ინტერვიუს ავტორი: მალხაზ სონღულაშვილი
თარგმანი: ირმა ტაველიძე

მ.ს. უპირველეს ყოვლისა, გვსურს, შევიტყოთ: ვინ არის რაბინი ფაიარსტონი? რა გზა გაიარა? რატომ უჭერს მხარს ასეთი თავგამოდებით დიალოგის გამართვას მუსლიმებსა და ქრისტიანებს, მუსლიმებსა და ებრაელებს შორის?

რ.ფ. ებრაულ ოჯახში ვიზრდებოდი, ლიბერალურ ოჯახსა და ღია, ლიბერალურ თემში. კარგად ვცხოვრობდით, საკმაოდ შეძლებულად. ჩემი მშობლები პროფესიონალები იყვნენ – კარგი განათლება ჰქონდათ. ჩართული ვიყავი ებრაულ ახალგაზრდულ მოძრაობაში. რეგულარულად დავდიოდი სინაგოგაში, რომელიც ასევე ლიბერალური სინაგოგა იყო. ვსწავლობდით ისრაელზე, როგორც შესანიშნავ ებრაულ სახელმწიფოზე, სადაც ებრაელები გმირები იყვნენ. წარმოდგენაც არ მქონდა, რა ზემოქმედება მოეხდინა ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე ცრურწმენებს, აკვიატებულ წარმოდგენებს, გაუგებრობებს...

სკოლა ადრე დავამთავრე და მთელი წელი მქონდა, სანამ სწავლას კოლეჯში გავაგრძელებდი. ევროპაში გავემგზავრე, ბოლოს კი ისრაელს ვესტუმრე. ველოდი, რომ ჩემი ებრაელი დები და ძმები გულთბილად მიმიღებდნენ, მკლავებს გაშლიდნენ და მეტყოდნენ: შენ ჩვენი ოჯახის წევრი ხარ, გვიყვარხარ, რადგან ებრაელი ხარო. სინამდვილეში კი აღმოვაჩინე, რომ ოდნავაც არ ვაინტერესებდი არავის. ცოტა არ იყოს, გული მეტკინა. რომანტიკული განწყობაც გამიქრა.

იმედგაცრუებული, ჩემი ასაკის ორ არაბ ახალგაზრდას გადავეყარე, რომლებიც ჩემით აშკარად დაინტერესდნენ. 1970 წელი იდგა. სამი წლით ადრე ისრაელმა პალესტინის ტერიტორია მიითვისა. პალესტინელებს უკვირდათ, რომ მიუხედავად ცოტა ხნის წინანდელი სისხლიანი დაპირისპირებისა, ებრაელებს მათთან დაახლოების სურვილი ჰქონდათ. სინამდვილეში ეს არაბებთან ურთიერთობის პირველი შესაძლებლობა იყო. დაპყრობილ ტერიტორიაზე, ისრაელთან შედარებით, ეკონომიკა ნაკლებად იყო განვითარებული. ისრაელელები არაბებისგან ყიდულობდნენ სუვენირებს, საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელს, სამშენებლო მასალებს... ყველაფერი ძალიან იაფი იყო. სიხარულით ხარჯავდნენ იქ ბევრ ფულს. არაბებს კი უხაროდათ, რომ ფულს შოულობდნენ.

მართალია, ებრაელები დამპყრობლები იყვნენ, მაგრამ ძალიან თავაზიანად იქცეოდნენ. ეს შესანიშნავი პერიოდი რამდენიმე წელს გაგრძელდა. ყველა ბედნიერი იყო. ჩემი აზრით, ორივე მხარემ იცოდა, რომ ეს მალე დასრულდებოდა.

