ჩანაწერი N1  თეატრალური ფესტივალის  შესახებ

ხელოვნების ნაწარმოებებთან, ან ხელოვნების ფესტივალებთან ურთიერთობის უკვე მრავალწლიანმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ გარკვეული დროის გასვლის, გარკვეული გაუცხოების შემდეგ, საუკეთესო შთაბეჭდილებები არსად ქრება. ისინი ერთად იყრიან თავს ჩემს მეხსიერებაში და ქმნიან სხვადასხვა ძალის ხატებს, რომლებიც შინაარსებსა და მნიშვნელობებს დიდხანს არ კარგავენ. მეტიც, დიდხანს ზემოქმედებენ იმაზე, თუ რას ვფიქრობ და როგორ. ასეთი გამჭოლი გავლენა 2017 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო პროგრამიდან ორმა წარმოდგენამ დამიტოვა.

პირველი „თამაშის დასასრული“ იყო და ამ პოსტში სწორედ ამ სპექტაკლზე გეტყვით.

მაშინ როცა სემუელ ბეკეტი „თამაშის დასასრულს“ წერდა, მეტაფორულობა და სიმბოლიზმი, რაც თუნდაც „გოდოს მოლოდინში“ ჩანდა კარგად, სადღაც გაქრა. ამ ახალ ტექსტში ამოტივტივდა ბევრად კონკრეტული, ცნობადი, ძალიან გასაგები ადამიანური და საყოველთაო ტკივილი, რომელიც სიცოცხლის დასასრულის მოლოდინს ახლავს თან; შიშს, რომელიც სიცოცხლეს იპყრობს და აუტანელს ხდის მოლოდინს, თითქოს, დასრულება გეჩქარება კიდეც, ოღონდ, არც ეს ფინალის მოახლოება შეგიძლია.

„თამაშის დასასრული“ ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული და პოეტური ტექსტია, რაც კი წამიკითხავს, ამავდროულად, ყველაზე სასტიკიც, რადგან მასში საოცრად მკაფიოდ ჩანს შიში, მარტოობა, სიკვდილის წინაშე სიცოცხლის აბსურდულობა. აბსურდიზმი კი ის მეთოდია, რომლითაც ბეკეტის პერსონაჟების ტკივილიცა და სევდაც სკუპლტურული, ლაკონური და აუტანლად მჭრელი ხდება.

სწორედ ამ პიესის ინსცენირებით დაიწყო ფესტივალი სამეფო უბნის თეატრში. თუმცა  გერმანული თეატრის  შაუშპილ დორტმუნდის დადგმა უფრო ბეკეტის პიესით შთაგონებული პერფორმანსი იყო ჩემთვის  მთლიანად დაცლილი დრამატურგიის ადეკვატური ინსცენირებისგან.

პერფორმანსში ოთხიდან მხოლოდ ორი პერსონაჟი ჩანდა  ჰამი და კლოდი. რეჟისორმა გააქრო ურნებში ნახევარსხეულებად დარჩენილი მომაკვდავი მშობლები (იქნებ უკვე გარდაცვლილი ნაგ და ნელ)  არადა, პიესაში სიცოცხლისადმი ტრფობის და ნოსტალგიის უცნაური დოზა სწორედ მათი დამსახურებით შემოდის. რეჟისორის ფავორიტია პირველი წყვილი, ისინი მუდმივად ურწმუნოებას გვთავაზობენ, მხოლოდ შიშს. სიყვარულის, ერთად ყოფნის სურვილის უარყოფას აფარებენ თავს. რეჟსიორმა ეს წყვილი შავ ყუთში ჩასვა. ესაა ორი სხეული, რომლებსაც მოძრაობაც კი უმძიმს, რადგან არც მოძრაობას აქვს აზრი. ბრმა პატრონი და ხეიბარი მსახური ორსაათიან უწყვეტ ხმაურში ამტკიცებენ ურთიერთსიძულვილს, რომლის მიღმაც უალტერნატივო ერთად ყოფნაა.

 უნდა წავიდე, დაგტოვო,

 წადი. უკვე წახვედი?

 არა, ჯერ არა.

 ვერ წახვალ, გარეთ არაფერია და არავინაა.

 მაშინ ვერ წავალ. თან ვერც შენ გამომყვები.

თან გაქცევის სურვილი და თან არწასვლა იმ მიზეზით, რომ მეორეს თან ვერ წაიყვანს, ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობათა შეჯახეებაა, კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ ბადებს ბეკეტი აბსურდს; აბსურდს, რომელიც ძალიან ჰგავს ადამიანების ცხოვრებას, მათი ემოციებისა და ქმედებების ურთიერთმიმართებას. ზუსტად ეს მოტივი გახდა გერმანელების დადგმაში დრამატურგიული კულმინაცია და მას იმაზე ხშირად იმეორებდნენ სცენაზე, ვიდრე ბეკეტს სურდა. საერთოდ ბევრი რამ იყო დადგმაში ისეთი, რაც ავტორს არ მოეწონებოდა: ცინიზმი და უკიდურესი სიხისტე, სივერაგე და საგანგებო დესტრუქცია. ამ ყველაფერს სცენაზე არც ერთ მომენტში არ აზავებდა რომანტიზმი და ყოფიერება. სამაგიეროდ, მარტოობისა და სასოწარკვეთის ხატი შეიქმნა და, რაც მთავარია, დაუპირისპირდა არა მხოლოდ მაყურებელს, არამედ ავტორსაც. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა, თეატრიდან გამოსვლის შემდეგ, კიდევ დიდხანს მეფიქრა არა მხოლოდ აბსურდის, როგორც მეთოდის სიზუსტისა და  სინამდვილის ძალაზე, არამედ  ბეკეტზეც და თანამედროვე თეატრალი რეჟისორების თავისუფლების დიაპაზონზეც.

იმ დღეს ჯერ კიდევ არ ვიცოდი, მაგრამ თეატრალურ ფესტივალზე თავისუფლების ბევრად ფართო დიაპაზონი თურმე წინ მელოდა - უფრო ფესტივალის ბოლოსკენ. და სწორედ ამაზე – შემდეგ პოსტში.