ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ემიგრაცია

სამი ველოსიპედი | პაპუნა, თბილისი

პაპუნა, 36 წლის, თბილისი

ორ კვირაში პაპუნა იტალიაში მიდის ქსოვილების საყიდლად, თავისი ახალი ტანსაცმლის მაღაზიისთვის, რომელიც თბილისში გახსნა.

– ოთხ დღეში ყველას ვერ ვნახავ. ამიტომ ზოგს არც ვეუბნები, რომ მივდივარ, არ ეწყინოთ.

შვიდი წელი იცხოვრა იტალიაში, ცოტა ხანს სიცილიაში, ძირითადად მილანში, მაგრამ თავიდან ჰოლანდიაში წავიდა.

მე და ჩემი მეგობარი პროფესიონალი მოცეკვავეები ვიყავით, თანამედროვე ცეკვის ანსამბლში ვცეკვავდით, თურქეთში სასტუმროებში, გემებზე კლუბებში ვცეკვავდით. ერთხელ, ანტალიაში ცოლ-ქმარი გავიცანით, ასაკში იყვნენ, ამსტერდამში დაგვპატიჟეს, ქმარმა, კლუბის მენეჯერი ვარო და თქვენ ევროპაში უნდა იცეკვოთო. ბევრი არ გვიფიქრია, კრედიტი ავიღეთ, გავაკეთეთ საბუთები, ვიყიდეთ ბილეთები და ამსტერდამში წავედით.

დავრეკეთ იმ ტელეფონზე, რომელიც ცოლ-ქმარმა მოგვცა და არავინ გვიპასუხა. ვიდექით ქუჩაში, გვქონდა 73 ევრო და რაღაც უნდა გვექნა, რომ ბურბუშელა მაინც გვეჭამა.

ქალაქი კი მომეწონა, მეგონა, სკოლაც იქ დავამთავრე, მაღაზიები მომეწონა. დავდიოდით გაპრანჭულები, უკაპიკოდ, ზუსტად რომ ვიცი, ზეგ ვეღარსად ვერ დაიძინებ, გავხედე ჩემს მეგობარს და ისეთი სახე ჰქონდა, „ფილმი „არ დაიდარდო“ არ გინახავს-მეთქი?”

ამასობაში სახლშიც ხომ უნდა გვეთქვა რამე, დავრეკეთ და ვუთხარით, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს, დაგვხვდნენ და რესტორანში მივდიოდით საჭმელად.

პირველად წავედით ბარში. ვიარეთ კარდაკარ, მიმტანი ან ბარმენი ხომ არ გჭირდებათ-თქო, მენეჯერებს ვეკითხებოდით. ბოლოს ერთმა უკრაინელმა გოგომ გადაგვარჩინა, კლუბი ჰქონდა და GOgo მოცეკვავეებად აგვიყვანა. გარისკა, ჩვენ საბუთი არ გვქონდა, მალე ვერც გავაკეთებდით. რომ მოვიდოდნენ ხოლმე შესამოწმებლად, ჩვენ გვმალავდნენ, ან სტუმრებს შევერეოდით, რომ არ შევემოწმებინეთ.

ძალიან ჩვენი იყო ეს ქალაქი, სულ არ მადარდებდა, ორი ევრო მქონდა თუ ას ოცი. კარგად ვიყავი. ანაზღაურებაც არ იყო ცუდი, ოცწუთიან ცეკვაში უსაბუთოებს 70 ევროს გვაძლევდნენ, საბუთიანებს – მეტს, ზუსტად არ ვიცი, რამდენს.

ჩემი მეგობარი სულ დაძაბული იყო, ყოველდღე ალაგებდა ბარგს, უნდა წავიდეო. ბოლოს ყელში ამომივიდა და ვუთხარი, აი, ოთხშაბათს ფრენაა და მე გაგაცილებ-მეთქი. არ წავიდა.

მაგრამ ეს უსაბუთობა ძალიან გვიშლიდა ხელს, ბინას ვერ ვქირაობდით, ყველგან კონტრაქტს გვთხოვდნენ. ვერ გავრისკავდი, თან ძალიან სტანდარტული ისტორიაა. მოკლედ, ვილაპარაკეთ მე და მამუკამ და გადავწყვიტეთ, რომ უნდა ჩავბარდეთ. თან ძალიან გადაიღალა თბილისში ტყუილების მოყოლით, თან ვალი გვქონდა 5000 ევრომდე. მაგრამ ვიღაც სამსახურს დამპირდა, მე ვალი ავიღე, დავადე თავი და ჩამოვედიო, ხომ არ ეტყვი აქ ხალხს? ამიტომ რაღაც ამბავი მოვიგონეთ, ვუთხარით, ორიენტაციის გამო გვდევნიან ჩვენი ქვეყნიდან-თქო. მერე სულ გაკონტროლებენ, დაგყვება სოციალური მუშაკი, ეს შტერი ფსიქოლოგი მეკითხება, როგორ გძინავსო. ვეუბნები, ფანტასტიკურად-მეთქი. შენ თუ ასეთი ტრავმა გაქვს, ქვეყნიდან გამოგაგდეს, და ფანტასტიკურად გძინავს, ესე იგი რაღაც ვერ გაქვს კარგად, ხო? იპრანჭები, კლუბებში დადიხარ, არც დეპრესია გაქვს. მოკლედ, არც დაიჯერეს და არც ჩვენ მოვინდომეთ დიდად. ძალიან დამღალა ამათმა დაკვირვებებმა, ცხოვრობ ბანაკში, გაძლევენ კვირაში 70 ევროს და უნდა იმყოფინო. ამ ბანაკში ბევრი ქართველი იყო, არავინ არ ამბობდა ნამდვილ ამბავს, რაღაც რეალითი შოუში მეგონა თავი. ისე კი დავმეგობრდით რამდენიმესთან.

მერე სკოლაში მიგვიყვანეს. ორიანებზე ვსწავლობდი და გამომაგდეს. ეს ჩემი მეგობარი კი სწავლობდა რაღაცას.

ყველაფერი გაწერილი იყო, ხუთზე იქ უნდა იყო, ექვსზე სხვაგან და, მოკლედ, ჩავალაგეთ ბარგი და წავედით იტალიაში. ძალიან სერიოზულად დავგეგმეთ, როგორ გავიპარებოდით, მე, მამუკა და კიდევ ერთი ბიჭი ბანაკიდან. არადა, ვის ადარდებ თურმე, წახვედი და რჩებათ ერთი პრობლემით ნაკლები.

800 ვერომდე დაგვიჯდა მატარებლის ბილეთი. პარიზის გავლით მივდიოდით მილანში. პარიზში 8-საათიანი შუალედი გვქონდა, ფული გაგვითავდა, დავჯექი ეიფელის კოშკთან და მაინც ბედნიერი ვიყავი. გავხედე ჩემს მეგობარს და შეშინებული მიყურებდა. ვეუბნები, გაერთე, დაისვენე, მერე რა, რომ გვშია-მეთქი.

მილანში პირველი რაც დავინახე, დისქუარდის დიდი ბანერი იყო, პიაცა დუომოსთან, და მამუკას ვუთხარი, უეჭველად გავაკეთებთ საბუთებს და აქ დავრჩებით-მეთქი.

ეს ისეთი ქალაქია, თვითონ გეტყვის, აქ არ უნდა იყოო. ჩემთვის ეგრევე ჩემი კლასელი გოჩა გაიჩითა.

მე ვიცოდი, დღეს რომ რაღაც ცუდი მოხდეს, ხვალ იმაზე გამეცინებოდა. მთავარია ჯანმრთელობას არ ეხებოდეს, თორემ ორ ევროს მოიპოვებ, რა, ორი ხელი და ორი ფეხი გაქვს, იმუშავებ ბოლოს და ბოლოს.

იმავე საღამოს წავედით ბარში, გავედი მოსაწევად, ხოდა, ღმერთს ხო ყველა უყვარს, მაგრამ ძაან ჩემიანია ეს ღმერთი. გამოვიდნენ ტიპები და სანთებელა მთხოვეს, გამოველაპარაკე, დავმეგობრდით და პირველი სამსახურიც ვიშოვე.

ფედერიკო ბაბუამ ჩემამდე ცამეტი მომვლელი დაითხოვა, ოთხმოცდახუთი წლის იყო და ალცჰაიმერი ჰქონდა.

შვილიშვილებმა გამაფრთხილეს, ძალიან ურჩი და პრეტენზიული კაციაო.

დღეში ხუთ საათს მაინც ერთად ვატარებდით, ვჩხუბობდით, ვცეკვავდით, ვვარჯიშობდით, ცირკშიც დავდიოდით, ბოლოს ისე გავთამამდით, კლუბშიც დავიწყეთ სიარული და იქ გამოგვიჭირეს შვილიშვილებმა, ფედერიკო კოკა-კოლით ხელში ცეკვავდა.

უამრავი ცუდი სიტყვა ვასწავლე ქართულად.

დაწვრილებით

ისე მაგარი ფანტაზია ჰქონდა, მიყვებოდა ისტორიებს, რა იყო სიმართლე და რა არა, რა ვიცი, მაგრამ იტალიური უნდა მესწავლა და ამიტომ ვუსმენდი დიდი ინტერესით. გიჟდებოდა ლედი გაგაზე, ყოველ დილით ვუსმენდით, ჩემი აზრით, ეს ძალიან სახალისო დაავადებაა.

თავიდან საბანაოდ არ შედიოდა.

მერე დავაკვირდი, რომ ბავშვივით იყო, რასაც მე ვაკეთებდი, იმას იმეორებდა.

რომ მეთქვა, იბანავე, ბაბუა, მივდივართო - არ ბანაობდა. ახლა მე ვიბანავებ და შენ დამელოდე-მეთქი, ვეტყოდი თუ არა, შევარდებოდა აბაზანაში.

რვა თვის მერე წამოვედი ბაბუასგან, მაღაზიაში დავიწყე მუშაობა. ეგეც ბაბუას დამსახურება იყო. გამოვედით ერთხელ მაღაზიიდან, ქუჩა გადავკვეთეთ და ბაბუამ ჯიბიდან ახალი კონ დე გაღსონის ფლაკონი ამოიღო.

გაგიჟებული ვეკითხები, ეს საიდან გაქვს-მეთქი და არ ვიციო. მაღაზიიდან მოიპარა და ეგრევე დაავიწყდა.

გამოვართვი სუნამო და მაღაზიაში დავაბრუნე. მერე მენეჯერს გამოველაპარაკე, მადლობა გადამიხადეს, საიდან ხარო, მკითხეს, მოკლედ, ძალიან მალე ამ მაღაზიაში დავიწყე კონსულტანტად მუშაობა.

ბაბუასგან რომ მოვდიოდი, ასე მეგონა, ოჯახის წევრს ვტოვებდი. თვითონაც ძალიან განიცადა, მერე გაბრაზდა და სულ ვაფანკულო მეძახა.

უმეტესად მაღაზიებში ვმუშაობდი, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში საუკეთესო კონსულტანტების ათეულშიც კი შევედი.

შემოდიან ეს მდიდარი იტალიელები და ყურადღებას არ გაქცევენ, ეს უფრო დიდ აზარტში მაგდებდა, სამ თვეში ეს ხალხი რომ შემოდიოდა, მკითხულობდა, პაპუნა სად არისო.

უფრო იტალიელებთან ვურთიერთობდი, იმიტომ რომ ქართველები სულ მუშაობენ. იტალიაში არიან და საქართველოში ცხოვრობენ. მე კიდე მეგობრებს სკაიპით რომ ველაპარაკებოდი, ვატყუებდი, მენატრებით-მეთქი, არავინ არ მენატრებოდა.

