ავტორი: ვახუშტი მენაბდე

ის, რასაც დღეს ჰომოსექსუალობას ვუწოდებთ, დანაშაულად ითვლებოდა მეფის რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. ,,დანაშაულის’’ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის გუბერნიაში იყო. ამდენად, ჰომოსექსულობის მთლიანად დასავლეთთან დაკავშირება შეცდომაა და ჩვენ საკუთარი, ენდემური და საუკუნოვანი გეი ტრადიციები გვაქვს.

ცხადია, ასე მსჯელობა სპეკულაციურია. ის, რასაც დღეს ვაწყდებით და იმას, რაც გასული საუკუნის დასაწყისში კავკასიის ამ ნაწილში ხდებოდა ერთმანეთს ვერ გავუიგივებთ. ამიტომ, ყოველთვის, როდესაც სხვადასხვა ეპოქის და ისტორიული კონტექსტის მქონე ფაქტებს შორის ტოლობის ნიშანს ვსვამთ, ერთი და იმავე შეცდომას ვუშვებთ. ეს ისტორიის გაბატონებული ხედვის გადაულახავი პრობლემაა, რადგან დროში დაცილებულ მოვლენებს, ხშირად განსხვავებული სოციალური საფუძვლები, პოზიციონირება და მნიშვნელობა აქვს, და საზოგადოების რეაქციაც, ცხადია, განსხვავებულია.

ამის საპირისპიროდ, ისტორიის გაბატონობეული ხედვა წარსულს აწმყოს მეშვეობით უყურებს. აქ, აწმყო ძერწავს წარსულს, ის აძლევს საზრისს, ანიჭებს მნიშვნელობებს და შეიძლება სულაც ცვლის, ანადგურებს მას. აწმყო, როგორც კონსტუქტორით, ისე თამაშობს ფაქტებით და ქმნის ,,ახლას’’. პროგრესის ლოგიკის მიხედვით, მოვლენების საფუძვლები უნდა ვეძებოთ განვლილ დღეებში, და იქ თუ არაფერი დაგვხვდა, ჩვენ ის უნდა გამოვიგონოთ.

მანიპულაციებს თავი რომ დავაღწიოთ, მოვლენები, ფაქტები საკუთარ კონტექსტში უნდა დავინახოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორიის მორევში აღმოვჩნდებით, მხარი გვექცევა და გვეგონება, რომ წინ მივიწევთ მაშინ, როცა სინამდვილეში დავით აღმაშენებლის ეპოქაში შევალთ უკუსვლით. სწორედ ამგვარად, ჩვენივე გამოგონილი წარსული შურს იძიებს ჩვენზე. ზუსტად ისე, როგორც რამდენიმე კვირის წინ, როცა საყურის გამო ნაცემი ახალგაზრდა კაცის ფოტოების საპასუხოდ FB-ზე გამოიფინა ნიკორწმინდის ფრესკები, რომლებზეც რაჭის ერთ-ერთი თავადი საყურითაა გამოსახული. შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია კიდევ ერთი საყურიანი ისტორიული პერსონაჟის - ლევან II დადიანის შესახებ. ითქვა, რომ ეს სამშვენისი ევროპიდან შემოტენილი ტროას ცხენი კი არა, რუტინული პრაქტიკაა, რომელიც ქართულ ეროვნულ ტრადიციაზეც აცხადებს პრეტენზიას.

ჩვენ კი დამარცხებისთვის ვართ განწირულნი, თუკი თანამედროვე მოვლენების გამართლებას ისტორიული ანალოგების მოშველიებით შევეცდებით, რაც წარმოაჩენს კიდეც სწორედ ასეთი მოდერნულობის პროექტის წინააღმდეგობრივ ბუნებას, საკუთარი ხატების ამოცნობას ტრადიციაში რომ ლამობს. ამის საპირისპიროდ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, დავინახოთ აწმყო დღევანდელი გამოწვევებით და არა წარსულზე მითითებით.