ინა მარგველაშვილი და ანა სვანიძე

Traveling Den  სახლია ბორბლებზე. მას საკუთარი წყლის რეზერვუარი, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და საძინებელი სივრცე აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ Traveling Den-ით ყველაზე ხელშეუხებელ ადგილებსაც კი საკუთარი სახლით შეგიძლიათ ეწვიოთ.

ერთმანეთი ორი წელია ვიპოვეთ და ამ ხნის მანძილზე აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი საერთო ოცნება, იდეა და გეგმა გვაქვს, ბევრი საერთო რამ გვაწუხებს. ბორბლებიან სახლზეც თურმე ორივე ვოცნებობდით. ჩვენი ინსტაგრამის feed-ი სავსეა ზღაპრული ისტორიებით და თავგადასავლებით, არაერთი Van-ით თუ სხვა ბორბლებიანი სახლით მოგზაურს ვადევნებთ თვალს, ვგულშემატკივრობთ. თავიდან არცერთს არ გვჯეროდა, რომ ოდესმე საკუთარი ქარავანი შეიძლებოდა გვქონოდა, მიუწვდომელი გვეგონა. სხვისი ყურებით ვტკბებოდით მხოლოდ. ერთხელაც ვთქვით, რატომ არ შეიძლება, ჩვენც იგივე გავაკეთოთ. ავდექით და სპონტანურად შევუდექით საქმეს. როგორც კი იდეა გაჩნდა, შეპყრობილებივით დავიწყეთ გეგმების დასახვა, Traveling Den-ი მეორე დღესვე ვიპოვეთ.

იდეა, როგორც ბიზნესპროექტი, ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა. მანამდე ბიზნესზე არც ვფიქრობდით. მხოლოდ იმაში გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ იდეა რეალურია, შეგვექმნა ჩვენი მიკროსამყარო და ასე გვემოგზაურა. 

ორივეს ერთნაირად გვიყვარს ნაკლებად ხალხმრავალი და ნაკლებად „განვითარებული“, ხელშეუხებელი ადგილები. სულ ვეძებთ ადგილებს, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება სუნთქვა და სადაც მეტი სივრცეა. ქარავანიც ასეთ ადგილებში მისვლაში გვეხმარება. ახლა თავად ვირჩევთ, სად გვინდა გაღვიძება მეორე დილას – მდინარის პირას, მთაში, ზღვის სანაპიროსთან თუ ტყეში. 

თავიდან ვფიქრობდით, ქარავანიც მხოლოდ ჩვენი პირადი სივრცე ყოფილიყო. ბორბლებზე შემომდგარი საკუთარი სახლით ახალი ადგილები და გზები მოგვეძებნა, თუნდაც დავკარგულიყავით და დილას სრულიად ახალ სივრცეში გაგვღვიძებოდა. ვფიქრობთ, ქარავნის საშუალებით ბევრ ძველ კურორტს და რეგიონს მიეცემა გამოცოცხლების შანსი, ამ ადგილებს ტურისტებისთვისაც უფრო საინტერესოს გახდის. 

Traveling Den-ი ტრანსპორტიც არის, სახლიც, საკვები ობიექტიც, თანაც, იაფია. ყველაზე მთავარი კი მაინც ის არის, რომ ჩვენი ქარავანი 100%-ით ეკომეგობრულია. წარმოიდგინეთ, ჩვენს საცხოვრებელ სივრცეს ვქმნით ბორბლებზე, მოძრავია. არ ითხოვს ჩვენი დროებითი საცხოვრებლის შეცვლას, გარემოში უხეშ ჩარევას – მშენებლობას, ხის მოჭრას, მძიმე ტექნიკის შეყვანას ხელშეუხებელ ტერიტორიებზე. სახლი ბორბლებზე, ტრადიციული სახლის ალტერნატივაა.

იმასაც ვფიქრობთ, რომ ქარავანი უნიკალური დროის მანქანაა, ის თავისი ფუნქციებით წარსულსაც უკავშირდება, მომავალსაც და ჩვენს დროსაც პასუხობს. თანამედროვე სამყაროს მთავარი დაავადება შფოთია, რომელსაც რუტინა, დიდი ქალაქები, იდენტობის კრიზისები, მიგრაციის დიდი ტალღები იწვევს. ეს ადამიანს მოძრაობისკენ, გამოსავლის ძიებისკენ, ხანდახან კი თავდავიწყებისკენ, გაქცევისკენ უბიძგებს. ჩვენი ქარავანი თითქოს თანამედროვე ადამიანის ამ შფოთსაც და მოთხოვნილებასაც პასუხობს. ეს გაცნობიერებული მოგზაურობაა.

აგვისტოში ერთი თვე ქარავანი „ჯუნგლებში“, შავი ზღვის ზოლზე გვყავდა. მგონი, ერთადერთი ჯერ კიდევ ხელშეუხებელი, ველური ადგილი ვიპოვეთ ციხისძირში, უმაღლეს მწვერვალზე, ყოფილი მეტეოსადგურის ეზოში. იქ 60-ზე მეტმა მოგზაურმა მოგვაგნო. ძირითადად უცხოელები იყვნენ. ადგილობრივებსაც აინტერესებთ, გვწერენ, კითხვებს გვისვამენ, თუმცა ჯერჯერობით მაინც ცოტამ გარისკა ქარავანში ცხოვრება. 

გვინდა, Traveling Den-ით მეტმა ქართველმა იმოგზაუროს. ასე ჩვენს თავსაც და სხვებსაც შევახსენებთ, რომ ქალაქიდან ხშირად გასვლა უკვე სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი. ქარავნით კი ეს მარტივი და ხელმისაწვდომია. ნებისმერ მსურველს, ვისაც მართვის მოწმობა და ტარების გამოცდილება აქვს, ქარავანი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეუძლია წაიყვანოს.

ათ წელიწადში ბევრი სხვადასხვა ტიპის მსგავსი ტრანსპორტი გვეყოლება, გვექნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. რაც მთავარია, ჩვენ გარშემო დიდ, ფანტასტიკურ კომუნას შევკრავთ. სახლებსაც აღარავინ ააშენებს, მოსიარულე ბუნაგებით ვივლით და ერთმანეთს ქარავნებში ვესტუმრებით.