გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
შაოლინი
თეგები: #პროზა

შაოლინი

ყდა: ლევან კვარაცხელია

ცდებოდა მესაია რომ ამბობდა, რევოლუცია არ გატელევიზორდებაო.

რევოლუცია გატელევიზორდება!

რევოლუცია გატელევიზორდება და პირდაპირ ეთერში მოხდება,

რევოლუცია გატელევიზორდება და იქნება ყველგან,

რევოლუცია იქნება სოც ქსელებში

და რევოლუცია იქნება პორნო საიტებზე

და ასოს გასადიდებელ სარეკლამო ბანერზე ხელი რომ წაგიცდებათ იქაც რევოლუცია დაგხვდებათ,

რამეთუ და რადგანაც რევოლუცია ყოველთვის დიდი ასოებით იწერება

რევოლუცია გატელევიზორდება და დაიჭრება პრე როლებად და დასპონსორდება პირატულ საიტებზე და როცა კი რომ ახალი ფილმს ჩაუჯდებით ან წაუწვებით, რევოლუცია იქნება პირველი რასაც ნახავთ და რევოლუციას ნახავთ ყოველ დაპაუზებაზე და რევოლუციას ნახავთ ხმის აწევის დროსაც და რევოლუციას ნახავთ და რევოლუციას ნახავთ და რევოლუციას ნახავთ...

და რევოლუცია გატელევიზორდება და გატელევიზორდება კი არა რევოლუცია დაგხვდებათ კარგად გარემონტებულ, კონსიერჟიან და ლავანდის სუნიან სადარბაზოებში და შვიდ პერსონაზე გათვლილ ულტრა ჩუმ ლიფტებში.

რევოლუცია დაგხვდებათ შარდის სუნით და განავლის გრაფიტებით მიწისქვეშა გადასასვლელებში და მიშლენის რესტორნებში დაგხვდებათ რევოლუცია და რევოლუციას მოგიტანენ სახლში და რევოლუციას მოგიტანენ ოცდაოთხი შვიდზე მომუშავე, გამთენიის და ლანჩ თაიმის ანგელოზები, მოპედიანი ანარქისტი გოგო ბიჭები რომლებმაც რომ დიდი ხნის წინ დაივიწყეს საგზაო მოძრაობის წესები და დაივიწყებენ სხვა კანონებსაც და შეგაზელენ რევოლუციას თმაში აზიურ ნუდლსთან ერთად და გაატარებენ შენ კისრის ძარღვებს ბიურგერის ბურგერში და გაჭმევენ შენ თავს რევოლუციის სოუსით

სოუსი...

სოუზი...

საუზი...

რევოლუცია შემოაღწევს თქვენს შავ ჯიპებშიც, მშიერი ბავშვები რომ შავ-ყვითელი სიჩქარის შემანელებლებივით გაწვებიან ასფალტზე და თუ გადაუვლი ერთს და მოდი გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ რომ ერთსაც გადაურეთ და ათას ერთსაც, სხვა ათი ათასი მოვა, რამეთუ და რადგანაც თქვენი ლოცვით და შემწეობით ყოველი მეექვსე ბავშვი შიმშილის ზღვარზეა

და რევოლუცია გატელევიზორდება როდესაც მოხუცი ბებოები ერთჯერადი პარკებით დამჭკნარი ლიმონების კი არა, ლიმონკების გაყიდიან და რევოლუცია აფეთქდება, ჯერ ერთი, მერე მეორე და რევოლუცია იქნება ჯანმრთელი და ც ვიტამინით სავსე

და რევოლუცია ლოცვებშიც შეაღწევს როდესაც რომ საპატრიარქოს ოქროს კედელზე ჩამოკიდებული მარტორქის თავიდან მშივრები, გაძვალტყავებული და გამურული მაღაროელები გადმოვლენ და გაკრეჭენ მღვდლებს და ყველას თავის ფეტიშისამებრ მიუზღვავენ და მერე წლების მერე არავის ემახსოვრება ტროას ცხენი და ყველას ემახსოვრება შორენას მარტორქა

და ღმერთი რჯული რევოლუცია შეაღწევს ყველა თეატრში და კინო დარაბზში და რევოლუციონერები იტყვიან, წმინდაი იგი იოანე აქლემის ტყავით მოსილი დადიოდა უდაბნოსა შინაო და უდაბნოა ესე ქალაქი და აქლემივით მცოხანი სახე და ბრიყვი ღიმილი და ფურთხად ნაგროვები ბოღმა მხოლოდ ელიტის შვილებს აქვთო და შეიკერავენ ელიტის შვილების ტყავისგან კაი მყარ შავ ლაბადებს და ღარიბები მდიდრებს მოიცვამენ და ვაი იმათ დღეს ვინამც რომ რევოლუციონერებს კინოდარბაზის სტატუს ადგილებში დახვდებიან ტრაკ ჩამოდებულნი და ბატი-ბუტის კნაწა-კნუწით…

ვაჰმე სტატუს კლიენტებს...

ვაჰმე სოლოებს...

ვაჰმე ბანებს

და ვაჰმე ტენორებს!

რევოლუცია გატელევიზორდება!

და ის ვინც ტელევიზორს გამორთავს,

რევოლუციას იგრძნობს საკუთარ ფაჯარაში შევარდნილი აგურით

და ვინამც რომ ტყვია გაუმტარ ფანჯრებს დააყენებს იმათთან რევოლუცია ბუხრის საკვამურიდან ჩავა ვითარცა წმინდაი ნიკოლასი და თუ კეთილსა ამასსა ჩვენსას, საჩუქრები მოაქვს და მხოლოდ გოზინაყის ჩაკოკლოზინებაზედ გჯერდებათ, რევოლუცია წაიღებს ყველაფერს, ყველაფერს წმინდას და სამაგიეროდ დაგიტოვებთ ტალახიანი ფეხების ნაკვალევს რბილ იატაკზე და ჩაურეცხავ უნიტაზს

და რევოლუცია გატელევიზორდება, როდესაც არმანის ტრუსით მოსილ ქალაქის მერს, საახალწლო გირლიანდებზე გამოკიდებულს იპოვნიან და თუ რამ კუჭი ვერ გაძღება ამ სანახაობით თვალი მაინც იხეირებს და ერთხელ მაინც გაეცინებათ ღარიბებს, რამეთუ შავ პურზე მეოცნებენი, შავ იუმორზე არიან გაზრდილნი და მათთვის ასეთი ლაღობა ისეთივე არაფერი ამბავია როგორც პოლიტიკოსისთვის წინასაარჩენო ტყუილი და კიდევაც დაიზრდებიან რევოლუციონერები!

და რევოლუციონერები ისარგებლებენ პირველი ხელფასის და პირველი პრემიის და პირველი დანამატის წესით და როდესაც რომ საარაკო საქმეებ გადახდილნი სახელმწიფო ფულის გაძოვას გადაწყვეტთ მოვლენ რევოლუციონერები და ბოლო თეთრამდე  წაგართმევენ ვაზელინით ნაშოვნ თქვენს ბონუსებს, როგორც თქვენ ართმევდით სოციალურ შემწეობებს

და რევოლუცია გატელევიზორდება!

და რევოლუცია გატელევიზორდება როდესაც ყველა მუშა, ყველა ხარაჩოდან, სიკვდილის ბატუტზე ერთად გადმოხტება და რევოლუცია გატელევიზორდება როდესაც ახალ ლობიო ნაჭამ პრეზიდენტს ანაზდად წამოაზიდებს და ჩაახრჩობენ “нарзан” - ის გაზში

და რევოლუცია გატელევიზორდება როდესაც რომ შოგანის სასახლის შუშებს ამ შუშების მწმენდავები შუბლით გაიტანენ და აღარ ექნება მყუდრო სამალავი ბატონს, რამეთუ პარლამენტის დამლაგებლები პირველად დაიწყებენ პარლამენტის ნაგვისგან დაცლას და დაიწყებენ პარლამენტის თავმდჯომარით და დაიწყებენ სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები, სახელმწიფოს დაცვას და არ შეუშვებენ პრემიერ მინისტრს თავის კაბინეტში, ანდაც შეუშვებენ და გამოკეტავენ და აშიმშილებენ იგივე შიმშილით როგორითაც შიმშილობს ვილეროი და ბოხის მაღაზიის წინ ჩამავალი მათხოვარი

და დაიწყებენ რევოლუციას მათხოვრები როდესაც რომ ხურდის მაგივრად სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერების უფლებას მოითხოვენ და გატელევიზორდება რევოლუცია როდესაც რომ ამ სახელმწიფოში ვერც ერთს ვერ მიიღებენ და შიმშილისგან ჭკუა შემცდარები ელიტისტი დედაკეცების კარგად ნასუქი ჩიხუახუის ჩახოხბილს გააკეთებენ და გატელევიზორდება რევოლუცია როდესაც რომ ციხიდან გამოვლენ გრამის მეასედი ნეტარების გამო დაჭერილი უაჟკაცები და გამოვლენ ნაცემი ქალები ვერ თქმის წნეხისგან და იტყვიან რომ მოძალადე ერთი არ არის და წმინდა სამება ადგას მას შარავანდედად  და სახელია მათი - ეკლესია, საზოგადოება და ნიჰილიზმი.