აი, ამ დროს გავიცანი ის ორი არაბი. ორივე ცოტა ხნის წინ დაქორწინებულიყო, ბიძაშვილები იყვნენ და მშვენიერი მაღაზია ჰქონდათ. მათთან სტუმრად დავდიოდი, ისინი კი ჩემთან მოდიოდნენ ხოლმე. მაშინვე ვხვდებოდი, რომ ეს საკმაოდ უცნაური იყო – არაბები ხომ კარგ ადამიანებად არ ითვლებოდნენ. თანდათან გავაცნობიერე, როგორი მცდარი წარმოდგენა მქონდა ყველაფერზე. ბოლოს იერუსალიმის მუსლიმურ კვარტალში გადავედი საცხოვრებლად, პატარა ბინაში, ერთადერთი ოთახისგან რომ შედგებოდა. დიდ დროს ვატარებდი ორივე არაბთან, მათ ოჯახებს კარგად ვიცნობდი. არაბულად უკეთესად ვლაპარაკობდი, ვიდრე ებრაულად. მერე სულაც მათთან ვმუშაობდი. თავს შესანიშნავად ვგრძნობდი.

როცა ამერიკაში დავბრუნდი, მივხვდი, რომ მაინტერესებდა ახლო აღმოსავლეთი, არაბული კულტურა, ასევე ჩემი ებრაული კულტურაც. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მინდოდა, მცოდნოდა სიმართლე – რას ნიშნავს, იყო ებრაელი...

მეტად გავოგნდი, როცა გავაცნობიერე, რომ ჩემი წარმოდგენა განპირობებული იყო რაღაც ცრურწმენებითა და აკვიატებული აზრებით; რომ მე ისლამოფობი და არაბოფობი ვიყავი. ჰოდა, დავიწყე ისლამის შესწავლა. იუდაიზმი კი უფრო ღრმად, უფრო სერიოზულად შევისწავლე.

მ.ს. გადაწყვიტეთ, თავი გადაგედოთ ამ საქმისთვის. მთელი ენერგია მისთვის მოგეხმარებინათ.

რ.ფ. თავიდანვე არა... რაღაც დროის შემდეგ. ჯერ ახლო აღმოსავლეთის საკითხებით, პოლიტიკური მეცნიერებით დავინტერესდი. ისრაელში წავედი და თავით გადავეშვი ისრაელის კულტურაში. ვსწავლობდი არაბულს, ებრაულს, ისტორიას, სოციოლოგიას... მერე შესაძლებლობა მომეცა, გემზე მემუშავა – ეს მთელი თავგადასავალი იყო. ამ გემის მფლობელი ერთი არაჩვეულებრივი ებრაელი გახლდათ, რომელიც მუმბაიში გაიზარდა. 40-იან წლებში, როცა ინდოეთი ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა, სამეფო ავიაციის პილოტი იყო. მერე ისრაელში ჩამოვიდა და 1948 წელს, როცა მას ხუთი არაბული სახელმწიფო ებრძოდა, გადარჩენაში ეხმარებოდა. ამ დროს ქვეყანას საომარი თვითმფრინავები არც ჰყავდა. მხოლოდ რამდენიმე კერძო თვითმფრინავი იყო. ეს კაცი გვიყვებოდა, რომ მაინც დაფრინავდა და პატარ-პატარა ჭურვებს ყრიდა ფანჯრიდან. როცა ნათელი გახდა, რომ ისრაელი გადარჩა, წასვლა მოინდომა, თუმცა უთხრეს, ვერსადაც ვერ წახვალ, სამხედრო პილოტი ხარ, უნდა დარჩე და ბრძოლა გააგრძელოო. თუ არადა, ციხეში ჩაჯდებიო. რა ექნა – გააგრძელა... ერთხელაც არაბული სოფლის დაბომბვა დაავალეს. ადგილზე რომ მივიდა, რაციით გადასცა, სამიზნის თავზე ვარო და ჭურვები არ ჩამოუყრია, ისე გაფრინდა ზღვისკენ – ჭურვები წყალში ჩაყარა. გაათავისუფლეს. პირველი კაცი იყო, რომელიც ისრაელის ავიაციიდან გაუშვეს.

