11 აგვისტო, შუამთობა.

ზემო აჭარა, ზორტიყელი.

მთის ფერდებზე შეფენილი სახლების წინ, ხის გრძელ სკამებზე, სოფლის უხუცესები სხედან. ზოგი ეზოდან, ღობეებზე მკლავებდაბჯენილი ათვალიერებს რამდენიმე მთას შორის მოქცეულ ვაკეს.

მინდორზე სცენას აწყობენ. წინა ღამის წვიმამ მთელი სოფელი აატალახა. თეთრი ლენტით შემოსაზღვრული საჭიდაო მოედანი პატარა გუბეებითაა სავსე. ვიწრო მდინარის გადაღმა, შარაზე ცხენოსნები ჩანან. დოღისათვის ცხენებს ახურებენ.

შუამთობას ნიშნობის და ქორწილების სეზონი იწყება. დოღის შემდეგ, ზეიმი ეშხში რომ შევა, ფლოქვით დატკეპნილ გზაზე სადღესასწაულოდ გამოწყობილი, ცხენებზე ამხედრებული ნეფე-პატარძალი ჩამოივლის. „წელს ხანდაზმული პატარძალი გვყავს. ოცდახუთი წლისაა, ‒ მეუბნება ღიმილით თხელი, თავშლიანი გოგო ნაცრისფერ კაბაში, ‒ მე თხუთმეტისა ვიყავი“. გვერდით ორი წლის ბიჭი უდგას. შვილს მკლავზე იჭერს, ცხენების სარბენი ბილიკისკენ რომ არ გაექცეს.

შარაზე გამოჭენებულ ცხენს მხედარი ზედ ხევის კიდესთან, ორ ფეხზე აყენებს. მინდვრიდან მაყურებლის ყიჟინა ისმის. „მთელი წელია ცხენს დოღისთვისა კაზმავს. შარშან მესამე მოვიდა, ახლა პირველობა უნდა”. ფატმანი ქმარს უყურებს და ბავშვს კიდევ უფრო ღონივრად უჭერს ხელზე. „ყურანის კურსზე ვსწავლობდი ბათუმში, ელჩები დასანიშნად რო მოვიდნენ. ბიჭი დანახული მყავდა, მაგრამ არ ვცნობდი. თურქეთში მინდოდა სწავლის გაგრძელება. მშობლები სალაპარაკოდ რო შემოვიდნენმ მივხვდი, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო. მეტი გზა არ იყო”. ჩვიდმეტის ხდებოდა, რომ იმშობიარა.

სცენის ქვეშ, ტალახში ბავშვები ცეკვავენ. ხმის გამაძლიერებლებიდან რიკი მარტინის “ALL I NEED“ ხეობაში ექოდ იფანტება. სარბენი ბილიკის გადაღმა ქალები დგანან. მუქი თავსაბურავები ახურავთ. ზოგს თავი ძველ ყაიდაზე, შავი დოლბანდის ორმაგი თავშლით აქვს დაბურული. ქარს მთის წვეროდან დროდადრო ნისლის ღრუბლები მოაქვს. ბურუსი ხან ბავშვებიან სცენას გადაფარავს, ხან მომლოდინე ქალების ჯგუფს აქცევს აჩრდილებად.

„აეე, მოდიან!“ ‒ ისმის შეძახილები. ცხენოსანი ნეფე-პატარძალი მაყრიონით მოედანს უახლოვდება. გოგოს თეთრი, მაქმანიანი კაბა აცვია. მკვეთრი მაკიაჟით ‒ ვარდისფერი პომადით, კონტურით და მუქი მწვანე თვალის ჩრდილით უფრო ასაკოვანს ჰგავს. გულმკერდზე, მაჯებზე, თითებზე ნიშნობის საჩუქრები უბზინავს. ცოტა ხნით ბავშვებიც წყვეტენ ცეკვას და ბურუსში გახვეულ მაყრიონს აშტერდებიან.

აჭარა საქართველოს ერთ-ერთი რეგიონია, სადაც ბავშვები ყველაზე ხშირად ქორწინდებიან. ძველი წეს-ჩვეულებები დროსთან ერთად, თითქოს, სიმყარეს უნდა კარგავდეს, ინფორმაცია ახლა გადაკარგულ სოფლებამდეც აღწევს, მაგრამ რეალობას მხოლოდ ეს ვერ ცვლის.

