„სცადე. დამარცხდი. მერე რა? სცადე კვლავ.

დამარცხდი კვლავ. დამარცხდი უკეთ!“

სემუელ ბეკეტი

 

2017 წელს, Youtube-ზე ერთი დღის განმავლობაში ნანახი ვიდეოების ხანგრძლივობამ საშუალოდ 1 მილიარდ საათს მიაღწია. ამ ხანგრძლივობის ვიდეოს სანახავად დაახლოებით 100 000 წელი დაგჭირდებოდათ. ეს თითქმის იმდენივე დროა, რამდენიც აფრიკიდან ჩვენი წინაპრების მიგრაციის დაწყებიდან დღემდე გავიდა.

ჯერ კიდევ 5 წლის წინ, მხოლოდ 2 თვის მანძილზე Youtube-ზე ატვირთული მასალების ხანგრძლივობამ, ამერიკის სამი უმსხვილესი ტელეკომპანიის ABC-ის, NBC-ისა და CBS-ის მიერ 1948 წლის შემდეგ ეთერში გასული მასალების საერთო ქრონომეტრაჟს გადააჭარბა.

ამ მასშტაბებმა და, სხვა სოციალურ ქსელებთან ერთად, Youtube-ის საყოველთაო პოპულარობამ, გააჩინა განცდა, რომ ინფორმაციის მიწოდების ცენტრალიზებული, ცალმხრივი მოდელი წარსულს ჩაბარდა. კორპორაციები თუ პოლიტიკური რეჟიმები ინფორმაციის წარმოებასა და გავრცელებაზე ექსკლუზიურ უფლებას კარგავდნენ, უბრალო მომხმარებლები კი ძლიერდებოდნენ.

ამერიკელი მწერალი კლეი შირკი, რომელიც ინტერნეტის სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებზე არაერთი წიგნის ავტორია, 2008 წელს წერდა: „ჩვენი სოციალური ხელსაწყოები [სოციალური ქსელები] რადიკალურად აუმჯობესებს ჩვენს გაზიარების, თანამშრომლობისა და ერთად მოქმედების უნარებს.

როცა პრაქტიკოსი ბიოლოგიდან დაწყებული, გაბრაზებული მგზავრით დამთავრებული, ყველა აითვისებს ამ ინსტრუმენტებს, ეს იქნება ეპოქალური ცვლილებების ნიშანი“.

მედიის მკვლევრებმა საუბარი დაიწყეს „ჩართულობის კულტურაზე“ (participatory culture), ტვიტერ-რევოლუციებსა და სოციალური მედიის რადიკალურ როლზე პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, სადაც უბრალო მომხმარებელს საჯარო პროცესებში ჩართვის მეტი ბერკეტი აქვს.

მიუხედავად Youtube-ის საყოველთაობის, ხელმისაწვდომობისა და, ერთი შეხედვით, დემოკრატიული ხასიათისა, 2011 წლისთვის ვიდეოების საერთო ნახვების 97%-ზე მეტი „იუთუბერების“ მხოლოდ 20%-ის შექმნილ მასალებზე მოდიოდა. დიდწილად ამის მიზეზი თავად პლატფორმის ლოგიკაა – მეტი ნახვა ნიშნავს ვიდეოს კიდევ უფრო მეტჯერ შეთავაზებას მომხმარებლებისთვის. Youtube-ის მთავარმა პროდუქტ-ოფიცერმა ნილ მოანმა გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ ვიდეოების დაახლოებით 70%, რომელსაც საშუალოდ ერთი ადამიანი უყურებს, პლატფორმისავე ხელოვნური ინტელექტის მიერ რეკომენდებულ რგოლებზე მოდის. ანუ, ჩვენი ნანახი ვიდეოების 70%-ს Youtube-ი გვირჩევს, ხოლო მათ 97%-ზე მეტს ერთი და იგივე Youtube-„ელიტა“ ქმნის. მაშ, ვინ იღებს გადაწყვეტილებას იმაზე, თუ რას ვუყუროთ Youtube-ზე – ჩვენ თუ კომპანიის ალგორითმი? საბოლოო ჯამში, ბუნდოვანია ჩართულობის კულტურის არსებობაც და მისი ეფექტიც.

ჰენრი ჯენკინსი, ამერიკელი პროფესორი და ინტერნეტკულტურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მკვლევარი, ჯერ კიდევ ინტერნეტის საყოველთაო ხელმისაწვდომობამდე აკვირდებოდა ფანების, რიგითი მომხმარებლების გავლენას კულტურულ პროდუქციაზე. სწორედ მან დაამკვიდრა ტერმინი „ჩართულობის კულტურა“ აკადემიურ წრეებში. ჯენკინსი 2009 წელს გამოცემულ წიგნში წერს: „ჩართულობის კულტურა ეს არის კულტურა, რომლისთვისაც დამახასიათებელია შედარებით დაბალი ბარიერები არტისტული გამოხატვისა და სამოქალაქო ჩართულობისათვის, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს სხვადასხვა ტიპის პროდუქციის შექმნასა და გაზიარებას და რომელსაც ახასიათებს ერთგვარი არაფორმალური მენტორული ურთიერთობები გამოცდილ მონაწილეთა და ახალბედებს შორის“.