ამ კოლორიტულმა პიროვნებამ ძველი გემი იყიდა, ნიუ-იორკის ებრაულ თემში თანხა მოიძია და საერთაშორისო რადიოსადგური დააარსა, უზარმაზარი ანტენით სამაუწყებლო სისტემაზე. მერე ხმელთაშუა ზღვისკენ გაცურა. 60-იანი წლების ბოლო და 70-იანების დასაწყისი იყო. ყოველგვარ მედიას მთავრობა აკონტროლებდა. არაბული ქვეყნები და ისრაელი პროპაგანდისტულ პროგრამებს გადასცემდნენ – სამშვიდობო შეტყობინებებს კი არა, საომარ შეტყობინებებს. ხალხს ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობა არ ჰქონდა. რადიოსადგური მაუწყებლობდა ებრაულად, არაბულად, ინგლისურად და ფრანგულად. მან როკ-ენ-როლი გააცნო ახლო აღმოსავლეთს. ძალიან პოპულარული გახდა. მერე ამ კაცმა პატარა სასტუმრო მოაწყო გემზე და საერთაშორისო წყლებში გასულმა, უთხრა ისრაელელებს, ეგვიპტელებს, იორდანიელებს, ლიბანელებს, სირიელებს: მოდით აქ, ამ მშვენიერ გემზე და ელაპარაკეთ ერთმანეთსო. და მე ამ კაცთან ვმუშაობდი.

უფრო და უფრო დავინტერესდი სტერეოტიპების ნგრევით. საიდან იცი ის, რაც იცი? რატომ ხარ ასე დარწმუნებული? იქნებ არ იცი ის, რაც გგონია, რომ იცი? იქნებ რისხვით და სიძულვილით სავსე ადამიანები ცუდები კი არ არიან, შენ არ გესმის მათი? კოლეჯის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა საქმეს მოვკიდე ხელი. გამოხდა ხანი და გადავწყვიტე, სიღრმისეულად შემესწავლა იუდაიზმი სემინარიაში. მოკლედ, ისრაელში დაწყებული ნიუ-იორკში დავამთავრე. მერე მივხვდი: არა, ჯერ არ მოვრჩენილვარ, ისლამიც უნდა ვისწავლო-მეთქი, და სადოქტორო პროგრამა ავირჩიე არაბულისა და ისლამის შესასწავლად.

მ.ს. თქვენ დაწერეთ ორი წიგნი: „იუდაიზმი მუსლიმებისთვის“ და „ისლამი ებრაელებისთვის“. რისი მიღწევა გსურდათ? რა იყო უმთავრესი, რისი გაზიარებაც გინდოდათ?

რ.ფ. ეს წიგნები იმიტომ დავწერე, რომ ამის გაკეთება მთხოვეს. ებრაული ორგანიზაცია ეძებდა ისეთ ებრაელს, რომელსაც გარკვეული ცოდნა ექნებოდა ისლამის შესახებ და მუსლიმებისთვის წიგნს დაწერდა იუდაიზმზე. სერიოზულად დავფიქრდი იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ მუსლიმები იუდაიზმს. ჩემი მიზანი იყო, მათთვის მეჩვენებინა, როგორ ჰგავს იუდაიზმი ისლამს და, ამავე დროს, როგორ განსხვავდება. ერთ მუსლიმს კი მეორე წიგნის დაწერა სთხოვეს – „ისლამი ებრაელებისთვის. შესავალი“. საკმაოდ უღიმღამო წიგნი გამოვიდა. ავტორს რედაქტორებმა, ცოტა არ იყოს, თავგზა აუბნიეს და მან მეტისმეტად გააკრიტიკა ისლამი, რაც აშკარად ცუდი სვლა აღმოჩნდა. მუსლიმებმა დაგმეს მისი წიგნი და, ამავე დროს, ჩემი წიგნის წაკითხვა მოუნდათ – ისიც ხომ პროექტის ნაწილი იყო.

რამდენიმე წლის შემდეგ ებრაულმა ორგანიზაციამ მკითხა, ხომ არ დავწერდი წიგნს, რომელსაც იმ კაცმა თავი ვერ გაართვა. დავთანხმდი და უფრო დიდი სიამოვნება მივიღე, ვიდრე მაშინ, როცა იუდაიზმზე ვწერდი. ახლა უფრო მეტი თავისუფლება მქონდა: მითხრეს, რომ რაც უნდა დამეწერა, დაბეჭდავდნენ. იგივე მეთოდოლოგია გამოვიყენე, იგივე სტრუქტურა: ცოტა ისტორია, თეოლოგია, პრაქტიკა...

