თეოლოგიის ერთმა პროფესორმა, რომელიც ამავდროულად  მღვდელ-მონაზონიც იყო, მარტინ ლუთერმა, გერმანული ქალაქის, ვიტენბერგის სამრევლო ეკლესიის კარზე 500 წლის წინ მიაჭედა ქაღალდი, რომელზეც 95 თეზისი ეწერა.

ლუთერი მოუწოდებდა ეკლესიას, კორუფციული მანკიერებების შესახებ დაეწყო აკადემიური მსჯელობა.

ეკლესიამ ეს იუკადრისა და სცადა, პროფესორისათვის პირში ბურთი ჩაეჩარა. ლუთერისთვის კი ხმის ამოღება უკვე სინდისიერების საკითხი იყო. „აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ შემიძლია, დაე, ღმერთი შემეწიოს!“ – მისი სიტყვები ეკლესიის რეფორმატორული მოძრაობის სიმბოლოდ იქცა.

წელს რეფორმაციის იუბილე აღინიშნება. დასავლელი ქრისტიანებისათვის 2017 რეფორმაციის წარმატებულობისა და წარუმატებლობების განხილვის, ეკუმენური დიალოგის გაღრმავებისა და ეკლესიის მომავალზე ფიქრის წელია.

Ecclesia semper reformanda est ანუ „ეკლესია მუდამ რეფორმირების პროცესში უნდა იყოს“ – ეს თეოლოგიური კონცეფცია უნდა მივიჩნიოთ რეფორმაციის ერთ-ერთ უდიდეს მონაპოვრად. ის პირველად მეოცე საუკუნის უდიდესმა თეოლოგმა, კარლ ბართმა 1947 წელს გამოიყენა. ამ კონცეპტის მიხედვით, ეკლესია მუდამ კრიტიკულად უნდა უყურებდეს საკუთარ თავს იმისათვის, რომ მოძღვრების სიწმიდე და რელიგიური პრაქტიკის სიჯანსაღე შეინარჩუნოს.

აღმოსავლური მართლმადიდებელი ეკლესია, ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენების გამო, თვითკრიტიკულობით არ გამოირჩევა. ის უფრო თავდაცვით პოზიციაში დგას და ეს ხშირად ექსკლუზიურობისაკენ უბიძგებს. 

შარშან ზაფხულში, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ასწლეულების შემდეგ პირველად შეიკრიბნენ კუნძულ კრეტაზე იმ სირთულეებზე სასაუბროდ, რაც საუკუნეების განმავლობაში დაუგროვდათ. ყველა საკითხის გადაწყვეტა, ცხადია, ვერ მოხერხდა, მაგრამ ისიც კი კარგია, რომ საუბარი დაიწყეს ხმამაღლა. 

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში რეფორმებზე თავიდან მსჯელობა 1917 წელს დაიწყო – როცა რუსი მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენისგან გათავისუფლდა და ავტოკეფალია აღადგინა. თუმცა, მაშინ რეფორმების განხორციელება ვეღარ მოესწრო – საბჭოური რეჟიმის დამყარების შემდეგ ეკლესიის ერთადერთი საზრუნავი თვითგადარჩენა გახდა.

ილია მეორის გამოჩენამ რეფორმირების შანსი გააჩინა. კარგად მახსოვს ილია მეორის აღსაყდრების დღე – 1977 წლის 25 დეკემბერი. მამაჩემი, რომელიც სასულიერო პირი იყო თბილისის ბაპტისტურ ეკლესიაში, ინტრონიზაციაზე ვერ წავიდოდა, რადგან საშობაო წირვა უნდა გადაეხადა ჩვენს ეკლესიაში. ასე აღმოჩნდა ჩემს ხელში მამაჩემის VIP მოსაწვევი. დაუვიწყარი იყო ის აღტაცება, რომელიც იმ დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში სუფევდა. ყველა ეკლესიის განახლების მოლოდინში იყო.

განახლება მართლაც დაიწყო. ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობელი ახალგაზრდული ენერგიით შეუდგა საქმეს. ის მაშინ 44 წლისა იყო. პირველივე ტალღას მოჰყვა: განახლებული ურთიერთობები ეკლესიასა და საზოგადოებას შორის; ბიბლიის თარგმნა ახალქართულად, ექსპერიმენტირება საკრალური ხელოვნების დარგში... – ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება.

