„აიისა“ პრეზერვატივებს აწარმოებს. ანანია გაჩეჩილაძისთვის ეს ქართული, კონცეპტუალური ბრენდი ერთდროულადაა ბიზნესიც და სოციალური მოძრაობაც, რომელიც ტაბუებს ებრძვის. 

პრეზერვატივის შეფუთვაზე პროვოკაციული, ოთხსანტიმეტრიანი გამოსახულებები  თანამედროვე მემებია, რომლებიც ონლაინსივრცეშია უკვე გაფანტული. 

პრეზერვატივებზე თამარ მეფის გამოსახულებამ, წარწერამ "მაკურთხებელი მარჯვენა", ქართლის დედის იმიჯმა ფრაზით: ''I don't want to be your mother" („არ მინდა ვიყო დედაშენი“) საზოგადოება 22 წლის გოგოს წინააღმდეგ ააჯანყა. 

სასამართლომ არაეთიკურობისთვის კომპანია 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე დიზაინის პრეზერვატივის გაყიდვა აუკრძალა. სულ მალე კი, „აიისას“ ახალი გმირი ის მოსამართლე გახდა, ვინც განაჩენი გამოიტანა  პრეზერვატივის შეფუთვაზე ლევან მურუსიძე სამართლიანობის ქალღმერთ ფემიდას კისერზეა შემომჯდარი.

 

თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემი ბიზნესი პრეზერვატივებთან იქნებოდა დაკავშირებული. ვხედავდი თან, სერვისშიც დიდი პრობლემა იყო – „აი, ის მომეცით“ პრობლემა. პრეზერვატივი სხვანაირად უნდა მიმეწოდებინა. სახელით „აიისა“ და გაყიდვის ახალი ფორმით, სოციალურ ქცევასაც მინდოდა გამოვხმაურებოდი. დიზაინიც ისეთი უნდა ყოფილიყო, ყველაფერი თავდაყირა რომ დაეყენებინა. 

იდეა ზაფხულის ბოლოს მომივიდა, როცა ფესტივალების სეზონი უკვე დასრულებული იყო. არადა, ფესტივალები ზუსტად ის სივრცე იყო, სადაც გაყიდვას ყველაზე კარგად შევძლებდი. ამიტომაც, ცოტა მოვიცადე, გაზაფხულზე დავრეგისტრირდი ინდმეწარმედ და ივნისის ბოლოს სამსახურიდანაც წამოვედი.

პირველად ფლი მარკეტზე გავედი. სამცალიანი კოლექცია ავაწყვე მარტომ – ჩაქაფულის, ფელამუშის და ხილის სტიკერებით. მაგრად იმუშავა, 60 ლარით მივედი და 300 ლარით წამოვედი. 

მერე წიგნის დღეებისთვის Microsoft Paint-ში ლიტერატურის თემატიკაზე კოლექციები ავაწყვე. ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა, კი მოგვწონს, მაგრამ იქ ბავშვებიც ხომ ივლიანო. არ მწყენია. ექსპოჯორჯიას ადმინისტრაციას ვთხოვე, ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე მაინც დამაყენეთ-მეთქი. კი, ოღონდ დღეში 300 ევრო გადაიხადეო. რისი გადამხდელი ვიყავი. არავინ იცოდა ჯერ, რა იყო „აიისა“, ფეისბუკის გვერდს ოცი ლაიქი ძლივს ჰქონდა. ფლი მარკეტიდან ნეონებით გაფორმებული სტენდი მქონდა შენახული. ჰოდა, ავდექი და ექსპოჯორჯიას მთავარ შესასვლელთან დავდგი. უფლება არ მქონდა, მერია რომ მოსულიყო და გავეგდე, მართალი იქნებოდა. მაგრამ იქ, მარტო დგომით მინდოდა დამემტკიცებინა, რომ რასაც ვაკეთებდი, სხვებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო. 

მერე „აიისა“ marketer.ge-მ შეამჩნია. Open Air-იც დაემთხვა, ფესტივალზე პრეზერვატივები ძალიან კარგად იყიდებოდა. იმ ზაფხულს Open Air-მა, ჯაზფესტივალმა და GEM fest-მა „აიისას“ ოცი ათასი ლარი და ნახევარმილიონიანი ცნობადობა მოუტანა. 

ახლა გუნდში ჩემ გარდა ოთხნი არიან – კურიერი, ინკასატორი, ადმინისტრატორი, დეველოპერი. პარალელურად outsource კომპანიებთან ვთანამშრომლობ. კომპანიის მენეჯმენტში მხოლოდ მე ვარ. განვითარების სტრატეგიას, დიზაინის შინაარსს – მხოლოდ მე ვწყვეტ. 

ინსპირაცია ადამიანებთან ურთიერთობაში მოდის. ძირითადად მეტროთი დავდივარ. შეიძლება ჩავჯდე ვაგონში და არავის დაველაპარაკო, მაგრამ ვიზუალურად ვიღებ ენერგიას. რად მინდა ბევრი თანამშრომელი იდეებისთვის, როცა ამდენ ადამიანს ვხვდები ყოველდღე ქუჩაში. ამხელა დიაპაზონია.

მონარქთა კოლექცია, რომელშიც თამარ მეფის გამოსახულება შედიოდა, იანვარში გამოვუშვი. უცბად მოაწყდა ხალხი „აიისას“ ფეისბუკის გვერდს, ილანძღებოდნენ, იმუქრებოდნენ. მერე საპატრიარქომ ოფიციალურად განაცხადა – ანანია გაჩეჩილაძე შესაჩვენებელიაო. ორჯერ გაიმართა „აიისას“ საწინააღმდეგო აქცია თბილისსა და ქუთაისში. ვითომ სასულიერო აკადემიის სტუდენტების აქცია იყო, მაგრამ იქვე იდგნენ „ქართული მარშის“ მეთაურებიც. არ ვიცი, იცოდნენ თუ არა, რომ მთელი „აიისა“ მარტო მე ვიყავი. 

არ მიფიქრია ამხელა სკანდალზე, მაგრამ მგონი, ძალიან კარგად ვმართე კრიზისი. სასამართლოს განაჩენის მერე, გამოხატვის თავისუფლების დასაცავად „აიისას“ ვებგვერდზე ახალი პლატფორმა #გაბანტე შევქმენი. ახლა მომხმარებელს ნებისმიერი დიზაინის პრეზერვატივის აწყობა შეუძლია თვითონ, მათიც, რომელიც სასამართლომ აკრძალა. ის სანქცია, რაც დამეკისრა, მთლიანად ამ ახალმა პლატფორმამ გადაიხადა. ფულიც ბევრად მეტი ვიშოვე, სკანდალის შემდეგ გაყიდვები ახალი წლის გაყიდვებს გაუთანაბრდა. რაც მთავარია, სერიოზული განაცხადი გამოვიდა: შეიძლება სისტემამ მე წამართვა იარაღი, მაგრამ ეს იარაღი ახლა ხალხის ხელშია, რომელსაც უკვე ვერაფრით მოერევიან.