ეკლექტური ექსპერიმენტები ინტერიერის დიზაინში, იქცა ახალ ესთეტიკად და ტრენდად.

თუ შეგიძლია, ისე დაალაგო ნივთები, რომ როკოკო, ამპირი და ჰაიტეკი ერთად კარგად გრძნობდნენ თავს, ესე იგი გამოგდის, კარგია. ეკლექტიკა მიყვარს, არაფერს ვერიდები. ბეტონი მოჩანს? ვტოვებ ბეტონს, არაფერს ვმალავ, უბრალოდ ზოგჯერ არ ვიმჩნევ.

დიზაინი ბავშვობიდან არსებობდა. ჯერ ნიკოლაძეში ვსწავლობდი, მერე აკადემიაში. არქიტექტურა მინდოდა, მაგრამ არ ჩავაბარე, საბჭოთა დრო იყო და მაინც არავინ აგაშენებინებდა იმას, რაც გინდოდა. გრაფიკით დავიწყე და ბოლოს ფერწერაზე გადავედი. კერამიკა ვისწავლე. ვკერავდი, ვქსოვდი... ამას იმიტომ ვყვები, რომ ყველაფერს ვედებოდი, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ჩემი მუზა ჩემი პატარა და იყო. დაბადების დღეებზე ვჩუქნიდი რაღაცეებს, მე თვითონ ვაკეთებდი. პირველად, მახსოვს, აბაჟური ვაჩუქე. ჩიტების გალია ვიყიდე 5 მანეთად, ჩამოვაცვი ქალის შავი წინდები და ოქროსფრად შეღებილი მაქმანები გავუკეთე. ვიღაცეებმა რომ ნახეს, დაიწყეს – აუუ, მეც მინდა, გამიკეთე რა ასეთი... გოგოებს ვეუბნებოდი, წინდები რომ გაგეხევათ, მომეცით-მეთქი. შეკვეთას რომ მაძლევდნენ, ვეკითხებოდი – აბა, ვისი წინდით გაწყობილი გინდათ-მეთქი. მაგრები იყო, აჟურულები. ჩანთებზეც იგივე მოხდა, გავაკეთე და ბოლონიაში გავუგზავნე ჩემს დას. უცბად დამირეკა – 6 ცალი უნდათ, დროზე გააკეთე, თითოში 100 დოლარს იხდიანო.

მერე მე და რატი ერაძემ ქუჩაში დაყრილი რკინები ვნახეთ და ჯართისგან სკამი გავაკეთეთ. მეგობარს ვაჩუქეთ. მაინტერესებდა, ამ რკინით თუ გამოვიდოდა ისეთი ავეჯი, რომელიც გერმანიაში მქონდა ერთხელ ნანახი. ძირითადად უცხოელები მიკვეთავდნენ. მაგრად კაიფობდნენ ჰენდმეიდზე, ფარდაგებით გაწყობილზე. ქართველები მაშინ ნაკლებად ინტერესდებოდნენ ასეთი დიზაინით – რა, რკინას არ ღებავო? არადა, ის „მისვარკებული“ რომ ჩანდა, ეგ იყო მაგარი. აქ უფრო ბრენდული მოსწონდათ ყველაფერი.

არანაირი გათვლა არ მქონდა. თავისით მიდიოდა ყველაფერი და დღემდე ასეა, იდეა უფროა, ვიდრე ბიზნესი. ფული რომ მდომოდა, ალბათ რამე სერიული უნდა მეწარმოებინა, ვთქვათ, „ტაბურეტკების“ ხაზი. კარგი მენეჯერიც ამეყვანა და შემოსავალიც იქნებოდა.

ყველაფერი ინტერესიდან  დაიწყო. აი, იმ რკინით, საიდანაც დამაინტერესა, გამოვიდოდა თუ არა სკამი. წიგნის ილუსტრაციაც ეგრე იყო და ის კოსტიუმები, ლაშა დევდარიანთან ერთად რომ გავაკეთე. ის მოდელებიც იმიტომ შევკერე, რომ მინდოდა, იმ „ლატკებიან“ სარებს ქალაქში ემოძრავათ.

ვყიდულობდი ძველ, გახეულ ხალიჩებს, რომელსაც თითქოს ვეღარაფერში გამოიყენებ. ამ დროს აიღებ მის პატარა ნაჭერს და შეკერავ ბალიშს ან სკამზე გამოიყენებ. ისევ აქტუალური ხდება, ისევ აგრძელებს ნივთი სიცოცხლეს. როგორც კი ამას მივხვდი, დავიწყე ამით კაიფი. გადაგდებული ნივთები, რომლებსაც თავიდან შეგიძლია ფუნქცია მიანიჭო. მაგარია. მარტივად კეთება მევასება, არაფრისგან რომ აკეთებ. თან როცა შენ თვითონ აკეთებ, იცი უკვე, როგორ უნდა იმუშაო მასალასთან და ისიც იცი, დიზაინში როგორი გამოვა. ადრე, როცა რაიმე ესკიზს გავაკეთებდი, მერე მის 100 ვარიანტს მაინც ვქმნიდი და ბოლოს, მაინც იმ პირველს ვუბრუნდებოდი. ჰოდა, ეგ ერთი კი ვისწავლე ამდენ ხანში, პირველი რაც მომდის თავში, იმას ვტოვებ.

„პურპური“ ჩემი პირველი კაფე იყო. მერე იყო „კალა“, „კგბ“, „პასტორალი“, „ჩაის სახლი ოპერასთან“, „ჩაის სახლი ქიაჩელზე“, „შავი ლომი“, „ლეილა“, ქუთაისში „ფოე ფოე“, ბათუმში „ფან ფანი“... პატარ-პატარებიც ბევრია. „პურპურის“ მერე წამოვიდა ეს „ტუალეტში კაბები“ და აბაჟურები ინტერიერში. ბევრისთვის „პურპური“ აბაჟური იყო, ჩემთვის კი ეს იყო სივრცე, რომელიც მე დავხატე. ინტერიერს, როგორც ნახატს ისე ვუყურებ. ჩემთვის ნივთები ფერებია, აი, ის „პურპურის“ აბაჟურიც ფერია, რომელსაც იმისათვის ვიყენებ, რომ ჰარმონია შევქმნა.

მერე დაიწყეს „პურპურების“ კეთება და ცოტა მიმდინარეობასავით გაჩნდა „გუგას ესთეტიკა“. მაგრამ მგონია, რომ უფრო ზედაპირულად გადმოაქვთ, ხელოვნურად აძველებენ და მოჩანს, რომ ყალბია. ჩემი სტილი მიდგომაშია და არა ინტერიერში დადებულ გაურესტავრირებელ ნივთში.

ნიკუშა ჩემი მეგობრის შვილია. ვურჩიე, სახელოსნო გაეკეთებინა, მერე შეკვეთები მივეცი. ეს ახლა მისი სახელოსნოა, რაღაცეებს თავისი ესკიზით აკეთებს, რაღაცეებს – ჩემით. უბრალოდ მაღაზია დავუმატეთ და „დიზაინ ბაზარი” დავარქვით. რაც გაიყიდება, იმით სხვა რაღაცეებს ვიყიდით, თავის თავს რომ მიხედოს, რა. ქოთნები, ნაჭრები, ქილები, აი, ის კიმონოები, ხო, ჩანთაც არის... ეს ნატეხები ვიღაც ტიპისგან ვიყიდე, თამარ მეფის დროინდელი თიხაა, დავდებ ხეზე და სუვენირი იქნება, ნახე, რა მაგარი ცისფერია? აქ რასაც ხედავ, ყველაფერი წლების განმავლობაში შეგროვებული ნივთებია. წინამძღვრიშვილზე მაღაზიებში ყოველდღე დავდივარ, დავინახავ რაიმეს და ჰოპ, ვაჩერებ მანქანას. ახლა პიკაპი მყავს და ყველაფერს შიგ ვყრი. იმ დღეს, შემთხვევით გავიარე და ვნახე, რომ თოიძის სასწავლებელს ანგრევენ. არ აინტერესებთ, სად წაიღებენ ძველ ნივთებს, ხის ფანჯრის ძველებურ ჩარჩოებს, რაღაც სკივრებს... კაი მაზალო სკივრები კია, თუ გინდა, გაჩვენებ, აი, იქ დევს დერეფანში. მაგრამ წამოვიღე. პლეხანოვს რომ არესტავრირებდნენ, ძველ თაბაშირებს ხსნიდნენ სადარბაზოებს და ყრიდნენ, ახლებს ამაგრებდნენ. მეც დავდიოდი და მომქონდა. აი, ხედავ, გარეთ რომ აწყვია? სულ ეგენია.