ფერწერა, გრაფიკა, ინსტალაცია, პერფორმანსი, კინო... ვიზუალურ ხელოვნებაში ცოტა მიმართულება თუ არის დარჩენილი, სადაც სოფო ტაბატაძეს ძალები არ ჰქონდეს მოსინჯული. ბერლინში მცხოვრები ქართველი არტისტი მუდმივად ახალი ფორმებისა და გამოხატვის საშუალებების ძიებაშია. წლების განმავლობაში მისი ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრები გერმანიისა და ჰოლანდიის სხვადასხვა ცნობილ გალერეებში იყო გამოფენილი, მონაწილეობდა ვენეციისა და სტამბოლის ბიენალეებზე. არის სახელოვნებო ორგანიზაცია " გეოეარის" დამფუძნებელი და მულტიმედიური პერფორმანს ჯგუფის " ხინკალი-ჯუსის" ერთ-ერთი დამაარსებელი. 2015 წელს მან პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი " პირიმზე" გადაიღო, რომელიც 1971 წელს თბილისში აშენებულ საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატ "პირიმზის" გარშემო მომხდარ სოციალურ და ვიზუალურ ცვლილებებს ეხება.

ბოლო ორი წელია სოფო კერამიკით დაინტერესდა და ფერწერულ და გრაფიკულ გამოცდილებას უკვე ამ მიმართულებით იყენებს. გასულ თვეში მას ფრაიბურგში კერამიკოს მეგობართან ერთად პირველი გამოფენა ჰქონდა, სახელწოდებით - A True Story. ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებლებს თითქმის ერთი თვის განმავლობაში შეეძლოთ. სოფო ტაბატაძეს ბერლინში ყოფინისას სახლოსნოში ვესტუმრე. ვიდეოში ის ახალ პროექტზე და კერამიკით გატაცებაზე საუბრობს.

ავტორი :
  • ნინო ჩიმაკაძე