გური გოცაძე, ტატო გეთია, ზვიად გელბახიანი, ნიკო ნიკოლაძე, აკაკი ხურციძე, ნაჯა ორაშვილი

ამ ოთხი წლის ისტორიას რომ გადავხედოთ, რა მოჩანს, რას აწარმოებს BASSIANI?

კლუბი, სადაც არტისტები მსმენელს პროტესტის ენით ესაუბრებიან, ბუნებრივად იქცევა საერთო პრობლემების და იდეების გაზიარების სივრცედ.

ადამიანები ხედავენ, რომ მიუხედავად არაერთი სოციალური, რასობრივი თუ გენდერული სხვაობისა, უამრავი საერთო პრობლემა, ბევრი საზიარო იდეა, გრძნობა და ემოცია აქვთ და საერთო გამოწვევების დასაძლევად, ერთმანეთის დასახმარებლად გაერთიანებას, დაკავშირებას, თვითორგანიზებას იწყებენ.

ამიტომ სოლიდარობა და მზრუნველობა საკლუბო სცენის განუყოფელი ნაწილია, ხოლო როდესაც ეს ქცევა რეგულარული ხდება, ის გადმოდის კლუბიდან გარეთ – ქალაქში, ყოველდღიურობაში.

კლუბი არ აწარმოებს მუსიკას, მაგრამ აწარმოებს ენერგიას, შეხედულებებს, დამოკიდებულებებს, იდეებს. BASSIANI თავის საცეკვაო მოედანზე ცოცხალი, გულწრფელი ენერგიის გამოა საინტერესო და მიმზიდველი, იმ ათასობით მოცეკვავის გამო, ვინც თავისუფლების წყურვილით ცეკვავს.

ყველა იმ სფეროში, რომელმაც წარმატებას მიაღწია, ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ავთენტურობა და აღმოსავლეთის და დასავლეთის კულტურების სინთეზი ჩანს, სწორედ ეს არის წარმატების გასაღებიც. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეროვნული იდეაა, მაგრამ ის ძალიან შორსაა იმ დოგმებისგან, რომლებიც ქართულ ტრადიციებში მრავლად გვხვდება. ჩვენ ვქმნით ახალ კულტურას, რომელიც ფუნდამენტურად ქართული სულის მატარებელია.

რისი კომერციალიზაცია სჭირდება ამ პლატფორმას იმისათვის, რომ შემდეგ აკეთოს ის, რაც უნდა? რომ იაროს იმ მიზნისკენ, რაც აქვს. რას ხმარდება რესურსები ბასიანის შემთხვევაში?

კულტურული სივრცეების კომერციალიზაცია, მხოლოდ ბიზნესის პერსპექტივით თუ შეხედავ, კომპრომისს გულისხმობს – იდეის და ღირებულების დათმობას. ჩვენ კი რთული, მაგრამ სწორი გზა ავირჩიეთ, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ გაძლიერებას გულისხმობს, რასაც წლები სჭირდება, მაგრამ სამაგიეროდ იდეის გადარჩენის შანსი იზრდება.

კლუბის შემოსავალი თავად სივრცის განახლებას და განვითარებას, ახალი სივრცეების დამატებას, ტექნიკურ გამართულობას ხმარდება. კლუბის დაარსებიდან ორი წლის თავზე, ჩვენ დავაფუძნეთ BASSIANI RECORDS, რომელიც ფირფიტებს გლობალური მასშტაბით გამოსცემს. ძალიან მალე დაემატება სუბლეიბლი HOROOM RECORDS, ვიწყებთ ექსპერიმენტული მუსიკის საღამოებს. რესურსების დიდი ნაწილი სწორედ ამ სცენის წინ წაწევისთვის გვჭირდება.

ვინ ქმნის ბასიანს? რამ შეკრა ეს გუნდი და რა ამოძრავებს მის თითოეულ წევრს?

BASSIANI / HOROOM-ის უკან საერთო ხედვებისა და ღირებულებების მქონე ადამიანები დგანან, თავიდანვე შევთანხმდით, რომ ეს კლუბი არ იქნებოდა ტრადიციული რეკრეაციული სივრცე, სადაც ადამიანები კვირაში ერთხელ მოვიდოდნენ, გაერთობოდნენ და დაიშლებოდნენ.

BASSIANI / HOROOM საფუძველშივე სთავაზობდა ადამიანებს თანასწორ და უსაფრთხო გარემოს, ამით გვსურდა, ყველაზე განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის მიგვეცა ერთად ცეკვის, გაერთიანების და დამეგობრების შესაძლებლობა. დასაწყისშივე ვიცოდით, რომ მას მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა გამოეწვია საზოგადოებაში და გავყოლოდით იმ გზას, რომელიც, როგორც საკლუბო სცენის ისტორიამ და არაერთი ქვეყნის გამოცდილებამ გვაჩვენა – უალტერნატივოა. ეს სცენა სწორედ მისმა სოციალურმა მნიშვნელობამ აქცია ისტორიის ღირებულ ნაწილად.

როგორ იწყებდით საქმეს, რა გათვლები გქონდათ და რა იყო მთავარი გამოწვევა? რისი გეშინოდათ? 

