ამბობენ, რომ „ყველა წერილი – სასიყვარულო წერილია“, მე კიდევ მგონია, რომ ყველა ურთიერთობა სასიყვარულო ურთიერთობაა.

ჩემს ცხოვრებაში დიდი და დრამატული ცვლილებები მოულოდნელად, დაუგეგმავად და ამავდროულად ძალიან ჩვეულებრივად ხდება, თითქოს მთავარი მოვლენების მიმდინარეობისას მე განზე ვდგავარ და შორიდან ვაკვირდები რას ვაკეთებ. მაშინაც ასე იყო; ლოგინზე ვიყავი წამოწოლილი და ტელევიზორს ვუყურებდი უხმოდ – კადრში ტყე ჩანდა, პერიოდულად ლურჯად ნათდებოდა, მერე ისევ ბნელდებოდა. სანამ ამ მედიტაციურ და უწყვეტ კადრზე ჩამეძინებოდა, აფხაზეთიდან ჩამოსული ბებიაჩემის მოყოლილი ამბავი გამახსენდა, თუ როგორ ისხდნენ ზაფხულის ერთ საღამოს ის და მისი მეგობრები ეზოში გრძელ სკამზე და ვარსკვლავებიან ცაში ლამაზ ფერებად გარდასახულ ტყვიამფრქვევის ფერად ჯერს შთაგონებულები უყურებდნენ. მეორე დილას, 2008 წლის 8 აგვისტოს, მუცლის სრულიად უცხო ტკივილმა გამაღვიძა და შვილი გავაჩინე. საშინელი აღელვების, სტრესის, სხეულებრივი ტრანსფორმაციის და კიდევ ბევრი მიზეზის გამო ჩემი მისდამი სიყვარულის განცდა არ დაბადებულა მასთან ერთად. თუმცა დაიბადა ზრუნვის ინსტინქტი – ველური, ცხოველური და ამავდროულად ძალიან ნაზი. მგონი პირველად მაშინ გავიაზრე, რომ სიყვარული პროცესია, თუმცა დანაშაულის შეგრძნება მქონდა, არარაობის განცდა, იმის გამო, რომ უპირობო სიყვარულის უნარი არ აღმომაჩნდა.

რამდენიმე დღე დიდ, მოცულობით ქაოსში გავატარეთ. ვიღაც ქალებს ჩემი შვილი მოჰყავდათ საჭმელად, გვერდზე მიწვენდნენ. მე კიდევ საშინლად მეტირებოდა აღელვებისგან, მისი და ჩემი უსუსურობისგან, მაგრამ თითქოს ნელ-ნელა, წვალებით და წვეთ-წვეთ ჩემი ძუძუებიდან რძესთან ერთად სიყვარულიც წვეთავდა. გვიან ღამით სამშობიაროში მძინარემ, საშინელი აფეთქების ხმა გავიგე და წამოვხტი, ვერ მივხვდი, რა უნდა მექნა და ინსტინქტურად, ფეხშიშველი დერეფანში გავიქეცი. იმ ოთახის კარი ჩუმად გავაღე, სადაც ჩემი შვილი იწვა. ოთახი გრძელი დერეფანივით იყო ბევრი შუშის საწოლით, სიბნელეში მძინარე ბავშვებს ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი, რომელია ჩემი შვილი, თითქოს ყველა ჩემი შვილი იყო, ან არცერთი. თუ საჭირო გახდებოდა, ალბათ, ყველა მე უნდა გადამერჩინა და ჩემი ჯერ ძალიან ჩვილი სიყვარულიც ყველასთვის გადამენაწილებინა. როდესაც ჩემი მშობიარობის ამბავს ვიხსენებ, დუგლას სირკის ფილმი „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“ მახსენდება. მისი მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს ხდება, ფილმში ბევრი აფეთქება და ნგრევაა, თუმცა სიყვარულია ისეთი მძაფრი და მფეთქავი, რომ ყველა ჩამონგრეულ შენობაზე მყარი და ხმამაღალი გეჩვენება.

სახლში მოჩვენებითი სიმშვიდეც დამიბრუნდა. ჩემი სამყარო ფიზიკურად დაპატარავდა და ერთი ადამიანის პატარა სხეულში მოექცა. მაშინ დამეწყო გაშლილ სივრცეებში აივნიდან ყურების საშინელი, გადაულახავი შიში და უსიამოვნო განცდა სხვაგან ყოფნისას. შემეძლო, მთელი დღეები ჩემი შვილის უმართავი ჟესტებისა და მიმიკებისთვის მეყურებინა. მეგონა, რომ ყველა სხვა ადამიანის სახეს გამადიდებელი შუშასავით ვხედავდი, ყველას ნაკვთები დიდი და უხერხულად მოახლოებული მეჩვენებოდა, მეგონა, რომ ყველა დისტანციას არღვევს და მძულდა მათი დიდი და უხეში ნაკვთები, სახეზე ასახული ბიოგრაფია და შიშები.

როცა ცოტა წამოიზარდა, სამსახურში გასვლა მომიწია, ჯერ კიდევ ვაჭმევდი, ამიტომ ნახევარი დღით მივდიოდი, მუშაობის დროს სხეული რძით მევსებოდა, ეს სისავსე ბიოლოგიური საათის ფუნქციას ასრულებდა, ვხვდებოდი, რომ სახლში დაბრუნების დროა. გზის მცირე მონაკვეთი უსასრულო მეჩვენებოდა, ზღურბლთან აქოშინებული მივრბოდი, წინ ორი დიდი ლაქით ყველა მაისურზე.

შვილთან ურთიერთობა ყველაზე მკვეთრად გვასწავლის იმ შეუთავსებლობებს, რომელიც სიყვარულს ახასიათებს. სიყვარული ხდება ის წიაღი, სადაც შეგრძნებების ანტიპოდები ერთიანდება, სადაც ერთად არსებობს ყველაფერი, რაც შეუძლებელია, არსებობდეს ერთად.

პირველად ამას მაშინ მივხვდი, ჩემი შვილი მაღაზიაში დამოუკიდებლად რომ გავუშვი და მე კი, სანამ ქუჩაში გასასვლელ თაღში ფერადი წერტილი არ გამოჩნდა, აივანზე გაუნძრევლად ვიდექი და ველოდებოდი. ზუსტად ამ დროს გამიქრა სივრცის შიში, რადგან მივხვდი, რომ ზრუნვის, საკუთარი კომფორტის და სიმშვიდის ხარჯზე გაშვების სწავლაა შვილთან ურთიერთობა. სიყვარული რამდენიმეფაზიანი პროცესია, რომელიც შეგუებას, მიჯაჭვულობას და ამ სრულიად მესაკუთრულ განცდაში მუდმივად გათავისუფლებას და გაშვების სწავლას ნიშნავს.

როდესაც ორსულობისას მუცელზე გაჩენილ რამდენიმე ხაზს ვუყურებ, მთელ პროცესს თავიდან გავდივარ, ასაკთან ერთად ეს ხაზები ფერმკრთალდება, მაგრამ მე კიდევ უფრო მეტი კითხვა მიჩნდება, მეტი შიში და პასუხისმგებლობა, რადგან ზრდასა და დათმობებთან ერთად როლები იცვლება – ის მშობელი ხდება, მე კი შვილი.