რა პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს ხედავენ საქართველოში თბილისის სხვადასხვა უბანში მცხოვრები ახალგაზრდები?

 

შუადღეა. ერთ-ერთ კორპუსთან შეკრებილ ბიჭებთან ვჩერდები. თოკზე გამობმული პიტბულის ჯიშის ძაღლი ეზოს ონკანიდან წყალს გამალებით ხვრეპს. თან იღრინება. არ მოსწონს, როცა ვინმე უახლოვდება. ძაღლს ცალი თვალი არ აქვს. მიზეზს ბიჭებს ვეკითხები.

 

წელიწადში რამდენჯერმე, აფრიკის დასახლებაში, ლიანდაგებს გადაღმა, ძაღლების ბრძოლა იმართება. წესები არ არსებობს, მთავარია, ძაღლმა ბოლომდე გაძლოს და თუ პატრონი წინააღმდეგი არაა, მეორე მოკლას კიდეც.

 

ჩხუბამდე 3-თვიანი მომზადება სჭირდება - ვარჯიში, კარგი კვება და ვიტამინები. ამ დროს თბილისის სხვა უბანში იმავე წონის ძაღლს წვრთნიან. შეჯიბრების დღეს, დაგეშილი ძაღლი მოჰყავთ და სასტიკი, დაუნდობელი ორთაბრძოლა იწყება. სანახაობას ისინი ესწრებიან, ვისაც „კუშის“ დადება შეუძლია: „18 ათასიც მოუგიათ ჩემებს“, - მეუბნება ავთო. ამ ჩხუბების დროს ავთო მეგობრებს გულშემატკივრობს. თან მათი მოგება რაღაც გაგებით მისი მოგებაცაა - ამ ამბავს უბანში ყოველთვის აღნიშნავენ.

 

აფრიკა - ის დასახლებაა, სადაც კინოაფიშების, თეატრის პრემიერების თუ სასკოლო სპორტული შეჯიბრებების ნაცვლად, დღის ამბავს ძაღლების ჩხუბი ქმნის. ძაღლების ჩხუბი შეიძლება იყოს მოვლენაც, რომელზე მნიშვნელოვანიც მთელი თვის განმავლობაში აღარაფერი მოხდეს.

 

თემო, დათო და ავთო ქუჩაში გავიცანი: „დროის მეტი რა გვაქვს, თან სმას აგვარიდებ“, - ამ სიტყვებით ჩამოვსხედით ბორდიურზე.

 

გალავნის იქით ელექტროსადენებით გახლართულ რკინიგზაზე ძველი მატარებლები დახრიგინებენ. რკინიგზაა მიზეზი, რის გამოც 1950-იანი წლების თბილისში აფრიკის დასახლება გაჩნდა. რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა საბჭოთა პერიოდში აქ დასაქმდა, მაგრამ სისტემა ჯერ კიდევ 1990-იანების დასაწყისში მოიშალა და დღეს რკინიგზით ოჯახების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილიღა ირჩენს თავს. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე მთელი უბანი შეავსეს, შემდეგ კი უბნის შექმნის მიზეზი - რკინიგზა - ხელიდან გამოეცალათ და ამ უბანზე ფიზიკურად მიბმის აუცილებლობაც დაკარგეს, თუმცა ვეღარსად წავიდნენ. თვითგამორკვევის პროცესი გაუხანგრძლივდათ, ან საერთოდ ვერ გაიარეს. რა მინდა მე, როგორც მოქალაქეს, სად და როგორ ცხოვრებას ვირჩევ - ერთად თავს დაყრილ ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისებში არა მხოლოდ ამ კითხვაზე პასუხი, არამედ თვითონ ეს კითხვაც ჩაიკარგა. აქ ყოველდღიურობა იქცა ერთ დიდ მონსტრად, რომლითაც ვერ ისიამოვნებ, თუ შეძელი, მხოლოდ მოიგერიებ. ის ყველას და ყველაფერს ფარავს. კორპუსების ფანჯრებიდან კუბებად ჩალაგებული ავტოფარეხები ერთ გაწელილ, ჟანგისფერ ლაქად აღიქმება. მათ შორის მოწყობილი პატარა სამეურნეო მიწები ზამთარში უფერულია და მიტოვებული - აქ გამეფებული განწყობის დასტურად.

ცხოვრების წესი, რომელსაც ეს ხედი განაპირობებს - აფრიკაში დაბადებულ ბავშვებს მემკვიდრეობად ერგოთ. თემო, ბექა და ავ 19-25 წლის ბიჭები არიან, ანუ 2000 წელს დაიბადნენ - დამოუკიდებელ საქართველოში მასშტაბური  ცვლილებების პირველად დაშვების ეპოქაში. ეს ის თაობაა, რომელზეც 2016 წელს ჩატარებულ ახალგაზრდების კვლევაში - ერთადერთ ყველაზე მოცულობით ნაშრომში ახალგაზრდების შესახებ - წერია: „ახალგაზრდობა ქვეყნის ყველაზე დიდი რესურსია, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს რეგიონის დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. ამასთან, ახალგაზრდები არიან ცვლილებისა და ინიციატივების მოტივატორები სხვადასხვა სფეროში“.

დათო და ავთო არც სწავლობენ და არც მუშაობენ. დათო მიყვება, რომ ფსიქოლოგიურზე აბარებდა, მაგრამ ერთ საგანში ჩაიჭრა და მერე აღარ უცდია. რესტორანში დაიწყო მუშაობა, მაგრამ მალევე თავი დაანება. „ცოტა ფულს არ ვშოულობდი, მაგრამ იმდენსაც არა, რომ არსებობის გარდა სხვა რამეზე მეფიქრა. დედასთან ერთად ვცხოვრობ, მასაც ცოტა შემოსავალი აქვს. გამიჭირდა იმასთან შეგუება, რომ სულ ასე უნდა ვიყო. პოლონეთშია ბიძაჩემი, წავალ მეც, ვიმუშავებ, ფულს დავაგროვებ და დავბრუნდები. ან არ დავბრუნდები. იქამდე კი ასე, უსაქმურად, ეზოში გაგვყავს დრო. სასმელი, მოსაწევი. ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს“.

თემოს ოჯახი გალიდანაა. დევნილები არიან. ბევრი და-ძმა ჰყავს, მშრომელი და მოსიყვარულე ოჯახი, მაგრამ - პატარა სახლი. თემო დისტრიბუტორად მუშაობს. „იცი, როგორაა? უსაქმურად ყოფნა არავის მოსწონს. ედები რაღაცებს, შოულობ ერთ სამსახურს, არ მოგწონს, მერე მეორეს. მერე იკიდებ და ამასობაში, წკაპ, გადის 2 წელი და ისევ უსაქმური ხარ. ჩემი მეგობარი „სპარშია“. 250 ლარი აქვს ხელფასი. იმ დღეს ვკითხე, რაში გყოფნის-მეთქი. რაში უნდა ჰყოფნიდეს? უბრალოდ, თვის ბოლოს ფულს ერთიანად ვხედავ ხოლმეო“.

 

ხედი შენი ფანჯრიდან

აფრიკის დასახლება ახალგაზრდებზე დაკვირვებისთვის შემთხვევით არ შემირჩევია. გარდა იმისა, რომ ეს უბანი თბილისის ერთ-ერთი უკიდურესი ნაწილია და ცენტრში მოსახვედრად რამდენიმე სახის ტრანსპორტის გამოცვლაა საჭირო, აქ ბლოკებად ჩალაგებული კორპუსების, რკინიგზის დეპოს, სკოლის, პოლიციის შენობისა და სუპერმარკეტების გარდა, ფაქტობრივად, არაფერია. აქ მცხოვრები ახალგაზრდების ხედვას აფრიკის ჰორიზონტი აყალიბებს. უბანი, იქაური ცხოვრების წესი, ყოველდღიური რიტუალები, საერთო განწყობა - მოზარდებსა და ახალგაზრდებზე ეს ყველაფერი ორმაგად ზემოქმედებს. ეს მრავალგზის დადასტურებული თეზაა. სამყაროს ჩვენს ნაწილში, პოსტსაბჭოთა გარიყული, უიმედო თაობის შექმნაში თავისი წვლილი საბჭოთა ურბანულმა პოლიტიკამ შეიტანა - ცენტრი და პერიფერია ერთმანეთისგან მკვეთრი საზღვრით გაიმიჯნა. „საძილე“ რაიონები, რომლის ელექტრონით აციმციმებულ ათასობით ფანჯრებს მიღმა დღის ბოლოს ადამიანები აფარებდნენ და დღემდე აფარებენ თავს, სხვა ფუნქციებით ვერასდროს დაიტვირთა. სიცოცხლის სხვა, უფრო აზრიანი გამოვლინება, ვიდრე ძილი, ტელევიზორის ეკრანთან დასვენება, სლოტ-კლუბები, ბირჟა ან ზემოთ ნახსენები ძაღლების ჩხუბია, ამ რაიონებმა ვერ შეითვისა. ამიტომაც მრავალი სიმბოლიკითა და მნიშვნელობით დამუხტული ცნება „ცენტრი“ და მისგან დაშორება, აქ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უიმედობის კიდევ ერთ მიზეზად იქცა.

 

სასკოლო განათლების სპეციალისტი მარტინ ბლენკი, Huffington Post-ზე გამოქვეყნებულ თვალსაზრისში წერს:„ახალგაზრდების განვითარება - ეს არაა მოვლენა, რომელიც ცალკე, ჩაკეტილად ხდება. ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევებიდან (John Dewey, James Coleman თუ Urie Bronfenbrenner) უკლებლივ ყველა მიგვანიშნებს, რომ მნიშვნელობა აქვს კონტექსტს; რომ ახალგაზრდების განვითარებაზე გავლენას შიდა და გარე გარემოებები ახდენს. კერძოდ, ბარიერები, რომელთაც ახალგაზრდები აწყდებიან ზრდასრულობამდე გასავლელ წარმატების გზაზე, მკვეთრად განსხვავდება; ესაა  ფაქტორები, როგორებიცაა სიღარიბე და მათ მიკროგარემოში ხელმისაწვდომი რესურსების სიმწირე“.

 

„აქ ყველაფრისგან შორს ხარ. ქალაქში სხვაა, იქ მოძრაობაა, თვალი ხედავს. აბა, აქ გამოდიხარ დილით და ამ ბლოკებისა და მატარებლების გარდა არაფერია. ჩადიხარ ეზოში, იქაც შენნაირი უიმედო ტიპები არიან. მერე ნელ-ნელა ეჩვევი, შენც გეზარება. აი, ბექა, შენ უსაქმურად რატომ დადიხარ? - მიმართავს მეგობარს, - იმიტომ, რომ იცი, 500 ლარსაც არავინ გადაგიხდის, თან სათანადოდ კარგი არც განათლება გაქვს“.

 

„დღეს ბავშვებს სწავლის ნაცვლად, გადასარჩენად, თავის გასატანად უწევთ მუშაობა. ჩვენ კი არ უნდა გვეგონოს, რომ ჰერმეტული არსებები ვართ და სურვილები, მისწრაფებები ისე, არაფრისგან გვიჩნდება. სურვილი მიჩნდება იმისი, რაც ვიცი, როგორც გარესამყარო ზემოქმედებს ჩემზე. წიგნამდე, განათლებამდე რომ მივიდე, უნდა გავიგო კიდეც, რაში მჭირდება... დღეს ... საქართველოში უკიდურესად უჭირთ. გარეუბნებში, პერიფერიებში ეს გაცილებით მძაფრად ჩანს“, - ამბობს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე.

 

კვლევაში „თაობა გარდამავალ პერიოდში“ წერია, რომ 19-დან 24 წლამდე ახალგაზრდების 1/5-ს საზღვარგარეთ წასვლა სურს, რათა საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესოს და განათლებასა და დასაქმებაზე მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეს.

 

„მხოლოდ საჭმელზე და გადარჩენაზე ფიქრი დამღლელია, - მეუბნება დათოც, - მალე აქ მარტო გაჭირვებულები დარჩებიან. თუ მათი ოჯახის წევრი სადმე წავა სამუშაოდ, გადარჩებიან, თუ - არა, ისინიც დაიხოცებიან“.

 

UNICEF-ის 2017 წლის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მიხედვით, ბოლო 2 წელიწადში ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 27-დან  32%-მდე გაიზარდა. ანუ, ყოველი მეხუთე ბავშვი საქართველოში, დღეს, უკიდურეს სიღარიბეშია. ამავე კვლევის მიხედვით, საქართველო კვლავ გამორჩეულია 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდების დაუსაქმებლობის დონით. გასულ წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა. უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალი იყო 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფშიც და 30%-ს უდრიდა.

 

„სამყაროში არსებობს ქვეყნები, რომლებიც უზარმაზარ რესურსს დებენ იმაში, რომ შედარებით დაბალი სოციალური ფენით დასახლებულ ადგილებში შეიტანონ განათლება და განვითარება. სახელმწიფო დოტაციაზე იყოს ბიბლიოთეკები, კინოთეატრები, განათლებისა და ჯანდაცვის სხვა ობიექტები. და რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონის აწევა სახელმწიფოსვე ინტერესია“, - ამბობს გიორგი მაისურაძე.

 

„დღეს 1.8 მილიარდი 10-დან 24 წლამდე ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე. კაცობრიობის ისტორიაში ამ ასაკის ასეთი მრავალრიცხოვანი საზოგადოება ჯერ არ გვყოლია… ეს ადამიანები გრძნობენ, რომ სასწრაფოდ გადასაჭრელი კრიზისების წინაშე დგანან. ესაა დემოგრაფიის, განათლების, დასაქმების, ძალადობის, გოგონათა საკითხებზე კრიზისები“,- ამბობს UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჰენრიეტა ფორი Ted.com-ის 2018 წლის სექტემბრის გამოსვლაში, როცა ახალგაზრდებთან საუბრის შედეგებს აღწერს. მისივე თქმით, დღეს მსოფლიოში 200 მილიონი მოზარდი რჩება სასკოლო განათლების მიღმა, ათიდან ექვსი ბავშვი კი მათემატიკისა და კითხვის მინიმალურ ზღვარსაც ვერ სძლევს.

 

ამიტომაც მოზარდებსა და მათ საჭიროებებზე ფიქრი უკვე გლობალურად დგება დღის წესრიგში. ჰენრიეტა ფორი ამბობს: „ჩვენ პირდაპირი მიზანი გვაქვს: გვსურს, თითოეული ახალგაზრდა იყოს სკოლაში, სწავლისა და წვრთნის პროცესში, ანდა ასაკის შესაბამის სამსახურში 2030 წლამდე. ესაა გადაუდებელი მიზანი. საჭირო და ამბიციური, მაგრამ, ამავდროულად, რეალურიც“.

წიგნების კითხვის წამახალისებელი პროგრამები ბავშვებისთვის, სამეცნიერო კლუბები და შეხვედრები, ხელოვნების კლასები, დრამა და თეატრი, სპორტი და ლაშქრობები - ეს პროგრამები ახალგაზრდებს თვალსაწიერის გაფართოებაში, ცხოვრების საზრისის ძებნაში, ინტერესების გაღვივებაში ეხმარება და დიდ ურბანულ ცენტრებსა თუ მივარდნილ, ცენტრს მოწყვეტილ დასახლებებში, სახელმწიფოებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, ნელ-ნელა შედის. ტემპი სხვადასხვაა, თუმცა, ახალგაზრდა, როგორც მომავლის სინონიმი და არა როგორც საარჩევნო ხმა, რომელიც დროებით უნდა მოიპოვო, ნელ-ნელა მკვიდრდება.

 

2018 წელს საქართველოში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა. მისი პროექტებიც საგანმანათლებლო თუ სპორტულ თემებზე, ლოკალურ დონეზე, თბილისის მერიამ შეითავსა. მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურში ამ ეტაპზე აქვთ სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამა. სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, აკადემიური მოსწრების მიხედვით, სწავლის გადასახადს 50, 70 და 100%-ით უფინანსებენ (მაგალითად, 2018 წელს ასეთი იყო 2000 სტუდენტი).