აქამდეც ბევრს ვსაუბრობდით, რომ ცეკვა პოლიტიკური აქტია და ხშირად ვაწყდებოდით ირონიას. მაგრამ დარწმუნებულები ვიყავით ჩვენს ხედვებში, რადგან ვიცით, როგორ და სად დაიწყო სტოუნვოლის აჯანყება, ვიცით ბელგრადის ისტორია, თუ როგორ ცეკვავდა რეჟიმის წინააღმდეგ ათასობით ახალგაზრდა ადამიანი. ვიცით, როგორ ცეკვავენ ბომბების ქვეშ პალესტინელები. ბოლოს და ბოლოს ემა გოლდმანმა დაგვიტოვა უნიკალური შეტყობინება “If I can’t dance, it’s not my revolution.”

ქვეყანაში არსებულმა უთანასწორო გარემომ განაპირობა, რომ ღამის კლუბები სოციალური მოძრაობებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.

ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რამხელა რისკზე მივდიოდით, როდესაც ღიად დავუჭირეთ მხარი თეთრი ხმაურის მოძრაობას და დავიწყეთ ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის ბრძოლა, ვნერვიულობდით პირველ ქვიარ ღამეზეც, რადგან პასუხისმგებლობას ვიღებდით ათასობით ქვიარ ადამიანის უსაფრთხოებაზე, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ადამიანების გაძლიერება იყო.

ამ მიდგომამ მოიტანა, რომ თითქმის ყველა სოციალური პროტესტის ავანგარდში სწორედ მოცეკვავეები დგანან, რომლებიც იბრძვიან სამართლიანობისთვის, თანასწორობისა და თავისუფლებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ხელისუფლებისთვის თავისტკივილად იქცა. იმის ნაცვლად, რომ ქუჩაში გამოსული ათიათასობით გულანთებული ადამიანის პროტესტის ხმა გაეგოთ და პრობლემები მოეგვარებინათ, იერიში სწორედ კლუბებზე მიიტანეს.

კლუბებში ჩატარებული რეიდით არა მხოლოდ კონკრეტულ უსაფრთხო სივრცეებს შეუტიეს, არამედ თავისუფალი ადამიანების წინააღმდეგ გაილაშქრეს. ეს დაშინებას ჰგავდა, თუმცა სისტემა ვერ დაგვადუმებს. ისტორიამ არაერთხელ გვანახა – ახალგაზრდებთან ომში მხოლოდ თავისუფლების იდეა იგებს.

რა იყო ყველაზე დიდი მოულოდნელობა გუნდისთვის? 

ყველაზე დიდი მოულოდნელობა ერთ ღამეში შეცვლილი ადამიანების ისტორიაა, ის ტრანსფორმაცია, რაც მათ განიცადეს. მართალია, საკლუბო სცენის ისტორია ერთმანეთისგან გათიშული და დაპირისპირებული ადამიანების საცეკვაო მოედანზე შერიგების ისტორიაა, მაგრამ ის, რაც თბილისის სცენაზე მოხდა, მაინც წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ. ამ სცენაზე ერთად ცეკვა, გაცნობა და დამეგობრება დაიწყეს ერთმანეთის მიმართ უკიდურესად მტრულად განწყობილმა ჯგუფებმა, ჰომოფობებმა და ქვიარებმა; ადამიანებმა ცენტრიდან და გეტოებიდან; გვინახავს, როგორ ჩაერთვნენ ჩვენთან ერთად თანასწორობისთვის ბრძოლაში სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წევრები. ამ სცენის ყველაზე დიდი მოულოდნელობაც და მონაპოვარიც, სწორედ ეს პიროვნული გარდაქმნებია. 

როგორ იქცევით კრიზისის დროს? რა გასწავლათ გამოცდილებამ? 

ამ ოთხ წელიწადში უამრავი პრობლემის გადალახვა მოგვიწია. დიდი პასუხისმგებლობაა, იდგე სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების ავანგარდში, ეს პირველ რიგში გაქცევს სტატუს-კვოს რეგრესული ჯგუფების პოლიტიკურ სამიზნედ, რომელთა ხელშიც უამრავი ბერკეტია, მათ შორის, მედია, პროპაგანდისტული მანქანები და ფიზიკური დაჯგუფებები, რომლებიც თავდასხმებით გემუქრებიან.

პოლიტიკურმა ძალებმაც არაერთხელ სცადეს ჩვენი კლუბის დაპირისპირების ინსტრუმენტად ქცევა და ჩვენი სახელის გამოყენება საკუთარი ვიწროპარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის.

ყველა კრიზისი, მათ შორის უმძიმესიც – კლუბის დარბევა, საკუთარი იდეებისა და სიმართლის რწმენით და თანამოაზრეების გვერდით დგომით დავძლიეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა – პირველ რიგში თავად გწამდეს, რასაც აკეთებ. 

თუ ვამბობთ, რომ ბასიანი პირველ რიგში იდეაა, მაშინ – რას ნიშნავს, მართავდე იდეას?

ძალიან დიდი გამოწვევაა იდეალისტური ღირებულების მართვაზე პასუხისმგებლობის აღება. პირველ რიგში, BASSIANI არის ყველა იმ მოცეკვავის იდეა, ვინც ამ კლუბს თავის შინაარსს ანიჭებს. იდეას ვერ მართავ, ვერც საცეკვაო მოედანს, რადგან მას მუსიკა მართავს, მუსიკა, როგორც პროტესტისა და აზროვნების ენა, და ეს მუსიკა გვმართავს ჩვენც.