„მალე შენც ასე, სადედოფლოდ გამოგაწყობთ“, ‒ ეუბნება სიცილით დედა თერთმეტი წლის გოგოს, რომლის დეიდაც იმ დღეს დანიშნეს. ხის ძველი სახლის აივანზე, ნიშნობის სუფრიდან აშლილი ხალხია გამოფენილი. ოთახში მაგიდასთან ქალები ისევ ფუსფუსებენ. საძინებელში პატარძალი, ნათესავ გოგოებთან ერთად, საჩუქრებს ათვალიერებს. ჭრელ სატინის ჩუსტებს, ვარდისფერ თეთრეულს, ფერად ბლუზებს, კოსმეტიკას, გაბანტულ ტკბილეულს დიდი კუბოკრული ჩანთიდან ალაგებს და საწოლზე აწყობს. დროდადრო, თხელი ფარდით გამოყოფილ ოთახში მამაკაცები შემოიხედავენ. ქალები ხმას უწევენ, ან უცბად ცვლიან თემას. პატარძლის ბებია ხის დაბალ სკამზე ზის, ეღიმება. სიჩუმეს ყოველთვის ის არღვევს ხოლმე. „პატარძლობას ყველა ადრე ველოდებით, შვილო. ვინ გვკითხავდა ჩვენ რამეს? ან ვინ გვარიგებდა როგორ უნდა მოვქცეულიყავით პირველად უცხო კაცთან?“ „ამაზე არც ახლა გველაპარაკებიან“, ‒ ძლივს გასაგონად ამბობს მეზობლის გოგო. „ყველას „თეფში” (სატელიტური ანტენა. ნ.ლ.) გაქვთ სახლში, ‒ პასუხობს ბებია ღიმილით, ‒ სერიალებს უყურებთ, მობილურებით დადიხართ. არავინ რომ არ დაგარიგოთ, ბევრ რამეს თვითონაც გაიგებთ. სხვა დროა ახლა“.

ციცინო და მისი გოგოც იქვე დგანან. ციცინო თორმეტის იყო, მშობლებმა მოულოდნელად რომ გამოუცხადეს, გაგათხოვეთო. „გამიხარდა, ‒ ამბობს მორცხვად, ‒ პატარძლობა მინდოდა”, საქმრო პირველად ნიშნობაზე ნახა. თოთხმეტისას ქორწილი გადაუხადეს და ქმართან გადავიდა საცხოვრებლად. ციცინოს ორი შვილი ჰყავს. ქმრის ოჯახთან ერთად, ზაფხულის რამდენიმე თვეს ზორტიყელში, იალაღებზე ატარებს. საქონელი საძოვრებზე მთებში დაჰყავთ. აგვისტოში ჭალებს მომკიან და როგორც კი აცივდება, მომთაბარე ოჯახები ისევ ბარში დაბრუნდებიან.

 

***

გზის პირას ხარი ჰყავთ წამოქცეული, ჩლიქებს უქლიბავენ. იქვე, სამჭედლოდან დაზგის ხმა გამოდის. დოღისთვის ცხენებს ნალებს უცვლიან. ეზოში ბავშვები თამაშობენ. ოთხნი არიან. მეხუთე ძმაც ჰყავთ, სძინავს. ნარგიზი თხუთმეტი წლის მოიტაცეს. „მოტაცებულ ქალს უკან ოჯახში არავინ იბრუნებს“. ოცდაექვსი წლისას ექვსი შვილი ჰყავს.

„მიდი, ქალო, გამოუტანე სტუმრებს რამე“, ‒ არიგებს მამამთილი. ნარგიზი ერთ ადგილას გაუნძრევლად დგას და გვიყურებს. „ორმოცი დღის წინ გავაჩინე, ‒ მპასუხობს ცოტა ხნის წინ დასმულ კითხვაზე, ‒ აქ, სახლში. დედაჩემმა მამშობიარა და წავიდა“. აკვანში ჩაკრულ ჩვილს საწოვარა უდევს და გამალებით წოვს. ხუთი-ექვსი წლის და სახეზე ქუდს პირამდე ჩამოაფხატავს, სინათლემ თვალი რომ არ მოსჭრას და არ გაეღვიძოს. იალაღებზე მამამთილთან და ქმართად ერთადაა წამოსული. საქონელი საძოვრებზე მამამთილს გაჰყავს. საღამოს მათი მოვლა-დაბინავება ნარგიზის საქმეა. წველის, ბოსელში აბამს, ჩეჩილი ყველი ამოჰყავს, კაიმაღს აკეთებს, კარაქს ხდის. „ვიმშობიარე და მეორე დღეს ძროხები მოვწველე. ამათაც ვინ მიხედავდა“, ‒ ფეხშიშველი, ტალახში ამოგანგლული ბავშვები ხმაურით ჩარბიან კიბეზე, ეზოში სათამაშოდ. დედა ჩვილთან ერთად სახლში მარტო რჩება. „ასე ვცხოვრობთ, ‒ გამოსცრის კბილებში და არეულ ოთახს მოავლებს თვალს, ‒ დასწყევლოს ის დღე! სიკვდილი ჯობს გათხოვებას“.

