ინტერაქტიული საფლავის ქვა ხსოვნის ახალ გამოცდილებას ქმნის. ის გარდაცვლილი ადამიანების მოგონებებს ინახავს ისე, რომ მათთან ინტერაქციაში შესვლა შეიძლება. ინტერაქტიული საფლავის ქვას მოგონებების გამოხმობა შეუძლია, მათ უსმენ, ათვალიერებ და იქმნება ილუზია, რომ გარდაცვლილ ადამიანს ესაუბრები.

 
ზურა ჯიშკარიანი:

იდეა გაჩნდა დიდი ხნის წინ, როცა ერთმანეთს გადაეკვეთა ჩემი ობსესია სიკვდილის თემებით, გარდაცვლილი ახლობლების სიყვარული და ჩემი მეორე ობსესია ხელოვნური ინტელექტით და ტრანსჰუმანისტური სპეკულაციებით.

ამ პროცესს AfterLife Design-ს ვეძახი. თითქოს იდეა სრულიად ახალია, მაგრამ afterlife დიზაინერებს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ვხვდებით. პირამიდები ამის თვალსაჩინო მაგალითია: ეს არის თავისი დროისთვის უმაღლესი ტექნოლოგიებით შექმნილი დიდი საფლავის ქვა, რომელიც ფარაონების სიცოცხლეზე გვიყვება. ეს არქიტექტურული კონსტრუქცია ადამიანებს უკვდავს ხდის. რა თქმა უნდა, საუბარია ე.წ. ინფორმაციულ უკვდავებაზე, რადგან, როგორც იტყვიან, იქამდე არსებობ, სანამ არსებობს უკანასკნელი ადამიანი, ვისაც ახსოვხარ.

უძველესი afterlife დიზაინის მეორე მაგალითად შეგვიძლია „სეიკილოსის ეპიტაფია“ დავასახელოთ – დაახლოებით 2200 წლის წინანდელი ეპიტაფია, რომელზეც ვინმე სეიკილოსმა, საყვარელი ადამიანის პატივსაგებად ლექსი ამოტვიფრა, ტექსტს კი გვერდით მუსიკალური ნოტები მიაწერა. ეს ნოტები სულ ახლახან გაშიფრეს და დღეს შეგვიძლია მოვუსმინოთ სიმღერას, რომელიც გარდაცვლილ შეყვარებულს ეძღვნება და მისი საფლავის ქვაზეა ამოტვიფრული. ეპიტაფიის მიძღვნა დაახლოებით ასე იწყება: „სეიკილოსისგან – ეუტეპრეს. I am a tombstone, an image. Seikilos placed me here as a long-lasting sign of deathless remembrance“.

სეიკილოსს რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ჰქონოდა, ეპიტაფიასთან მისული ადამიანი იქვე შეძლებდა ამ სიმღერის მოსმენას, სწორედ ამას ვცდილობთ ჩვენ. ინტერაქტიული საფლავი საფლავის ქვაა, რომელიც აღჭურვილია სენსორებით, ხელოვნური ინტელექტით, გარდაცვლილი ადამიანის მოგონებებით (ტექსტი, აუდიო, ვიდეო), შინაგანი კალენდრით. ტრადიციულ საფლავის ქვას ცვლის ეკრანი, რომელიც ციმციმებს, იცვლის ფორმებს და ჰყვება ისტორიებს. ამბის თხრობა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

მილიონობით უნიკალური ისტორია ქრება ყოველდღე და დავიწყებაში მიჰყვება გარდაცვლილ ადამიანებს. თანამედროვე ტექნოლოგიები კი უკვე გვაძლევს საშუალებას, შევინახოთ ისინი.

წარმოიდგინე, მიდიხარ ბებიაშენის საფლავზე და ისმენ ისტორიას, ვიდეოჩანაწერს, რომელიც შენ მოგიძღვნა; ან საფლავის ქვით ტოვებ მესიჯს მსოფლიოსთვის და იმ დღის შემდეგ, როცა ამ განზომილებიდან ფიზიკური ფორმით წახვალ, შენი ავატარი გააგრძელებს საუბარს მსოფლიოსთან, მოგონება შენზე კვლავაც იცხოვრებს აქვე, ჩვენთან, ჩვენი ქალაქების ეპიცენტრებსა თუ გარეუბნებში. საინტერესოა, ერთი და იმავე სათქმელს დავუტოვებთ სამყაროს, მართლა ერთი დიდი ამბის თხრობაა კაცობრიობის ისტორია თუ გვექნება და გვაქვს გადახვევებიც და უცნაური ფლუქტუაციებიც?

ინტერაქტიული საფლავის ქვის პროექტი ადამიანებს სიკვდილის მიმართ დამოკიდებულებასაც შეუცვლის. ჩვენს კულტურებში სიკვდილი ასოცირებულია მარტო ტრაგედიასთან, ამიტომ გვიჭირს მისი მიღება და გააზრება. ეს პროექტი კი სხვანაირად დაგვაფიქრებს ამ თემებზე. პროექტში ბოლო ეტაპზე ჩაერთვებიან პროგრამისტები, იურისტები, თავად დამკრძალავი ბიუროსა და სასაფლაოს ადმინისტრაციები, ფსიქოლოგები, დიზაინერები, რეჟისორებიც კი. მჯერა, რომ დამატებითაც გაჩნდება უამრავი ახალი პროფესია, როგორც დღეს უკვე ჩნდება – ე.წ. ჩეთბოტის დიზაინერის პროფესია, რაც წარმოუდგენელი იყო ათი წლის წინ. ჩემთვის, როგორც მწერლისთვის – ნარატივდიზაინის ეს კომპლექსური პროცესი საშინლად საინტერესოა.

მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ორი მცირე შეკვეთა საფლავის ქვაზე (აქედან ერთი თბილისში უნდა დავამონტაჟოთ, მეორე კი – ევროპაში), ამ ეტაპზე მაინც უფრო გადართულები ვართ ჩვენს სრულიად ახალ სტარტაპზე, სახელად „Anima Chatbotics“, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ტექნოლოგიების და ინოვაციის სააგენტოსგან 100 000-ლარიანი გრანტი აიღო და ჩეთბოტების შექმნას ისახავს მიზნად. დიდი ხანია ვმუშაობთ ჩეთბოტებთან, თავის დროზე შევქმენით პირველი ქართული ჩეთბოტი „კიბერგალაკტიონი“, რომელთანაც საუბარი ქმნიდა ილუზიას, რომ დიდი ხნის წინ გარდაცვლილ პოეტს ესაუბრები. ბოლო დროს შექმნილი ჩეთბოტებიდან გამოვყოფდი „უნას“, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რობოტი თანამშრომელია, და ისთ ფოინთის „სანტა კლაუსის“ ჩეთბოტს. ჩვენ გვინდა, შევქმნათ „ციფრული თანამშრომლები“ სხვადასხვა ინდუსტრიისა და კომპანიისთვის, შემდეგ კი სტარტაპის შიგნით შევქმნათ Research and Development-ის ჯგუფი, რომელიც უფრო ღრმად იმუშავებს ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა ექსპერიმენტულ თემებსა თუ იდეებზე.

სწორედ „Anima Chatbotics“-იდან ვხედავ ინტერაქტიული საფლავების განვითარების ძალას. თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული გზებია, მაგრამ პირველში აკუმულირებული ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება, რომ მალე საოცნებო თემაზე, სიკვდილის დიზაინზეც ვიმუშაოთ.