მყავს ერთი ნაცნობი, რომელსაც, როგორც ყველა პატიოსან ადამიანს, ერთ დღესაც იდენტობის 10-ბალიანი კრიზისი დაეწყო. საერთოდ ცუდია, როცა ამას „კრიზისს“ ვეძახით, მაშინ როცა ესაა სამყაროს ძახილი, აზრზე რომ მოგიყვანოს. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი რიგზე ჰქონდა – ჰყავდა კარგი სამეგობრო, კარგი შემოსავალი, პარასკეობით, მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ, ერთობოდა, ყოველი მომდევნო ორშაბათიდან კი კარიერულ კიბეზე ერთი ნაბიჯით ამაღლებას ელოდა და არცთუ უშედეგოდ, ამაღლებდნენ კიდეც – ასეთ ნიჭიერ კადრს ხელიდან არავინ გაუშვებდა. ერთი სიტყვით, ეს ჩემი ნაცნობი კვდებოდა ისე, როგორც მილიონობით სხვა, „ყველაფერი რიგზეა“-ს რეჟიმში.

მაგრამ, როგორც მერე მითხრა, ზუსტად ამან შეუქმნა პრობლემები, „როგორ არის ყველაფერი რიგზე, თუ ასეთ სიცარიელეს ვგრძნობ?“ – ჰკითხა საკუთარ თავს. მერე კიდევ ნახევარ წელიწადს იარა სამსახურში ამ თვითგამორკვევის პროცესით შეწუხებულმა და ერთ დღესაც, ასე, მოურიდებლად დატოვა სამსახური, სახლი, მეგობრები და ერთი მიმართულების ბილეთი აიღო ინდოეთისკენ.

დაზუსტებით არავინ იცის, რას აკეთებდა ლექსო ინდოეთში. ერთი კვირის თავზე გოაზე ნახეს ნაცნობებმა – სპინერივით ტრიალებდა დაელესდეებულიო, შემდეგ კი კვალი გაწყდა. როგორც მერე თვითონ მიამბო, მატარებლით მოგზაურობდა ტაძრიდან ტაძარში, რომ მედიტაციის პრაქტიკა ესწავლა, მაგრამ ძირითადად მაინც ჰაშიშს ეწეოდა გაუჩერებლად იქაურ, ტურისტებზე ორიენტირებულ გურუებთან. ათასი ისტორია მესმოდა ლექსოს შესახებ: სადღაც ვიღაც ინდოელი გაპიზდაო, რომელიც მის მოტყუებას ცდილობდა და ერთი თვე ინდურ ციხეშიც გაატარა ხულიგნობაზეო; რომელიღაც მიკარგულ სოფელში ერთ-ერთი ღვთაების რეინკარნაციად მიიჩნიეს და ყოველდღე საკუთარ ზრდასრულ ასაკს მიღწეულ შვილებს ატყვნევინებდნენო. უარის თქმა უპატივცემულობა და არაღვთაებრივი საქციელი გამოდიოდა, ასე რომ, თვე-ნახევარი, სანამ ორივე მხარეს არ მობეზრდა ეს თამაში, ლექსო, შეიძლება ითქვას, რელიგიურ-სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც იყო. ერთ დღეს ფოტო დადო ინსტაგრამზე, ცნობილი ხედით ადვილად ამოვიცანი ვარანასი – ე.წ. მკვდრების ქალაქი, სადაც მთელი ინდოეთიდან ჩაჰყავთ სიკვდილს მიახლოებული ადამიანები და იქვე ქალაქის ქუჩებში წვავენ, მთელი ქალაქის ინფრასტრუქტურა მხოლოდ მკვდრებისა და მათი გამცილებლების მომსახურებაზეა აგებული. მეტ-ნაკლები დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცი, რომ ბოლოს სადღაც მთებში, ბუტანის მხარეს, ლექსო ვიღაც ბუდისტებმა მიიღეს ერთ პატარა ტაძარში, სადაც იატაკის ხეხვა, წყლის მოზიდვა და შეშის ჩეხვა ევალებოდა, სანაცვლოდ კი „სიცარიელის მედიტაციას“ სწავლობდა.

პროგრამირებაში არის ცნება „უსასრულო ციკლი“, როცა კოდი საკუთარ თავში ჩაბრუნდება ხოლმე და განუწყვეტლივ მეორდება. 

– ბიჭო, ეს ბუდისტები, – მითხრა სკაიპით ლექსომ, – ხანდახან პროგრამისტული ცნებებით ხსნიან სამყაროს.

მაგალითად, სიცარიელის მედიტაცია, ლექსოს თქმით, სწორედ სანსარას, გადაბადებების „უსასრულო ციკლის“ გაწყვეტას ემსახურება, რომელშიც, როგორც ცუდად გაწერილ კოდში, ყველანი გაჭედილები ვართ.

– როცა საკუთარ თავს ციკლების და ფუნქციების მიღმა, სიცარიელეში ათქვეფილს გრძნობ, მაშინ ხვდები. 

– რას?

– ყველაფერს, – მითხრა ლექსომ და დაამატა, რომ მალე უკან აპირებს დაბრუნებას, რადგან მისმა გურუმ, ვიღაც პოსლიკა რინპოჩემ, მედიტაციისა და გამოღვიძების ერთ-ერთი ყველაზე რთული პრაქტიკის გავლა შესთავაზა: 

– დაბრუნდი შენს სამყაროში, მის ეპიცენტრში, – უთხრა ლექსოს, – სადაც ხალხი საკუთარი სურვილების მონაა და იქ აკეთე მედიტაცია. თუ გაქაჩავ, მერე მზად იქნები, შემდეგი საფეხური დაგანახოთ.

ლექსომ გადაწყვიტა, რომ საქართველო არ არის საკმარისი ეპიცენტრი, ყველგან დაგზავნა აპლიკაციები და ჯერ სადღაც შოტლანდიის ფეისბუკის რეზიდენციაში მოეწყო პროგრამისტად, შემდეგ კი კალიფორნიაში, სილიკონის ველზე ამოყო თავი. 5 თვის წინ ისევ გამოვიდა ხაზზე (ეს ხდება იშვიათად და ყოველთვის მაშინ, როცა თვითონ სურს) და, როგორც User-ს (ლექსოც პროგრამისტული ცნებებით ხსნის სამყაროს და მისთვის ჩვენ, ყველანი, თავისი თავის ჩათვლით, უსასრულო ციკლში ჩარჩენილი user-ები, ანუ მომხმარებლები ვართ), სიცარიელესა და სიკვდილზე მედიტაციის გამარტივებული ვერსია გამიზიარა. 

მოკლე შინაარსი ასეთია: ამ პრაქტიკის მიმდევარი ადამიანი საკუთარ ილუზორულობას, ციკლებსა და სიცარიელეს სოციალური მედიის გამოყენებით აღმოაჩენს. თავიდან უაზრობად მომეჩვენა, შემდეგ კი, ნელ-ნელა, იმდენად ჩამთრევი აღმოჩნდა, რომ ახლა მინდა, ამ პრაქტიკის ჩემი ვერსია შემოგთავაზოთ. მაშ ასე: მედიტაცია სოც. ქსელზე

მედიტაცია სქროლვებზე

(გეხმარებათ სურვილებისა და ინფორმაციული ხმაურის ილუზორულობის შეგრძნებაში, ამაღლებს სიმშვიდეს, ხელს უწყობს სეროტონინის გამოყოფას, აჩმორებს ეგოს)

Sign In

მედიტაციის თითქმის ყველა პრაქტიკას საფუძველში აზრის გაჩერება უდევს. მცირე ხნით მაინც უნდა მიაღწიოთ მდგომარეობას, როცა არ ფიქრობთ საჭმელზე, სექსზე, ვიღაცის კომენტარზე – როცა შინაგანი დიალოგი წყდება და რამდენიმე წამით ისადგურებს აბსოლუტური სიჩუმე. ამის მიღწევა რთულია, განსაკუთრებით მედიტაციის საწყის ეტაპზე, ამიტომ ბევრი ამავე ეტაპზე ანებებს თავს მედიტაციას, ან უარესი – მცდარად ასკვნის, რომ მიაღწია „არა-ფიქრს“. 

სოც. ქსელზე მედიტაციისას, ქსელში შესვლისთანავე ეკრანიდან თქვენკენ წამოვა საჭირო, არასაჭირო, ნახევრად საჭირო და აბსოლუტურად უსარგებლო და გაუგებარი ინფორმაციის ულევი ნაკადი. სწორედ ასე მუშაობს გონებაც – როცა ახლად გაღვიძებული თვალს ახელთ, სამყარო თქვენს სენსორებს ბომბავს ინფორმაციით; ყოველდღიური საქმეები გამოღვიძებისთანავე იპყრობს გონებას ზუსტად ისე, როგორც უმართავი ინფორმაციის ნაკადი სოც. ქსელში. 

ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენი wall-ი თქვენი გონებაა, ხოლო პოსტები, რომლებსაც ფრენდები აშეარებენ, აზრებია, რომელიც მედიტაციის დროს თავისდაუნებურად ჩნდება ტვინში. ზოგი აზრი (პოსტი) გაღიზიანებთ, ზოგი მოგწონთ, ზოგი მოქმედებისკენ გიბიძგებთ და თქვენც ამ პოსტის ქვეშ არსებული კომენტარების კითხვაში იძირებით. ეს კი ხელს უშლის კონცენტრაციას და მედიტაციას, რადგან არცერთმა პოსტმა არ უნდა მიითვისოს გონების ყურადღება. ამიტომ დაიწყეთ სქროლვა და ყველანაირ ინფორმაციას საერთო პოზიციით მიუდექით. ამ პოზიციას ჰქვია „არანაირი“. ათვალიერეთ ინფორმაცია, მაგრამ ნუ გამოიყენებთ ლაიქის, დისლაიქის, გულის, სმაილის ან სხვა სიმბოლოებს, რომლებსაც სისტემა გთავაზობთ, ნურც კომენტარს დატოვებთ, ნურც სხვა კომენტარს წაიკითხავთ, უბრალოდ სქროლეთ და ერთნაირად მიიღეთ მტრებისა და მოყვარეების აზრები, ანუ – არანაირად. თქვენი მიზანია სქროლვა. მშვიდი სქროლვა. 

სქროლვა ყოველთვის ქმნის ტრანსულ მდგომარეობას, რამდენიმე წუთში იგრძნობთ კიდეც, როგორ კარგავთ ემოციურ მიჯაჭვულობას პოსტებისა და რეპოსტების მიმართ, სხვის მიერ წარმოთქმული აზრების მიმართ, თქვენი გონება მათ უკვე ფილტრში ატარებს და თქვენც უბრალოდ სქროლავთ, რიტმულად სქროლავთ და ხვდებით, როგორი უსასრულოა სამყარო იმიტომ, რომ თქვენ ვერასოდეს ჩამოსქროლავთ სამყაროს პირველ პოსტამდე და ნელ-ნელა იგრძნობთ, რომ მთელ ამ ინფორმაციულ ხმაურს არ აქვს აზრი, რომ ის არ ბატონობს თქვენზე, არამედ თქვენ ხართ მისი მმართველი, თქვენ მას საკუთარი სიცარიელის ფილტრში ატარებთ და ყველა მონარქი და ყველა მონა, ყველა ომი და ყველა იმპერიის დაცემა უცებ მხოლოდ On this day-ს მოგონებებად იქცევა, ჩაიკარგება ნისლში. ეს ყველაფერი სანსარაა, ილუზორული სამყარო – პოსტები, პროფაილები და ნიუსები ჩნდებიან და ქრებიან ისევე, როგორც გაქრება თქვენი ექაუნთი, მაგრამ თქვენ არ ხართ თქვენი ექაუნთი, თქვენ უფრო მეტი ხართ. 

ჩაისუნთქეთ და თქვით გონებაში: ვინ არის ის, ვინც სქროლავს?

მე თუ ჩემი ექაუნთი? ვინ ვარ მე? ჩემი ექაუნთი თუ რაღაც უფრო დიდი?

ამოსუნთქვისას თქვით: დედა, მე არ ვარ ჩემი ექაუნთი, მე არ ვარ ჩემი სხეული. მე ვარ სული, უკვდავი, როგორც ჰორიზონტი, კოკა-კოლა ან ნარკომანია.

გაიმეორეთ: ჩემი ექაუნთი დროებითი და ხელოვნური კონსტრუქციაა, ჩემი ეგო დროებითი და ხელოვნური კონსტრუქციაა.

მე არ ვარ ჩემი სხეული.

მე არ ვარ ჩემი ექაუნთი.

Sign Out.