მერიას აქვს პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამაც, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერიაში რეგისტრირებულ ახალგაზრდებს 2-3 თვის განმავლობაში კერძო კომპანიებში ასწავლიან გარკვეულ ხელობას და ყოველ წელს დაახლოებით 1000 ახალგაზრდიდან 700-მდე იმავე კომპანიებში აგრძელებს მუშაობას. ასევე, ამავე დეპარტამენტს აქვს სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის, უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების (34 000 ლარი); ახალგაზრდული ღონისძიებების (190 000) პროგრამები. წლიურად 295 ათას ლარს ხარჯავს ზოგადი განათლების, ინტელექტუალურ, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობაზე, 11 მილიონ 130 ათას ლარს - სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერაზე.

თუმცა, როგორც ახალგაზრდებთან საუბრებისგან ჩანს, ეს ძალისხმევა სახელმწიფოსგან ჯერჯერობით მიზერულია. არარეალიზების, საკუთარ სოციალურ გარემოში თავის ვერპოვნის, ქვეყანაში პერსპექტივის ვერდანახვის საკითხი ვიწრო უბნურ რეალობას, ცხადია, სცდება. თემები, რაზეც აფრიკაში ლაპარაკობდნენ თემო და მისი მეგობრები, ახლობელი და ნაცნობია მათთვისაც, ვინც ცენტრთან ახლოს ან მთლად ცენტრალურ უბნებში გაიზარდნენ. ეს აჩენს რეალობების გახლეჩვის შეგრძნებას - რასაც უშუალო ფიზიკური გარემო ახალგაზრდებს სთავაზობს, არაფერია ან ძალიან მოსაწყენი და უიმედოა იმასთან შედარებით, რაც ამ ასაკის ახალგაზრდებმა იციან, რომ შეიძლება ჰქონდეთ.

გეგმები, რომლებიც ნელი ტემპით, მაგრამ აუცილებლად შეცვლიდა გარემოს, ჯერ მუშავდება, დგინდება, ანდა ახლა იწერება.  

მერიის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა ამბობს, რომ ორ წელიწადში, მოსახლეობის საჭიროებების კვლევის შედეგად, ორ გარეუბანში, ვარკეთილსა და დიდ დიღომში სპორტული, საგანმანათლებლო და გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრები აშენდება. ორივეს მშენებლობა მერიას დაახლოებით 12 მილიონი ლარი უჯდება. „ეს იქნება მუნიციპალური მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც ორიენტირებული სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებსა და ყველასთვის თანაბარ ხელმისაწვდომობაზე იქნება“.

 

„თითქმის ყველას საბოლოოდ წასვლა უნდა, - ამბობს შოთა პაპავა, ბერკლის უნივერსიტეტის დოქტორანტი სლავისტიკაში, რომელიც ერთ-ერთი პრესტიჟული კერძო სკოლის - ამერიკული აკადემიის პედაგოგია. მიუხედავად იმისა, რომ ამ სკოლაში სწავლა ძვირი ღირს და სწავლის დონეც გამორჩეულად მაღალია, განწყობები, შოთას თქმით, მის მოსწავლეებს შორისაც პესიმისტურია.

„ნაწილს სამუდამოდ უნდა წასვლა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ასე დასაქმების მეტი შანსები აქვს. თუმცა, ხანდახან, უკან დაბრუნებული ახალგაზრდებიც ფრუსტრირებულები რჩებიან - ისინი დაემორჩილნენ წესებს, წავიდნენ სხვა ქვეყანაში, მიიღეს საერთაშორისო დონის განათლება. მეტი ამბიცია, მეტი მოლოდინი გაუჩნდათ. აქ კი, სხვა რეალობა ხვდებათ“.

 

  • საქართველოს მოსახლეობის 20% 15-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან (მათი რიცხვი დაახლოებით 720 000-ია). საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები დაახლოებით 27 000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. 2017-2018 წლებში კი, ბაკალავრიატზე სულ 72 ათასი სტუდენტი სწავლობდა.

  • საქართველოში დასაქმებული ახალგაზრდების მხოლოდ 31% მუშაობს თავისი პროფესიით. 34% - პროფესიული კვალიფიკაციის გარეშე. 35% კი - სრულიად განსხვავებულ სამუშაოზეა.

 

აცდენა თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებთან, კონკურენციის უპრეცედენტო მაჩვენებელთან, ახალი ტექნოლოგიური დროის შესაბამისად გაჩენილ პროფესიებთან მაშინ ხდება თვალსაჩინო, როცა ისევ საქსტატის მონაცემებს ვეცნობით და აღმოვაჩენთ, რომ საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი კვლავაც ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტებია. თუმცა, შრომის სამინისტროს მიერ 2016 წელს ჩატარებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ უმუშევართა პირველ ათეულში სწორედ იურისტები და ეკონომისტები ლიდერობენ.

„ორივე პროფესიის შემთხვევაში აბსოლუტურ ილუზიასთან გვაქვს საქმე. თითქოს ხალხი დარწმუნებულია, რომ ეს ორი სფერო კარგად მუშობს. არადა, სწორედ ეს ორი მიმართულებაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ცუდად მუშაობს. ესაა დანგრეული ბიზნესიმედების და უსამართლობის ქვეყანა. ამიტომ, მალე ამ ახალგაზრდებს უხეში გამოფხიზლება მოუწევთ და ეს, სამწუხაროდ, მათვე დააზარალებს“, - ამბობს შოთა.

„საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას აერთიანებს ერთი რამ - დიდი და დაუსრულებელი გულგრილობა, - მეუბნება გიორგი მაისურაძე, - იმის გაუაზრებლობა, რომ ჩვენ ერთნი ვართ. ყველას თანაბრად გვჭირდება განვითარება. ამიტომ, ოპტიმიზმიც ჩვენთან სადღაც გაქრა“.

 

რონა ეს მე ვარ! Guliashvili. ბიძო ბარიგა! Tea bakhtadze მიყვარხარ! - აფრიკის დასახლებაში, რკინიგზის დეპოს ქვის გალავანზე ეს წარწერები თემოს უბნელების გაკეთებულია. ზოგი ძველი, ზოგი თემოს თანატოლების. ვიღაც გოგოს სიყვარულს უხსნის, ვიღაც თავის სახელს უტოვებს დროს, ვიღაც აპროტესტებს.

„დაფიქრდი, როგორ ჰგავს ყველა დღე ერთმანეთს, როცა არ მუშაობ, არაფერს აკეთებ. სვამ, ეწევი, შეიძლება ქალაქის ცენტრისკენაც გაისეირნო, თვალს წყალი დაალევინო. მაგრამ რომ გაიღვიძებ, ისევ იგივე ტრიალებს. მსგავსი ისტორია ბევრია“, - ამბობს თემო 2019 წელს და თავის უბანზე, აფრიკაზე მიყვება.

მას და მის მეგობრებს ჯერ არ გაუაზრებიათ ის, რომ მათი კრიზისები უფროსებმა, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, როგორც იქნა, აღიარეს - ეს ზოგან ძალდატანებით, მექანიკურად და ძალიან ნელა ხდება - ისე, როგორც ჩვენთან; ზოგან - გააზრებულად და მიზანმიმართულად. მთავარია, რიტორიკა ჩვენ თვალწინ იცვლება.

ჰენრიეტა ფორი ამბობს: „ჩვენ გვინდა, მეტ ახალგაზრდას მივაწვდინოთ ხმა, მეტ თემში, დედამიწის მეტ მხარეში. შეიძლება თუ არა, რომ თითოეულ სკოლას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რაც არ უნდა მივარდნილი ანდა მთიანი იყოს, თუნდაც დევნილთა ბანაკი იყოს, ჰქონდეს ინტერნეტი? შეგვიძლია თუ არა, მყისიერი მთარგმნელობითი პროგრამები შევქმნათ ახალგაზრდებისთვის, რათა ხარისხიანი განათლება თავიანთ ენაზე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიიღონ?“

ეს კითხვები ნიშნავს იმას, რომ პასუხების ძიებაც დაწყებულია.

 

ხედი შენი ფანჯრიდან