გადავისვრით დანას დავიწყების უძირო ზღვაში

............

და ხალხთა ძმობას, მეგობრობას ვუმღერებ მაშინ.

....

რა არის სიცოცხლე კაცის,

როცა არა აქვს მიწა.

კოსტა ხეთაგუროვი

ციფრები

სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში 165 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, სადაც 21.742 მოსწავლე სწავლობს, მათ აღზრდას 2.257 მასწავლებელი ემსახურება.

ოლქში არის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, საქ. სსრ განათლების სამინისტროს მასწავლებელთა დახელოვნების საოლქო ინსტიტუტი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, სამხატვრო, სამედიცინო, მუსიკალური სასწავლებლები, ტექნიკური და პროფტექნიკური სასწავლებლები, მუსიკალური და სამხატვრო სკოლები.

სამხრეთ ოსეთში 19 საავადმყოფო, 4 დისპანსერი, ერთი სტომატოლოგიური პოლიკლინიკა, 47 საფერშლო-საბებიო და 9 საფერშლო პუნქტი ფუნქციონირებს. ავადმყოფთა საწოლების საერთო რიცხვი 1350-ს აღემატება.

სამხრეთ ოსეთის მშრომელთა სამსახურშია 91 საკლუბო დაწესებულება და 163 ბიბლიოთეკა, რომელთა წიგნადი ფონდი მილიონ დასახელებას ითვლის. ბიბლიოთეკებს 200 კაცი ემსახურება, მათ შორის სპეციალური უმაღლესი განათლებითაა 16 ადამიანი. ‒ , საშუალო სპეციალური განათლებით 13, ერთ მათგანს მინიჭებული აქვს საქ. სსრ დამსახურებული ბიბლიოთეკარის წოდება.

ოლქის მოსახლეობას ემსახურება 5 კინოთეატრი და 60 კინო დანადგარი, კოსტა ხეთაგუროვის სახელობის დრამატული თეატრის ქართული და ოსური დასები, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი სიმდი, ვია ბონვარონი და ფაიტონი.

ოლქში არის 16 საბავშვო ბაღი, 2 საბავშვო სახლი, ნორჩ ტექნიკოსთა და ნატურალისტთა სადგური, პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე და სამი სახლი, ბავშვთა და მოზარდთა სპორტული, მძლეოსნობის, კრივის, ფეხბურთის სკოლები, ტურისტული ბაზები „ოსეთი“ და „ჯავა“.

„სამხრეთ ოსეთი“, 1979

მერე რა იქნება?

ცნობილი და ისტორიული ფაქტებით დადასტურებულია, რომ საქართველოში ინტერნაციონალური გრძნობები ჯერ კიდევ მაშინ იყო, როცა ქართველს სიტყვა „ინტერნაციონალიზმი“ არც გაეგონა. ქართველი ხალხი ძმურად და მეგობრულად თანაარსებობდა მეზობელ ხალხებთან, ხშირად გაჭირვებაში ჩავარდნილ მეზობელ ხალხს დახმარებია, ბევრი ლტოლვილი შეუფარებია თავის მიწაზე. ქართველი ხალხი არა მარტო პრაქტიკული მოქმედებით, არამედ მხატვრული სიტყვითაც გამოხატავდა თავის ჰუმანურ კრედოს: „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო“. სიყვარულისთვის უპირატესობის მინიჭება, რაც ამ სიმღერის მთავარი აზრია, ქართველის ფსიქიკასა და მორალში მტკიცედ გამჯდარი აზრი იყო. ასეა დღესაც.

კაცობრიობის ისტორია გვიჩვენებს, რომ ჭეშმარიტი ინტერნაციონალიზმის გვერდით გვხვდებოდა და გვხვდება ცრუინტერნაციონალიზმი, მოჩვენებითი ინტერნაციონალიზმი, როცა სხვა ერებზე ბატონობის სურვილით შეპყრობილი რომელიმე ძლიერი ერი ამოეფარება ამ ლამაზ სიტყვას, და სხვა ერს რომ იპყრობს, ნიანგის ცრემლებს აფრქვევს, მის მხსნელად და მოყვარედ მოვედიო. კაცობრიობის ისტორიაში არსებული ის სამარცხვინო მოვლენა, რომელსაც კოლონიალიზმი ჰქვია, ხშირად ე.წ. ცრუინტერნაციონალიზმსაც ემყარებოდა, ფარისევლობას არ თაკილობდა.

