გუშინ, დაბნელდა თუ არა, „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო კომპლექსის შემოგარენი და ტერიტორია უჩვეულოდ გამოცოცხლდა. უჩვეულოდ მშვიდად და ლმობიერად იქცეოდა შესასვლელებში მეჩხერ კორდონად მდგომი „ომონი“, ხელოვნების (ამ შემთხვევაში, მოდის) მოყვარულ შეფთან, თემურ მღებრიშვილთან ერთად.

ერთმანეთში ირეოდა უცხოური მაქმანები, მძლავრ, მიზანმიმართულ ნაკადად მავალი, საპარადოდ ავანგარდულად გამოწყობილი ხალხი - ავანგარდული მოდის მესამე ასამბლეა სამი წლის შემდეგ კვლავ პოდიუმზე ავიდა.

 

ღია ცის ქვეშ, შადრევნებზე გადებული პოდიუმის, კარავ-პირამიდის, სარეკლამო ფარების, დიდ ეკრანზე „ცოცხალი“ რეკლამებისა და კონტრასტულად ჩაბნელებულ გარემოში მოხვედრილ, ფეხზე მდგომ საზოგადოებას საღამოს წამყვანი, დიზაინერი ზალიკო ბერგერი მოევლინა.

მშვენიერი იყო ფერადოვანი ფეიერვერკი ღამის ცისა და მუსიკალური ფონის თანხლებით. თუმცა აქ პატარ-პატარა ტექნიკური „უსიამოვნებები“ დაიწყო. საცეკვაო ნომრის შესრულებისას, უეცრად გაწყდა ფონოგრამა. ეს შეფერხება მალე გამოსწორდა. სამაგიეროდ, სახელგანთქმული პეტლიურას კოლექციის ჩვენებისას, მუსიკა (არანაკლებ სახელგანთქმული საბჭოური სიმღერის „მიდის სახალხო ომის“ თემაზე) ადრე ჩაირთო. შემდეგ კვლავ განმეორებით აჟღერდა, თითქოსდა იმის შესახსენებლად, რაც გაზაფხულის გაელვებამდე და მას შემდეგაც გადაგვხდა.

რუსული ალტერნატიული მოდის „მამის“, პეტლიურას მიერ წარმოდგენილი ირონიული შოუ „გაზაფხულის ჩვიდმეტ გაელვებამდე“ მართლაც „გიჟური“ და სუპერავანგარდული აღმოჩნდა. იმავეს ვერ იტყოდი იტალიელი ლაურა ბრუფანის „ჩვეულებრივ“ საცურაო კოსტიუმებზე, სადაც ყურადღებას მოდელების ლამაზი სხეულები უფრო იპყრობდა, ვიდრე ის, რაც მათ ზედ ეცვათ.

„ამას“ იდეოლოგისა და პრეზიდენტის, გელა კუპრაშვილის „გიჟურმა“ პროექტმა კი აქტიური ინტერესი უკვე მესამედ გამოიწვია.