სტატია მომზადებულია გამოცემა WIRED-ისა და ონლაინპლატფორმა TED-ის მასალების მიხედვით

სამყაროში გაბნეულ ინფორმაციას ვეღარაფერი შემოსაზღვრავს. სულ მცირედი ძალისხმევა, უმოკლესი გზა და – უკვე ჩვენს სივრცეშია; თან ეს მხოლოდ უმცირესი ნაწილია იმისა, რასაც ინტერნეტ- და ტექნოლოგიური კომპანიები წლების წინ გვპირდებოდნენ. ახლა პირობა შესრულდა. ტექნოლოგიური „საოცრებები“ რაციონალურად აიხსნა და მათ მაგიურობა დაკარგეს. ინფორმაცია ასე უწყვეტად, ამხელა ნაკადით დღეს უკვე ბუნებრივად მოედინება, აღარავის გვიკვირს და იმდენ დროს გვაკარგვინებს, რომ ვეღარც ვხვდებით, რა ტიპის ურთიერთობა ჩამოყალიბდა ჩვენსა და ტექნოლოგიებს შორის.

განვკარგავთ თუ არა საერთოდ მიღებულ ინფორმაციას საკუთარი ნებით? ვგეგმავთ თუ არა ჩვენ თვითონ საკუთარ დღეს და ვმოქმედებთ თუ არა ჩვენი სურვილებითა და მიზნებით? – სწორედ ამ კითხვებს ეხმიანება ვებდიზაინერი ტრისტან ჰარისი TED-ის კონფერენციაზე 2017 წლის აპრილში. ჰარისის ეს ვიდეო გამოსვლა ონლაინ უკვე 1.300.000-ზე მეტჯერ ნახეს (Ted Talk).

„მოდი, წარმოვიდგინოთ ოთახი, – მოგვიწოდებს ჰარისი, – ეს საკონტროლო ოთახია, ციფერბლატებიან მერხებთან მსხდომი ადამიანები კი, სწორედ ისინი, ვინც მილიარდობით ადამიანის ფიქრებსა და გრძნობებს აყალიბებს. რასაც ვამბობ, შეიძლება სამეცნიერო ფანტასტიკასავით ჟღერდეს, მაგრამ ფანტასტიკა არაა, ასეთი რამ ნამდვილად ხდება, და ხდება სწორედ ახლა, დღეს. წინათ მეც ამ ოთახში ვმუშაობდი. კომპანია Google-ში ეთიკის დიზაინერი ვიყავი“.

ეს ნიშნავს, რომ Google-ში მუშაობისას ჰარისის მთავარი ფუნქცია ადამიანთა ფიქრების სამართავად ეთიკური გზების მიგნება და დანერგვა იყო. ის ამბობს, რომ უამრავი კონფერენციისა და ვორქშოფის მიზანი სწორედ გონების ფუნქციონირების მთავარი პრინციპების შესწავლაა – ადამიანთა ცხოვრების წარმართვის გზებში გარკვევა, რადგან „ტელეფონს ამოიღებთ თუ არა, ის მაშინვე იწყებს პატარ-პატარა განრიგების შედგენას თქვენი დროისგან. შეტყობინება მოდის? სწორედ ის მართავს, რაზე გადაერთოს თქვენი ფიქრები იმ მომენტში, როცა შეიძლება ამაზე სულაც არ გეფიქრებოდათ… ადამიანებს გვგონია, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება აიღოს გეზი, მაგრამ სინამდვილეში მას თავისი ფარული მიზანი აქვს – რაც არის ჩვენი ყურადღების მისაპყრობად უსასრულო რბოლაში ჩართვა. თითოეული ახალი საიტი – TED-ი იქნება, საარჩევნო, სათამაშო თუ მედიტაციურიც კი – ამ რბოლაშია გაბმული – მათ ერთმანეთს უნდა გადაუსწრონ ერთადერთი რამის მოსაპოვებლად და ეს ჩვენი ყურადღებაა. ამისათვის კი, ადამიანის გონების მუშაობის თავისებურებები უნდა ამოხსნან. ადამიანების გადარწმუნების თუ დარწმუნების უამრავი ტექნიკა არსებობს, რაც სტენფორდის „პერსუასიული ტექნოლოგიების ლაბორატორიაში“ ისწავლება“, – იხსენებს ჰარისი.

დროს ფუჭად ვკარგავო, თუკი თქვენც ხშირად ნანობთ და თუ ამაში სოციალურ ქსელებს, სხვა ვებგვერდებისა და ტელეფონის აპლიკაციებს ხშირად ადანაშაულებთ, ესე იგი, თქვენც ერთ-ერთი ხართ იმ მილიარდობით ადამიანიდან, რომელთაც საკონტროლო ოთახიდან მართავენ.

„უმარტივესი მაგალითი – Youtube-ია. Youtube-ს სურს, მაქსიმალურად გაზარდოს დრო, რომელსაც მათს გვერდზე ვატარებთ. რას აკეთებს ამისთვის? ავტომატურად გვირთავს მომდევნო ვიდეოს. ვთქვათ, ეს სქემა ამართლებს – ვთქვათ, Youtube-ი უფრო მეტ ადამიანს იზიდავს. თუ შენ Netflix-ი ხარ, დააკვირდები ამ პროცესს და იტყვი, ვაჰ, ასე ხომ მე მიმცირდება საბაზრო წილი? ამიტომ ავდგები და შემდეგ ეპიზოდს მეც ავტომატურ გაშვებაზე ჩავრთავ. ახლა ვნახოთ, რას იტყვის facebook-ი: იტყვის, ეს მე მიმცირებს საბაზრო წილს, ამიტომ ნიუსფიდში რაც კი ვიდეოები ჩანს, ყველას ავტომატურად ჩავრთავ. ასე რომ, ინტერნეტი შემთხვევით არ ვითარდება. მიზეზი, რის გამოც გვგონია, რომ ინტერნეტი გვისრუტავს, გვშთანთქავს, სწორედ ეს რბოლაა ჩვენი ყურადღების მოსაპოვებლად… და ის სულ უფრო და უფრო ემსგავსება კონკურენციას იმისთვის, თუ ვინ უფრო ღრმად ჩასწვდება ჩვენი ტვინის უჯრედების ფსკერს“, – მიაჩნია ჰარისს.

„ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტი Youtube-ი, Facebook-ი და ძილია“, – ამბობს რიდ ჰესტინგიც, NETFLIX-ის აღმასრულებელი დირექტორი. როცა თვალები დახუჭულია და ცნობიერება სრულად წყვეტს ფუნქციონირებას, ჩვენზე ზემოქმედებაც შეუძლებელი ხდება.

თუმცა, სიფხიზლეშიც ასეა – საკუთარ ქმედებებზე კონტროლის დასაბრუნებლად ან სრულად უნდა ვთქვათ უარი ყველა მოწყობილობაზე, ან სრულად დავემორჩილოთ მათ, სანახევროდ – არ არსებობს, – დარწმუნებულია ჰარისი.

ამიტომ ტექნიკური კომპანიების მუშაობის მთავარ პრინციპებზე დაფიქრება ტრისტან ჰარისს გადაუდებლად მიაჩნია. სისტემასთან საბრძოლველად იგი სამ ნაბიჯს გვთავაზობს. თუმცა, ამ ნაბიჯების გადასადგმელად მხოლოდ ჩვენი აქტიურობა აღარ კმარა – ჰარისის აზრით, ტექნოლოგიური კომპანიების ჩართვის გარეშე აღარაფერი გამოვა.

> სისტემა გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე თავად ჩვენ – პირველი ნაბიჯი სწორედ ამის აღიარებაა. უპირველესად, უნდა გავიაზროთ, რომ დროის განკარგვის უფლება დიდი ხანია დავკარგეთ, ჩვენი მოვლენებზე რეაგირებაც წინასწარ განსაზღვრულია. ამის აღიარებით ჩვენს თავს ფუნდამენტურად განსხვავებული კუთხით დავინახავთ, და თუ ამას შევძლებთ, ეს პროცესი თავისი მნიშვნელობით განმანათლებლობის მიღწევებს გაუთანაბრდება. თუმცა, ცხადია, ეს არ იქნება განყენებული, საზოგადო საგანმანათლებლო პროცესი, მის ამოსავალ წერტილად, ჰარისის აზრით, საკუთარ მაგალითზე დაკვირვებით თითოეული ადამიანის გონების განათება იქცევა. ამიტომაც ამ ახალი ტიპის განმანათლებლობას ის თვითგანმანათლებლობას უწოდებს (self-aware enlightenment – ტერმინი ინგლისურად).

> მეორე ნაბიჯი უკვე ტექნოლოგიური კომპანიების ჩართვას გულისხმობს. მათ უნდა მოინდომონ და შეიმუშაონ ისეთი მოდელები, რომლებიც კომპანიების მიზნებზე წინ ჩვენს მიზნებსა და სურვილებს დააყენებს. ადამიანების რაიმეში დარწმუნება კი ეთიკური მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, როდესაც მიზნები თავსმოხვეული კი არ არის, არამედ ჩვენს მისწრაფებებს მართლა ემთხვევა.