მინდოდა, მეჩვენებინა ებრაელებისთვის, რომ ისლამი სულაც არ არის ასეთი უცხო, რომ ის ძალიან ჰგავს იუდაიზმს. მისი არ უნდა გვეშინოდეს. შეიძლება გავუგოთ, გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ.

მ.ს. ამ პრინციპებითა და მიგნებებით, რომლებიც ქრისტიანულ-მუსლიმურ, ქრისტიანულ-იუდაისტურ ურთიერთობებსაც მიესადაგება, რა აჩვენეთ ამ წიგნებში?

რ.ფ. ამ სამ უდიდეს რელიგიურ ცივილიზაციას ისე ვუყურებ, როგორც ერთი და იმავე ტომის ნაწილებს. შეიძლება ასეც შევხედოთ ურთიერთობებს – როგორც ტომის შიგნით ურთიერთობებს. ტომში კლანებია. თითოეული კლანი კი ერთგვარი გავრცობილი ოჯახია. თითოეულ კლანში სხვადასხვა ოჯახია. რელიგიურ მიმდინარეობებშიც ხომ ასეა: სხვადასხვა მოძრაობაა, სხვადასხვა დენომინაცია... საბოლოო მიზანი კი რა არის? ის, რომ სულის სიმშვიდე იპოვო – ღმერთთან და ადამიანებთან. ვისაც ადამიანების ესმის, მას ღმერთის ესმის.

ტომის მიღმა კი შეიძლება იყოს ტომების კონფედერაცია.

მ.ს. ლამაზად აღწერეთ მონოთეისტურ რელიგიათა ოჯახი. ყველა ოჯახს, ყველა კლანს აქვს საერთო მახასიათებელი. და რა საერთო მახასიათებელი აქვს ამ სამს?

რ.ფ. როცა ვასწავლი, ზოგჯერ კვებითი ჯაჭვის მეტაფორას ვიყენებ. ზოგი ცხოველი კვებითი ჯაჭვის თავშია, ზოგი კი – ბოლოში. სადაც უნდა ცხოვრობდე, ყოველთვის იქნება იქვე ისეთი ცხოველი, რომელიც ამ ჯაჭვის თავშია. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე კავკასიაში დათვები არიან. აღმოსავლეთ აზიაში კი ლომია, იქ დათვი არ არის. სხვა დონე ავიღოთ: შეიძლება შენთან ციყვები იყვნენ, რომლებიც საკვებს აგროვებენ, ყველაფერს ასუფთავებენ ირგვლივ, აფრიკაში კი მაიმუნები არიან, რომლებიც ზუსტად ამავეს აკეთებენ. ასეთივე ჯაჭვია მონოთეისტურ რელიგიებშიც. თავში ღმერთია, ბოლოში კი – ადამიანები. ჩვენ ძალიან გვინდა ღმერთის პოვნა, ყველგან ვეძებთ. და, როგორც წესი, ვერ ვპოულობთ.

ყველას გვაქვს წმინდა წიგნები, რომლებსაც ვუღრმავდებით, რომ უფლის შეტყობინება გავიგოთ. მაგრამ წმინდა წიგნები ზღვარდადებულია, კანონიზებული... ღმერთი კი აგრძელებს გამოცხადებას. ჰოდა, როგორ გაიგებ, რა სურს მას?

ამ სამივე ტრადიციას აქვს ინტერპრეტაციის ტრადიციაც. ებრაულ კულტურაში ეს არის თალმუდი. ქრისტანულ სამყაროში ეს ისაა, რასაც სამოციქულო ტრადიცია შეიძლება ეწოდოს. ისლამში კი არის ჰადისი. ასე რომ, სტრუქტურულად ბევრი გვაქვს საერთო, რაც ერთმანეთთან გვაახლოებს და უნდა დაგვეხმაროს იმაში, რომ ერთმანეთს მეტი პატივი ვცეთ.

მ.ს. როგორც მონოთეისტური ტრადიციების ექსპერტი, შენიშნავდით ევროპაში ანტისემიტიზმის ზრდას. იზრდება ისლამოფობიაც, ქრისტიანოფობიაც, ასევე ქსენოფობიაც, ჰომოფობიაც... არსებობს ინსტრუმენტები ყველა ამ ფობიასთან გასამკლავებლად?

რ.ფ. ჩემი აზრით, უკან კი გადავდგით ნაბიჯი, მაგრამ ამავე დროს სამი ნაბიჯი წინ გადავდგით. ასე რომ, მაინც პოზიტიური მიმართულებით მივდივართ. ძალადობრივი ინციდენტების რიცხვი ძალიან შემცირდა იმასთან შედარებით, რაც იყო ასი წლის წინ, ორასი წლის წინ. ახლა უკეთეს განათლებას ვიღებთ და, ზოგადად, უფრო მეტი ღიაობაა. თუმცა პოლიტიკაშიც, კულტურაშიც მეტისმეტად სწრაფად მივდივართ წინ მულტიკულტურალიზმისკენ. ჩვენ ვერ ვაგრძნობინეთ მხარდაჭერა იმ ხალხს, რომელსაც ეს სჭირდებოდა, თავისი განსაკუთრებულობიდან გამომდინარე. ბუნებრივია, გინდა, რომ განსაკუთრებული იყო – იმ ოჯახის წევრი, რომელსაც თავისი ტრადიციები აქვს. როცა გაქვს ლამაზი ენა, ლამაზი კულტურა, ლამაზი მუსიკა, ლამაზი რელიგია, თავს უკეთესად გრძნობ შენიანებში და არ მოგწონს თავსმოხვეული ჰომოგენურობა, რომელიც განპირობებულია გლობალიზაციით, დასავლეთის ერთგვარი კულტურული იმპერიალიზმით. მოკლედ, მეტისმეტად შორს წავედით მეტისმეტად სწრაფად.

მე ყველანარი კულტურა მიყვარს, ისეთი ადგილები, სადაც განსხვავებული ცხოვრებაა, განსხვავებული ენა, განსხვავებული მუსიკა. ეს ძალიან მსიამოვნებს. ეს არაფრით მემუქრება, არც კი ვიცი, რატომ.

მ.ს. ჩვენს ოჯახში – აბრაამისეული რელიგიების ოჯახში – ებრაელებსა და მუსლიმებს აღიქვამენ ხატის უარმყოფელებად, ზოგჯერ ხატებთან მებრძოლებადაც კი. ნუთუ ასეთი აღქმა მცდარი წარმოდგენის, არასწორი წინასწარგანწყობის შედეგია? და თუ ასეა, რატომ?

რ.ფ. მეჩვენება, რომ დამკვირვებლის მისწრაფებაზეა დამოკიდებული, აღიქვამს თუ არა საპირისპირო პერსპექტივას მცდარ წარმოდგენად. შეიძლება განსხვავებულ პერსპექტივას ნეიტრალურად შეხედო, ან ზემოდან დახედო, როგორც იმთავითვე უმნიშვნელოს. მეჩვენება, რომ გემოვნების მრავალფეროვნება ესთეტიკაში (ისევე, როგორც თითქმის ყველაფერში) ადამიანის აღქმისა და შემოქმედებითი უნარის დიდ, მშვენიერ მრავალსახეობას ამტკიცებს. ყველას სასიკეთოდ წაგვადგება გულის გახსნა მშვენიერების ისეთი აღქმისთვის, რომელსაც სხვაში ვხედავთ.

მ.ს. რა თეოლოგიური და კულტურული ახსნა აქვს ხატის უარყოფის ტრადიციას?