ცნობილია ისიც, რომ კოლონიალიზმის მოსპობის პიონერი საბჭოთა რუსეთია. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთის იმპერიაში შემავალმა დამონებულმა ხალხებმა თავისუფლება მოიპოვეს. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული ფაქტი, რომელსაც სხვა ქვეყნების დამონებული ხალხებისთვის მაგალითის ძალა ჰქონდა.

მაგრამ ამ დიად სიახლეს, ამ დიად რევოლუციურ აქტს თან ახლდა შესაძლოა იმ დროისთვის უმნიშვნელო და ძნელადგასათვალისწინებელი ისეთი ასპექტები, რაც შემდგომ უკეთესად გამოჩნდა, ცხოვრებამ გამოაჩინა და საჭიროებს გარკვეულ კორექტივას.

ამჟამად მხედველობაში მაქვს ცალკეულ რესპუბლიკებში მკვიდრი მოსახლეობისა და გარედან მოსული მოსახლეობის ოდენობითი შეფარდების საკითხი, რაც არასასურველად ვითარდება. იმ ფაქტმა, რომ საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებს შორის საზღვრები ღიაა, ერთი რესპუბლიკიდან მეორეში გადასვლა და იქ დასახლება დაუბრკოლებლად ხდება, გამოიწვია გარკვეული დისპროპორციები, რამაც საბოლოო ანგარიშში შელახა ზოგი რესპუბლიკის ძირითადი მოსახლეობის ეროვნული ინტერესები, რადგან შეიქმნა საფრთხე იმისა, რომ საკუთარ რესპუბლიკაში, დიდი ისტორიისა და წარსულის მქონე ქვეყანაში, სადაც ყოველი მტკაველი მიწა წინაპართა სისხლით არის მორწყული, ამ რესპუბლიკის მკვიდრნი (აბორიგენები) უმცირესობაში აღმოჩნდებიან, რასაც სხვაგვარი გაგრძელება მოჰყვება. ასეთ ვითარებაშია საქართველო.

მე ვხედავ მკითხველის გაკვირვებულ სახეს. მოითმინეთ, ვისწავლოთ ახლებური აზროვნება!

მე არც რესპუბლიკებს შორის საზღვრების დახურვას მოვითხოვ და არც მიმოსვლის აკრძალვას. ეს საკითხი რეალურად არსებობს და მის გადაწყვეტაზე ერთად ვიფიქროთ.

რეალური ინტერნაციონალიზმი (და არა ცრუ) ნიშნავს, პირველ რიგში, ერების არსებობას, რათა ეს ერები ერთმანეთთან მეგობრულ კავშირში ცხოვრობდნენ. თუ ერები აღარ იქნება, თუ წაიშლება მათი თავისებურებანი, სახე, იურიდიული და პოლიტიკური ფიზიონომია, ენა და ადათ-წესი, მაშინ დარჩება ერთი, სხვის ხარჯზე გაზრდილი ერი და ამით ინტერნაციონალიზმიც მოისპობა. ეს ლოგიკური დასკვნაა. თუ ჭეშმარიტი ინტერნაციონალისტები ვართ, მაშინ ხელი უნდა შევუწყოთ ერების არსებობას, მათ შორის ძმური ურთიერთობის გაღვივებას. ვგონებ, ეს სადავო არ არის და არც არავის გაუხდია საკამათოდ.

ერებს შორის ინტერნაციონალური ურთიერთობა ძალიან ჰგავს ოჯახებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობას. როგორც კი ერთი რომელიმე ოჯახი მოინდომებს მეორის ბინაში შესახლებას, იქ მცხოვრებთა შევიწროვებას თუ განდევნას, მათ შორის მაშინვე კონფლიქტი წარმოიშობა, ღვიძლი ძმებიც რომ ცხოვრობდნენ ერთმანეთის მეზობლად, ისინიც კი ერთმანეთს მტრად ექცევიან, თუ ერთი მათგანი გაბედავს მეორის ეზოს ან სახლის თუნდაც ნაწილის დაპატრონებას, კეთილმეზობლობა მანამდე არსებობს, სანამ ყველა თავის ეზოსა და სახლში ცხოვრობს და ერთი არ ავიწროვებს მეორეს. ასევეა ერებს შორის ურთიერთობაც. აბა, რა რეალურ ინტერნაციონალიზმზე შეიძლება ლაპარაკი, თუ ერთი ერის ასიათასობით წარმომადგენელი მოვა, მეორე ერის მიწა-წყალზე დასახლდება, დამხვდურს შეავიწროვებს და გადაშენების საფრთხეს შეუქმნის. ეს ცრუინტერნაციონალიზმია. თვალს ნუ დავხუჭავთ, ცეცხლს ნავლს ნუ წავაყრით და ამით თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ცეცხლი აღარ არის. ინტერნაციონალიზმი მაშინაა რეალური, როცა ყველა ერი ძირითადად თავის ტერიტორიაზე ცხოვრობს და მეზობლებთან ძმური, კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს. ამ შინაარსით გაგებული ინტერნაციონალიზმი მისასალმებელია.

მოდით, ამ თვალით შევხედოთ დღევანდელი საქართველოს და ქართველების მდგომარეობას. დასამალი არაა, რომ ჩვენს რესპუბლიკაში ქართველთა მატება ძალზე მცირეა, ხოლო სხვა ხალხების წარმომადგენელთა მატება დაჩქარებული ტემპით, სწრაფად ხდება. ეს ტენდენცია თუ დიდხანს გაგრძელდა, მოვა დრო, როცა ჩვენ ჩვენსავე რესპუბლიკაში უმცირესობაში აღმოვჩნდებით, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვება, ხოლო მერე როგორ განვითარდება მოვლენები, ამაზე ფიქრიც კი შემზარავად მოჩანს. დღევანდელ საქართველოში ხუთი მილიონი კაცი ცხოვრობს. აქედან მხოლოდ 68%-ია ქართველი. თუ ამ ციფრს შევადარებთ მოძმე სომხეთის მდგომარეობას, სადაც 90%-ზე მეტი სომეხია, დავრწმუნდებით, რომ ჩვენი მდგომარეობა საკმაოდ სავალალოა.

1959 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებს თუ შევადარებთ 1979 წლის ანალოგიური აღწერის შედეგებს, დავინახავთ, რომ განვლილ ოც წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტია აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობის ზრდა, იგი შეადგენს 186,6%-ს. ამას მოსდევს ქურთების პროცენტული მატება, რაც უდრის 160,5%-ს, ბერძნებისა – 130,1%, ოსებისა – 113,5%. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ 1959 წელს საქართველოში ცხოვრობდა 158,6 ათასი აზერბაიჯანელი, მათი რიცხვი 1979 წელს გახდა 225,7 ათასი.

პროცენტულ მონაცემებს თავი დავანებოთ, დამაფიქრებელია აბსოლუტური ოდენობის მონაცემებიც. მაგალითად, 1979 წლის აღწერით საქართველოში ცხოვრობდა 448,0 ათასი სომეხი, 371,6 ათასი რუსი, 255,7 ათასი აზერბაიჯანელი, 180,5 ათასი ოსი, 95,1 ათასი ბერძენი, 45,0 ათასი უკრაინელი, 28,3 ათასი ებრაელი, 25,7 ათასი ქურთი, 45,0 ათასი სხვადასხვა ერის წარმომადგენელი. იმ აღწერიდან დღემდე განვლილ შვიდ წელიწადში სურათი ქართველთა საზიანოდ იცვლებოდა. გამოდის, რომ ამ ტენდენციის გაგრძელება ჩვენთვის მართლაც დამაფიქრებელია.

