Urban Greens ქალაქში გაშენებული მეურნეობაა, რომელსაც კვირაში 100 კილომდე, ვიტამინებით გაჯერებული მიკრომწვანილის მოსავალი მოჰყავს.


ტუსა ღარიბაშვილი:

ორი წლის წინ გამიტაცა იდეამ, შემექმნა ურბანული მეურნეობა და მომეყვანა ვიტამინებით გაჯერებული, მრავალი სახეობის მიკრომწვანილი. მანამდე, ამ სფეროსთან შეხება არასდროს მქონია – ფსიქოლოგი ვარ, Urban Greens-ამდე ვმუშაობდი სხვადასხვა კორპორაციაში. საქმის დაწყების ინსპირაცია ჩემი შეფი მეგობარი იყო. საზღვარგარეთ მიკრომწვანილებს მაღალი კლასის რესტორნებისთვის იყენებენ, ჩვენთან კი ცოტა ხნის წინ, ჯერ კიდევ იშვიათი პროდუქტი იყო.

ამ ტექნოლოგიას საქართველოში არც კი იცნობდნენ, ამიტომ რჩევისთვისაც ვერავის მივმართავდი, ყველაფერი ჩემით უნდა მომეძიებინა – ვკითხულობდი, ვეცნობოდი ბლოგებს, ფორუმებს, ინტერნეტით ვიღებდი კონსულტაციებს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილი ფერმერებისა და აგრონომებისგან.

ჩემს მეგობართან, ქეთა ბეჟიტაშვილთან ერთად დავიწყე ეს პროექტი. შემოვსაზღვრეთ 10 კვადრატული მეტრი სივრცე, მოვაწყვეთ მეურნეობა – დავაპროექტეთ სათბური, სპეციალური კლიმატი შევქმენით. საკუთარი ხელით და ჩვენი ფინანსებით გავაკეთეთ ყველაფერი, ჩვენ თვითონვე დავხაზეთ მაკეტი.

2 თვე სატესტო რეჟიმში ვმუშაობდით და ექსპერიმენტებს ვატარებდით, სანამ პროდუქციას შეფ-მზარეულებს შევთავაზებდით. ჩვენი სლოგანია „ქოთნიდან თეფშზე“. დღეს უკვე 25 სახეობის მიკრომწვანილი მოგვყავს. ამ პატარა მოცულობის ფოთლებში იმდენი ვიტამინია კონცენტრირებული, მაგალითად, სტაფილოს არომატის მქონე ორი ცალი მიკროფოთოლი უფრო მეტ ვიტამინს შეიცავს, ვიდრე მთელ სტაფილოშია. ასევეა გაჯერებული ვიტამინებით ჭარხლის, კიტრის, თხილის არომატიანი მიკრომწვანილიც. ყველაფერი, რაც მოგვყავს, ორგანულია, არავითარი დანამატები, თანაც, ლამაზია და ნებისმიერ კერძს ამდიდრებს ვიზუალურად.

დავიწყეთ ათი კვადრატულით, ასამდე გავზარდეთ, დღეს კი კვირაში დაახლოებით ას კილოგრამამდე მიკროფოთლების დისტრიბუციას ვაწარმოებთ საქართველოში.

ძალიან მალე დადგება დრო, როცა ქალაქის მცხოვრებლებს მალფუჭებადი პროდუქტებით ურბანული მეურნეობები გამოკვებავს. ასეთი მეურნეობების მასშტაბები სულ რამდენიმე წელიწადში ძალიან სწრაფად გაიზრდება.

გვინდა, ტექნოლოგიურად კიდევ უფრო დავხვეწოთ ურბანული მეურნეობა, სერვისები და Urban Greens-ი საზღვრებს გარეთ გასატანად მოვამზადოთ.