გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ბუნება

Rooms Hotel Kokhta

სასტუმრო, სადაც ბუნების ნაწილი ხდები

შეიძლება თუ არა, ამბის თხრობა სახლში ერთი კონკრეტული ნივთით იწყებოდეს? ან სახლის მთავარ სათქმელს ერთი ნივთით ხვდებოდე? Rooms Hotel Kokhta-ში თვალისმომჭრელი მეტალის ფირფიტებით მოპირკეთებული ბუხარი ასეთი ნივთია. შეხედავ თუ არა, მიხვდები, რომ ამ სასტუმროს ფუტურისტულ, მინიმალისტურ და მისტიკურ სივრცეში თვითონ მიგიძღვება და რაღაც არაჩვეულებრივის ნაწილადაც გაგრძნობინებს თავს. ეს ბუხარი, თითქოს, დასტურია იმისა, რომ ზღვის დონიდან 1700 მეტრზე გაშლილ საკურორტო ზონაში, მრავალსაუკუნოვანი ფიჭვნარით, სურნელოვანი მცენარეებითა და დიდებული მთებით გარშემორტყმულ სივრცეში მდებარე სასტუმრო, ნამდვილად ბუნების ნაწილია – მერე რა, რომ თბილისს მხოლოდ 2 საათი და 30 წუთი აშორებს.

ბუხარი მხოლოდ შესავალია. ცენტრალური, მაგრამ მაინც ერთი ნივთი. მისი საშუალებით მთელ სასტუმროზე მსჯელობა შეიძლება, მაგრამ აქვე სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი აქსესუარები, დეტალები და მათში ჩადებული იდეებია. შორიდანაც ვრწმუნდებით, რომ ხუთსართულიანი სასტუმროს შენობა ველურ ბუნებაში საგანგებოდაა შეჭრილი, რადგან მას სურს ბუნების ავთენტური ნაწილი გახდეს. ამაში მას ფასადის მუხის ხის დეტალებიც ეხმარება და ფორმაც. დიზაინი აქ Rooms Studio-ს დიზაინერების, ნატა ჯანბერიძისა და ქეთი თოლორაიას ავტორობითაა შესრულებული.



ბაკურიანში, კოხტა მიტარბის ტერიტორიაზე, ახალი სათხილამურო ტრასის საბაგიროსთან მდებარე სასტუმრო სტუმრებს წელიწადის ოთხივე სეზონზე მასპინძლობს. Ski-in, Ski-out-ის ტიპის პირველი სასტუმრო საქართველოში, რაც სათხილამურო ტრასებზე ასვლა/დაბრუნებას ან სხვა სათხილამურო ხაზებზე გადასვლას გულისხმობს, სხვადასხვა მიმართულებითაა ინოვაციური. სრული მოდუნებისა და დასვენებისთვის მნიშვნელოვანი იქნება სასტუმროს სპა, რომლის დასრულებაც 2020/21 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება. სპა გააერთიანებს ცხელ გარე აუზს, საუნასა და სამკურნალო, მოსასვენებელ სივრცეებს.

ბუნებრიობითა და სისადავით გამორჩეული Rooms Hotel Kokhta-ს მისაღები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ქართული ეთნოგრაფიული არტეფაქტების, ხელნაკეთი ნივთების, ძველებური ხალიჩებისა და სკულპტურული ვაზების ერთგვარი „კატალოგია“.

რეგიონის კულტურისა და ინოვაციური ტენდენციების შერწყმამ Rooms Hotel Kokhta-ში შთამბეჭდავი შედეგი გამოიღო. აქ, მეტალის, თიხის, ქვის, ხის და სხვა ბუნებრივი მასალებით, კომპოზიციურად გაფორმებული ინტერიერი ამბების თხრობის საუკეთესო საშუალებად არის ქცეული. ეს მიმართულება სასტუმროს ოთახებში ლოგიკურად გრძელდება. მთავარი ამ პირად, სტუმრებისთვის გამოყოფილ სივრცეებშიც მინიმალიზმი და ბუნებრიობაა. სასტუმროს 95 ნომერი უნიკალური ხელნაკეთი ავეჯითა და სახასიათო დეკორით ფორმდება.

აჭარა ჯგუფისგან საერთაშორისო ქართული ბრენდის, Rooms Hotels-ის ამგვარი გაგრძელება, კომპანიის ცხადად გამოკვეთილი ფილოსოფიის ნაწილია. ესაა ღრმად შინაარსობრივი, ინოვაციური და ღირებული ტენდენციების შექმნა, ისტორიული მემკვიდრეობის გათვალისწინებით, მისი ორიგინალური და ფრთხილი ტრანსფორმაციით.

ამ ხაზს მიჰყვება აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი შეფის, ირაკლი ასათიანისა და Rooms Hotel Kokhta-ს შეფის, დათო კომახიძის მცდელობაც – ქართული კულინარიული ტრადიციები თანამედროვე აქცენტით მომზადდეს. აქაური რესტორანი ბრენდისთვის ჩვეულ კონცეფციას ატარებს – ფერმიდან მაგიდამდე ხაზს მიჰყვება და სამზარეულოში ადგილობრივი ფერმერების მიერ მოწეული სურსათ-სანოვაგით მარაგდება ისევე, როგორც ამ ჯგუფის ყველა სხვა სასტუმრო.

ასე რომ, Rooms Hotel Kokhta – როგორც მოდერნიზმისა და ბუნების ინოვაციური შეერთების ამბავი – უნიკალურია. აქ ძალდაუტანებლად ჩანს, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი და კულინარიული მიგნებები სისადავეს, ავთენტურობას და გარემოსთან ჰარმონიას ასხივებდეს. საღამოობით, სასტუმროს ტერაკოტისფერი მშვიდი განათებების მიღმა ნამდვილი, ხელშეუხებელი ბუნების მუქი ფერები გელით, დილაობით კი ამ კავშირს ფიჭვნარის ინტენსიურ სიმწვანესთან კიდევ უფრო მეტი სიცხადით იგრძნობთ. სულ სამიოდე საათი თბილისიდან და ეს თავგადასავალი შეიძლება ჩვენი საკუთრება გახდეს.

ტექსტი: მაკა კევლიშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა