ფრაგმენტები ალენ ბადიუს საჯარო ლექციიდან

"ტეატრ დე ლა კომიუნი". პარიზი

23 ნოემბერი, 2015

ლექციის ტექსტური ვერსიის მოწოდებისთვის

„ინდიგო“ მადლობას უხდის მარიამ შენგელიას.

თარგმანი და ტექსტი: ირმა ტაველიძე

ლექციის ტრანსკრიპტი: მარიამ შენგელია

ფოტო: shutterstock.com 

 

ამ საღამოს მინდა ვისაუბრო იმაზე, რაც პარასკევს, 13 ნოემბერს მოხდა; იმაზე, რაც ჩვენს თავს მოხდა; იმაზე, რაც ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში, ამ სამყაროში მოხდა.

მოდი, დავეყრდნოთ შემდეგ პრინციპს: აზრი ყოველთვის აქვს იმას, რასაც ადამიანები აკეთებენ. როდესაც ვამბობთ: "არ მესმის", "ამას ვერასდროს გავიგებ", "ამის მიხვედრა არ შემიძლია" – ეს ყოველთვის ჩვენს მარცხზე მიანიშნებს. ხელი არასდროს უნდა ავიღოთ გააზრების მცდელობაზე. თუ გამოვაცხადებთ, გააზრება შეუძლებელიაო, ამით აზროვნების მარცხს ვაღიარებთ, აზროვნების მარცხი კი სწორედ ირაციონალური, კრიმინალური ქმედებების გამარჯვებას ნიშნავს. 

თანამედროვე მსოფლიოს სტრუქტურა

ოცდაათი წელია, გლობალიზებული კაპიტალიზმის ტრიუმფის მოწმეები ვართ. ეს ტრიუმფი, გარკვეულწილად, კაპიტალიზმის თავდაპირველი ენერგიის დაბრუნებაა, რასაც საკამათო სახელით, ნეოლიბერალიზმით ვიცნობთ. სინამდვილეში კი ეს კაპიტალიზმის მთავარი იდეოლოგიის, ლიბერალიზმის ხელახლა გამოჩენაა. ამიტომ, არ ვიცი, წინ „ნეო“-ს მიწერა გამართლებულია თუ არა. არა მგონია, რაც ახლა ხდება, მართლაც „ნეო“ იყოს. გლობალიზებული კაპიტალიზმის ტრიუმფი იმის დასტურია, რომ მას ისევ შეუძლია წარმოების, ვაჭრობისა და საზოგადოების ორგანიზების საკუთარი ფორმები შემოგვთავაზოს. ის ისევ ცდილობს ჩვენს დარწმუნებას იმაში, რომ კაცობრიობის ბედის განმსაზღვრელი ერთადერთი კეთილგონივრული გზაა. 

მეორე საკითხია, რომ სახელმწიფოები დასუსტებულია, რაც გლობალიზებული კაპიტალიზმის არაპირდაპირი შედეგია. 

დღეს დიდი ფირმები ზომით საშუალო სახელმწიფოებს უთანაბრდება. ბანკები ისეთ მნიშვნელოვან სისტემებად ჩამოყალიბდნენ, რომ მათი გაკოტრება პრაქტიკულად შეუძლებელია. აქსიომაა: “too big to fail” – მეტისმეტად დიდია საიმისოდ, რომ გაკოტრდესო. ეკონომიკური მაკროსამყარო ძირს უთხრის სახელმწიფოების ძლიერებას.

აზრი ყოველთვის აქვს იმას, რასაც ადამიანები აკეთებენ. როდესაც ვამბობთ: "არ მესმის", "ამას ვერასდროს გავიგებ", "ამის მიხვედრა არ შემიძლია" – ეს ყოველთვის ჩვენს მარცხზე მიანიშნებს.

ათწლეულებია, დასავლური სახელმწიფოები უწყვეტ საომარ მოქმედებებს აწარმოებენ. ბოლო ორმოცი წლის მანძილზე რამდენჯერ ჩაერთო საფრანგეთი საომარ ოპერაციებში აფრიკის კონტინენტზე? თითქმის სამოცჯერ! შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთში თითქმის ქრონიკული სამხედრო მობილიზაციაა. იყო დიდი ექსპედიციები, უზარმაზარი კონფლიქტები, ალჟირის ომი, ვიეტნამის ომი და ბოლოს, ერაყის გამანადგურებელი ომი. გავიხსენოთ ისიც, რაც დღეს ხდება. 

ბოლო არ უჩანს იმპერიულ ინტერვენციებს. 

სულ უფრო ნათელი ხდება, რომ მეტროპოლიის მფარველობით სახელმწიფოს ჩამოყალიბების მტკივნეულ პროცესს, მეტროპოლიის როლის პირდაპირ შესრულებასაც კი, სჯობს, უბრალოდ, განადგურდეს სახელმწიფოები. ხომ ხედავთ კავშირს ამ შესაძლებლობასა და გლობალიზებული კაპიტალიზმით განპირობებულ მზარდ დენაციონალიზაციას შორის? ბუნებრივი სიმდიდრით გამორჩეულ ადგილებში შეიძლება შეიქმნას თავისუფალი, ანარქიული ზონები, სადაც აღარ იქნება სახელმწიფო და, შესაბამისად, აღარ მოგიხდებათ ამ საზარელ ურჩხულთან მოლაპარაკება – როგორი სუსტიც უნდა იყოს, სახელმწიფო ყოველთვის ასეთია. თანაც გაქრება ის მუდმივი საფრთხე, რომ სახელმწიფომ შესაძლოა სხვა კლიენტს მიანიჭოს უპირატესობა; გაქრება სხვა კომერციული სირთულეებიც. ასეთ ზონაში, სახელმწიფოს ყოველგვარი ძალაუფლების გარეშე, პატარ-პატარა ფირმები თითქმის უკონტროლოდ იმოქმედებენ. იქნება ერთგვარი ნახევრადანარქიული მდგომარეობა, შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც ვიღაცას ან რაღაცას დაემორჩილებიან ან არ დაემორჩილებიან... ყოველ შემთხვევაში, საქმიანობის გაგრძელებას შეძლებთ, უკეთესადაც კი.

კარგა ხანია, „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ დღემდე თითი არ გაგვინძრევია. მხოლოდ ქურთებმა გამოიჩინეს თავი – იქვე ცხოვრობენ და თან საკუთარი ინტერესები აქვთ რეგიონში. „ისლამურ სახელმწიფოს“ კომერციული პოტენციალი აქვს – სრულუფლებიანი და მრავალსახოვანი კომერციული სტრუქტურაა! ნავთობს ყიდის, ხელოვნების ნიმუშებს ყიდის, დიდი რაოდენობით ბამბას ყიდის – ბამბის უდიდესი მწარმოებელია. ბევრ რამეს ყიდის მსოფლიოში. რაღაცის გასაყიდად კი მეორე მხარეც არის საჭირო. აბა, თვითონ „ისლამური სახელმწიფო“ კი არ ყიდულობს საკუთარ ბამბას.

რელიგია ყოველთვის საბაბი იყო და მეტი არაფერი – რიტორიკული საფარველი, რომლითაც მუდამ მანიპულირებდნენ ფაშისტთა ბანდები. არც ქრისტიანობაა გამონაკლისი.

