ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სამხრეთ ოსეთის სტატუსი

1918-1921 წლებში, პირველი რესპუბლიკის დროს, შეიარაღებული კონფლიქტის მიუხედავად, ოსებს ეთნიკური ნიშნით ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული არ ჰქონიათ. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კი, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ეთნიკური უმცირესობებისათვის, მათი ნაციონალური თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით, სსრკ-ის მთელ ტერიტორიაზე, 1920-იან წლებში იქმნებოდა ავტონომიები.

1921 წლის 6-8 სექტემბერს გაიმართა სამხრეთ ოსეთის რევოლუციური და პარტიული კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, რომელმაც დაამტკიცა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია და სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრების პროექტი. 17 ნოემბერს ბოლშევიკი ლიდერების, ალექსანდრე ჯათიევისა და მამია ორახელაშვილის მოხსენების საფუძველზე, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა სამხრეთ ოსეთს არ განუსაზღვრა რესპუბლიკის სტატუსი და მხოლოდ ოლქის სტატუსი მიანიჭა.

1921 წლის 12 დეკემბერი – საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრად განსაზღვრა ქალაქი ცხინვალი. ავტონომიური ხელისუფლება ვრცელდებოდა ეთნიკური ოსებით დასახლებულ ტერიტორიაზე. გამონაკლისი იყო ჩასავლის საზოგადოება, რომელიც რჩებოდა რაჭის მაზრაში და კობის რაიონი, რომელიც დუშეთის მაზრას ეკუთვნოდა. ცხინვალის რაიონის ეთნიკურად ქართული მოსახლეობის პროტესტის თავიდან ასაცილებლად, ცხინვალის ირგვლივ მდებარე ქართული სოფლები დარჩა გორის მაზრის შემადგენლობაში – რაიონული რევკომების ხელში.

1922 წლის 2 მარტს საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციის პირველი თავის მიხედვით, თავისუფალი თვითგამორკვევის საფუძველზე, მის შემადგენლობაში შედიოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის  საბჭოთა რესპუბლიკა.

1922 წლის 12 მარტს ხელი მოეწერა ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების; –: აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს სამოკავშირეო ხელშეკრულებას. ფედერაციის უზენაეს ხელისუფლებას წარმოადგენდა წარმომადგენლობით უფლებებზე დაფუძნებული კონფერენცია. მას თანაბარი რაოდენობით ირჩევდნენ აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მთავრობები. სამხრეთ ოსეთს ამ ორგანოში შეეძლო საკუთარი წარმომადგენელი ჰყოლოდა.

1922 წლის 20 აპრილს განისაზღვრა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები და მართვის ორგანოები – სახალხო კომისარიატები.

1922 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, რომელიც წარმოადგენდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (რსფსრ), უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (უსსრ), ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა (ბსსრ) და ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის, ერთ სამოკავშირეო სახელმწიფოდ გაერთიანებას.

1927 წლის 3 აპრილის საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაეს ორგანოთა გამგებლობის საგანს მიეკუთვნება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის საერთო-ადმინისტრაციული დაყოფა და ავტონომიური რესპუბლიკებისა და ოლქების საზღვრების დაწესება.

1936 წელს დაიშალა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა. მასში შემავალი სუბიექტები ინდივიდუალურად შევიდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.

1937 წლის საქართველოს სსრ კონსტიტუციაში დაფიქსირდა სამხრეთ ოსეთში შემავალი ადმინისტრაციული ოლქები: ლენინგორის, სტალინირის, ჯავის რაიონები და ქალაქი ცხინვალი, რომელიც არცერთი რაიონის შემადგენლობაში არ შედიოდა. ამავე კონსტიტუციამ განსაზღვრა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახელისუფლებო ორგანოები.

1977 წელი – საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კონსტიტუციის თანახმად, მოკავშირე რესპუბლიკა განსაზღვრავდა სამხარეო, საოლქო, რაიონულ დაყოფებს და წყვეტდა ადმინისტრაციული და ტერიტორიული მოწყობის საკითხს.

1989 წლის 26 მარტს – საბჭოთა კავშირში პირველი მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ აირჩიეს სახალხო დეპუტატთა ყრილობა. საბჭოთა კავშირში პოლიტიკური ცვლილებების დრო იყო. 