თუმცა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ეკლესიამ რელიგიური ნაციონალიზმისა და იზოლაციონიზმის გზა აირჩია, რაც პოლიტიკურად კი იყო გამართლებული, მაგრამ რელიგიურად – არა. ეკლესიისა და ნაციონალიზმის დისკურსი ისე აიზილა ერთმანეთში, რომ გარჩევა შეუძლებელი გახდა. ეკლესია გაემიჯნა იმ გლობალურ ქრისტიანულ ორგანიზაციებსაც, რომელთა მეშვეობითაც რეპუტაცია შეიქმნა – დატოვა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო და ევროპის ეკლესიათა კონფერენცია მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა საერთაშორისო მხარდაჭერა. 

ეკლესია ჩაიკეტა და ტრაიბალიზმის ნიშნებით შეიმოსა. სახელმწიფოდ სახელმწიფოში გადაიქცა. ტაბუ დაედო მის კრიტიკას, როგორც შიგნიდან, ისე გარედან. ეკლესიამ მიიღო და შეიფერა უმთავრესი პოლიტიკური მოთამაშის როლი ქვეყანაში. პოლიტიკოსებმა ჯერ ფული და ძალაუფლება მიჰკერძეს ეკლესიას, მერე კი თვალი დახუჭეს ყოველივე იმაზე, რასაც ეკლესია აკეთებდა.

ასე აღმოჩნდა ეკლესია კრიზისში, რომელიც უკვალოდ ვეღარ ჩაივლის და, ცხადია, არც უნდა ჩაიაროს.

„ციანიდის“ ამბავზე ლაპარაკი თავიდან უმაღლესი ეშელონების პოლიტიკოსებმა დაიწყეს. ქვეყნის პრემიერი, ვიცეპრემიერი, მინისტრები და სხვები ტრიუმფალური პათოსით ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ როგორ აარიდეს ქვეყანას უზარმაზარი კატასტროფა. მას შემდეგ, რაც გამოჩნდა, რომ კატასტროფა არ ყოფილა, ხელისუფლება პირში ჩალაგამოვლებული დარჩა, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა. ჩვენთან ხომ შეცდომის აღიარება სისუსტის ნიშანია. ამან საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ხელისუფლებამ საკუთარი ნებით დაიწყო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრების მორღვევა – პროკურატურამ საპატრიარქოში დაიწყო გამოძიების საბუთებით სირბილი!

ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ის მორწმუნეები აღმოჩნდნენ, რომელთაც გონებაში ღმერთის იდეასა და ინსტიტუციის იდეას შორის ტოლობის ნიშანი ჩააწერინეს, ან თვითონ ჩაწერეს. ის, რაც მათ ახლა ესმით, ძირს უთხრის მათ რწმენას – ამ ადამიანებს ხომ კარგა ხნის წინ ჩაუნერგეს, რომ ინსტიტუციაც და მისი წარმომადგენლებიც ისევე არიან უცთომლები, როგორც – თავად უფალი.

ისინი, ვინც ამ საკითხზე საჯაროდ მსჯელობენ, ხშირად იყენებენ სიტყვას „შოკი“; ზოგიერთს ურჩევნია, ხალხი სულაც სიბნელეში დარჩეს და არაფერი გაიგოს. არადა, ყველაზე ლამაზ ტყუილს ყველაზე მწარე სიმართლე სჯობია. ეკლესიაში არსებული მდგომარეობა რომ საფრთხეებს შეიცავდა, პირველ რიგში თავად ეკლესიისთვისვე, ამაზე პირველად ოცი წლის წინ დაიწყო ლაპარაკი. ხმა დეკანოზმა ბასილ კობახიძემ აიმაღლა. თუმცა მას არც ბერმა დაუგდო ყური და არც – ერმა. დეკანოზმა პროტესტის ნიშნად ჯერ ანაფორა გაიხადა საჯაროდ, შემდეგ კი სამშობლოდანაც გადაიხვეწა. რატომ არ იყო მაშინ შოკის მომგვრელი მისი გამოსვლები? ამ ყველაფერს, რაზეც ახლა გულებს ვიხეთქავთ, ის წლის წინ ამბობდა.

