვრის.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი პროტესტი პოლიტიკურია, ის ოლიგარქიული სისტემის წინააღმდეგაცაა მომართული. მისი მიზანია, ოლიგარქს გამოსტაცოს ხელიდან სახელმწიფო მანქანა, რომელიც მან მიისაკუთრა არა მარტო ფულის, არამედ იმ მითოსის საშუალებითაც, რომ “ოცნება” არაა “ნაციონალური მოძრაობა”. ეს მითოსი დასამარდა 20 ივნიის ღამეს, როდესაც ფიქტიური პრემიერმინისტრის გამოსვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ - რომელიც ამბობდა, რომ “ოცნება” არასოდეს ესვრის თუნდაც რეზინის ტყვიებს თავის ხალხს - მინისტრი გახარიას ბრძანებით, პოლიცია უსასტიკესად გაუსწორდა საქართველოს მოქალაქეებს. დღევანდელი პროტესტი გვიჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უკვე კარგად იციან -  პრობლემა რომელიმე პარტიაში კი არაა, იმ ძალაზე დამყარებულ “ხელისუფლებაშია”, რომელიც მართავს სახელმწიფო მანქანას და გამუდმებით აწარმოებს ძალადობას იმიტომ, რომ ძალადობის გარეშე არადემოკრატიულ ხელისუფლებას ვერაფრით შეინარჩუნებს. საქართველოს მოქალაქეებმა იციან, როგორ გადაწყვიტონ ეს პრობლემა, მათ უნდა შეცვალონ სახელმწიფოს ფუნქციონირების მექანიზმი ისე, რომ ვერცერთმა პარტიამ და ფულის ტომარამ, რომელსაც პარტიის ყიდვა შეუძლია, სახელმწიფო ხელში ვეღარ ჩაიგდოს.

9. შესაძლებლობების ფანჯარა

20 ივნისის პროცესმა საქართველოს პოლიტიკურ პროცესში დიდი გარდატეხა შეიტანა. ამისათვის დიდი მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც სიტყვით და საქმით მიიღო მონაწილეობა და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იცავდა თავის და თავისი თანამოქალაქეების თავისუფლებას. ეს გარდატეხა იმაში მდგომარეობას, რომ დღეს კიდევ ერთხელ გაგვიჩნდა შანსი, დავამსხვრიოთ ძალაუფლების პოსტსაბჭოთა სისტემა და პოლიტიკური სივრცე მრავალფეროვანი და წარმომადგენლობითი გავხადოთ.

მიუხედავად იმისა, რომ უბარიერო არჩევნები (რაც ეფექტურად 0,67-პროცენტიან ბარიერს და ერთი მანდატისათვის საშუალოდ 15.000 ამომრჩევლის ხმას ნიშნავს) გარკვეული რისკების შემცველია, მისი დიდი პლუსი იმაში მდგომარეობს, რომ აქამდე დახურული და რამდენიმე პარტიის ხელში მოქცეული პოლიტიკური სივრცე იხსნება. ჩნდება ახალი პოლიტიკური იდეების გაჩენის და მათი საპარლამენტო ტრიბუნიდან გახმოვანების შესაძლებლობა. ამ იდეების გარეშე საქართველოს სტაგნაცია ემუქრება. ჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო სამუდამოდ დაემშვიდობოს საბჭოლა კავშირიდან მემკვიდრეობით მიღებულ ძალადობრივ პოლიტიკურ სისტემას და დაიწყოს ახალი, დემოკრატიული და სამართლიანი სისტემის მშენებლობა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს მისცემს პოლიტიკური თანამონაწილეობის და ღირსეული ცხოვრების საშუალებას.