1989 წლის 15 აგვისტოს გამოიცა დადგენილება ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის შესახებ. პროგრამით განსაზღვრული იყო ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი. დოკუმენტმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთში მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. არალეგალურმა ორგანიზაცია „ადამონ ნიხასმა“ ცხინვალში საპროტესტო მიტინგი გამართა.

1989 წლის 4 სექტემბერს სამხრეთ ოსეთში მიიღეს დადგენილება ოსური ენის განვითარების პროგრამის შესახებ. ეს იყო პასუხი თბილისში მიღებულ ენის პროგრამაზე.

1989 წლის სექტემბრის ბოლოს სიტუაცია სამხრეთ ოსეთში უკიდურესად დაიძაბა. განსამუხტად ცხინვალში ჩავიდნენ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გუმბარიძე და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჭითანავა. პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა. კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა.

1989 წლის 10 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმებისა და ავტონომიური რესპუბლიკის შექმნის შესახებ. ამის შესახებ თანხმობა ითხოვეს საქართველოს უზენაესი საბჭოსგან. ცენტრალურმა ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაცვლად დაიწყო სამართლებრივი აქტებით ომი.

1989 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების გადაწყვეტილება, როგორც კანონთან შეუსაბამო აქტი.

1989 წლის 23 ნოემბერს დაახლოებით 15 ათასამდე ქართველი, ეროვნული მოძრაობის ლიდერების მეთაურობით, მარშით დაიძრა ცხინვალისკენ. მშვიდობიანი მიტინგის ჩატარება ვერ მოხერხდა. ამის საშუალება მათ არ მიეცათ. მიტინგი ქალაქის შესასვლელთან გამართეს.

1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს სესიამ მიიღო დეკლარაცია – სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ.

1990 წლის 22 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 20 სექტემბრის გადაწყვეტილება ავტონომიური ოლქის ე.წ. დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება. მათ შორის, 1990 წლის 2 დეკემბრისთვის არჩევნების დანიშვნისა და გამართვის შესახებ.

1990 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს ხელისუფლების პროტესტის მიუხედავად, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მაინც ჩატარდა უზენაესი საბჭოს არჩევნები.

1990 წლის 11 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა საბჭომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. უკიდურესად გამწვავებული ვითარება მხარეთა შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

1991 წლის 23 მარტს ყაზბეგში გაიმართა მოლაპარაკება გამსახურდიასა და ელცინს შორის, სადაც სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სტაბილიზაციის მისაღწევად ერთობლივ მოქმედებებზე შეთანხმდნენ.

1992 წლის 24 ივნისს სოჭში ელცინსა და შევარდნაძეს შორის ხელი მოეწერა საქართველო-ოსეთის კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპებს. ეს იყო ორმხრივი დოკუმენტი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომ ყოველმხრივ მოწესრიგებულიყო კონფლიქტი ოსებსა და საქართველოს რესპუბლიკას შორის.

1993 წლის 2 ნოემბერს მიღებულ იქნა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ კონსტიტუცია. კონსტიტუციის 23-ე მუხლით კი, ჩრდილოეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარი ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს არ უნდა უშლიდეს ოსი ხალხის ეთნიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ერთიანობას.

2004 წლის 3-4 იანვარი – ვარდების რევოლუციის შემდეგ, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ცხინვალის რეგიონში ჩავიდა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ამაზე აღნიშნა, რომ სააკაშვილის „ეს ნაბიჯი სიმბოლური იყო და ხელი არ შეგვიშლია. მომავალში კი ასე თვითნებურად ცხინვალის რეგიონში ჩამოსვლა ჩვენთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ მოხდება“.

2004 წლის 26 მაისს – პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ფართო ავტონომიების სტატუსი შესთავაზა.

2004 წლის ივნისი – აგვისტო. რუსეთმა ცხინვალის რეგიონში დამატებითი სამხედრო ტექნიკა შეიტანა. ოსურ და რუსულ მხარეებთან შეუთანხმებლად, საქართველომ სამშვიდობო კონტინგენტი გაზარდა და რუსული ავტოკოლონა დააკავა. საპასუხოდ, ორმოცდაათამდე ქართველი სამშვიდობო დაატყვევეს და ცხინვალის ცენტრში, მოედანზე დააჩოქეს. აგვისტოში კონფრონტაცია შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეტაკებებს ორივე მხარეს 26 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

 

ტექსტი: დავით ჯიშკარიანი, ისტორიკოსი