გადავხედოთ საქართველოს რუკას და მოსახლეობის განლაგებას. დღეს მარტო ქვემო ქართლის (საბარათიანოს), თრიალეთისა და მესხეთ-ჯავახეთის ტერიტორიაზე გვაქვს ათი ისეთი რაიონი, რომელშიც ქართველი მოსახლეობა ძალზე უმნიშვნელო ოდენობისაა, ძალზე მცირეა. ასეთი რაიონებია გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, ახალქალაქის, ადიგენის, ბოგდანოვკის, წალკის, ასპინძის, ახალციხის რაიონები, სადაც უდიდესი უმრავლესობა აზერბაიჯანელი, სომეხი და ბერძენი მოსახლეობაა. ამას დავუმატოთ ზემო ქართლის რაიონები, სადაც ოსური მოსახლეობა ჭარბობს და დამაფიქრებელ სურათს მივიღებთ. ამასთან გავითვალისწინოთ თბილისი, სადაც ბევრი აზერბაიჯანელი, სომეხი, ქურთი, ბერძენი და სხვა ერის შვილი ცხოვრობს; გავითვალისწინოთ, რომ ოსების დიდი ნაწილი კარგა ხანია გასცდა სამხრეთ ოსეთის ფარგლებს და დიდი ოდენობით ცხოვრობს გორის, კასპის, ქარელის, ბორჯომის და კახეთის ზოგ რაიონში; გავითვალისწინოთ, რომ ბევრი აზერბაიჯანელი, გარდა ზემოთ დასახლებული რაიონებისა, ცხოვრობს და სწრაფად მრავლდება კახეთში (მაგალითად, ლაგოდეხის რაიონის ერთ პატარა სოფელ კაბალში 30-იან წლებში ცხოვრობდა მხოლოდ 80 კომლი, რომელიც ისე გამრავლდა, რომ ოთხ დიდ სოფლად იქცა და მათმა ოდენობამ მიაღწია მთელი რაიონის მოსახლეობის 20%-ს). ამას მივუმატოთ საქართველოს ზღვისპირა რაიონებში სომეხი მოსახლეობის ზრდა, მივუმატოთ სხვა ფაქტებიც და ნათელი გახდება რეალური მდგომარეობა.

თუ 1926 წელს საქართველოში მცხოვრები რუსების, უკრაინელებისა და ბელორუსების საერთო რიცხვი 110,4 ათასი იყო, 1979 წელს იგი შეადგენდა 416,6 ათასს, ე.ი. თითქმის ოთხჯერ გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის საქართველოში მცხოვრებთა საერთო ოდენობიდან ქართველობა შეადგენდა 80%-ს, მეოცე საუკუნის დამდეგისათვის კი იგი 70%-მდე დავიდა ე.ი. 10%-ით შემცირდა. მე არ ვიცი, რა სურათი იქნება 21-ე საუკუნის დამდეგისათვის, მაგრამ ის კი ვიცი, რომ რესპუბლიკაში ამჟამად მთელი მოსახლეობის მხოლოდ 68%-ია ქართველი. ეს პროცენტი კიდევ უფრო დაბალი იყო ომისწინა ხუთწლედის პერიოდში, როცა დაჩქარებული ტემპით სახალხო მეურნეობის მრავალი დარგის განვითარების პირობებში საჭირო გახდა რესპუბლიკის გარედან ასიათასობით მუშახელის შემოყვანა და საქართველოში ჩასახლება, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა რესპუბლიკის მოსახლეობაში ქართველთა ხვედრითი წილი ე.ი. პროცენტული ოდენობა.

საქართველოში მოსახლეობის ეროვნული შედგენილობა ისტორიულად ყალიბდებოდა და ამას სხვადასხვა გარემოებანი განაპირობებდნენ. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ სპარსეთისა და ოსმალეთის დამპყრობლური პოლიტიკის შედეგად, ქართველთა გადაშენების მიზნით საქართველოში ძალით ჩამოსახლებული თურქმენული ტომების ათასობით ოჯახი; თურქთა მიერ აწიოკებული და ლტოლვილი ათასობით სომეხი, რომელთაც საქართველოს შეაფარა თავი; ერეკლეს მიერ ალაბერდის მადნებში სამუშაოდ ჩამოყვანილი 80 ბერძნული ოჯახი, რასაც ცარიზმის მიერ მოგვიანებით მრავალი ათასი სხვა მიემატა; ჩრდილო კავკასიის ვაკიდან დევნილი და კავკასიონის სამხრეთით გადმოსული, ქართლის მაღალ ხევებში შეფარებული და დასახლებული ოსები, რომლებიც შემდეგ ვაკეში ჩამოსახლდნენ და ქართლის ბევრ რაიონში განსახლდნენ; უძველესი დროიდან საქართველოში თავშეფარებული ებრაელები და ა.შ. მაგრამ ამჟამად ჩვენ ეს ისტორია ნაკლებ გვაინტერესებს, უფრო მეტად საინტერესოა დღევანდელი ვითარებისა და პერსპექტივის გათვალისწინება.

