ინდიგო: თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს მეცხრედ ტარდება. ეს უკვე საკმარისი დროა შეფასებებისა და დასკვნებისთვის. თქვენ პირველი დღიდანვე ჩართული ხართ ამ საქმეში, რას ფიქრობთ, როგორ განვითარდა ფესტივალი და მიიღო თუ არა ის სახე, რაც თავიდან გქონდათ ჩაფიქრებული?

ეკა მაზმიშვილი: ცოტა ხნის წინ ევროპის 715 თეატრალურ ფესტივალს შორის დასახელდა 26 ლაურეატი, რომლებიც ევროპის ფესტივალების ასოციაციის პრემიაზე იქნებიან წარდგენილი. ამ 26-ში მოხვდა ჩვენი ფესტივალიც. ვფიქრობ, ეს კარგად აჩვენებს, თუ რას მიაღწია ამ წლების განმავლობაში თბილისის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა. ლაურეატობას ხომ სწორედ ხარისხის, თავდადების და იმ გავლენის გამო ანიჭებენ, რასაც ფესტივალი ტოვებს საზოგადოებაში, აქ თუ საზღვარგარეთ.

თავიდანვე ვფიქრობდით, რომ ფესტივალის მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო თავისუფალი აზროვნების წახალისება მაყურებელში, არსებული საზღვრების და ჩარჩოების გადასალახად საჭირო ენერგიის გაღვივება პუბლიკაში. ჩვენს მაყურებელს ვხედავდით, როგორც ინტერესიან ადამიანებს, რომლებიც ბევრ შეკითხვას სვამენ და ეძებენ ახალ გზებს განვითარებისთვის. ეს დავისახეთ თავიდანვე ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ დანიშნულებად და მას შემდეგ მოყოლებული მთელი რეპერტუარი ამ პრინციპით დგება: რაც შეიძლება მეტი სიახლე, მრავალფეროვნება, თავისუფლება და რისკი.

ინდიგო: ფესტივალზე აკადემიური სპექტაკლების გარდა ყოველთვის არის ახალი, ექსპერიმენტული წარმოდგენები. ჩამოდიან სტუმრები, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას... როგორ აისახება იდეებისა და გამოცდილებების ეს გაცვლა-გამოცვლა ქართული თეატრის პროფესიონალებზე?

ეკა მაზმიშვილი: პროფესიონალისთვის ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩვენ ვხდებით სამყაროს ნაწილი, იმ თანამედროვე მისწრაფებების თანაზიარი, რითიც ცხოვრობს დედამიწა. ამ ყველაფერს არა მხოლოდ ციფრული ტექნოლოგიით ვადევნებთ თვალს, არამედ თავად ვხდებით პროცესის მონაწილე. ადამიანებს ყველგან დაახლოებით ერთი და იგივე პრობლემა აქვთ, ფუნდამენტური გამოწვევები და ინტერესები მაინც ერთი გვაქვს. მაგალითად, ქართველებს არაერთხელ დაგვისვამს კითხვა წარსულის შესახებ. და სწორედ ასეთი კითხვები შეგვახსენებს თავს იმ უცხოური სპექტაკლიდანაც, რომელსაც წელს ჩვენს პროგრამაში „ხსოვნის ქვები“ წარმოგიდგენთ. ეს არის ერთი გერმანული თეატრის ამბავი. მოულოდნელად თეატრიდან ყველა ებრაელი მსახიობი გაქრება. დილით თანამშრომლები მივლენ და ისინი იქ აღარ დახვდებიან. ეს ასეც მოხდა მაშინ და მოხდა თეატრის ხელით, კანონის ძალით. ასეთივე არ არის ჩვენი გამოცდილებაც 1937 წლის რეპრესიებთან დაკავშირებით? ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრის მომცემია წარსულის ეს ურთიერთგაცვლა, თუნდაც ძველი თემების და იდეების გაზიარება. არტისტები იმ შეკითხვებს სვამენ, რაც ჩვენ გვაწუხებს, თანაც უფრო ადრე სვამენ და შეძლებისდაგვარად პასუხობენ კიდეც, ხშირად უფრო თამამადაც კი, ვიდრე – ჩვენ.

ინდიგო: როგორია წლევანდელი ქართული პროგრამა და რამდენი ქართული სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი?

