Tsibakha Game Club  - სამაგიდო თამაშების კლუბი 5 წლისაა. ეს აზარტული სამაგიდო თამაშების სივრცე, ქალაქში გართობისა და ურთიერთობის სრულიად ახალ კულტურას აჩენს.

კვირა დღეა. უფრო სწორად, საღამო, გვიანი საღამო. ფაბრიკის ეზოში ვცდილობ, გზა გავიკვლიო ხალხით სავსე სივრცეში. ეზოს მარცხენა მხარეს ვიტრინებიდან ხალხი მოჩანს. მაგიდებთან სხედან და თამაშობენ – ითვლიან, მაგიდებზე დაფენილ ფერად სათამაშო დაფებს ჩაფიქრებულები დაჰყურებენ. ვიტრინას თავზე „Tsibakha Game Club“ აწერია.

„5 წლის წინ დავიწყეთ თამაში მეგობრებთან ერთად. არადა, მანამდე ჩვენც ყველასავით ვერთობოდით – ვსაუბრობდით და სვამდით. ერთ დღესაც აღმოვაჩინეთ, რომ კომუნიკაციის სხვა ფორმაც არსებობს. რაღაც ეტაპზე თამაშების სხვა სივრცეში გადატანა და კიდევ უფრო მეტი ხალხის ჩართვაც მომინდა, ჩემთან ისედაც ვეღარ ვეტეოდით“, – ამბობს გიგა წიბახაშვილი.

ჯერ კაფე „გალერის“ სხვენში იკრიბებოდნენ კვირაობით, მერე ქიაჩელზე, მოგვიანებით, „წმინდა კვირაობა“ ერთ-ერთი მოთამაშის დახმარებით, გოეთეს ინსტიტუტში ეწყობოდა. დღეს ფაბრიკის ეზოში სათამაშო კლუბს ძმასთან, ლადოსთან და მის ცოლთან, სალი დადიანთან ერთად მართავს.

„ლადო მაგარი აზარტულია. ბავშვობაში მარტო იმიტომ იარა ჭადრაკზე, რომ ჩემთვის მოეგო. როგორც კი სამჯერ ზედიზედ მომიგო, ეგრევე დაანება, აღარ მინდაო.

ეს არ არის საქმე, საიდანაც ბევრ ფულს იშოვი, მაგრამ სამაგიეროდ ადამიანებს პოულობ. გვყავს თანამშრომლები, მთელი კვირა სხვაგან რომ მუშაობენ და შაბათ-კვირას აქ მოდიან, ჩვენი ამხსნელები (იგულისხმება თამაშის ამხსნელი) არიან“.

თამაში მისთვის კომუნიკაციის სხვა ფორმაა. სხვა კუთხით ეცნობი ადამიანებს, იჭერ მათ ხასიათს, რადგან თამაშის დროს ძნელია ემოციების დათრგუნვა, რაღაცების დამალვა. „მაქცია“ იცი? ძალიან საინტერესო როლური თამაშია. მაგას ლამის ერთი წლის განმავლობაში ყოველ მეორე დღეს ვთამაშობდით და ერთ დღეს, ჩემმა მეგობარმა დეთუ ჭინჭარაძემ მითხრა – მოლაპარაკებებზე რომ მივდივარ, ვეღარ მატყუებენო“.

„Tsibakha Game Club“-ში 200 განსხვავებული სამაგიდო თამაში აქვთ – ჭადრაკსა და ნარდთან ერთად, ბევრი სტრატეგიული და როლური თამაშიც. ზოგიერთის შემთხვევაში ერთი პარტია 30 წუთს გრძელდება, ზოგი 6 საათს, ამიტომ თუ დამწყები ხართ, „Games Of Trones“-ის უსასრულოდ გაგრძელებულ თამაშს აქ არავინ შემოგთავაზებთ. სამაგიეროდ თქვენი პირველი ნაბიჯები დიდ სამაგიდო გართობაში „Jenga“-თი (ჩვენი ბავშვობის „ტუალეტობანას“ ცივილიზებული ვარიანტი), ასოციაციური „Dixit“-ით ანდა ძველი ეგვიპტური თამაშით „Mancala“-თი შეგიძლიათ დაიწყოთ.

„ზუსტად ის მომწონს, რომ აქ ცოცხალი პროცესის ნაწილი ხარ – ადამიანს თვალებში უყურებ, ელაპარაკები, ცოტა ნიშნის მოგებითაც კი ეტყვი რაღაცას, კბილს გაკრავ“, – მეუბნება გიგა და ამატებს: „ძალიან თუ გამაბრაზე, შეიძლება დაგემუქრო კიდეც – შენ „Catan“-ს არასდროს გეთამაშები-მეთქი“.

თბილისში სამაგიდო თამაშების ისტორია „Tsibakha Game Club“-ში იქმნება, – ამბობს გიგა. იცის, რომ ოდესმე აუცილებლად გამოიგონებს თამაშს დეთუსა და მარიამთან ერთად. „როცა ეს საქმე დავიწყე, თვალებს დავხუჭავდი ხოლმე და ზუსტად ვხედავდი, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი კლუბი. ახლაც იმავე სურათს ვხედავ, მაგრამ ეს, ჯერ ის არ არის. იქამდე ჯერ ცოტა შორია“.