ამ პროცესში ჩვენც უნდა დავიწყოთ პოვნისა და ჩანაცვლების (find and replace) ინდივიდუალური პროცესი – უნდა გავიაზროთ, როდის და როგორ მართავენ ტექნოლოგიური კომპანიები ჩვენს დროსა და მისწრაფებებს, და თუ აღმოვაჩენთ, რომ მათი აქტიურობა ჩვენი, პირადი მიზნებისა და სურვილების განხორციელებაში გვიშლის ხელს, ტექნოლოგიებთან ურთიერთობის ახალი მოდელი თავად უნდა შევქმნათ. საილუსტრაციოდ ჰარისი ფეისბუკის მაგალითს იხსენებს: ხშირად, მასზე კომენტარებით წარმართული დისკუსია ბევრ დროს გვართმევს. წყვეტილ-წყვეტილად მოსული გზავნილები კი ხშირ-ხშირად გვწყვეტს მთავარ საქმეს და მერე კონცენტრაციის ხელახლა აღსადგენად დიდი ძალისხმევა გვჭირდება. რა შეუძლია თვითონ facebook-ს გააკეთოს ადამიანების დასაცავად? ვთქვათ, შეუძლია, კომენტარების ყუთის ნაცვლად, დაამატოს ახალი ფუნქცია, ღილაკი „მოდი, შევხვდეთ“ – რაც დისკუსიის ვირტუალურიდან ნამდვილ რეალობაში გადატანის შეთავაზება იქნება. და მერე უკვე ჩვენც შევძლებთ ალტერნატივის შექმნას – კომენტარების ყუთში გამომწყვდეულ სიტყვებს კი არ დავხარჯავთ, საღამოს მეგობრებთან ერთად შევიკრიბებით და რეალურ დისკუსიებს გავმართავთ.

პოვნისა და ჩანაცვლების ასეთი პროცესის მთავარი მიზანი ერთია – აღმოვაჩინოთ კონცენტრაციაში ხელშემშლელი ფაქტორები და მინიმუმამდე შევამციროთ ისინი. მხოლოდ ამგვარი ალტერნატივების შექმნით შევძლებთ, აღვადგინოთ კონტროლი საკუთარ ქმედებებსა და დროზე, ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, როდის რა გავუზიაროთ მეგობრებს, როდის ვიფიქროთ და ვიკამათოთ საჭირბოროტო თემებზე და აღარ ვცდუნდეთ ეკრანზე შეტყობინებების ციმციმით, რაც მუდამ გვაფორიაქებს, რადგან გვეუბნება: უშენოდ ახლა საოცრად საინტერესო დისკუსია მიმდინარეობს, მოიცდის ეგ საქმე, გადადე და აქ ჩაერთე!

> მესამე ნაბიჯი ვებგვერდებისა და აპლიკაციების დიზაინის ისე გარდაქმნაა, რომ ტექნოლოგიურმა თუ სარეკლამო კომპანიებმა ვეღარ შეძლონ ჩვენი ინტერესებით, სურვილებით თუ სისუსტეებით მანიპულირება. რეალურია ეს? ყველაზე ეფექტურ გზად ტრისტან ჰარისს ისევ Apple-ის გააქტიურება მიაჩნია. ამ კომპანიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ დიდ ცვლილებაზე, რადგან Apple-ი, ჰარისის სიტყვებით, ტექნოლოგიური სამყაროს „ხელისუფლებაა“, ის ადგენს თამაშის წესებს. მას შეუძლია შემოიღოს კომპანიებს შორის შეჯიბრებითობის ახალი პრინციპი და აპლიკაციის რეიტინგის მთავარ განმსაზღვრელად გამოყენების სიხშირე კი აღარ დასახოს, არამედ ამ აპლიკაციის ნაყოფიერად, ხარისხიანად გამოყენება.

თუმცა, სამყაროს ყველაზე რთული გამოწვევების მოსაგვარებლად ცალკეული ადამიანების გონების გახსნა არ კმარა, საკუთარ დროზე, კონცენტრაციაზე, გასაკეთებელ და დაგეგმილ საქმეებსა და სურვილებზე პასუხისმგებლობის აღდგენის გარდა, ერთმანეთთან კოორდინაციაც გვჭირდება.

ყველაზე რთულიც ამის მიღწევაა – როგორ შევძლებთ ყურადღების სწორად წარმართვას, როდესაც ჩვენივე ინსტინქტების მართვა ჩვენზე უკეთ სხვებს შეუძლიათ?

ხელოვნურ ინტელექტსა და ვირტუალური რეალობის მომავალზე მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ყურებისას, ალბათ, არაერთხელ გვიგრძნია, როგორ შეგვიპყრობს ხოლმე საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის შიში. თუმცა, ისე ნუ იფიქრებთ, თითქოს ტრისტან ჰარისის იდეები ანდა მისი ინიციატივით დაწყებული მოძრაობა „კარგად დახარჯული დრო“ (time well spent – ტერმინი ორიგინალში) ტექნოლოგიებისადმი ასეთივე შიშს გვინერგავდეს. პირიქით, ჰარისი გვიბიძგებს, ტექნოლოგიურ პროგრესში თავადაც ჩავერთოთ და ჩვენ წინაშე გადაშლილი უსაზღვრო შესაძლებლობები საკუთარი მიზნებისთვის გამოვიყენოთ.

ტრისტან ჰარისი ამბობს: თუკი დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე ძვირფასი, რაც გაგვაჩნია, ყურადღების უნარი და დროა  დრო, რომლის მართვაც რამდენიმე მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიას უკვე დიდი ხანია დაუფიქრებლად და უპირობოდ გადავეცით.