ინტერვიუ ანა აბაშიძესთან

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
ილუსტრაცია: გიორგი ზიბზიბაძე

 

ბავშვთა უფლებები თანამედროვე სამყაროს თემაა – მათი დაცვა ტრადიციად თითქმის არცერთ ქვეყანას არ აქვს. ეს კიდევ უფრო ახალი თემაა ჩვენს ქვეყანაში, სადაც არასდროს ყოფილა ბავშვი – უფლების მფლობელი, მის ინტერესებზე აქამდე არცერთი სისტემა არ ყოფილა ორიენტირებული – არც გამოძიება, არც ჯანდაცვა, არც სოციალური დაცვა, არც შრომითი სფერო და არც განათლება. განათლება ბავშვზე ორიენტირებული დღემდე არ არის. ის სრულიად სუბორდინაციული და ძირითადად ზრდასრულზე ორიენტირებულია – ანუ ყველაზე, ბავშვის გარდა. ერთხელ ვუსმინე პედაგოგს, რომელიც ბავშვის გადამეტებულ უფლებას მიიჩნევდა პრობლემად. ითხოვდა, რომ სახელმწიფოს მასწავლებელი ბავშვისგან დაეცვა. სასაცილოა, მაგრამ თან – კატასტროფულიც. გამოდის, რომ პედაგოგი ბავშვს ისე უყურებს, როგორც მოწინააღმდეგეს – ბავშვია მისი არაპროფესიონალიზმის აღმომჩენი, პრობლემის სარკე.

პრობლემა კი ისაა, რაც უმრავლესობას ჰგონია: ბავშვი ნივთია – მშობლების პროექტი, გადააკეთე, გადმოაკეთე, თუ არ მოგწონს, გაანადგურე.

სხვაგანაც ბევრგანაა ასე. სიტუაცია რეალურად იმ ქვეყნებში დალაგდა, სადაც ეს პარადიგმა შეცვალეს. ჩვენ ხედვის ცვლილებაში ტრადიცია არ გვეხმარება და ამიტომ ვებრძვით განწყობებს, სტერეოტიპებს, ჩვევებს – ურთულესად შესაცვლელ ფაქტორებს.

უკვე ოთხი წელია, ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. იმ დღიდან ჩვენც მონიტორინგს ვუკეთებთ ბავშვთა უფლებების ნაწილს. ვსწავლობთ დღის წესრიგს – რა გეგმებს სახავენ წლიდან წლამდე და ეს არის ყველაზე ძლიერი ხაზი, როცა შეგიძლია, სისტემას პრობლემა შეუქმნა. ჩვენ ხომ ვიმყოფებით გარემოში, სადაც არცერთი პროექტი არ გვაქვს ბავშვთა უფლებებზე, არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც უპირველესად მოიცავს ბავშვთა თემას, ამიტომ მწყობრი, დალაგებული და წინასწარ გათვლილი სტრატეგია ძალიან რთული მისაღწევია. ჩვენთან პირდაპირ სასამართლოდან ვიწყებთ ბრძოლას. პირდაპირ სამართლებრივად ვთხოვთ პასუხს.

ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ბავშვის ფიზიკური დასჯა კრიმინალიზებული არაა.

აქ სხვადასხვა გარემოებას აქცევენ ყურადღებას – სისხლის სამართლის საქმეს ვერაფრით აღძრავენ იმაზე, რომ, ვთქვათ, სკოლაში ბავშვს მასწავლებელმა უჩქმიტა ან თავში წამოარტყა. ასეთ დროს ტკივილის სიმძიმეს, ტანჯვის ხარისხს აფასებენ და ამიტომ ეს შემთხვევები სისხლის სამართლის საქმემდე ვერ აღწევს. ის კი არა, გამოძიებაც არ იწყება. ამას ეძლევა მხოლოდ უფლება-მოვალეობების გადაცდომის კლასიფიკაცია, ზოგადი განათლების კანონის დარღვევა – მეოცე მუხლისა, რომელშიც წერია: არ უნდა იძალადო. დარღვევისთვის, მაქსიმუმ, მასწავლებელი სამსახურიდან გაუშვან. არადა, უფრო ფართო გაგებით, ჩქმეტა, წამორტყმა ძალადობაა, ღირსების შელახვაა და თუ ღირსების შელახვისთვის სისხლის სამართლით არ ვსჯით, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვზე ფიზიკური ძალადობა ჩვენთან არ ისჯება. ორი გაკვეთილის განმავლობაში ფეხზე რომ აყენებენ მას, ფიზიკური ზიანის ხარისხი კი არ უნდა ამოწმოს სისტემამ ამ დროს, არამედ ავტომატურად ღირსების შემლახველი დანაშაულის კლასიფიკაცია უნდა მიენიჭოს ამ საქციელს. ასეთი პირდაპირი და ცალსახა აკრძალვა ძალიან ეფექტურია ‒ პირდაპირ შეგიძლია ძალადობის შემთხვევების აღკვეთა. ამერიკაში ბავშვს რომ არავინ ეკარება, რატომ, არ უყვართ? იქ, ბავშვს რომ უბრალოდ მოეფერო, შეიძლება სექსუალურ ძალადობაში დაგდონ ბრალი. შეიძლება, არც ხარ მოძალადე, ისე ეფერები, მაგრამ სხვა შემთხვევებიც რომ ძალიან ბევრია? ამიტომ კანონი გეუბნება, თუ გინდა, თავი გადაირჩინო, საერთოდ არ მიეკარო ბავშვს – მინიმუმ, მშობლის ნებართვის გარეშე და მინიმუმ, მშობელთან ერთად. ჩვენც ამაზე ვლაპარაკობთ – ნერვები მოგიშალა ბავშვმა? გაგაბრაზა? არ აქვს მნიშვნელობა – არ მიეკარო! გეკრძალება! წარმოიდგინე, რომ დენს გირტყამს.

ჩვენთან ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის გამოძიებაც ვერ ხდება იმ მეთოდით, რითაც ახლა მუშაობს პროკურატურა. ასეთი შემთხვევა გავიხსენოთ – 5 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობა. პროკურორი და გამომძიებელი პროკურორი ამ საქმეს ვერასდროს გახსნიან, რადგან საქმე რომ შეკრა, მსხვერპლთან სხვაგვარი კომუნიკაცია გჭირდება, ბავშვზე სექსუალური ძალადობა უკიდურესად სპეციფიკური დანაშაულია. რა უთხრა, რა – არა, რა ჰკითხო, რა – არა. მაგალითად, რა არ უნდა მოაყოლო, რომ ორმაგი ტრავმატიზაციის საფრთხე არ შეუქმნა. საუბრის ასე წაყვანა ყველაზე ცუდად გამოსდის პოლიციელს და სტანდარტია, რომ პოლიციელი არ ელაპარაკოს ბავშვს, არც სოციალური მუშაკი, არც ზოგადი პროფილის ფსიქოლოგი. ამისთვის არსებობენ ცალკე პროფესიონალები, მაგალითად, ამერიკაში მათ ინტერვიუერებს ეძახიან. მარტო მათ შეუძლიათ ბავშვისგან ინფორმაციის მოპოვება. მეტიც, მოქმედება უნდა ხდებოდეს არა ექსპერტიზის ბიუროში, არამედ სამედიცინო დაწესებულებაში. ბევრ ადგილას კი არ უნდა ვატაროთ ბავშვი, არამედ ერთ ადგილზე მივიყვანოთ, სადაც ტრავმატოლოგი კი არ დახვდება, არამედ ტრენინგგავლილი, მომზადებული ექიმი, რომელიც ყველა საჭირო პროცედურას ჩაუტარებს. შემდეგ მივა ინტერვიუერი, მოიპოვებს ინფორმაციას წინასწარ გაწერილი მეთოდოლოგიით და მთელი ეს მასალა გაეგზავნება გამოძიებას.