რ.ფ. ზოგიერთ რელიგიურ ტრადიციაში ადამიანის სურათ-ხატის შექმნაზე უარის თქმის გადაწყვეტილება უფლის ტრანსცენდენტულობის დაფასების, პატივისცემის, უსაზღვრო სიყვარულის გამოხატვის მცდელობაა. ქრისტიანობა, ფაქტობრივად, გამონაკლისია მონოთეისტურ ტრადიციებს შორის, ადამიანის სხეულში ღვთაების ინკარნაციის დაშვებით. იუდაიზმსა და ისლამს ღმერთი ამ სახით ვერ წარმოუდგენია, ჰოდა, იესოს სხეულში ღვთაების დანახვა უცნაურად ეჩვენება, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელადაც კი. ეს მხოლოდ თეოლოგიური საკითხი არ არის. ესთეტიკური საკითხიცაა. სამივე მონოთეისტურ ტრადიციას ასე ესმის, რომ კაცობრიობა შეიქმნა ღმერთის მსგავსად, მის სახედ და ხატად, რაც სხვადასხვანაირად შეიძლება გავიგოთ. ზოგი ამას ფორმის გამეორებად კი არ მიიჩნევს, უფრო ადამიანის შემოქმედებითი უნარისა და დამოუკიდებელი აზროვნების აღიარებად. როგორც ჩანს, არცერთ სხვა ქმნილებას არ შეუძლია ისეთი ღრმა აზროვნება, ისეთი მგრძნობელობა, როგორც ადამიანს. ამით შეიძლება „ჰგავდეს“ ის ღმერთს და არა ფიზიკურად. მიუხედავად ამისა, ებრაელებსა და მუსლიმებს ასეთი ტრადიცია აქვთ – არ შექმნან ადამიანის სურათ-ხატი, რადგან მასში, როგორღაც, მაინც ირეკლება ღმერთის სახე. ამ ანარეკლის თაყვანისცემა კი ერთგვარ კერპთაყვანისმცემლობად მიიჩნევა. თუმცა ამ ზოგად ტენდენციას სინამდვილეში მრავალი გამონაკლისი აქვს. ბევრ მუსლიმსა და ებრაელს თავისუფლად შეუძლია ადამიანის სურათ-ხატის მიღება ხელოვნებაში. უამრავ შემთხვევაში ვნახავთ ადამიანის გამოსახულებას ხელოვნების ნიმუშებში ისლამისა და იუდაიზმის სათავეებიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე. სხვა მუსლიმებსა და ებრაელებს კი ეს დაუშვებლად ეჩვენებათ. ამგვარი დაძაბულობა ერთგვარი გამოძახილი შეიძლება იყოს იმ დიდი კამათისა, ხატების თაობაზე რომ გაჩაღდა ბიზანტიის იმპერიაში მე-8-მე-9 საუკუნეებში. ამ სამივე დიდ რელიგიურ ტრადიციას ბევრი საერთო აქვს ამ მხრივაც.

მ.ს. დურა-ევროპოსის სინაგოგაში სამლოცველო დარბაზს შესანიშნავად მოხატული კედლები ჰქონდა. არის მსოფლიოში ისეთი სინაგოგები, რომლებსაც, როგორც უფლის თაყვანისცემის თანამედროვე ადგილებს, ამგვარი არტისტული მიდგომა გამოარჩევს? და თუ არ არის, რატომ?

რ.ფ. წმინდა მიწაზე ძველ სინაგოგებში ხშირად იყო გამოსახული მშვენიერი ბიბლიური თუ სხვა სცენები – მოზაიკის სახით, კედლებზე, უფრო ხშირად კი, იატაკზე. დღეს მრავალი თანამედროვე სინაგოგაა, შესანიშნავად დახატული ბიბლიური სცენები რომ ამშვენებს – ზოგი კედლის ნახატია, ზოგი – ვიტრაჟის. ჩემს ქალაქში, ლოს-ანჯელესში, ძალიან ცნობილი სინაგოგაა, რომლის კედლებზეც სურათ-ხატების მთელი წყებაა, ებრაელთა ისტორიას რომ გვიყვება – ბიბლიით დაწყებული და ლოს-ანჯელესსა და ჰოლივუდში ებრაელთა დიდი წარმატებით დამთავრებული! შუა საუკუნეებშიც კი, როცა ებრაელები ხატებს ყოველმხრივ უარყოფდნენ და ადამიანის გამოსახულებას არ ქმნიდნენ, ეს გამოსახულებები მაინც ჩნდებოდნენ ხელნაწერებში, ოღონდ იქ ადამიანის სახის ნაცვლად ცხოველის სახეს ხატავდნენ. დღესაც მუსლიმურ სამყაროში, განსაკუთრებით სპარსულ და ინდურ ხელოვნებაში, ფართოდაა გავრცელებული ყურანსა თუ ბიბლიაში მოთხრობილი ამბების ამგვარად დასურათება, ადამიანის გამოსახულებებით.

მ.ს. შესაძლებელია, რომ არტისტული მგრძნობელობა იყოს კომუნიკაციის ერთგვარი საშუალება, რომელიც სხვადასხვა რელიგიის სათქმელს, მშვიდობისა და შერიგების სიტყვებს გადასცემდა თანამედროვე ადამიანს?

რ.ფ. ხელოვნება მეტად პირადი რამაა, თანაც დიდი სულიერებით გამოირჩევა. ადამიანები მუდამ ბევრს შრომობდნენ იმისთვის, რომ გამოუთქმელი გამოეთქვათ – სიტყვებით, მუსიკითა თუ სახვითი ხელოვნებით. ესეც სწორედ იმ უჩვეულო შემოქმედებითი სწრაფვის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც ღმერთისა და ადამიანების „მსგავსებაზე“ მეტყველებს. ადამიანები ურიცხვ გზას პოულობენ ყველაზე ღრმა აზრების, გრძნობებისა თუ რწმენის გამოსახატად. რადგანაც ხელოვნება თანდაყოლილ უნარს უკავშირდება და თან უკიდურესად პირადი რამაა, მას ისეთი გზებით შეუძლია საუბარი, რომლებიც კომუნიკაციის სხვა ფორმებს ბევრად აღემატება. ხელოვნება უფრო მეტია, ვიდრე ერი, ენა, რასა და რელიგია. მძლავრი საშუალებაა: რელიგიური საზღვრების გადალახვა და კავშირების გაბმა შეუძლია. მაგრამ ხელოვნება ისევე მჭიდროდაა გადაჯაჭვული კულტურასთან, როგორც რელიგია. კულტურა გავლენას ახდენს როგორც ხელოვნების ნაწარმოებების შექმნაზე, ასევე მათ აღქმაზე – ეს გავლენა ხან დადებითია და ხან უარყოფითი. ეს ფაქტი თქვენს იმ კითხვასთან გვაბრუნებს, ესთეტიკურ არჩევანს და მცდარ წარმოდგენებს რომ ეხებოდა. საწყენია, როდესაც ადამიანები დაუნდობლად ჰკიცხავენ ისეთ არტისტულ მგრძნობელობას, რომლისაც ბევრი არაფერი გაეგებათ. ჩვენ სულიერად ვიზრდებით და როცა ბედნიერები ვართ, გულს ვუხსნით ადამიანის არტისტული შემოქმედების მშვენიერებას, რომელიც ყოველგვარ დაყოფასა და დაცალკევებას ბევრად აღემატება.  

მ.ს. რა არის ჩვენი რელიგიური ლიდერების როლი? ასრულებენ ისინი თავიანთ ამოცანას?

რ.ფ. რელიგიური ლიდერის ამოცანაა, რომ წინ უძღოდეს თემს. თუ ინსტიტუციას შევხედავთ, როგორც სტრუქტურას, რელიგიური ლიდერის ამოცანა ინსტიტუციის გაძლიერებაა. რელიგიურ, პოლიტიკურ თუ ბიზნესის სფეროს ლიდერებს უნდა შეეძლოთ თქმა: დიახ, ჩვენ გვჭირდება რესურსების მოპოვება, მაგრამ ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ხანგრძლივ წარმატებას მივაღწიოთ. ეს საკმაოდ რთულია. შორსმჭვრეტელი უნდა იყო. ახლა ჩვენ სასწრაფოდ გადასაჭრელ საკითხებზე ვართ ორიენტირებულნი და არ ვაქცევთ ყურადღებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც შორეულ პერსპექტივას უკავშირდება.