ჩვენ ინტერნაციონალისტები ვართ. ეს ძალზე კარგია, საქართველოში ცხოვრობს ყველა ერის შვილი მშვენივრად, მათ შევიწროვებას არც არავინ აპირებს, მაგრამ თვითონ ისინიც დაგვეთანხმებიან, რომ ჩვენს ადგილზე და ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ყველა ერი დაფიქრდებოდა შექმნილ დემოგრაფიულ ვითარებაზე და მომავალზე იზრუნებდა. თუ საქართველოში ქართველი იკლებს, ხოლო სხვა ასეთი სწრაფი ტემპით იმატებს, ეს ხომ ერთხელაც იქნება იქამდე მიგვიყვანს, რომ უქართველო საქართველო დაგვრჩება. და ეს საშინელება უნდა მოხდეს ინტერნაციონალიზმის შინაარსის გაუკუღმართებით? ასეთი ინტერნაციონალიზმი, რომელსაც თუნდაც ერთი ერის გადაშენება მოჰყვება, ვისთვის იქნება მისაღები? ამიტომ ვაცხადებთ, რომ გარდაქმნის ამ საინტერესო და დიად ეპოქაში გადაისინჯოს ზოგი რამ ამ სფეროშიც, რათა ჭეშმარიტმა ინტერნაციონალიზმმა იზეიმოს.

პრობლემები რომ ეროვნულ საკითხებშიც წარმოიშობა ხოლმე, ეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის იანვრის პლენუმზეც ითქვა. როგორ დაგვავიწყდება, რომ ნიკიტა ხრუშოვმა ამ სფეროსაც დაატყო თავისი ხელი. მაგალითად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გააუქმა ქართული სკოლების დიდი ნაწილი და მათ მაგივრად რუსული სკოლები გახსნა, შეჩვეული ქართული ანბანის და შრიფტის ნაცვლად მათ რუსული ანბანი და შრიფტი დაუწესა და ამას ხრუშოვი აკეთებდა აფხაზებზე და ოსებზე „ზრუნვით“, ქართველთა მხრივ „ძალადობის“ მოსასპობად. იმ წლებში დაბეჯითებით გავრცელდა ხმები, რომ ხრუშოვს ქართველების აყრა და ჩრდილოეთში გადასახლება ეწადა. ამისი მტკიცება ძნელია, საბუთი არ გვაქვს, მაგრამ მისგან ესეც იყო მოსალოდნელი. მან ხომ სხვისი კულტი დაგმო და საკუთარი კულტი დაამკვიდრა.

ავიღოთ, თუნდაც, ისეთი ფაქტი, რომელიც იმავე პერიოდში მოხდა: ვინმე აგეევს ცენტრალურ პრესაში დააბეჭდინეს დიდი სტატია, რომლის ავტორი აყენებდა საკითხს, დროა საბჭოთა კავშირის ყველა ერის მწერალმა რუსულ ენაზე წეროსო, მრავალეროვნება ხელისშემშლელია, მთელი საბჭოთა ლიტერატურა რუსულ ენაზე უნდა იქმნებოდესო. რა იყო ეს? შეცდომა? კბილის მოსინჯვა? მზაკვრობა? კითხვა ბევრია, მაგრამ პასუხი ერთი გავცეთ: ეს იყო ლენინური ეროვნული პოლიტიკის ხელყოფა, რაც არასოდეს აღარ უნდა განმეორდეს.

