ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ბუნება

სახლი ტყის პირას | ნიანიში

მე გავარდნა მიყვარს.

შორს, ველურ ადგილებში. მაღელვებს ხოლმე იმაზე ფიქრი, რომ რამდენიმე ათეული კილომეტრით შორს ვარ ადამიანებისგან. ეს მარტოობა არ ჰგავს იმ მარტოობის შიშს, რასაც მეგაპოლისში იგრძნობ. ტყეში რაღაც დიდის ნაწილი ხდები.

რაც არ არის ტყეში – ეს სიჩუმეა.

სულ გესმის – ტკაცუნი, შრიალი, ჭახუნი, ზუზუნი. ტყე კი სავსეა,მაგრამ შენ ძალიან ცოტას ხედავ. მხოლოდ გრძნობ, რომ გარშემო ცოცხალი არსებები არიან.

წელიწადის დროებს და დღის მონაკვეთებს თავისი ხმა აქვთ. თუ ბევრს ივლი, ისწავლი, მხოლოდ ხმებით როგორ გაარჩიო, დილაა თუ შუადღე, უკვე ღამეა თუ ჯერ მხოლოდ ბინდი.

ხმით და სუნით ტყის სიღრმესაც გაზომავ. თვალდახუჭული რომ დაგაყენონ, ცოტა ხანში იტყვი რამდენად შორსა ხარ დასახლებიდან. გამოიცნობ, კლდეებთან ხარ, მდელოზე თუ წიწვოვან ტყეში. 

სიცხეში, მზეზე ყოველთვის მჭახე, მჟღერი, ყურისწამღები ხმები ისმის. ღამით, როცა უჩინარი არსებები გამოლაგდებიან, სულ სხვა ნაკადი იწყება – უფრო დაბალი და ყრუ.

ზამთარში ტყეში ბარდნის ხმა ისმის, გაზაფხულზე დამდნარი თოვლის სუნი დგება. მერე მიწა თბება, ცხელდება და ოხშივარი ასდის. გაზაფხულზე უფრო წყლის წკაპუნის ხმა გესმის, და ქარის შრიალის. ძლიერ ქარში ტოტები ერთმანეთს ეჯახება და მტვერი ასდის.



ფოტო: ნატა სოფრომაძე

სულ სხვანაირად შრიალებს ჯერ კიდევ ყლორტებიანი ტოტები გაზაფხულზე და ბოლომდე ფოთოლგაშლილი ხე ზაფხულში.

შენ შეგიძლია ამ ხმებიდან აირჩიო ერთი და იმას გაჰყვე. აი, სადღაც ბზუიან ფუტკრები, დაიჭერ ამ ხმას და უსმენ, მერე სხვა ხმასთან შეაერთებ, ახალს მიუმატებ.

ტყეში არასდროს ვსეირნობ. სწრაფად და რიტმულად დავდივარ. დავდივარ, დავდივარ. სულ მაქვს ცდუნება, რომ აი ცოტა კიდევ უფრო შორს წავიდე. როცა უცნობ ადგილებში ვხვდები, ნიშნებს ვტოვებ ან განსაკუთრებულ ადგილებს ვიმახსოვრებ, რომ უკან დავბრუნდე, მაგრამ გზის დაკარგვაც კარგი რამეა. ხანდახან წარმოვიდგენ, როგორ ვიკარგები და როგორ ვპოულობ უკან დასაბრუნებელ გზას.

თითქმის არასდროს ვჩერდები. შეიძლება ცოტა ხნით ჩამოვჯდე ხავსზე ან კუნძზე, დავისვენო, მერე ისევ მივდივარ.

მენატრება ხოლმე ჩემი შეყვარებული ადგილები. კლდეები, ბილიკები, სოკოების ბაღები, ხე, რომლის ძირას რბილი ბნელი ხავსის მდელოა. მივდივარ დილით, სანამ დაცხება, ან მერე, მზე რომ გადაივლის.

მე კლდეები მიყვარს, სიმშრალე.

ტყეში დროს ადგილებით და დისტანციით ვითვლი.

დავდივარ ბრახა-ბრუხით, ლაწა-ლუწით, ან პირიქით, როცა რამეს ვუგდებ ყურს, შეიძლება გავისუსო.

არასდროს მინახავს მობალახე შველი, ან ბაჭია, რომელიც ბალახს ჭამს. ტყეში ცხოველები ახლოს არ მოდიან.

მე ტყის პირას ვცხოვრობდი. ეზოს არ ჰქონდა ღობე და ეს ჩემი სამყარო იყო, ველური და უღრანი, ძალიან ნაცნობი და მყუდრო სახლი.

არ მიყვარდა სტუმრები. იქ ჩემი ყველაზე საკრალური რაღაცეები მეგულებოდა და როცა მოდიოდნენ ვიღაცეები, ვინც  ჩემს ლეგენდებს არ იცნობდა, რჩებოდნენ უცხოდ.  ვიცოდი, ვერასოდეს დაინახავდნენ იმას, რასაც მე ვხედავდი. ჩემი ტყე მათთვის პარკი იყო, სასეირნო ადგილი, ჩემთვის კი – სამფლობელო, მთელი სამყარო.

______________________________________________________________________
ტექსტი: ნიანიში
ფოტო: ანნა ძიაპშიპა