დავით დვალი, ლევან ვერძეული, ლაშა ებიტაშვილი, დიმიტრი გოდერძიშვილი, ტბელ აბუსერიძე, ბექა მამუკაშვილი

"ჯეო-ასტრო" ცნობისმოყვარე და ცისკენ მომზირალი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფია, რომლებიც ღამის ცაზე კოსმოსური ობიექტების გამოჭერას ცდილობენ.

ჩვენი გუნდი, მაშინ ჯერ კიდევ მოყვარული ასტროფოტოგრაფის, დავით დვალის გარშემო გაერთიანდა. ნელ-ნელა შევიკარით. ბევრს მოსწონს ის, რასაც ვაკეთებთ, თუმცა სრულფასოვანი წევრობისთვის, მხოლოდ სიმპათია არ არის საკმარისი. ასტროფოტოგრაფირებისთვის სერიოზული ტექნიკური ცოდნა და ძლიერი ნებისყოფა, ღია ცის ქვეშ, ზამთარში, -13 გრადუს ტემპერატურაში ტექნიკის გამართვა და შემდეგ ღამის თენება ჩვეულებრივი რუტინა უნდა გახდეს. ყველა გასვლა ერთგვარი გამოცდაა საკუთარი თავის. ყოველი გადაღებისას რაღაც დაბრკოლებები ჩნდება და სულ გაქვს შანსი, ახალი გამოცდილებით და ცოდნით დაბრუნდე უკან.

ასტროფოტოგრაფია შორიდან, ვიზუალურად მიმზიდველ, ესტეთიკურ საქმიანობად მოჩანს, სინამდვილეში კი, ძალიან მჭიდრო კავშირშია მეცნიერებასთან - ასტრონომიასთან.

სწორედ ფოტოგრაფირებით იწყებენ სხვადასხვა სამეცნიერო კვლევას კოსმოსურ ობიექტებზე. საინტერესო იქნება, ჩვენი ჯგუფის ასტროფოტოებს მეცნიერული გამოყენებაც ვუპოვოთ.

ფოტოებით, რომელსაც კოსმოსურ ობიექტებს უღებ, ძალაუნებურად აზიარებ იდეას - რომ სამყარო უსასრულოა, არადა, ყოველდღიურობაში ეს თითქმის არასდროს გვახსენდება. შეუძლებელია, სულ გახსოვდეს, რომ სამყაროში შემეცნების პროცესიც უსასრულოა და მუდმივად შეგიძლია აღმოაჩინო ახალი, რისი შესწავლაც მოგინდება; რომ საყვარელი საქმე, პირველ რიგში, თავგადასავლებია, რაც ჩემთვის ცხოვრების მთავარი მიზანიცაა.

ჯეო-ასტრო ჯგუფი საველე პირობებში მუშაობს. თვის იმ მონაკვეთში, როდესაც მთვარე არ გვიშლის ხელს და ამინდიც უღრუბლოა, ვემზადებით და ქალაქგარეთ გავდივართ. გზაში დიდი დრო იხარჯება. ადგილზე ტექნიკის გამართვასაც საათები სჭირდება. ხშირად ხდება ისეც, რომ მივსულვართ ადგილზე, გაგვიმართავს ტექნიკა და მოღრუბლულა.

ასტროფოტოგრაფიას თანამედროვე ტექნიკა სჭირდება. ჩვენი „სეტაპები” 3 კომპონენტისგან შედგება: სადგარი, ტელესკოპი და კამერა. ამ სამი კომპონენტის გამართვის უკან კი უამრავი კომპიუტერული პროგრამა და კაბელი დგას. დვალი ხუმრობს ხოლმე, ასტროფოტოგრაფია მეცნიერებაა კაბელების შესახებო. ტექნიკური რესურსით დათო გვამარაგებს ისევე, როგორც საწყისი ცოდნით. ცოტა მოგვიანებით, ლევანმაც მოაგროვა ტექნიკა და ახალა საკუთარი სეტაპიც აქვს.

ათი წლის შემდეგ, ბაზალეთი ასტროფოტოგრაფიის იერუსალიმი გახდება (ჩვენთვის უკვე ასეა). ვხედავ ვორკშოპებით გადატვირთულ გრაფიკს და გაბრწყინებულ იბერიას.