ამ მხრივ არც „ბრეჟნევის ეპოქა“ იყო უკეთესი. ჯერ ერთი, ბრეჟნევმა ახალგაზრდებს მოუწოდა ე.წ. შერეული ქორწინებისკენ, რაც ყოვლად უხამსობაა, რადგან ქორწინება შეყვარებული წყვილის პირადი საქმეა და მასში პოლიტიკის გარევა ძალადობაა. მეორეც, ბრეჟნევის დროს გავრცელდა საბჭოთა ხელოვნური შერწყმის „თეორია“, რომელიც, მე თუ მკითხავთ, თავისი არსით, ანტილენინურია. რას ნიშნავს შერწყმა? ეს ხომ იგივე ასიმილაციაა? პატარა მდინარე დიდს რომ უერთდება, ამით მისი არსებობა წყდება, დიდი მდინარე კი უფრო უხვწყლიანი და ძლიერი ხდება. ასეა ერებიც. მერე ალბათ მიხვდნენ, რომ ეს „თეორია“ უკმაყოფილებას გამოიწვევდა და ამიტომ ტერმინი „შერწყმა“ შეცვალეს ერთა „დაახლოებით“. ესეც ისეთი ტერმინია, რომ ვისაც რა უნდა, ისეთ შინაარსს ჩადებს მასში, ორივე შემთხვევაში გულწრფელობა და ნამდვილი ინტერნაციონალიზმი გამორიცხულია, ეს ვერ თავსდება ლენინური ეროვნული პოლიტიკის ფარგლებში.

გარდაქმნის სიკეთე ისიც არის, რომ მან მოგვცა აზრის თავისუფალი გამოთქმის საშუალება, რომელიც პირობებს მოამზადებს იმისთვის, რომ ანალოგიური შეცდომები თუ ბოროტი ზრახვანი აღარ განმეორდეს.

გამოვთქვამ ჩემს ზოგ მოსაზრებას.

შეიძლება დავასახელოთ თანამედროვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა, სადაც დემოგრაფიულ პროცესს სახელმწიფო წარმართავს (მაგ. ჩინეთი), თუნდაც შობადობის შეზღუდვით. რატომ უნდა გამოვრიცხოთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენშიც იმ ერებმა, რომელთაც მატების დიდი ტემპი აქვთ, შეზღუდონ შობადობა? ამის პარალელურად კი ნაკლები მატების ტენდენციის ერებს უნდა შევუქმნათ ხელშემწყობი პირობები, რათა მათთან შობადობის ტემპმა იმატოს. ამით ნაწილობრივ მაინც მოწესრიგდება დემოგრაფიული პროცესი.

როგორც ზემოთ ვთქვი, ომისწინა ხუთწლედების პერიოდში საქართველოში სხვა რესპუბლიკებიდან მოიყვანეს ათიათასობით მუშახელი, რომელიც ჩვენში დასახლდა, გამრავლდა და წარმოიშვა ქართველთათვის უარყოფითი დემოგრაფიული ბალანსი. ამ ფაქტიდან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ რესპუბლიკის საგეგმო ორგანოებმა ჩვენი სახალხო მეურნეობის განვითარების ტემპი ისე დაგეგმონ, რომ გამოირიცხოს სხვა რესპუბლიკებიდან ხალხის ხელოვნური მოზიდვა. დაგეგმონ იმდენი, რასაც ჩვენი მოსახლეობის ძალები გასწვდება.

არის კიდევ ერთი გარემოებაც, რომელიც აგრეთვე საგეგმო ორგანოებს ეხება. მხედველობაში მაქვს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა განთესვა სხვა რესპუბლიკებში. მრავალი ათეული წლის განმავლობაში და დღესაც ვამზადებთ ათასობით ისეთ სპეციალისტს, რომლებიც 22-25 წლის ასაკში, როცა ოჯახი უნდა შექმნან, იქ რჩებიან და ამით არა მარტო თვითონ აკლდებიან საქართველოს, არამედ მათი ნამატიც, მათი შვილებიც, ვისაც საქართველო უნდა გაემრავლებინა. ცნობილია, რომ რესპუბლიკის გარეთ უმეტესად მიდიან ვაჟები. ამის გამო საქართველოში დარჩენილ ქალიშვილებს უძნელდებათ გათხოვება და უქმარშვილოდ რჩებიან, რაც აგრეთვე აფერხებს ქართველების გამრავლებას. გამოდის, რომ რესპუბლიკიდან წასული ათასობით ვაჟი დიდად სწევს უკან ქართველთა მატებას.

დავუკვირეთ ციფრებს. მარტო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 30 ათასი სტუდენტი სწავლობს, ამას დავუმატოთ ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი და საკმაოდ სოლიდურ ციფრს მივიღებთ. ამათგან ყოველწლიურად 6 ათასი ახალგაზრდა მაინც ხდება ინჟინერი. ვინ გვარწმუნებს, რომ ჩვენს პატარა რესპუბლიკას ყოველწლიურად ამდენი ინჟინერი სჭირდება? რა გამოდის? ის გამოდის, რომ მარტო ამ ორი ინსტიტუტის „წყალობით“ წელიწადში ათასობით ახალგაზრდა ვაჟით ვაღარიბებთ საქართველოს. მაშასადამე წელიწადში ათასობით ნაკლები ოჯახი იქმნება საქართველოში. ამას სავალალო შედეგი მოაქვს, გავითვალისწინოთ, რომ არა მხოლოდ ერთ წელიწადს, არამედ თითქმის 50 წლის განმავლობაში და დავინახავთ, თუ რა გვჭირს, რად არ იზრდება ქართული მოსახლეობა ბუნებრივი მატების გზით. თუ ამას დავუმატებთ ზოგი სხვა უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულს, რომელთაც ანალოგიური ხვედრი აქვთ, კიდევ უფრო სავალალო სურათს მივიღებთ. კიდევ მეტიც, საბჭოთა კავშირის მრავალ ქალაქში ყოველწლიურად სასწავლებლად მიდის ათიათასობით ახალგაზრდა, რომელთა დიდი ნაწილიც უკან აღარ ბრუნდება. ისინი სხვაგან ოჯახდებიან, იქაურები ხდებიან, მათი შვილებიც ქართველები ვეღარ იქნებიან. რადგან თავიანთ ენასაც ივიწყებენ და თავიანთ ქვეყანასაც. როგორც ხალხში იტყვიან, „გინდ მკვდარი და გინდ შინმოუსვლელიო“. როგორც დავინახეთ, უმაღლეს სკოლას, დიდ სიკეთესთან ერთად, დიდი უბედურებაც მოაქვს, თუ იგი არ დაექვემდებარება კარგად მოფიქრებულ გეგმას, თუ მას სახელმწიფო ბრძნულად არ წარმართავს.

მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ამაში საყვედურს მხოლოდ საგეგმო ორგანოები როდი იმსახურებენ, საჭიროა რადიკალურად შეიცვალოს ჩვენი ხალხის ფსიქიკა იმ თვალსაზრისით, რომ შეუძლია თუ არა, ამისი ბუნებრივი მონაცემები აქვს თუ არა, სხვისი წამხედურობით თუ ჯიბრით ყველა მშობელს უნდა, მისმა შვილმა უმაღლესი დაამთავროს, რა გზითაც და რა ხერხებითაც უნდა მოხდეს ეს. ბოლოს და ბოლოს უნდა შეიგნოთ, რომ ეს მავნე გატაცებაა. მოდით და ვიკითხოთ, რით სჯობს ძალად ექიმი, ძალად აგრონომი, ძალად მასწავლებელი და აუარება სპეციალისტი ნამდვილ, პატიოსან, გამრჯე გლეხს, მუშას, ხელოსანს, და სხვას? კი არ სჯობს და ცოდოც კია ყოველი ძალად სპეციალისტი. ესეც ვიკითხოთ, უმაღლესი სასწავლებლები საყოველთაო ხომ არ არის, რომ ყველამ დაამთავროს? ერს სჭირდება მუშაც, გლეხიც, ხელოსანიც და ყველა დარგის მუშაკი, რომელიც თავისი პატიოსანი შრომით ერის საძირკველი და ბურჯია. ეს უნდა გავიგოთ. თუ ათიათასობით კურსდამთავრებულით საქართველოს ზიანი მოსდის, თუ ამით სამშობლო ღარიბდება, რად გვიანდა ასეთი გატაცება? რა ჯობია – ყველამ, ვინ სად და ვინ – სად, უმაღლესი დაამთავროს, ხდებოდეს მათი განთესვა და ამით გადავშენდეთ, თუ მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭის ახალგაზრდა ამთავრებდეს უმაღლეს სასწავლებელს, სხვანი სხვადასხვა სპეციალობით ემსახურონ ქვეყანას და ამით ქართველთა კლება შევაჩეროთ? აქ ორი პასუხი გამორცხულია.

საყვედური უნდა ვუთხრათ ქართველ ქალებსაც, რომლებიც ერთი ან ორი შვილის ყოლას სჯერდებიან. ქალებს-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ აზერბაიჯანელების ან ქურთების მატების დიდი ტემპი, ქალების დამსახურებაა და ამას ანგარიში უნდა გაეწიოს. ქართველი ქალების პატრიოტული მოვალეობაა ამ საქმეს თვალი გაუსწორონ. საკითხი ასე დგას: ან კომფორტი და ერთი-ორი შვილი, რასაც ჩვენი გადაშენება მოჰყვება; ან ნაკლები კომფორტი, მეტი გარჯა და მრავალი შვილი, რასაც საქართველოს გამრავლება მოჰყვება. ეს არჩევანი იმდენად გამოკვეთილია, რომ ყოყმანი გამორიცხულია. ლამის დავიჯერო, რომ ჩვენ, ქართველებს, რაღაც ახალი სარწმუნოების შემოღება დაგვჭირდება, რათა არ გადავშენდეთ.

უნდა ვუსაყვედუროთ იმ ქართველ ვაჟებსაც, რომლებიც 30-35 წლისანი გახდნენ და დაოჯახებას არ აპირებენ.

დამერწმუნეთ, რომ ჩემი წერილით სულაც არ ვამუქებ. დემოგრაფიული ციფრები და პროცენტები უტყუარად გვაფრთხილებენ და გვეუბნებიან, რომ დაგვიდგა საგანგაშო დრო, როცა ომების და შემოსევების, აწიოკების და ჟლეტის გარეშეც გვექმნება გადაშენების საფრთხე. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ხალხს ფუფუნებასა და კომფორტზე ფიქრისათვის არ უნდა ეცალოს, საჭიროა მეტი თავის შეწუხება, მეტი საქმიანი პატრიოტიზმი, მეტი მოსაზრებულობა, მეტი სიბრძნე, მეტი მოქნილი მოქმედება, მეტი ფიქრი, მეტი შვილი! ნურავინ იტყვის, რომ საბინაო და ეკონომიკური პირობები იყოს მთავარი მრავალშვილიანობისთვის, არა, ცნობილია, რომ მრავალშვილიან ოჯახებს არც დიდი ბინები აქვთ და არც ბევრი ფული, მაგრამ მრავლდებიან, მეტიც, უფრო კარგად მრავლდებიან. ხოლო შემდეგ ბინებსაც იღებენ და ფულად დახმარებასაც.

ზემოთაც ვთქვი, რომ ეს მწვავე პრობლემა რეალურად არსებობს, მაგრამ გამოსავალი გზების მიგნება ადვილი არ არის. ამიტომ კარგად ვგრძნობ, რომ არც მე მაქვს ამომწურავი პასუხები დასმულ კითხვებზე. მე მხოლოდ ზოგიერთი მოსაზრება გამოვთქვი. ეს საკითხი ზედმიწევნით ეროვნული მასშტაბისაა, ამიტომ ყველა დიდი საქმე ფიქრით იწყება. ჩვენც ვიფიქროთ, გამოსავალი ვეძებოთ, თვითდინებას ნუ გამოვიჩენთ, თორემ მერე გვიან იქნება.

ტარიელ კვანჭილაშვილი

„ლიტერატურული საქართველო“, 30 სექტემბერი, 1988