ზოგი არ მუშაობდა, პარკში იჯდა.

პარკში მჯდომები ყველაზე სასაცილო ხალხია, იმიტომ რომ ვერ ხვდებიან, სად არიან.

აი, ასე სხედან და თუ რამე გამოჩნდება. ზოგი რაღაცას ჩალიჩობდა, იქ ხო იოლია ყველაფერი. აიღე, ჩაიდე, გამოდი. ოღონდ მაგას მარტო ქართველი არ აკეთებს. ყველა აკეთებს.

მერე შოპინგ-ასისტენტი გავხდი. ორი ქალი გავიცანი, ძალიან აფრენდნენ, დამირეკავდნენ და დავყვებოდი მაღაზიებში. ხელფასზე მეტს ეგენი მიხდიდნენ. მეც მყიდულობდნენ რაღაცეებს.

ისე ვცხოვრობდი, თითქოს ძალიან ბევრი ფული მქონდა. ერთხელ შევედი დისქუარდის მაღაზიაში, ბათინკი მომეწონა. ფული, რა თქმა უნდა, არ მყოფნიდა, არადა, ვიცი, რომ ეს ბათინკი უნდა მეცვას. მეგობარს გამოვაგზავნინე ფული თბილისიდან, თვის ბოლომდე ძალიან გამიჭირდა და ცოტა საჭმლის ფულში მომეხმარე-მეთქი. შეაგროვა იმან ფული, წავედი და ვიყიდე ბათინკი. საღამოს მოვუყევი, კინაღამ გაგიჟდა.

როგორ შეიძლება, იტალიაში იცხოვრო და დისქუარდი არ ჩაიცვა.

აუცილებლად უნდა ჩაიცვა.

რესტორანში ჭურჭლის მრეცხავის დამხმარედაც ვიმუშავე, ძალიან სვეტსკი ხელთათმანები მქონდა, შავი.

ერთხელ მე და ჩემი მეგობარი მამუკა ორსართულიანი სახლის დასალაგებლად წავედით. კარგად ჩაცმულები მივედით, დავიწყეთ დალაგება. მამუკა პირველ სართულს ალაგებდა, მე მეორეს, საძინებელში ამ ქალის საყურეები იდო, ძვირფასი არა, ბიჟუტერია, პირდაპირ რომ მაგრდება ყურზე. მოკლედ, გავიკეთე ეს საყურეები, ისე, გასართობად, თან ხელში მტვრის საწმენდი ბუმბული მიჭირავს. შემოდის სახლის მეპატრონე და ამ საყურეებით რომ დამინახა, ორივე გარეთ გამოგვაგდო და ოცი ევრო მოგვცა. არ მინერვულია დიდად, მამუკას, რა თქმა უნდა, შერცხვა.

მერე ესპანეთში წავიდა, იქაა ახლაც, ბარსელონაში ცხოვრობს, მუშაობს, კარგად არის.

პირველად ამსტერდამში მივხვდი, რომ ერთად გზას ვერ გავაგრძელებდით. იქ კლუბში წვეულებები იმართებოდა, შენ ცეკვავ, ართობ ხალხს, ესაა შენი საქმე. ერთხელ გეი წვეულებაზე, ორივემ ვიცეკვეთ ჩარლსტონი, მე კარგად გავერთე, მაგრამ მამუკას რომ შევხედე, თითქოს შეურაცხყოფილი იყო და თითქოს რაღაცაში მადანაშაულებდა. მოკლედ, ყველაფერს ძალიან სერიოზულად უყურებდა. მე არ შემიძლია ეგრე. სცენაზე ხარ და ესაა შოუ, იცეკვე, რა…

მოკლედ, დავიშალეთ.

