გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ემიგრაცია

რიგი | მონიკა, ანტვერპენი

მონიკა, 24 წლის, ანტვერპენი
ფოტო: პირადი არქივი

დედაჩემმა იცოდა, რომ საქართველოში მომავალი არ მქონდა. ან უნდა დავბერებულიყავი ორგანიზაციაში, ან ვიღაცას მოვეკალი. მერჩივნა, სხვა ქვეყანაში თავშესაფარი მეთხოვნა. დედაჩემსაც ასე ერჩივნა.
რაც თავი მახსოვს, სულ წასვლა მინდოდა. როგორი ადამიანიც მე მინდოდა, ისეთი საქართველოში ვერ ვიქნებოდი – მშობლების პონტშიც, მეგობრების პონტშიც, სამსახურის პონტშიც. ორი წლის წინ მივხვდი ამას.
ჩემი მეგობარი უკვე ბელგიაში იყო, ლტოლვილად ჩაბარებული. იმან მითხრა, ჩამოდი, თვითმფრინავის ფულს მე მოგცემო. ათ დღეში მიყიდა ბილეთი და წამოვედი. ფოტო მაქვს გადაღებული, თვითმფრინავში, დასიებული მაქვს თვალები ტირილისგან.
ჩამოვედი და ეგრევე ჩავბარდი.

აქ თავისუფლად დავდივარ ქუჩებში. ვარ ქალი და ყველა საბუთში, ქართულისგან განსხვავებით, ზუსტად ასე მიწერია. არაფრის არ მეშინია. ენის სასწავლო კურსებზე დავდივარ. ვხვდები სოციალებს და ვცდილობ, პერსპექტივაში დავინახო ეს ჩემი მომავალი.

ბრიუსელში მქონდა შოკი, როცა ლტოლვილის სტატუსის მაძიებლების უსასრულო რიგი დავინახე. მეც ჩავდექი და ორი საათი ყინვაში გარეთ ვიდექი, საბუთები რომ ჩამებარებინა. ეგ პროცედურა მშობლიურ ენაზე ტარდება, თარჯიმნები ჰყავთ, მაგრამ კიდევ კარგი ინგლისური მაინც ვიცოდი. სხვანაირად ვერ გავქაჩავდი. ვერ მივდგებოდი და მოვდგებოდი. ბანაკში ტრანსგენდერებს არ უშვებენ, მეც ცალკე სახლი მომცეს. სხვა ქალაქში.
ისეთი მონატრებული მქონდა ნორმალური ურთიერთობა, იმ შობას, 25 დეკემბერს, ქუჩაში ქალი დავინახე, მაღაზიას ხომ ვერ მიმასწავლით-მეთქი და ბოლომდე გამომყვა, კარამდე მიმაცილა. ისეთი ავღელდი, თუ შეიძლება ჩაგეხუტებით-მეთქი და მოვეხვიე.

პოზიტივი რომ არ მივიღო, აქვე მოვიკლავ თავს-მეთქი, ჩემს კომისარს ვუთხარი გასაუბრებაზე.

ერთი წლის მერე მივიღე დასტური ლტოლვილის სტატუსზე. შემდეგი ნაბიჯი უკვე არის ბრძოლა მოქალაქეობისთვის.
გავიარე ინტეგრაციის კურსი, სადაც მასწავლეს ელემენტარული კანონები და ბელგიის ისტორია – სწრაფი კურსი იყო, სავალდებულო.
ძნელია წონასწორობა შეინარჩუნო და მოთმინების უნარი, როცა იცი, ყველაფერს ნულიდან იწყებ, გაბრუებული დავდიოდი რამდენიმე კვირა.

დაწვრილებით

დედა მაკლია ძალიან, ჩემი და, დისშვილი და მეგობრები. ბედნიერი მოვკვდები, ეგენიც აქ რომ მყავდეს. მიფიქრია, აღარ შემიძლია, ავდგები და წავალ-მეთქი, მაგრამ მერე ისევ თავიდან იწყებ ფიქრს: და საქართველოში რა მელოდება? ისევ შიშში ყოფნა, ისევ უპერსპექტივოდ. ჯერ არ ვფიქრობ ამაზე. ჯერ იმას ვცდილობ, საქართველოზე ახალი ამბების კითხვა შევწყვიტო, თორემ გავრეკავ მალე. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა