ზვიად ციკოლია ბოთლების, უნიფორმების, ავტომობილების, თვითმფრინავების და ჯავშანტექნიკის დიზაინის შემდეგ, საათების კომპანიას ქმნის.

არ ფიქრობთ, რომ საათი მაგიური ნივთია? ბავშვობიდან მიყვარდა ყურთან მიტანა, წიკწიკი მაგიჟებდა. საშინლად მინდოდა, ჩემი საათი მქონოდა. ადრე საათი ფუფუნების საგანი იყო, მამიდან შვილზე, შემდეგ შვილიშვილზე გადადიოდა. დედაჩემმა პირველი საათი რომ მაჩუქა, იმ დღეს ვთხოვე, სკოლაში არ გამიშვა-მეთქი. ყოველ 5 წუთში ერთხელ დავყურებდი, სამაჯური არ ჰქონდა და პიჯაკის ჯიბით ფრთხილად დავატარებდი. 

რატომღაც საათების დიზაინს სხვადასხვა ტრანსპორტის ინსპირაციით ვაკეთებ. ვგრძნობ, როგორ უნდა მოვარგო მანქანის ფორმა საათს ისე, რომ ერგონომიულიც იყოს და ვიზუალურადაც საინტერესო.

არ ველოდი თავიდანვე ასეთ წარმატებას. პირველი გაზ 21-ის ინსპირაციით გავაკეთეთ, ძალიან პოპულარული იყო. სამხედრო საათზე დღემდე დიდი მოთხოვნაა და მის განახლებულ მოდელს მალე გამოვუშვებთ.  

თავიდან მხოლოდ აშშ-სა და ევროპაში ყიდულობდნენ. შემდეგ, ნელ-ნელა ქართველი მომხმარებელიც დაინტერესდა და საქართველო ბოლო ადგილიდან დღეს პირველ ადგილზე გადავიდა. მაღაზია TSIKOLIA ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში გვაქვს. საათებს ძირითადად Arttime, Touch of Modern და სხვა ქსელები ჰყიდიან. 

ძირითადად მამაკაცების საათებს ვქმნი, თუმცა დიდ და მამაკაცურ საათებს ქალებიც ყიდულობენ. კლასიკური პატარა საათი ქალებისთვის წელს პირველად გამოვუშვით. ორ თვეში ყველა გაიყიდა. ახლა ქალის საათის ორ სხვა მოდელზე ვმუშაობ. 

მეუბნებიან, ამდენი რამის დიზაინს როგორ აკეთებო, ამ დროს არ მესმის, როგორ შეიძლება იყო რაიმე კონკრეტულის დიზაინერი. თუ ძირითადი საფუძვლები იცი, მერე მნიშვნელობა არ აქვს, კოსმოსური ხომალდის დიზაინს ქმნი, საწერი კალმის თუ საათის. 

შექმნის პროცესი ძალიან ღრმაა, სულ ძიებაში ხარ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისე აკეთებ, როგორც შენ გინდა. სულ მიჭირდა კლიენტთან ურთიერთობა. როცა გიკვეთავენ, ხშირად შენი აზრები, შენი ხედვები კლიენტისას სცდება და თქვენ შორის დიდი უფსკრული ჩნდება. TSIKOLIA შევქმენი ზუსტად იმისთვის, რომ მე ვყოფილიყავი შემკვეთიც და შემსრულებელიც. ჩემი კომპანია მაძლევს საშუალებას, იმაზე ვიმუშაო, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ვაკეთო ისე, როგორც მე მომწონს.