ჰითერ ლოუერი მხოლოდ 14 წლის იყო, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით 100-მდე მოხალისე გააერთიანა და დააარსა ონლაინგამოცემა, რომელიც სხვა მოზარდებს წერისა და კითხვის უნარების განვითარებაში დაეხმარებოდა. ეს იყო ჰოგვორტსის სკოლის წარმოსახვითი გაზეთი, ჰარი პოტერის წიგნების სერიიდან. ვებგვერდის გაშვებიდან მალევე, ბევრმა მასწავლებელმა ეს რესურსი საკუთარ სასწავლო გეგმაშიც კი შეიტანა. 14 წლის ლოუერი მნიშვნელოვან ფიგურად იქცა ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ ეროვნულ დებატებში.

14 წლის იყო ბლეკ როსიც, როდესაც საზაფხულო სტაჟირება დაიწყო კომპანია Netscape-ში. ამ დროისათვის მან უკვე იცოდა პროგრამირების საფუძვლები და საკუთარი ვებგვერდიც ჰქონდა. Netscape-ის კორპორაციული გადაწყვეტილებებით იმედგაცრუებულმა როსმა საკუთარი ვებბრაუზერი შექმნა. ასე დაიბადა Firefox-ი, რომელსაც 2009 წლისთვის Netscape-ზე 60-ჯერ მეტი მომხმარებელი ჰყავდა.

ჰენრი ჯენკინსის აზრით, ეს და სხვა არაერთი მსგავსი მაგალითი იმაზე მიანიშნებდა, რომ არსებითად ახალ ეპოქაში ვიმყოფებით, სადაც მანამდე არაპრივილეგირებული სუბიექტები სამოქალაქო თუ კულტურულ პროცესებში მონაწილეობენ.

„ზოგიერთ პრაქტიკას უბრალოდ მიაწერენ ხოლმე, რომ არის „ჩართულობითი“, მაშინ როდესაც მას არაფერი აქვს საერთო ჩართულობასთან ანდა მხოლოდ და მხოლოდ მინიმალურ ჩართულობას გულისხმობს“, – წერდა ბელგიელი მკვლევარი ნიკო კარპენტიერი, რომელიც ჰენრი ჯენკინსის ოპონენტთა რიცხვში აღმოჩნდა. კარპენტიერისათვის სრული ჩართულობის მიღწევა ილუზიაა.

„სრული ჩართულობა გულისხმობს თანასწორ ძალაუფლებრივ პოზიციებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ყველა მონაწილისთვის“, – აზუსტებს იგი.

პროცესებში ჩართულობის ხარისხის შეფასებისას, ყურადღება იმაზე კი არ უნდა გავამახვილოთ, ვმონაწილეობთ თუ არა მასში, არამედ იმაზე, თუ რა როლი გვაკისრია და რამდენად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინოთ.

ამას წინათ Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა საკუთარ პოსტში განაცხადა: „დღეს მთელი მსოფლიო გადაჭარბებულმა სენსაციურობამ, დეზინფორმაციამ და პოლარიზაციამ მოიცვა. თუკი ჩვენ პრობლემების მოგვარებას არ დავიწყებთ, მაშინ ამ პრობლემების კიდევ უფრო გავრცელებას წავახალისებთ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ნიუსფიდმა მაღალი ხარისხის ახალი ამბების გავრცელებას შეუწყოს ხელი, რათა შევქმნათ ერთიანობის განცდა“.

2018 წლიდან კორპორაცია ორ მნიშვნელოვან ცვლილებას გეგმავს. პირველი – ჩვენს ნიუსფიდში ბიზნეს- და მედიაკომპანიების კონტენტის შემცირებას, და მეორე – ახალი ამბების გვერდების სანდოობის მიხედვით დალაგებას. ცუკერბერგი მომხმარებელზე ზრუნვას, მათი ონლაინგამოცდილების გაუმჯობესებასა და უკეთ ინფორმირების საჭიროებას უსვამს ხაზს.

ისევე როგორც Youtube-ის ალგორითმის შემთხვევაში, Facebook-ში მიმდინარე ცვლილებებიც საგულისხმო მინიშნებას იძლევა უბრალო მომხმარებლების დაკნინებულ ძალაუფლებრივ პოზიციაზე. ერთი მხრივ, ცალსახაა, რომ Facebook-ის ნიუსფიდში ინფორმაციის კონტროლი პირდაპირ აისახება მომხმარებელთა ფსიქიკურ განწყობაზე, მათ მენტალურ კეთილდღეობაზე, მათ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებზე და, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება, რომ Facebook-მა თავად განსაზღვროს ინფორმაციის სანდოობის ხარისხი და ამაზე დააფუძნოს მიწოდება, პირველ რიგში, მომხმარებლისავე ინტერესებს ეწინააღმდეგება – Facebook-ის ანგარიშის ქონა არჩევანი აღარაა, მოცემულობაა და ამ კერძო კომპანიაზე ჩვენი ანუ მომხმარებლების კონტროლი თითქმის მინიმალურია.