და რევოლუცია გატელევიზორდება მაშინ როდესაც ტაქსის დაღლილი მძღოლები და გარემოვაჭრეები სახედ და ხატად თვისად შეიქმნიან წმინდანს და დაამხობენ ყველა სხვას, ყველა ცრუს, ყველა რეზინის ჩექმებამდე გახრწნილ პედოფილს, ვისზეც რომ ლეგენდებს გვიყვებიან და დადგებიან სალოსად და ილოცებენ თავის თავზე, რამეთუ წმინდანი, ტანჯვაში იწრთობის და ცოტაა იმაზე დიდი ტანჯვა ვიდრე სადგურის მოედნის ურიკის მიმწოლებს ადგათ და ჩაიხედავენ ისინიც ერთ დღეს სარკეში და იტყვიან, ჩვენ ვართ ანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული, ელექტორატი და ლექტორატი, ჩვენ ვართ შენება და ჩვენ ვართ ნგრევა და რასაც აქამდე სიტყვით გვპირდებოდნენ, იმას დღეს ძალით ავისრულებთ და

რევოლუცია გატელევიზორდება!

და რევოლუცია გატელევიზორდება მაშინ როდესაც

საქსტატის მთლად უფროსი, მთლად საარსებო მინიმუმუმის დიეტაზე დაჯდება და თვე ნახევრის შემდეგ იქნება ტანკენარი და ოთხი თვის თავზე კი უბრალოდ მკვდარი

და მაშინ როდესაც ჯადნაცვის მინისტრს, სულ ყველაზე უბრალო გრიპის, სულ ყველაზე უბრალო წამლის საყიდლად, სულ უბრალოდ ფული არ ეყოფა და ცემინებად დამდგარს “ჯანმრთელობის” და “სიცოცხლის” ნაცვლად ეტყვიან “რევოლუციას”

და რევოლუცია გატელევიზორდება,

როდესაც ქვეყნის ბატონი და პატრონი, შოგანი და იმპერატორი ისეთ სიზმარს ნახავს სადაც რომ ფარმაცევტული კომპანიების სი ი ო ებს, პარლამენტის მიკროფონთან სიტყვით გამოსვლა მოუნდებათ და პირველივე სიტყვის თქმისთანავე ალერგიული რეაქცია ექნებათ საკუთარ ხმაზე, პიროვნებაზე, რაობაზე და ჯანდაბას მეობაზეც და არ იარსებებს არანაირი წამალი მათ განსაკურნებლად და ისინი გაიბერებიან და გასკდებიან, ისე კოხტად და ისე ლამაზად რომ მათი ნაწლავები შემოეხვევა ოპოზიციასაც და პოზიციასაც და დაამეგობრებს ამ ორ ძირძველ მტერს ერთმანეთთან და ისიც ხომ ფაქტია რომ მდიდრების სიკვდილის სუნი სხვა მდიდრებზე აფროდიზიაკივით მოქმედებს და სიყვარულს მიეცემიან პარლამენტარნი, ყველანი ერთად და ყველანი ერთმანეთში და პირდაპირ ეთერში და პოზიციის და ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთები, ერთად შეკრავენ ცაზე კამარას და მშვიდობის მტრედივით გადაუფრენენ თბილისის და დატოვებენ ცისარტყელას ტყვიით გაძეძგილი ქალაქის თავზე და ამ ცისარტყელის ქვეშ იცეკვებს ყველა გარეწარი ნაციონალისტი, ყველა ურა პატრიოტი, ყველა ჩოხოსანი და კომბლიანი და ამ სოდომსა და გომორაში რევოლუცია გატელევიზორდება და ცივი ოფლით გაეღვიძება იმპერატორს და ნახავს რომ მისი ბროლის სასახლის შუშები ჩამტვრეულია და რომ რევოლუციონერი ადგას სასთუმალთან და რევოლუციონერი კი ნახავს რომ იმპერატორი შიშველია, იმპერატორი შიშველია,

იმპერატორი შიშველია

და ამას ყველა გაიგებს რადგან

რევოლუცია გატელევიზორდება…

რევოლუცია გატელევიზორდება…

რევოლუცია გატელევიზორდება…

მაგრამ…

სანამ რევოლუცია გატელევიზორდება,

რევოლუცია უნდა დაიწყოს.

რევოლუცია უნდა დაიწყოს.

რევოლუცია უნდა დაიწყოს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა