„იმ რვა წლის განმავლობაში, ვიდრე ჩვენ ვგლოვობთ, ნიავიც ვერ შემოაღწევს ამ სახლში“, - ბერნარდა ალბას ეს ფრაზა, რომელსაც ის მეუღლის დაკრძალვის დღეს წარმოთქვამს, გარსია ლორკას პიესის დასაწყისშია. დანასავით ბასრი და სრული უიმედობის მაუწყებელია ეს სიტყვები ქალიშვილებისთვის, რაც, ფაქტობრივად, მთელი შემდგომი ამბების დრამატული ტონალობისა და მოახლოებული სიგიჟის მაუწყებელია... და ცხადად ვგრძნობთ, ვნებები გლოვის სახლში რით დასრულდება.

“ბერნარდა ალბას სახლი” (1936), რომლის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში ფედერიკო გარსია ლორკა დახვრიტეს, ბუნებრივად აღძრავს სურვილს ფრანკოს დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ დაწერილი ტექსტი სრულიად სხვა განზომილებაში გავიაზროთ. უამრავი ეკრანიზაცია (მათ შორის ალბათ, ყველაზე გამორჩეულია სტიუარტ ბერჯის ფილმი „ბერნარდა ალბას სახლი“, სადაც მთავარ როლს გლენდა ჯეკსონი ასრულებს), ქორეოგრაფიული ვერსია (კენეტ მაკ’მილანი, იოაჰიმ შლომერი და ცხადია, მატს ეკი თავისი შეუდარებელი ირონიულ-ფსიქოანალიტიკური ოპუსით), თუ ოპერა (თანამედროვე გერმანელი კომპოზიტორი, არიბერტ რაიმანი) მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ლორკას შედევრი დროსთან მიმართებაში საგრძნობ არტ-ტრანფორმაციასაც განიცდის.
მადრიდის თეტრი Theatros de Cannalis და ექსპრიმენტული თეატრალური ლაბორატორია Draft. Inn, რომელმაც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, გარსია ლორკას შედევრი ახალი სათაურითა და ახალი თეატრალური მზერით წარმოადგინა, გაცილებით შორს წავიდა. რეჟისორ კარლოტა ფერერის ინტერპრეტაციით, მამაკაცები არა მხოლოდ ქალების როლებს ასრულებენ, არამედ ისინი, თითქოს, ხელახლა გაივლიან იმ შეზღუდვის, დამცირებისა და აკრძალვის ჯოჯოხეთურ წრეებს, რასაც ქალები საუკუნეების განმავლობაში გრძნობდნენ.

სწორედ ეს ორმაგი თამაში, ჯერ გასვლა საკუთარი თავიდან, როლიდან, სქესიდან და ფინალში, ადელას „გამოცხადებული სიკვდილისა და სიცოცხლის“ ლამის ფემინისტური მონოლოგის შემდეგ, საკუთარი თავის ხელახალი აღმოჩენა, ქმნის უცნაურად მშფოთვარე კათარზისის განცდას. საინტერესოა, რომ ადელას როლს პოპულარული ხაიმე ლორენტე ასრულებს, რომელმაც სახელი სერიალებში მონაწილეობით უფრო გაითქვა. თუმცა გადაღების გამო ის თბილისში ვერ ჩამოვიდა და სხვა მსახიობმა შეცვალა. სამაგიეროდ, ვიხილეთ ლამის გამომშრალი, ცივი, საკუთარი სიშლეგისა და აკვიატებისგან დაღლილი ბერნარადა - ეუსებიო პონსელა, რომელიც მაყურებელს პედრო ალმოდოვარის ფილმებიდან უნდა ახსოვდეს.

დიახ, „ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“ და ამის შესახებ ლორკას ტექსტზე დაყრდნობითა და საკუთარი ნააზრევით გვაცნობენ სპექტაკლში კარლოტა ფერერი და ხოსე მანულ მორა... ეს უფრო ფრანკოს ეპოქის ჟამიანობისა და ლორკას ტექსტის „ხსოვნის“ თანამედროვე მუზეუმია (მხატვრობა და სცენოგრაფია პირდაპირ გვიბიძგებს წარმოვიდგინოთ სცენა მუზეუმად), სადაც პენოპლასტით ამოშენებული თეთრი კედლები და წითლად შეღებილი ხუთი ძაღლის ინსტალაცია დგას. ლორკას სურვილი „თეატრი დაბრუნდეს პოეტების ხელში“, თითქოს ახალი იპოსტასით ცოცხლდება და თეატრი ორი საათით არამხოლოდ პოეტების, არამედ, ნიჭიერი არტისტების (შესანიშნავია ოსკარ დელა ფუენტე პონსიას როლში), კლასიკური ფერწერის (სცენაში, როდესაც ბერნადა დედას ტანსაცმელს ხდის, განათების საშუალებით მაშინვე გახენდებათ ესპანური ფერწერის ნიმუშები) და თანამედროვე ქორეოგრაფიის საყრდენად იქცევა. არსებითი კი მაინც ცოცხალი, გაბედული, სარისკო და სექსუალური ინვერსიებით დატვირთული თამაშია, სადაც სამუზეუმო მყუდროებას მაინც სიცოცხლე ძლევს, გლოვას - ამბოხი, აკრძალვებს - სექსი და თავისუფლება.