ამის მერე კარგად მუშაობს პროკურატურა და გამოძიება, ოღონდ პარალელურად ის მუდმივად ურთიერთობს სოციალურ სამსახურთან, ფსიქოლოგთან. ეს ყველაფერი ცალ-ცალკე კი არაა, როგორც – ჩვენთან, პროკურატურაშივეა ეს გუნდი – ერთად წყვეტენ, ბავშვს რა სერვისი სჭირდება, რეაბილიტაცია, თუ ოჯახიდან განცალკევება. ამის ფონზე ისეთი დანაშაულებიც კი იხსნება, როგორიცაა 3 და 4 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედება. ეს ის შემთხვევაა, როცა ბავშვი ვერც ლაპარაკობს, ინტერვიუც არ შეიძლება, მაგრამ ინტერვიუერს ინფორმაციის აღება მაინც შეუძლია. მე მინახავს ასეთი გახსნილი საქმე. დაიჭირეს დედა და პარტნიორი და მათი დანაშაული წაიკითხეს ბავშვის ქცევიდან. ის ერთ სექსუალურ აქტს იმეორებდა – ქცევას, რომელიც შეუძლებელი იყო, ამ ასაკში თვითონ ჰქონოდა. პირველად ეს საბავშვო ბაღში შენიშნეს, გაჩნდა ეჭვის საფუძველი და ამ გზას მიჰყვნენ. გაირკვა, რომ ბავშვს დედა და მისი პარტნიორი აყურებინებდნენ თავიანთ სექსუალურ აქტს. მსგავსი საქმე ჩვენთან ვერ გაიხსნება. მსგავსი კი არა, იმ საქმესაც ვერ ხსნიან, როცა სასქესო ორგანოზე უკბინეს ბავშვს.

ამიტომ სისტემაა დასალაგებელი, ყველაფერი წვრილმანებამდეა გასაწერი, ჩარჩო არ გვივარგა. ვიღაცის პროფესიონალიზმის და გონებრივი შესაძლებლობების იმედად ვართ, რომ ის ვიღაც სწორ გადაწყვეტილებას სიტუაციურად მიიღებს – გააკეთებს იმას, რაც ფურცელზე არ უწერია, მაგრამ თვითონ მიხვდება და ამით ვიღაცას გადაარჩენს.

ბავშვები არ არიან ამომრჩევლები – ნახევრად ხუმრობით, მაგრამ პრობლემა ესეც მგონია – მათ არ აქვთ ის ძალა, რაც ხანდაზმულებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, თორემ არც მათთვის გაკეთდებოდა რამე. არჩევნებში ხმის უფლება მექანიზმია, როცა პოლიტიკურ სისტემას რაღაცებს აკეთებინებ. ვფიქრობ, ამიტომაც არის, პოლიტიკოსებს ბავშვთა თემა არ აინტერესებთ. ჩადებენ თუ არა ამ საკითხებს თავიანთ პროგრამებში, დიდ გავლენას მათ საარჩევნო შედეგებზე არ ახდენს. ეს უგულებელყოფაც კულტურის ნაწილია – თუ თვითონ მშობელი ფიქრობს, რომ თავის შვილს ისე განკარგავს, როგორც მოუნდება, სხვა როგორ დაიცავს ბავშვს, რომელზეც მისივე მშობელი ძალადობს?!

ამიტომ ვართ ჩვენ, უფლებადამცველები, თეთრი ყვავებივით. რაღაცას ვიტყვით და არც მშობელი გვიჭერს მხარს, არც მასწავლებელი.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სულ ასე იქნება. ფანტასტიკურ პროცესში ვართ ახლა – ემანსიპაციის პროცესში, რეალურად პირველად ხედავს ბავშვი, რომ აღარაა მარტო. ჩვენ მათ გვერდით ვართ, ასევე კარგი მასწავლებლები, ვინც არ უკლავენ პროტესტს, ვინც თავისუფლებას აძლევენ; ნებას რთავენ, დაუშვან შეცდომები, არ სთხოვენ ზრდასრული ადამიანის სტანდარტით ფიქრს. ბავშვი ითხოვს თავის ადგილს საზოგადოებაში და – სრულიად სამართლიანად.