მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, რომლის პროგრამა ბოლო წლების განმავლობაში ალბათ, ყველაზე საინტერესო და ხარისხიანი იყო, გერმანიაში მცხოვრები უკრაინელი რეჟისორის, ანდრეი (ანდრი) ჟოლდაკის მსოფლიო პრემიერით დასრულდა. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, მასშტაბური და პარადოქსულად მოაზროვნე ხელოვანის ახალ საფესტივალო სპექტაკლს გარკვეული კონტექსტი აქვს: დაახლოებით ორი წლის წინ, ის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში უნდა დადგმულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ქეთი დოლიძე თეატრიდან გაათავისუფლეს (სწორედ მას უნდა შეესრულებინა ერთ-ერთი მთავარი როლი) დაწყებული რეპეტიციები შეწყდა, ხოლო პრემიერამ საფესტივალო დროში გადაინაცვლა და სრულიად სხვა მნიშვნელობა შეიძინა.

„მეფე ლირი. ანდრი ჟოლდაკის წარმოსახვა“ - ასე ეწოდება წარმოდგენას, რომელშიც რეჟისორის ორნაწილიან, დახლოებით 230-წუთიან „წარმოსახვაში“, მეფე ლირი ქეთი დოლიძის მიერ შესრულებულ ძნელად აღსაზრდელთა სასწავლებლის კომისიის ქოთქოთა თავმჯდომარედ გარდაისახა, ხოლო მეორე ნაწილში დედა-ლირად, რომელსაც ქალიშვილები განძეულისა თუ სამკაულების გამო კლავენ...

ტექსტი, რომელიც თავად რეჟისორმა შექმნა, მთლიანად გათავისუფებულია შექსპირული ტვირთისგან და მასში პირველი მოქმედებიდან მხოლოდ ლირისადმი ქალიშვილების „ერთგულების ტესტი“ დარჩა. ყველაფერი სხვა სრული იმპოვიზაციაა, პირველ ნაწილში თიანეთის ძნელად აღსაზრდელთა სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების რთულ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას რატომღაც ერთგვარი „გეგ-სცენებით“ ვეცნობით (მაყურებელი ამ დროს სცენაზე ზის); ხოლო მეორეში გადავდივართ ლირის უცნაურად განათებულ, ყვავილებით სავსე სახლში (დანიელ ჟოლდაკის შესანიშნავი მხატვრობა), სადაც მისი ქალიშვილები და სიძეები ფინალში ყველაფერს ანადგურებენ (მაყურებელი უკვე დარბაზშია).

ანდრი ჟოლდაკის რეჟისორული „წარმოსახვა“ თანამედროვე სამყაროს პრეაპოკალიფსურ შეგრძნებებს ეყრდნობა: უსაზღვრო სიამოვნებას, სხვების მიმართ აგრესიას და თვითგანადგურების უცნაურ ჟინს. დედა-ლირისა და მისი ქალიშვილების ისტორია (ირინა გიუნაშვილი - კორდილია, თამარ ბზიავა - გონერილი და თამარ ბუაჩიძე - რიგანი) ასევე კარგად ეწერება თანამედროვე „ევროპის დაისის“ კონტექსტში და ანტონენ არტოს და ეჟი გროტოვსკის თეტრალურ მანიფესტებსაც თითქოს ახალ სუნთქვას სძენს.

ერთი მხრივ, ეს არის სისასტიკის, ჰალუცინაციისა და სიზმრისეული შეგრძნებებით სავსე სცენებისა თუ შრეების სიმრავლე (არტო) და მეორეს მხრივ, გროტოვსკის თეორიისა თუ მითითების სცენურ პრაქტიკაში გადმოტანის მცდელობა - როდესაც მსახიობთა სხეულები, როგორც ცარიელი „ჭურჭლები“, დაცლილია წინარე, უკვე განცდილი, „ჭუჭყიანი“ შეგრძნებებისგან და მათ ახალ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვხედავთ. ამგვარი ავტონომიურობა მათ ახალი ამოცანების წინაშე აყენებთ: იმოქმედონ ისე, თითქოს, აქ და ახლა მათი ცხოვრების ბოლო მომენტი დგება; თითქოს, მათი ფსიქო-ფიზიკური სამყარო ჩვენს თვალწინ შენდება და ინგრევა ლირის სახლივით, რომელიც დედის მსხვერპლშეწირვის შემდეგ სრულიად ნადგურდება დამცინავი ინდური მუსიკის თანხლებით.

კვდომის, სიამოვნების და სიშლეგის ჟოლდაკისეული „მიქსი“, ცხადია, ტოვებს მცირე სივრცეს ბავშვური თამაშებისა და პოეზიისთვის, რაც „მოგონებების“ სცენებშია კონდენსირებული (როდესაც გონერილი, რიგანი და კორდილია რეზინობანას თამაშობენ) და რასაც აშკარად ჩეხოვის „სამი დის“ სურნელი აქვს. თუმცა ეს აშკარად ცოტაა ხანგრძლივი და დამქანველად სასტიკი თამაშების ფონზე. რა მასალას როგორც არ უნდა დგამდეს, ჟოლდაკი ყოველთვის გულისხმობს თანამედროვე თეატრს, მის ზედოზირებულ კლასიკურ რეპერტუარსა და შეგრძებებს, რომელსაც თანამედროვე და უნივერსალური მსახიობები ესაჭიროება. ეს კი აშკარად რთულია რეჟისორის მკაცრი და ძნელად შესასრულებელი მოთხოვნების გამო.

ქანცგაწყვეტილ დედებსა თუ მეფეებს „ჟოლდაკის თეატრში“, საბოლოოდ, მაინც ხოცავენ. სასტიკად, ნაზად თუ სიამოვნებით, ეს უკვე თეატრალური გამოცდილების, გემოვნებისა და ასოციაციების ამბავია, გააჩნია, რა უფრო მიმზიდველია თქვენთვის - ჩეხოვი, შექსპირი თუ  ბრეხტი.