ვახო ბაბუნაშვილი – ერთ-ერთი დამფუძნებელი

TBILISI OPEN AIR პირველი მუსიკალური ფესტივალი იყო ამიერკავკასიაში, რომელმაც ახალი - საფესტივალო კულტურა შექმნა. სხვადასხვა წლებში ფესტივალმა ისეთ არტისტებს უმასპინძლა, როგორებიც არიან Placebo, Tiger Lillies, Deep Purple, Archive, UNKLE, Tricky და სხვები. ეს იყო პირველი, ახალგაზრდული მასშტაბური ფესტივალი, რომელიც პირველად 2009 წელს გაიმართა და დღემდე დედაქალაქის წლის ერთ-ერთ მთავარ მუსიკალურ მოვლენად რჩება. ფესტივალს შვიდი დამფუძნებელი ჰყავს, მათგან ხუთი მუსიკოსია.

ვუდსტოკი იყო ჩვენთვის იდეალური სივრცე, ეგ გვინდოდა: ღია ცის ქვეშ, ბევრი სცენა, ბევრი ხალხი, მუსიკა და ეს თავისუფლების შეგრძნება.

სლოგანიც, რომელიც Open Air-ისთვის მოვიგონეთ, თავისუფლებასთან იყო კავშირში – Music breaks free. მგონია, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ – ძალიან ბევრ ჩვენს მსმენელს უთქვამს, რომ ფესტივალი მუსიკასთან ერთად, სწორედ ამ თავისუფლების შეგრძნებით დაამახსოვრდათ.

დაუფიქრებლად, პირდაპირ გადავეშვით ამ საქმეში. გავაკეთეთ ის, რაც ძალიან გვინდოდა. რა თქმა უნდა, ძალიან გავრისკეთ. თან, არცერთს არავითარი გამოცდილება არ გვქონდა, არ ვიცოდით, როგორ აწყობდნენ ფესტივალებს სხვაგან, რა პროცესი იყო. საკუთარ შეცდომებზე ვისწავლეთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო რესურსიც. მარტო თბილისის მერია გვეხმარებოდა თავიდან. მერია დღემდე ფესტივალის მხარდამჭერია, თუმცა, სხვა ფინანსების მოზიდვა ძალიან რთული აღმოჩნდა. ბიზნესი სულ რაღაც ორი-სამი წელია, დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც უკვე წლებია, ხედავენ, რამდენი ხალხია ფესტივალზე. ბოლო ორი წელი უკვე მოგებაზეც გავედით, ჩვენს ძველ ვალდებულებებსაც ვერევით თანდათან. ამ საქმით გამდიდრება ალბათ შორეული პერსპექტივაა, მაგრამ ეს დინამიკა აჩვენებს, რომ ფესტივალიც და ჩვენც ნელ-ნელა ვვითარდებით.

ფესტივალისთვის დიდი არტისტები ლოკომოტივია, ეგენი ყიდიან, მაგრამ ჩვენ უფრო მეორე მხარე გვაინტერესებდა – ახალი, უცნობი და გამორჩეული მუსიკოსების გაცნობა მსმენელისთვის. ფესტივალი თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული – ეს უნდა ყოფილიყო შემოქმედებითი, ნოვატორული, ექსპერიმენტების მხარდამჭერი ღონისძიება. კომერციული თვალსაზრისით, ეს კომპრომისი იყო, თუმცა, საბოლოოდ, მაინც სწორი გზა გამოდგა – Open Air-ის პრინციპი დღესაც ჟანრობრივი თავისუფლება და მრავალფეროვნებაა. არაფერზე ვამბობთ უარს, თუ საინტერესოა.