ეკა მაზიშვილი: წელს სულ 10 სპექტაკლია მთავარ პროგრამაში და, რა თქმა უნდა, იქნება ცალკე პროგრამაც, რომელსაც თეატრები ნიშნავენ სხვადასხვა გრაფიკით. ამიტომ ეს რიცხვი ბევრად გაიზრდება. ქართული პროგრამისთვის განსაკუთრებით ვემზადებით. საერთაშორისო პრესაში დიდი გამოხმაურება მოსდევს ხოლმე. წელსაც არაერთი ჟურნალისტი და კრიტიკოსი ჩამოდის. საქართველოს უკვე იცნობენ, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანას თანამედროვე თეატრალურ სივრცეში და ეს ნაწილობრივ სწორედ ქართული პროგრამის შედეგია, რაც ფესტივალის ორგანიზატორებს ძალიან გვახარებს.

ინდიგო: კიდევ რას გამოყოფდით ფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმოდგენებიდან?

ეკა მაზმიშვილი: გვეწვევა კარლსრუეს და შტუტგარტის თეატრები, თეატრი ვარშავიდან, ნაციონალური თეატრი ბუქარესტიდან, ასევე ბოლონიიდან. წელს პირველად ვთანამშრომლობთ ირლანდიასთან – კომპანია Dead Centre წარმოადგენს ჩეხოვის პირველ პიესას. ეს იქნება რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენა თავისი ფორმითა და სათქმელით. გვექნება ლევან წულაძის და დათო დოიაშვილის უცხოური სპექტაკლებიც – ლევან წულაძემ „კუ“ პირანდელოს მიხედვით იტალიაში დადგა, დათო დოიაშვილმა კი ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“ – რუმინეთში.

ძალიან მნიშვნელოვანია ფესტივალის კლუბიც. წელს სწორედ მისი ღონისძიებების ნაწილი გახდება ქართველი და გერმანელი მუსიკოსების ერთობლივი წარმოდგენა – 1920-იანი წლების კაბარეს სტილის, ოქროს ეპოქის მუსიკით. ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო საღამო იქნება ფესტივალის განმავლობაში. ცხადია, კვლავ ვუმასპინძლებთ ნინო ქათამაძის კონცერტს, რომლის გარეშეც ფესტივალი უკვე ვეღარ წარმოგვიდგენია. ვგეგმავთ ნიკა მაჩაიძის და მიშა მდინარაძის პერფორმანსებსაც – წელს ეს კლუბური პერფორმანსები უკვე ფესტივალის მთავარ პროგრამაშიც შედის.

ინდიგო: გეგმავთ თუ არა სიახლეებს უფრო ფართო აუდიტორიის მოსაზიდად?

ეკა მაზმიშვილი: ჩვენი ქუჩის წარმოდგენა, ამ მხრივ, ვფიქრობ, ძალიან დიდ როლს შეასრულებს. ადამიანები მიხვდებიან, რომ ეს ფესტივალია არა მხოლოდ მათთვის, ვისაც უყვარს თეატრი, არამედ სხვებისთვისაც – ვისაც შეიძლება, რომ თეატრი მომავალში შეუყვარდეს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ ესაა: ვისაც არ უყვარს თეატრი, იმასაც შევაყვაროთ, ვისაც არ აინტერესებს, ისიც დავაინტერესოთ. ამიტომ კლუბის რამდენიმე წარმოდგენაც საჯარო იქნება და დასწრება ყველას შეეძლება. სტუდენტებისთვისაც კვლავ გვექნება შეღავათები, თუ დასადგომი ადგილი არის ხოლმე, მათ ხშირად უფასოდაც ვუშვებთ.

ინდიგო: მომავალ წელს ფესტივალს 10 წელი უსრულდება, თუ შეგიძლიათ უკვე თქმა, რა სიახლეებით შეხვდებით საიუბილეო თარიღს?

ეკა მაზმიშვილი: მომავალი წლის პროგრამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა. ერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ ახალ ჟანრებს ავითვისებთ, მაგალითად, გვექნება ჰორორის ჟანრის სპექტაკლები, თანამედროვე ცირკი, საბავშვო წარმოდგენებიც. გაიზრდება გეოგრაფიული არეალი.

ასევე ვგეგმავთ, რომ „კავკასიური ცარცის წრის“ გერმანული დადგმა ჩამოვიტანოთ.

მომავალ წელს ფესტივალს დაემატება აკადემიაც. გვინდა, გაკეთდეს საერთაშორისო არტბაზარიც. წარმოგვიდგენია, რომ თბილისი გახდება აბსოლუტური კულტურული ჰაბი დიდი აქცენტით თეატრზე. იმედი გვაქვს, ათი წლის იუბილესთვის ამას აუცილებლად მოვახერხებთ.