რას შეიძლება დიდი სიამოვნებით უყურო? ზღვის ტალღებს, მთებს რომელიმე პატარა მოედნის კაფედან, ადამიანებს, პორტში გემების მისვლა-მოსვლას, ჩანჩქერს, კანიონს, ტყეს, ხელოვნების ნიმუშს ან თუნდაც ვიტრინაში გამოდებულ ფეხსაცმელს. მოკლედ, საცქერლად ბევრი საინტერესო რამ შეიძლება მოგაფიქრდეს. ამ ობიექტების ნუსხას ჩემთვის კიდევ ერთი საინტერესო პროცესი დაემატა შარშან – 1.5 საათი ვიჯექი, ვუყურებდი და ვტკბებოდი, ბელგიის ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში მდებარე მშვიდი სასტუმროს ავტოსადგომზე, როგორ მოდიოდნენ „ტესლას“ წარმოების ელექტრომობილები, იმუხტებოდნენ და მიდიოდნენ. 

მერე აღმოვაჩინე, რომ მოგზაურობისას ყველაზე მეტად რაც მშურს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე დასამუხტად შეერთებული ელექტრომობილები და ქარის ელექტროსადგურების ტურბინებია.

მომსახურების სხვა სფეროებში, ასე თუ ისე, დიდად აღარ განვსხვავდებით ევროპული ქვეყნებისგან – უკვე ჩვენთანაც იშოვება ჯინსებიც და კოკა-კოლაც, საზოგადოებრივ სერვისებსაც საკმაოდ კომფორტულად ვიღებთ და ა.შ. რაზეც ცალსახად ვერაფერს ვიტყვით – ურბანული გარემო, მწვანე საფარი და ჰაერის დაბინძურებაა. ამ პრობლემის მთავარი გამომწვევი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვია. შეგახსენებთ, რომელია ის 4 ძირითადი დამაბინძურებელი, რომელთაც საწვავზე მომუშავე ავტომობილი გამოყოფს:

1. ნახშირბადის მონოქსიდი – ავტომობილი გამოყოფს მაშინ, როცა საწვავში ნახშირბადი სრულად არ იწვის;

2. ნახშირწყალბადი – წყალბადისა და ნახშირბადის ტოქსიკური ნაერთი;

3. აზოტის ოქსიდები – საწვავის წვის დროს წარმოქმნის აზოტისა და ჟანგბადის ერთმანეთზე რეაქცია;

4. გარე ნივთიერებების მყარი ნაწილაკები, რომლებიც ჰაერში ატმოსფერულ ნისლს წარმოქმნიან და ადამიანის ფილტვებს აზიანებენ. 

ამ ყველაფერს დავუმატოთ ლოკალური პრობლემები – მოძველებული ავტოპარკი, ავტოტრანსპორტის ტექნიკურად გაუმართაობა, საწვავის დაბალი ხარისხი, საგზაო სივრცის სიმცირე მოძრავი მანქანების რაოდენობასთან შედარებით, მოუხერხებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, და სურათიც უფრო დამძიმდება.

ალბათ, ყველამ საიდანღაც დაიწყო და წელს საქართველოშიც გამოჩნდნენ პიონერები – ქარის ტურბინები გორთან და ელექტრომობილების დამტენი სადგურები თბილისში.

სადგურების მონტაჟი თბილისში კომპანია E-Space-მა დაიწყო, რომლის გენერალური პარტნიორიც შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის პროცესში კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გახდა და ამ თანამშრომლობას უკვე სახელიც აქვს – „მეტი ჟანგბადი ქალაქს“.

სრულიად სხვა სფეროში მოღვაწე m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე შორენა დარჩიაშვილი კამპანიაში ჩართვის მიზნებს განგვიმარტავს: „ელექტრომობილებზე გადასვლა ვერ მოხერხდება, თუკი საამისო ინფრასტრუქტურა არ იარსებებს და ადამიანები ვერ შეძლებენ მანქანების დატენას. ამიტომაც გავხდით E-Space-ის გენერალური პარტნიორები. გვსურს, მონაწილეობა მივიღოთ პირველი ნაბიჯების გადადგმაში“.

m2-ისთვის ეს კამპანია გარემოზე ზრუნვის პირველი პრეცედენტი არ არის. კომპანია ენერგოეფექტურ კომპლექსებს აშენებს, რითაც მცხოვრებთა ფინანსური რესურსების გარდა, გარემოს რესურსებსაც ზოგავს.

„m2-ის მიდგომა ძალიან მარტივია: ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა = მეტ ელექტრომობილს; მეტი ელექტრომობილი = ნაკლებ გამონაბოლქვს; ნაკლები გამონაბოლქვი = მეტ ჟანგბადს. ცხადია, ამ კამპანიის ძირითადი, შესამჩნევი, დათვლადი შედეგი მოგვიანებით დადგება, მაგრამ ამისთვის დღესვე მოქმედებაა საჭირო. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ მეტი ელექტრომობილი ნაკლებ ხმაურსაც უდრის. ხმაური კი, დაბიძნურებულ გარემოსთან ერთად, ქალაქში მცხოვრებთათვის ერთ-ერთი მთავარი დისკომფორტია“, – ამბობს შორენა დარჩიაშვილი.

2017 წლის განმავლობაში m2 თბილისში, სხვა დიდ ქალაქებსა და ქალაქგარეთ, ხალხმრავალ ობიექტებთან, 100 დამტენი სადგურის მოწყობას დააფინანსებს. დამუხტვა 2017 წლის განმავლობაში უფასო იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრომობილების მეპატრონეებს ხარჯი პრაქტიკულად არ ექნებათ.

საქართველოში ძალიან ნელა, მაგრამ მაინც მატულობს ელექტრომობილების რაოდენობა. „ტესლა“ კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ჩვეულებრივ მოკვდავს მისი ყიდვა გაუჭირდება, მაგრამ ელექტრომობილებს უკვე თითქმის ყველა სერიოზული ავტომწარმოებელი ქმნის და მათი შეძენა შედარებით ხელმისაწვდომ ფასადაც შეიძლება. კიდევ უფრო ნაკლები თანხა ჯდება მეორადი მანქანა.


 

"ქვეყანაში უკვე გამოჩნდა მეორადი ელექტრომობილები. ეს იმას ნიშნავს, რომ ელექტრომობილების შეძენა მხოლოდ მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის არ იქნება შესაძლებელი. როგორც კი ინფრასტრუქტურა გაიმართება, ჩვენი კომპანიაც გეგმავს ავტოპარკის განახლებას და დარწმუნებული ვარ, ბევრი მოგვბაძავს. გვინდა, ეს კამპანია - #მეტიჟანგბადიქალაქს - უფრო მასშტაბური გახდეს. სლოგანი მოწოდებად უნდა გადაიქცეს, რათა ამ მოწოდებამ უფრო მეტ ყურამდე მიაღწიოს", - ამბობს შორენა დარჩიაშვილი.