მ.ს. ჩვენს სამყაროში, სადაც ყველაფერი სწრაფად იცვლება და ვსაუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე, ტექნოლოგიურ რევოლუციაზე და ა.შ., რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ძვირფასი, რაც რელიგიას შეუძლია შესთავაზოს მომავალს?

რ.ფ. რელიგია გვთავაზობს აზრის პოვნის ტრანსცენდენტურ – არა რაციონალურ – გზას. ირაციონალურს არ ვგულისხმობ. რატომ ვართ აქ? რა მიზნით? თუ არ ვსვამთ ამ შეკითხვებს, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენი მიზანი გამდიდრებაა, ან უბრალოდ სიამოვნების მიღება. ამას კი კმაყოფილების განცდა არ მოაქვს. მდიდარი ადამიანი მოკლებულია ტრანსცენდენტურის განცდას, საფუძველს. უამრავი ამბავი გვსმენია მათზე, ვინც სიამოვნებას ეძებს. რომანებია დაწერილი, დიდი ლიტერატურული ტექსტები – როცა ეძებენ მხოლოდ სხეულებრივ სიამოვნებას, ემოციურ სიამოვნებას. ასეთები მუდამ დაუკმაყოფილებლები არიან და ვერაფერს პოულობენ. ღარიბ კაცს კი, რომელსაც არაფერი აბადია და იტანჯება, შეუძლია, ცხოვრების აზრი იპოვოს. ის მართლაც უფრო ბედნიერია.

ჩემი აზრით, რელიგია ამ აზრის პოვნის გზაა.

კულტურა იცვლება, დრო იცვლება, ტექნოლოგია იცვლება – ერთმანეთში ირევა ხალხები, იდეები. ძველი სტრუქტურები, ტრანსცენდენტურის შესახებ ძველი დასკვნები უნდა გადაიხედოს. ინსტიტუციებს, ჩვეულებრივ, არ ეხალისებათ ამის გაკეთება – გაკვალულ გზას მიჰყვებიან. ეს ბუნებრივია. მათი დემონიზება არ არის საჭირო. მათ დახმარება სჭირდებათ რაღაცის შესაცვლელად. ჩვენ კი, არა მგონია, ბედნიერები ვიყოთ ერთგვარი ტრანსცენდენტური აღქმის გარეშე. ზოგი ამას რელიგიას ეძახის, ზოგი – რაღაც სხვას...

მ.ს. ბოლო კითხვა საქართველოს ეხება. ფიქრობთ, რომ რაღაც უნდა ვიღონოთ, რომ ხელი შევუწყოთ ურთიერთგაგების გაღრმავებას, კულტურული ტრადიციის პატივისცემას?

რ.ფ. საქართველო მართლაც ცივილიზაციების გზაჯვარედინია. მას ჰქონდა დიდების პერიოდები და ჰქონდა ძალიან მძიმე პერიოდებიც. მრავალჯერ შემოიჭრნენ უცხოელები, მრავალჯერ გაანადგურეს, მან კი მაინც შეინარჩუნა თავისი უნიკალური იდენტობა. ვფიქრობ, ის მართლაც შეიძლება იყოს მოდელი. თუმცა არ ვიცი, რა ხდება სიღრმეში, ზედაპირის ქვეშ. ძალიან გამიკვირდა, როცა იეზიდების ტაძარი ვნახე. არის მეჩეთიც, სადაც სუნიტებიც დადიან და შიიტებიც, რაც ნამდვილად საოცარია. მართლმადიდებლური ეკლესია აქ დიდი ორგანიზაციაა, და მაინც, ერთადერთი არ არის, რომელიც ქრისტიანულ სიტყვას ავრცელებს. საქართველოს დახმარება სჭირდება. მაინცდამაინც გარედან დახმარებას არ ვგულისხმობ. არა მგონია, რომ რელიგიურ ლიდერებს კანონების შექმნის უფლება უნდა მისცეთ. უფრო სწორი იქნება, მთავრობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მხარი დაუჭირონ რელიგიებს და რელიგიურ ინსტიტუციებს, რომ მათ დაძლიონ განსხვავებულის მიმართ შიში. ეს არ იქნება მარტივი.