მედიტაცია მიტოვებულ პროფაილებზე

(ეს მედიტაცია სიკვდილზე ტიბეტური მედიტაციის ადაპტირებული ვერსიაა. ტრადიციულ ვერსიაში თქვენ ახდენთ კვდომის პროცესის ვიზუალიზაციას, აკეთებთ ამას ყოველდღე, რომ არასოდეს დაგავიწყდეთ ერთადერთი ნამდვილად გარდაუვალი რამ ამ ცხოვრებაში. კვლევებისა და დაკვირვებების მიხედვით, სიკვდილზე მედიტაციით დაკავებული ადამიანები გაცილებით ბედნიერად ცხოვრობენ, უფრო ადეკვატურად აღიქვამენ სამყაროს, მათი პროდუქტიულობაც მაღალია და, როგორც რამაზიკო კინგკონგი ამბობს, „ისინი ყლეები არ არიან“).

ფეისბუკის და სხვა სოც. მედიების თაობა იზრდება და, როგორც ხდება, უკვე კვდება კიდეც. ამჟამად ფეისბუკზე რამდენიმე მილიონი გარდაცვლილი ადამიანის პროფაილია, ბევრი მათგანი დღემდე აქტიურია – იღებს რეკლამებს ბოტებისგან და ინახება სერვერებში. ბოლო წლებში ჩემს ფრენდლისტშიც დაგროვდა ათზე მეტი გარდაცვლილი ან დაკარგული ადამიანი, მათ არ ვშლი მეგობრების სიიდან, პირიქით, ყოველდღე ვათვალიერებ მათ პროფაილებს და შემდეგ მათი მეგობრების სიაში სხვა მკვდრებს ვეძებ.

ამას ჰქვია „მედიტაცია მიტოვებულ ექაუნთებზე“, რისთვისაც: 

უნდა შეხვიდეთ გარდაცვლილი ადამიანის კედელზე, დაათვალიეროთ მისი პოსტები, ფოტოები, კომენტარები ამ ფოტოებზე, როცა ეს ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ვერც წარმოედგინა, რომ მოკვდებოდა; ნახოთ, რაზე ფიქრობდნენ. შემდეგ დახუჭოთ თვალები და წარმოიდგინოთ თქვენი ექაუნთი თქვენი სიკვდილის შემდეგ. წარმოიდგინოთ, რომ უკვე მკვდარი ხართ და ვიღაც სხვა ათვალიერებს თქვენს პოსტებს, ფოტოებს, თქვენ მიერ დაშეარებულ უაზრო ვიდეოებს. 

წარმოიდგინეთ?

ახლა გაიხსენეთ თქვენი ფრენდები და წარმოიდგინეთ მომავალი დრო, როცა ყველასი – თქვენი და თქვენი საფრენდეთის ექაუნთების 90 პროცენტი მკვდარი ადამიანების ექაუნთებად იქცევა და როცა მხოლოდ რამდენიმე გადარჩენილი ფრენდი დაათვალიერებს ამ ოდესღაც სიცოცხლით სავსე ადამიანების კედლებს, დააკლიკავს ლინკებს, რომლებიც უკვე აღარ იხსნება. იგრძენით არყოფნა. სიცარიელე. გახსოვდეთ სიკვდილი და შემდგომში ორჯერ დაფიქრდებით, სანამ რამეს დააკომენტებთ. ეს თქვენს ცხოვრებას უფრო აზრიანს გახდის, რამეთუ ნათქვამია: ვისაც ახსოვს სიკვდილი, მას ახსოვს სიცოცხლე, და კიდევ: ვისაც ეშინია სიკვდილის, მას ეშინია ცხოვრებისაც.

მედიტაცია ციფრულ კვალზე 

Sign In.

„ციფრულ კვალს“ ჩვენს ეპოქაში ადამიანის ინტერნეტში აქტივობის დროს დატოვებულ კვალს ეძახიან. ყველა გადაადგილება საიტიდან საიტზე, ლინკიდან ლინკზე სამუდამოდ ფიქსირდება და ინახება კორპორაციულ სერვერებში, ფაქტობრივად ყველა დაკლიკვის დროს ტოვებთ კვალს, უნიკალურს და განსხვავებულს სხვა ადამიანების კვალისგან და მის საფუძველზე ბევრი რამის თქმა შეიძლება თქვენზე. 

მედიტაციის დაწყებამდე დაფიქრდით ამაზე, შეეცადეთ, ვიზუალურად წარმოიდგინოთ ინფორმაციის დინება მონაცემთა ბაზების ცათამბჯენებისკენ, შეეცადეთ წარმოიდგინოთ დედაპლატების ისეთი გადახურებული ზედაპირები, როგორც მიწაა მარსზე. ნახეთ სხვა ადამიანების კვალიც, მთელი კიბერსივრცე სავსეა ამ მანათობელი ნაფეხურებით. ვისი კვალი საით მიდის? რას ამბობს თქვენი კვალი თქვენზე, როგორ ფორმებს ხაზავს?

ლამაზია ხომ? საჭიროა, რომ თქვენ იგრძნოთ ამ ციფრული ნათებების მიმზიდველობა იმისათვის, რომ მედიტაციის დასკვნით ეტაპზე გადახვიდეთ.

ვინც კემბრიჯ ანალიტიკასა და ფეისბუკის გარშემო ატეხილ სკანდალს ადევნებს თვალს, ვისაც სმენია, თუ როგორ დაეხმარნენ ბოტები ამერიკის პრეზიდენტს არჩევნების მოგებაში, გეცოდინებათ, რომ ეს ყველაფერი სოც. ქსელების მონაცემების „არაკანონიერი“ გამოყენებით მოხდა. როგორ?

თქვენი ციფრული კვალი თქვენი სულიერი მდგომარეობების შესახებ უყვება კორპორაციებს, ჭკვიან ალგორითმებს კი მერე იმის დადგენაც შეუძლიათ, შეყვარებული ხართ თუ არა, ათეისტი ხართ თუ მორწმუნე, რა ტიპის ფილმებს უყურებთ, რა მსოფლმხედველობას იზიარებთ. ამ მონაცემების გამოყენების უფლება კი აქამდე უპრობლემოდ ჰქონდათ კორპორაციებს თქვენითვე მანიპულაციისთვის.

ამის გააზრებისას, თუ მედიტაცია სწორად მიდის, უნდა იგრძნოთ მცირედი დისკომფორტი, რადგან მიხვდებით, რომ მთელი თქვენი უნიკალურობა, როგორც ადამიანის, ინდივიდის, მხოლოდ სტატისტიკური ერთეულია მონაცემთა უზარმაზარ ოკეანეში; რომ მთელი თქვენი ინტიმურობა და სულის სიღრმეები, რაც დაფარული გეგონათ, გაშლილი ჟურნალივით იკითხება კორპორაციებში. თქვენით თამაშობენ, თქვენ გიყენებენ.

ამ დროს, წესით, უკვე უნდა იგრძნოთ, რომ არ არის აუცილებელი, ყველაფერი მისცეთ სოც. ქსელს, სიცოცხლის ყველა ლამაზ და საინტერესო მომენტში ტელეფონი ჩართოთ, გადაიღოთ და დაპოსტოთ; რომ ეს თქვენი ლამაზად მოციმციმე მოლურჯო-მოვერცხლისფრო ციფრული კვალი სინამდვილეში კიბერნეტიკული ობობას აბლაბუდაა, სადაც უკვე გაეხვიეთ.

ამ მედიტაციის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიაქციოთ ცხოვრებას ცხოვრებისთვის, ვიდრე ცხოვრებას სოც. ქსელისთვის; რომ დატკბეთ ნამდვილი წვიმით, ვიდრე წეროთ წვიმაზე; რომ დატკბეთ ნამდვილი ცეცხლმოკიდებული კორპუსით ასეთივე ცეცხლისფერი დაისის ფონზე, ვიდრე მას ტელეფონის ეკრანიდან უყუროთ.

ნუ მისცემთ საკუთარ თავს კორპორაციული ღმერთების ალგორითმ-ანგელოზებს; ნუ იფიქრებთ, რომ ის, რაც არ გადაღებულა, ან არ იგუგლება, არ არსებობს. 

პირიქით, სინამდვილეში ცხოვრება აქაა – ნამდვილ ტკივილებსა და ორგაზმებში. ცოცხალმა არსებამ კი უნდა გაიაროს ეს სანსარა, რათა იპოვოს მისი განადგურების გზები. 

Seek for Un-Google-able Pleasures!

Delete Facebook.