იტალიური უკვე ძალიან კარგად ვიცოდი და იამამოტოს მაღაზიაში ვმუშაობდი. საბუთებიც მოვაგვარე და დავლაგდი, დავიძინე, გავიღვიძე და ძალიან მომინდა საქართველოში, უცბად ყველა ერთდროულად მომენატრა და დავიწყე შვებულების დროს თბილისში ჩამოსვლა. ჩამოვდიოდი და მივდიოდი.

მერე, ის გავაკეთე, რასაც ყველა აკეთებს, მე კიდე სულ მიკვირდა, რატომ იქცევიან ასე-მეთქი - პატარა საქართველო ვიპოვე მილანში და იქ დავიწყე ცხოვრება.

ჩემმა მეგობარმა მიმიყვანა იმ ბინაში, ეზოდან იყო შესასვლელი, პირველ სართულზე. სულ სამი ოთახი იყო, წინ შუშაბანდით. ჩემამდე უკვე ცხოვრობდა 4 კაცი. ყველას ერთ საძინებელში ეძინა, მე ცალკე ოთახი დამითმეს.

პირველი ორი დღე, უცნაურად მიყურებდნენ, ჯერ საყურეზე, მერე ტანსაცმელზე, მერე მისმენდნენ უცნაური სახეებით. საქართველოში ჩვენ არასოდეს შევხვდებოდით, არც დაველაპარაკებოდით ერთმანეთს.

ხოდა, სამ დღეში ვიყავით ოჯახის წევრები. როდის მოხვალ? დაგაგვიანდება? რა ჩავიცვა? უშენოდ ჭამას არ ვიწყებთ და ა.შ.

ერთად ვალაგებდით, საჭმელს ვაკეთებდით, ვრეცხავდით ჭურჭელს, საერთო ბიუჯეტიც კი გვქონდა, გადასახადებს ვიყოფდით, ერთმანეთს ვეხმარებოდით.

ომარი თავიდან საერთოდ არ გამოდიოდა საძინებლიდან, 50 წლის კაცია, სამსახურს ხან შოულობდა, ხან ვერა, არადა, სახლში ჰქონდა ფული გასაგზავნი ცოლ-შვილისთვის. მერე იპოვა საქმე, დღეში სამ ველოსიპედს ხსნიდა ქუჩიდან და ყიდდა.

დილით დაეწყობოდნენ ჩემი საძინებლის კართან და მეკითხებოდნენ: პაპუნა, ეს ამას უხდება?

გარეთ რომ გახვალ, მაინც ველოსიპედი უნდა მოიპარო და რა მნიშვნელობა აქვს, რა გეცმევა-მეთქი. მალე ყველა ჩემნაირად ლაპარაკობდა.

საღამოობით ქართულად ვქეიფობდით, სადღეგრძელოებს ვამბობდით და საქართველოს ვიხსენებდით. ასე ერთობოდნენ, გულს აყოლებდნენ.

მაგრამ მაინც სულ ნერვიულობდნენ, ბევრი ფული უნდა გამოეგზავნათ სახლში, მე 200 ევროს ვგზავნიდი თვიურად, ჩემები მეტს არ მთხოვდნენ, არ მაწუხებდნენ.

რომ მოვდიოდი და ვემშვიდობებოდი, არ სჯეროდათ, რომ აღარასოდეს დავბრუნდებოდი იტალიაში საცხოვრებლად. თითქოს ყველას ჩემზე მეტად ენატრებოდა საქართველო, მაგრამ წამოსვლას არავინ ფიქრობს, არ გონიათ, რომ დაბრუნება შესაძლებელია. არადა, რომ გითხრა, ბევრი ფული დავაგროვე-მეთქი, მოგატყუებ, უბრალოდ გადაწყვეტილების ამბავია. გადავწყვიტე, ჩამოვედი, ვალი ავიღე და გავხსენი ჩემი მაღაზია. ბიზნესი ვალით უნდა დაიწყო.

არ არსებობს, იქ დავბრუნდე.