შოკის მომგვრელი არ იყო ჩვენი საზოგადოებისთვის არც ახალგაზრდა სემინარიელების გამოსვლა 2003 წელს – მათ სწორედ ეკლესიის სიყვარულის გამო იმ ნაკლოვანებებზე ისაუბრეს საჯაროდ, რომელთა მოგვარებაც ეკლესიას ჰაერივით სჭირდება დღესაც.

შოკის მომგვრელი არ იყო არც ის, რაც 2013 წლის 17 მაისს ვნახეთ, როცა სიყვარულის რელიგიის მქადაგებლები ტაბურეტით ხელში დასდევდნენ ახალგაზრდებს საცემად. ესეც ჩავყლაპეთ. ვერ გავბედეთ ერთი მარტივი კითხვის დასმა: ჩვენს ადგილას ქრისტე ასე მოიქცეოდა 17 მაისს?

შოკის მომგვრელი არ იყო არც ის, როცა ეკლესიის ინსპირაციით, მუსლიმებს სალოცავზე მინარეთი მოუჭრეს სოფელ ჭელაში და ამით ქართველი მუსლიმების რელიგიურ გრძნობებს მიაყენეს შეურაცხყოფა;

არც ისაა გასაბრაზებელი, რომ ქართველი კათოლიკები, ქართველი მუსლიმები და ქართველი სომხები წლებია ითხოვენ მიტაცებული ტაძრების დაბრუნებას და ამაზე მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებისგან მხოლოდ ცინიკურ პასუხებს იღებენ.

ვისაც ღმერთი აინტერესებს და არა ინსტიტუცია, უკვე კარგა ხანია, ხედავს, რომ ეკლესიას განახლება ესაჭიროება, შესაბამისად, მისთვის შოკის მომგვრელი კი არ არის ის, რაც ხდება, არამედ კანონზომიერებაა. „ძალაუფლება რყვნის ადამიანს, სრული ძალაუფლება სრულად რყვნის ადამიანს“.

ერთი ძველი ამბავია, რომლის ანალოგიებიც სხვადასხვა რელიგიურსა და კულტურულ ტრადიციაში გვხვდება: აბეზარი ბიჭბუჭები სოფლის მოხუც ბრძენკაცთან მივლენ გამოსაცდელად. ერთი ბიჭი ბეღურას დაიჭერს, ორხელშუა ჩაიმწყვდევს და მოხუცს ეტყვის:

– აბა, თუ მართლა ბრძენი ხარ, ხელში რა მიჭირავს?

მოხუცი დაფიქრდება და უპასუხებს:

– ბეღურა გიჭირავს.

– კი, ბატონო, გამოიცანი, მაგრამ ისიც მითხარი, მკვდარია თუ ცოცხალი?

თუ მოხუცი იტყოდა, ცოცხალიაო, ბიჭი ხელში მოჭყლეტდა ბეღურას და აჩვენებდა, რომ ჩიტი მკვდარია. თუ მოხუცი იტყოდა, მკვდარიაო, ჰაერში აისროდა და გააფრენდა. ერთ შემთხვევაშიც და მეორეშიც მოხუცი გამტყუნდებოდა. ამიტომ მან ასე უპასუხა:

– ეგ ბეღურა ცოცხალია თუ მკვდარი, შენზეა დამოკიდებული – გინდა მოკლავ, გინდა აცოცხლებ.

ჩვენც ასე ვართ. ერზე და ბერზეა დამოკიდებული, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ კრიზისიდან გამარჯვებული გამოვა თუ დამარცხებული. ოღონდ საქმე ის არის, რომ რაც ჩვენ შეიძლება გამარჯვება გვგონია, სინამდვილეში შესაძლოა დამარცხება იყოს რელიგიური პერსპექტივიდან და პირიქით.

ნამდვილი გამარჯვება ის იქნება, თუ ეკლესია საკუთარი მდგომარეობის კრიტიკულ ანალიზს და რეფორმაზე ფიქრს დაიწყებს. ეს მარტო მას კი არა, მთელ კონფესიურ ოჯახს ჰაერივით ესაჭიროება.

Ecclesia semper reformanda est– ურიგო არ იქნება, სწორედ ეს იყოს რეაქცია შექმნილ ვითარებაზე.

 

ავტორი :
  • მალხაზ სონღულაშვილი