ჰო, რელიგია! ისლამი! როგორც იქნა, ამასაც მიადექითო, მეტყვიან ჩვენი დიდი ისლამოფობი მოაზროვნეები. ჰო, მივადექი. ოღონდ აქვე გეტყვით, რომ რელიგია ყოველთვის საბაბი იყო და მეტი არაფერი – რიტორიკული საფარველი, რომლითაც მუდამ მანიპულირებდნენ ფაშისტთა ბანდები. არც ქრისტიანობაა გამონაკლისი. გავიხსენოთ ესპანური ფაშიზმი, მასობრივი მკვლელობებით გამორჩეული ფრანკოს ესპანეთი. ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდებოდა კათოლიციზმს: ფრანკოს შეიარაღებულ ბანდებს ეპისკოპოსები აკურთხებდნენ და დიდ კათოლიკურ ესპანეთზეც ხშირად ლაპარაკობდნენ... ჰოდა, არასერიოზულია ისლამის დადანაშაულება. შეიარაღებული დაჯგუფებების უპირველესი ამოცანა განადგურებული კაპიტალისტური სივრცეების დაკავებაა, სადაც ყაჩაღობა მოგებიან საქმიანობად იქცევა. ახალგაზრდების მისაზიდად, შესაძლოა, ამან სხვა ელფერი მიიღოს – რაღაც ამაღლებულზე, სულიერზე დაიწყონ საუბარი. რელიგიები, როგორც ყველა სხვა იდეოლოგია – მათ შორის, სამწუხაროდ, რევოლუციურიც – ყოველთვის მშვენივრად თანაარსებობდნენ მაფიოზურ პრაქტიკასთან. თავად იტალიური მაფია ხომ სულ თავს დებდა სანიმუშო კათოლიკობაზე. 

 

რეაქციული სუბიექტურობის ფორმები

დასავლური სუბიექტურობა საშუალო კლასის სუბიექტურობაა და უმეტესწილად ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში გვხვდება. ჩემი აზრით, მას ერთგვარი წინააღმდეგობრიობა ამოძრავებს, მისი შემადგენელი ნაწილი კი თვითკმაყოფილებაა – მეტისმეტად დიდი თვითკმაყოფილება. დასავლელები ერთობ თვითკმაყოფილნი ბრძანდებიან და ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ცხადია, ამ ყველაფრის უკან ისტორიული ქედმაღლობაა: ისინი ხომ არც ისე დიდი ხნის წინ მთელი მსოფლიოს ბატონ-პატრონები იყვნენ.

მთავარი ამოცანაა, საშუალო კლასს გააგებინონ: შესაძლოა მისი შიში მართლაც გამართლებული იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა გონივრულ ნაბიჯებს დგამს და საქმეებს დემოკრატიულად აგვარებს; ამ შიშის მთავარ მიზეზად კი იმ აუტანელ ზეწოლას სახავენ, რომელსაც საშუალო კლასი მუდმივად გრძნობს ღარიბ-ღატაკთა, განსაკუთრებით უცხოელი მუშების, მათი შვილების, ლტოლვილების, ფანატიკოსი მუსლიმების მხრიდან.

ტიპური სუბიექტურობის კიდევ ერთი ფორმაა ის, რასაც დასავლეთის სურვილს ვუწოდებ – საყოველთაოდ ნაქები დასავლური კომფორტის სურვილს. იგულისხმება საშუალო კლასის ქცევისა და მოხმარების წესის გათავისების მცდელობა, საამისო სახსრების გარეშე. სწორედ ეს იწვევს მიგრანტთა ნაკადებს – დასავლეთის სურვილი, მარტივად, უდაბური ზონების მიტოვებისა და სახელგანთქმულ დასავლურ სამყაროში მოხვედრის სურვილია. იქ ხომ ისე კარგია, იქ ხომ ყველა კმაყოფილი და ყოველმხრივ უზრუნველყოფილია.  

სწორედ ჩაკლული სურვილი აჩენს ნიჰილისტურ, მკვლელ რეაქციას, რომლის სამიზნეც ზუსტად ის არის, რაც ადრე სურვილის შესაძლო ობიექტი იყო. ჩვენ წინაშე კლასიკური ფსიქოანალიტიკური სქემაა. 

სუბიექტურობის კიდევ ერთი ფორმა ნიჰილისტური სუბიექტურობაა – რევანშისა და დესტრუქციის სურვილი, რაც დანარჩენებისგან გამოყოფისა და „გაუცხოებული მიბაძვის“ სურვილს უკავშირდება. მათ ნიჰილიზმს ვგულისხმობ, ვის სიცოცხლესაც არაფრად თვლიან. ერთი შეხედვით, ეს ნიჰილიზმი ეწინააღმდეგება დასავლეთის სურვილს, მაგრამ სწორედ დასავლეთის სურვილია მისი ფარული ილუზია. თუ ნიჰილისტი არ დაემორჩილება სიკვდილისკენ გაუცნობიერებელ სწრაფვას, თუ საკუთარ თავს აგრესიულობის უფლებას არ მისცემს, სინამდვილეში სწორედ ამ სურვილს დაემონება – მის არსებაში უკვე ჩაბუდებულ დასავლეთის სურვილს.   

თანამედროვე ფაშიზმი 

ზოგადად, „ფაშიზმი“ შეიძლება ვუწოდოთ კაპიტალიზმის წიაღში წარმოშობილ სახალხო სუბიექტურობას, რისი მიზეზიც ან სერიოზული სისტემური კრიზისი უნდა იყოს, როგორც 30-იან წლებში იყო, ან ეს მიზეზი უფრო ღრმად უნდა ვეძებოთ – გლობალიზაციის შედეგად გამოჩენილი კაპიტალისტური სტრუქტურის საზღვრებში.

ფაშიზმი რეაქციული სუბიექტურობის ფორმაა. ის კაპიტალიზმის პირმშოა და სამყაროს მოწყობის სხვაგვარ სტრუქტურას არც გვთავაზობს. ფაშიზმის გზაზე დამდგართა შორის ზემოთ ნახსენები დასავლეთის სურვილის აუსრულებლობა თავად დასავლეთის მტერი ხდება. აგრესიული, ნიჰილისტური და დესტრუქციული ლტოლვები დასავლეთის სურვილის ჩაკვლის, შინაგანი რესპრესიის ნაყოფია. სწორედ ჩაკლული სურვილი აჩენს ნიჰილისტურ, მკვლელ რეაქციას, რომლის სამიზნეც ზუსტად ის არის, რაც ადრე სურვილის შესაძლო ობიექტი იყო. ჩვენ წინაშე კლასიკური ფსიქოანალიტიკური სქემაა. 

საინტერესოა, რას სთავაზობს ეს ფაშისტური სუბიექტურობა ახალგაზრდებს. ისინი ხომ, ვინც იანვარსა თუ ნოემბერში მოწყობილ თავდასხმებში მონაწილეობდნენ, ახალგაზრდები არიან, აქაური ახალგაზრდები – 20-დან 30 წლამდე, უმთავრესად ემიგრანტი მუშების შთამომავლები, მეორე თუ მესამე თაობა. სრულ უპერსპექტივობას გრძნობენ, ხვდებიან, რომ ვერასდროს დაიკავებენ სასურველ ადგილს. მათაც კი, ვისაც რაღაც ტიპის განათლება აქვთ, სკოლადამთავრებულებსაც კი, ასეთი ხედვა ჩამოუყალიბდათ: მათი ადგილი არსადაა, მათი სურვილების ასრულება შეუძლებელია. შესაბამისად, თვლიან, რომ ვერასდროს ექნებათ ღირსეული სამსახური, ვერასდროს გახდებიან მომხმარებლები, ვერ ეღირსებიან ნათელ მომავალს. რა დარჩენიათ? ერთი მხრივ, შეუძლიათ იქცნენ მაფიოზების მსგავს ტიპებად, თავი გმირულად გაწირონ და დანაშაული დანაშაულზე ჩაიდინონ: დახოცონ დასავლელები, გაიმარჯვონ სხვა მკვლელთა ბანდებზე, განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ ყველას, დაიპყრონ ტერიტორიები და ა.შ., მეორე მხრივ კი – ხელი მიუწვდებოდეთ სხვადასხვაგვარ სიამოვნებაზე. „ისლამური სახელმწიფო“ კარგად უხდის ერთგულ ხელქვეითებს. ისინი ბევრად მეტს იღებენ, ვიდრე „ჩვეულებრივ“ აიღებდნენ იქ, სადაც ცხოვრობენ.

დღევანდელი მკვლელები, გარკვეულწილად, დასავლეთის სურვილის აუსრულებლობის ნაყოფს წარმოადგენენ – ჩაკლულ სურვილს გულით დაატარებენ; ამ სურვილმა ჩამოაყალიბა ისეთებად, როგორებიც არიან. წარმოუდგენიათ, თითქოს ანტიდასავლური ვნებებით არიან შეპყრობილნი, არადა, მხოლოდ გლობალიზებული კაპიტალიზმის ბრმა სიცარიელისა და უუნარობის ნიჰილისტურ სიმპტომებს წარმოადგენენ, და კიდევ, ასეთ სამყაროში თითოეული ადამიანის მნიშვნელობის აღიარების შეუძლებლობის სიმპტომს.

ცხადია, მომხდარი – დიდი დანაშაულია, შემზარავად სასტიკი, ფაშისტური აქტია. და მაინც, რა შეიძლება ამართლებდეს ოფიციალურ განცხადებებში „ბარბაროსების“ მოხსენიებას? სიტყვა „ბარბაროსი“ ყოველთვის უპირისპირდებოდა „ცივილიზებულს“. „ომი ბარბაროსების წინააღმდეგ“ – ეს არის ცივილიზებული ადამიანების ომი ბარბაროსების წინააღმდეგ. ჰოდა, რატომ უნდა გავამართლოთ დასავლეთის ქედმაღლობა, რომელიც ცივილიზაციად წარმოგვიდგება შემზარავად სასტიკი, დანაშაულებრივი აქტის ფონზე? არ დაგვავიწყდეს, რომ დასავლეთის ჩადენილ მკვლელობებს ბოლო არ უჩანს და ისინი განსაკუთრებული შეუბრალებლობითაც გამოირჩევა. 

რაც შეეხება ომს, ერთი რამ ცხადია: ომი „ბარბაროსებს“ არ გამოუცხადებიათ. საფრანგეთის სახელმწიფო ბრმად დაჰყვა კომპანიებისა და, ზოგ შემთხვევაში, ამერიკელების მოთხოვნებს, ბინძურ იმპერიულ საქმეებში ჩაერია, ტერიტორიების ზონებად დაყოფაში მიიღო მონაწილეობა, სახელმწიფოები ანგრია და შექმნა სიტუაცია, რომელმაც სოციალურ უდაბნოებში ახალგაზრდა ფაშისტები გააჩინა.

ფაშიზმი, თავისი ყველა ფორმით, საშინელებაა. თუმცა კარგად უნდა ვხედავდეთ ფაშისტების დამღუპველ ნიჰილიზმსაც და გლობალიზებული კაპიტალიზმის იმპერიულ დესტრუქციულობასაც. ამ სისტემას არცერთ შემთხვევაში არ უნდა ვემსახუროთ.

ჩვენი ტანჯვის მთავარი მიზეზი ის არის, რომ მსოფლიო დონეზე არ არსებობს პოლიტიკა, რომელსაც კაპიტალიზმისგან ყოველმხრივ დამოუკიდებელი ხედვა და პრაქტიკა ექნებოდა. სწორედ მისი არარსებობა უწყობს ხელს ფაშისტი ახალგაზრდობის გაჩენას. ფაშისტი ახალგაზრდები, ბანდიტიზმი და რელიგია კი არ უშლის ხელს გამათავისუფლებელი პოლიტიკის დაბადებას, პირიქით, ზუსტად ამგვარი პოლიტიკის არარსებობა ქმნის ფაშიზმის, ბანდიტიზმისა და რელიგიური ილუზიების შესაძლებლობას.