გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რეკლამა ძველ ქართულ პრესაში

საქართველოში, პრაქტიკულად, პრესის გამოჩენის დღიდან, გაზეთებში რეკლამის თავისებური წინამორბედები გამოჩნდა, განცხადებები მკითხველს აცნობებდნენ ამა თუ იმ დაწესებულების, პროდუქტის თუ მომსახურების შესახებ, თანაც თავდაუზოგავად აქებდნენ სარეკლამო ობიექტს.

საუკუნის დასაწყისში განცხადებას მოკრძალებული დიზაინი აქვს და მხოლოდ ჩარჩოში ზის, 1900-იან წლებიდან ყველა რეკლამა სხვადასხვანაირადაა გაფორმებული. თითქმის ყველა რეკლამას მოსდევს მითითება, თუ რამდენად აუცილებელია მომხმარებელმა ყურადღება მიაქციოს ეტიკეტს და შეფუთვას, იმიტომ, რომ ხშირია ფალსიფიცირების შემთხვევები.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პერიოდულ გამოცემათა არქივში ინახება ყველა გაზეთი და ჟურნალი, რაც კი ოდესმე საქართველოში გამოცემულა - დაწყებული “საქართველოს გაზეთიდან”, რომელიც 1819 წელს დაარსდა, დამთავრებული დღევანდელი, თანამედროვე გამოცემებით. გაციფრების პროცესი 1990-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. 


#1
მსურს ავიყვანო ბავშვები სახლში საცხოვრებლად და ვინც ისურვებს მოვამზადებ მოსამზადებელი კლასებისთვის. 
ადრესი: ჭავჭავაძის ქუჩა, წყლის მილის გვერდით. 
"ცნობის ფურცელი", 1899

 

#2
!!მიაქციეთ ყურადღება!!
ჩინეთის მაღაზია
იგემეთ ჩაი
პირველი მოკრებისა 1898 წლისა
მშვენიერი ყნოსვისა და სასიამოვნო გემოსი
ყოველს მყიდველს ჩვენის ჩაისას დაეთმობა მანათზე აბაზი და საჩუქრად მიიღებს ჩინეთის, იაპონიის და სხვა საჭირო და საოჯახო ნივთს.
ვინც 12 ან მეტ გირვანქა ჩაის იყიდის ჩვენგან იმას საჩუქრად მიეცემა ჩაის სერვიზი
იქვე მრავალგვარი ჩინეთის და იაპონეთის ნივთებია.
"ცნობის ფურცელი", 1899

 

#3
ახლად კურს დამთავრებული
ტფილისის ქალაქის საპროფესიონალო სასწავლებელში, კისრულობს ასწავლოს ჭრა-კერვა.
"ცნობის ფურცელი", 1905

 

#4
იმერული სცენები
ვინც "ცნობის ფურცლის" რედაქციიდან გამოიწერს ერთბაშად 25 ცალს, იმას ერთ მანათად დაეთმობა.
"ცნობის ფურცელი", 1898

#5
"ცნობის ფურცელი"
გამოდის ყოველ-დღე, კვირა-უქმეების შემდეგაც
გაზეთის ფასი: ერთის წლით 6 მან., ნახევარის წლით 4 მან.
სოფლისმასწავლებლებს გაზეთი წლიურად 5 მანეთად დაეთმობათ.
"ცნობის ფურცელი", 1896

#6
ქართველნი მწერალნი
ახლად დაიბეჭდა ფოტოტიპიური სურათი ქართველთ მწერლებისა.
სულ ოცის მწერლის სურათია საუკეთესო ბრისტოლის ქაღალდზე დაბეჭდილი.
ამ სურათის გასყიდვისაგან შემოსული ფულის 10% გადადებულია "ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების" სასარგებლოდ.
"ცნობის ფურცელი", 1898

#7
ნაფიცი ვექილის თანაშემწე
მალაია სუდებნაია, № 4. ინჟენერის გრინიოვის სახლი.
"ცნობის ფურცელი", 1899

#8
გამოვიდა და დაიბეჭდა ახალი ქართული წიგნი 
ცხოვრება ღირსისა დედისა
თეოდორასი
ალექსანდრიელისა
"ცნობის ფურცელი", 1899

#9
სამკურნალო 
ექიმთა საზოგადოებისა
ტფილისში
მიიღებიან გარედან მოსიარულე ავადმყოფნი.
ჰიპნოზით მკურნალობა, მიკროსკოპიული, ბაქტერიოლოგიური და ქიმიური გამოკვლევანი, აგრეთვე ყვავილის აცრა და ძიძების გასინჯვა. ფასი რჩევისათვის 50 კაპ. ოპერაციები და კონსულტაციები მორიგებით.
"ცნობის ფურცელი", 1905

#10
ვყიდულობ ცოცხლებად კავკასიის გარეულ ცხოველებს
საჭიროა აგრეთვე გარეული ფრინველები
მსურველთ მიჰმართონ პირადად ან წერილით მიხეილის ქუჩაზე № 106 ,
ეზოში: ბარამოვის სახ. ჰუგო ვინკლერს
"ცნობის ფურცელი", 1898

#11
ექიმი გ. ს. გენცენფილდი
ეხლახან დაბრუნდა საზღვარ-გარეთიდან.
ავადმყოფთ ყოველ დღე ღებულობს დილის 9-11 საათამდე და საღამოს 6-9 საათამდე. 
კუკიაში მადერის ქუჩა № 5.
"ცნობის ფურცელი", 1899

#12
ნემენცების ბაღში ქართული წარმოდგენა
ადგილების ფასი 20 კაპიკიდან ვიდრე 1 მანეთამდე 50 კაპ.
გამგე საფაროვი
"ცნობის ფურცელი", 1899

#13
ძმ. ნიკიტინების ცირკი
სხვათა შორის საღამოს ასე 11 საათზე გაიმართება ორი კავკასიური ჭიდაობა. განთქმული ფალავანი ჯიბგირი დაეჭიდება ცნობილ ფალავანს პომაზაშვილს. გამარჯვებულს ვერცხლის საათი. ცნობილი ჰერკულესი რომო დაეჭიდება განთქმულ ფალავანს ბოჩაშვილს. გამარჯვებულს 25 მ.
"ცნობის ფურცელი", 1905

#14
რესტორანი "იალტა" 
ამით ვაუწყებ პატივცემულ საზოგადოებას, რომ მე გავხსენი რესტორანი "იალტა" და იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ჩვეულებრივის თანაგრძნობით და სიამოვნებით ივლის ჩემს რესტორანში, რომელიც იმყოფება ვორონცოვის ქუჩაზე, ფქვილის მოედნის, ახლო არტემ კოსტანოვის სახლებში. 
"ცნობის ფურცელი", 1899

#15
"საბუხგალტერიო კურსები"
მაყურებლები მიიღება ორივე სქესისა, არა ნაკლებ 16 წლისა. 
"ცნობის ფურცელი", 1899

#16
პირველი საწყობი შეშისა
შეშის სახლში მიტანას ფირმა საკუთარ პოვოზკებით კისრულობს. 
გამგე ნიკოლოზ პავლეს ძე კინაძე.
"ცნობის ფურცელი", 1905

#17
ტფილისის სიონი ტაძრის გვერდით არის საკეპარქიო საწყობი საეკლესიო ყოველ გვარ ნივთეულობათა
"ცნობის ფურცელი", 1905

#18
სნეულთ და სუსტებს სპერმინი
ნებადართულია შინაგ. სამინ. არს. სამკ. საბჭ. მიერ № 9796

თუ თქვენ მოქანცული ხართ ფიზიკური ან გონებრივი შრომით, ნერვები აშლილი გაქვთ, ესა თუ ის სნეულება გჭირთ გულს ნუ გაიტეხთ!
ექიმებმა დაადასტურეს, რომ სათესლე ძაფების გამონაჟური უებარი წამალია: სიბერით გამოწვეულ უღონობისა, სისხლ ნაკლებობისა (ანემია), მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ნერვების აშლისა, დაქანცულობისა და სქესობრივ უილაჯობისა, დამპალ ციებისა და ჩუკუნების შედეგისა, სიგამხდრისა, სიდამბლისა, სქესობრივი სისუსტისა, წყალმანკისა, გულის სნეულებისა, შაქრის ავათმყოფობისა, ქარებისა.
"ეშმაკის მათრახი", 1915

#19
კბილებს
ვიღებ, პლომბს ვუკეთებ, ვასუფთავებ, ვსვამ ახალ ხელოვნურ კბილებს და ვაშორებ ცუდ სუნს
ხელ მოკლეებს იაფად
"ცნობის ფურცელი", 1905

 

#20
დღევანდლიდან დაწყებული ყოველ დღე 
სხირტლაძეს ბაღში
ფასები ყველაფერზე ზომიერია, მოსამსახურე მარდი და ცქვიტი, ბაღის პატრონი გულ-გაშლილი და თავაზიანი.

#21
რაც-კი ახალია ამ სეზონში მოსდის
ინგლისის და საფრანგეთის სამოდო ჟურნალებზე დამზადებული უკანასკნელ ფასონების ქალთა ზედა ტანისამოსი, კაცთა და ბავშვთა კოსტუმები და პალტოები ყოველგვარ მატერიისა, რუსეთისა და საზღვარ-გარედ ქარხნებზე დამზადებული. ფასი სულ მცირეა. შეუვაჭრებლად
"ცნობის ფურცელი", 1905

#22
ქუთაისში
სამ. ბ. თოფურიას სამკურნალო,
რომელიც იმყოფება მათი უმაღლესობის პრინც ალექსანდრე ოლდენბურგელის მფარველობის ქვეშ
გადამდებ სენით და სულით ავადმყოფებს სამკურნალო არ ღებულობს.
"ცნობის ფურცელი", 1905

#23
პირველ ხარისხოვანი და საგანგებო
ველოსიპედები
ყველაფერი, რაც-კი ამ სავაჭრო სახლიდან გაიყიდება, მკვიდრი და მაგარია, რაშიაც სრული თავდებობაა. 
"ცნობის ფურცელი", 1898

პრესის სრული არქივის და მასში განთავსებული რეკლამების ნახვა შესაძლებელია ციფრული ბიბლიოთეკა “ივერიელის” საიტის მეშვეობით: www.dspace.nplg.gov.ge

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა