გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ტელეფონი | ვლადიმერი, ცხინვალი

ვლადიმერი, 41 წლის. ცხინვალიდან. ჰყვება 2008 წლის აგვისტოს ომზე. 

8 აგვისტოს ერთ საათში შეიცვალა ყველაფერი. ჩემი სახლის ვიტრაჟებიანი ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ ჩაიარეს ჯერ ტანკებმა, მერე, ქვეითების კოლონამ. კარგად ვერ ვარჩევდი ამ ფერად მინებში, მაგრამ დავინახე, როგორ მოჰყავდათ ოსის ბიჭი, შავი მაიკით, მაღალი, გამხდარი. კოლონას წინ მოუძღოდა. ხელები უკან, თავზე ჰქონდა დადებული. სულ მეფიქრება, ნეტა რა უქნეს, მოკლეს, გამოუშვეს.  

ნახევარი წუთი გაქვავებული ვიდექი. მერე ჯერ დედაჩემი გამახსენდა, ნეტა თუ ცოცხალია-მეთქი. ჩემი და უკვე ვლადიკავკაზში იყო. ქალები და ბავშვები იქამდე უზარმაზარი კოლონებით გაიყვანეს ცხინვალიდან. მაგრამ ყველა არ გაჰყვა.

მამაჩემიც აქ იყო. დაბომბვა რომ ვნახე, პირველი, რაც ვიფიქრე, რუსეთში ფეხით უნდა გადავიდეთ-მეთქი. მეგონა, მთელ ქალაქს მიწასთან ასწორებდნენ. მარტო ჩემი მშობლების მოძებნა მინდოდა.

რუსული პასპორტი მაინც წამომეღო-მეთქი. ის კი არ მიფიქრია, რო გახსნიდნენ საზღვარს, რომ დაჭრილები, ლტოლვილები გადაეყვანათ. რა პასპორტი! ხალხს ყველაფერი დაეწვა.

დედაჩემის სახლიც დაზიანდა. ჩემიც. მარტო კასეტურ და ფეთქებად ჭურვებს ისროდნენ.

ჩემი სახლის წინ, გმირების ქუჩაზე ქართული ჯარი რომ დავინახე, ვენახებით გავიქეცი. მთავარ მოედანზე უკვე ყველაფერი დაბომბილი იყო.

ვიდექი სტალინის ქუჩის შუაში და ვუყურებდი, როგორ იწვოდა შენობა, თეატრის გვერდით. სახლების მთლიანი სახურავები ძირს ეყარა - აი, ეს მახსოვს.

მერე დაირხა ხმები ათასობით ადამიანი დაიღუპაო, უამრავი ბავშვია მკვდარიო.

რვაშივე დილას, ვიღაცამ ტელეფონით გადაიღო ცხინვალი ზემოდან. საშინელი სურათი იყო. ერთმანეთს ვუგზავნიდით. სახლები ჯერ კიდევ იწვოდა.

მახსოვს, წყურვილი მახრჩობდა, სულ წყალს ვეძებდი. შიმშილს ვერ ვგრძნობდი.

ყველაზე საშინლად, იმ დღეებიდან დედაჩემის მოყოლილი ამბავი მახსოვს.

ცელინიკოვის უბანში, ისაკის ქუჩის ბოლოს, ორი ქართული ტანკი ააფეთქეს. ფოტოც მაქვს ნანახი. იქვე, ახლოს ეყარა, თურმე, ცხედრები. ვერავინ ეკარებოდა. ეტყობა შეტაკება მოხდა და ამ ქუჩით ბიჭები უკან ბრუნდებოდნენ.

ეს ათამდე ცხედარი პირდაპირ ქუჩაში ეყარა, ყველა შეიარაღებული. გარშემო ხალხი შეიკრიბა. დედაჩემიც იქ იყო. და უცბად ერთ-ერთს ჯიბეში ურეკავს ტელეფონი. 

ჯერ ერთმანეთს უყურებენ. მერე ვიღაც ბედავს, მიდის და იღებს ტელეფონს. ვინმე ქართულად თუ ლაპარაკობს, აიღეთ და გააგებინეთ, რა ხდებაო, - დანარჩენებს ეუბნება.

დედაჩემი გამოვიდა, მე ვლაპარაკობო. მისცეს ტელეფონი. მიიდო ყურზე და იქიდან ქალის ხმა ესმის. ნომერზე "დედა" უწერია. დაიღუპაო, უთხრა.

ტელეფონები თან ჰქონდათ, საომარ მოქმედებებს იღებდნენ ხოლმე, უშიშროებისთვის ეტყობა.

სულ ვფიქრობ ხოლმე. ურეკავს შვილს. იქ, კიდე ვიღაც იღებს და ეუბნება.

* * *

ქართულ ამბებს აღარ ვუყურებ. აღარ მაინტერესებს.

ჩვენ ეხლა მარტო რუსეთზე ვართ დამოკიდებული. საქართველოსგან არაფერს აღარ ველოდებით. ისევ თუ არ დაგვესხა თავს, მაგრამ ამასაც შევეჩვიეთ. ვცხოვრობთ ჩვენი ცხოვრებით.

ომს აღარ ვიხსენებთ ხოლმე. ჯერ ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს.

მაგრამ უცნაური ისაა, რომ ქართველებს მტრად არ აღიქვამს ხალხი. ამ დროს საქართველო - ქვეყანა ყველასთვის მტერია. ასე უცნაურადაა გამჯდარი ცნობიერებაში.

ეს ერგნეთის ბაზარი მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო რაღაც შერიგებასავით. დაახლოება არა. უფრო შერიგება, მაგრამ მერე სააკაშვილი მოვიდა.

მამაჩემი საქართველოს ჩემპიონი იყო ბოქსში. ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავდა თბილისში და ნათესავები.  

80-იანების ბოლოს, საიდანღაც, უცბად გაჩნდა ეს ნაციონალური საკითხი. მაშინ ჩვენი ქართველებიც ბრაზობდნენ, არავის ეს არ მოგვწონდა. მახსოვს, მოედანზე იკრიბებოდა ხალხი, მიტინგი კი არა, ისე, უბრალოდ ჩამოსხდებოდნენ, ყველა პოლიტიკაზე ლაპარაკობდა მაშინ. ვერავინ ხვდებოდა ეს ყველაფერი საით მიდიოდა.



______________________________________________________________
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: ნინო ლომაძე


აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

disclaimer

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა