მამა უამბობდა ბევრს მესხეთზე, იქაურ ტრადიციებზე, უყვებოდა მესხურ ლეგენდებს, განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებდა ხოლმე ლეგენდებს მესხურ ვაზზე. „მახსოვს, როგორ უვლიდა პაპაჩემი ვაზს, როგორ ეფერებოდა, სათითაოდ არჩევდა მარცვლებს და ხელით წურავდა“. მაგრამ არცერთმა არ იცოდა, როგორი იყო უძველესი მესხური ღვინო, რომლის კვალიც მე-16 საუკუნიდან, ოსმალების შემოსევის დროს დაიკარგა. „მესხეთში ბევრი ფიქრობს, რომ ისტორიული ვაზი მოჰყავთ, მაგრამ ძირითადად ეს ჰიბრიდული ჯიშებია. ჩვენ კი იმ უძველესის პოვნა და აღდგენა გვინდოდა“.

გიორგი სკოლაში სწავლობდა, როცა მამასთან ერთად მესხეთის სოფლებში, ნასოფლარებსა და გაველურებულ ადგილებში ხეტიალი დაიწყო. გამოზაფხულდებოდა თუ არა, მესხური ვაზის კვალის ძებნას იწყებდნენ. „ცხრა წელი დავდიოდით ასე, ნაპოვნ ნერგებს ჩვენს ნაკვეთში ვრგავდით. ჯერ კიდევ არ ვიცოდით, ისტორიული ვაზი იყო თუ ჰიბრიდული“. გიორგი ლიტერატურას ეძებდა, ისტორიულ წყაროებში იქექებოდა. 

მამამაც იცოდა და შვილმაც, რომ ასეთი ძიებები ყოველთვის არ მართლდება. „ახალგაზრდა ვიყავი და ხანდახან ვფიქრობდი, მიღირდა თუ არა ამ წლების ასე გატარება. მაგრამ მაინც ბოლომდე მივყევი. გულის სიღრმეში ვგრძნობდი, შრომა არ დაიკარგებოდა“. ხშირად იმედი უცრუვდებოდა, ზოგიერთი ვაზის ვერც ფესვებს აგნებდნენ და ვერც სახელს. ძველ ჯიშად მიჩნეული ვაზი კი ხშირად ჰიბრიდული აღმოჩნდებოდა ხოლმე. 

2009 წელს ჯიღაურას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გაიხსნა, სადაც ვაზის ნიმუშებს და ლიტერატურას მოუყარეს თავი. გიორგიმ ცენტრთან ერთად 24 უძველესი მესხური ჯიში ამოიცნო. ძებნას ისევ აგრძელებს, თურქეთის ტერიტორიაზე მოქცეულ ტაო-კლარჯეთშიც ხშირად გადადის. „ხშირად, ოჯახთან გასატარებელი მთელი ჩემი დრო ვაზების ძიებას მიაქვს“. 

2009 წელს გიორგიმ პირველად დააყენა უძველესი მესხური ვაზის ღვინო. გემო არცერთი ქართული ღვინისას არ ჰგავდა, მანამდე დაყენებული მესხური ღვინისგანაც განსხვავდებოდა. „იაპონელმა სპეციალისტებმა რომ გასინჯეს, იმდენად ეუცხოვათ, ემოციებისგან კივილი დაიწყეს“. იაპონელები პირველები იყვნენ, ვინც გიორგის ღვინო საზღვარგარეთ გაიტანეს. ყოველწლიურად გიორგი ახალ ექსპერიმენტებს ატარებს, ღვინის დაყენების მრავალნაირ გზას სინჯავს. შემდეგ ტექნოლოგებს, მეღვინეებს, სომელიეებს აგემოვნებინებს, შედეგებს იწერს და ხელახლა იწყებს ცდების ჩატარებას.

გიორგი დღეს 11 სახეობის მესხური ჯიშის ღვინოს აკეთებს. წელიწადში ორი ათასი ბოთლი გამოდის მხოლოდ. ქსელში შესატანად ეს რაოდენობა ძალიან მწირია. საქართველოში „ნათენაძის მარანში“ ჩამოსხმულ ღვინოს მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაში თუ მიაგნებთ. გიორგი ბევრს მოგზაურობს, გამოფენებში იღებს მონაწილეობას, ატარებს სემინარებს და პრეზენტაციებს. მის მესხურ ღვინოზე საერთაშორისო მედია წერს. „ლოს-ანჯელეს ტაიმსის“ სტატიაში, 6 საუკეთესო ნატურალური ღვინო დაასახელეს და მათ შორის ერთ-ერთი გიორგის მესხური ღვინო იყო.

ძიებისა და ექსპერიმენტების პარალელურად, გიორგი წარმოებას ყოველწლიურად აფართოებს. მისი შრომის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ნაყოფი „მესხური ტერასებია“. ტერასებს ადრე მესხები დურუჯებს ეძახდნენ. დურუჯები დაბაქნებულ ფერდობზეა გაშენებული, მის ქვით წყობილ ჩაყოლებებზე ძველად მესხები ვაზს აშენებდნენ. ამგვარ ადგილებზე რთული იყო სარწყავი არხის გაყვანა. ღარიბი იყო ნიადაგიც, ამიტომ მასზე ფენებად აწყობდნენ ნოყიერ ნიადაგს. ამგვარი სირთულეები მესხებისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენდა, რადგან დურუჯებში მოყვანილი ღვინოები ძვირად ფასობდა და აბრეშუმის გზით სხვადასხვა ქვეყანაში გადიოდა. დურუჯები მე-16 საუკუნეში ოსმალების შემოსევებისას განადგურდა. გიორგიმ საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული დურუჯები აღადგინა და წელს „მესხური ტერასებიდან“ პირველ მოსავალს ელოდებიან. 

„მინდა, კახეთის მსგავსად მესხეთშიც გაჩნდეს ტურისტული მარშრუტები და ისეთივე პოპულარული გახდეს მესხური ღვინო, როგორიც კახურია“. „ნათენაძის მარანს“ უკვე ბევრი ტურისტი სტუმრობს, მათი რიცხვი კი წლიდან წლამდე იზრდება. გიორგი ნერგებს მესხურ სოფლებში უსასყიდლოდ არიგებს. ასწავლის ვაზის დარგვის და მოვლის წესებს, რაც რეგიონის მკაცრი ზამთრის გამო განსაკუთრებით რთულია. „ზოგჯერ მინუს ოცი გრადუსია ყინვა. შარშან ჩვენი ხელით შევფუთეთ ოცდაოთხი ათასი ნერგი. გაზაფხულზე კი თორმეტ ჰექტარზე ცეცხლი ისე უნდა გადაანაწილო, რომ კვამლმა ვაზი გაზაფხულის წაყინვებს გადაარჩინოს“. 

გიორგი დღეს პარალელურად რამდენიმე პროექტზე მუშაობს და მესხური კულინარიის და ჩაცმულობის აღდგენასაც ცდილობს. სოფლებში დადის და ოჯახებს წინაპრებისგან შემონახული კერძების გახსენებას სთხოვს. მესხური ტანისამოსისთვის დამახასიათებელ დეტალებს კი სხვადასხვა რეგიონის ჩაცმულობებში ეძებს. „მესხური ღვინის საწყისების მიგნება და დავიწყებული კულტურის აღდგენა მინდა. ამით რეგიონის ახალი ისტორია და ლეგენდა შეიქმნება“.