ხის მორებისგან ნაგებ საუკუნოვან სახლებზე უცხო სხეულებად ამოზრდილი სატელიტური თეფშები, წარსულის მემკვიდრეობას და მომავლის კონტურებს დროის ერთ განზომილებაში აქცევს. ფანჯრიდან ბურუსიანი ფერდები მოჩანს.

ხეობაში ჩამოწოლილი ნისლი თითქოს სოფელს გარესამყაროსგან მალავს. ნიავი არ იძვრის. თორემ ქარის ერთი წამობერვა თეთრ საფარს მთებიდან წუთში გადაფანტავდა.

მეოცე საუკუნის ქართულ ეთნოგრაფიულ ნარკვევებში, სადაც სერგო მაკალათიას აგროკულტურული საზოგადოებების ადათები აქვს აღწერილი, ქორწინება ოჯახებს შორის ეკონომიკური გარიგებაა. სამეგრელოში ბავშვებს XX საუკუნემდე სამი, ოთხი წლის ასაკში ნიშნავენ. თავისუფალი სიყვარულის შემთხვევები, მთის ხალხში, წინა საუკუნის შუა წლებიდან უფრო ჩნდება. ეს ამბოხის მცდელობები ბედნიერი ფინალით ძალიან იშვიათად სრულდება. თუმცა, ცალკეული ბიოგრაფიები პრეცედენტებს მაინც ქმნიან. თავისუფალ საქართველოში ადრეული ქორწინების შესახებ ეთნოგრაფიული კვლევები უკვე აღარ გვხვდება.

 

***

ბეშუმის გორებზე დილიდან რუზრუზია. მურვეთი გაცრეცილი ხის სახლის აივანზე ზის და შთამომავლებს გასცქერის. ექვს წლამდე გოგო-ბიჭები ხელნაკეთი სკეიტბორდით ტალახში დასრიალებენ. უფროსები ბეშუმობისთვის იკაზმებიან ‒ გოგოები ერთმანეთს თმას ვარცხნიან, თვალებს უხატავენ. ბიჭები კარღია მანქანებში სხედან, ქართული ფოლკლორის რემიქსებს უსმენენ და სიგარეტს ეწევიან.

მურვეთს ათი შვილიშვილი და, როგორც ამბობს, ალბათ ორჯერ მეტი შვილთაშვილი ჰყავს. 78 წლისაა. თორმეტი წლის იყო, დედამ რომ უთხრა ‒ აქვე, სოფელში უნდა გაგათხოვოთო. ბიჭი უკვე შერჩეული ჰყავდათ. მალე დანიშნეს კიდეც. „უარზე ვიყავი. მთელი დღეები ვტიროდი, მაგრამ მშობლებმა მომიგეს. მიმცეს მაინც“. აზრი არც ბიჭისთვის უკითხავთ.

„ჩვენ დროს ისე მოუყვანდნენ ხოლმე ბიჭს ქალს, არ იცოდა რა იყო გახვეული იმ ჩერჩებში (ჩადრი და დახურული კაბა, ნ.ლ.). ჩემი კაციც ჩემსავით დარცხვენილი იდგა. ორივე ღლაპები ვიყავით“.

თოთხმეტის რომ გახდა, მურვეთი ქმართან გადავიდა საცხოვრებლად. ერთ წელიწადში პირველად იმშობიარა.

შვილებიც ტრადიციულად დააქორწინა. მეწყვილეები ქმართან ერთად შეურჩია. აზრი მათაც ვკითხეთ, უბრალოდ, არცერთი არ შეგვწინააღმდეგებიაო, ამბობს. ძალა მარტო შვილიშვილზე იხმარა. თოთხმეტი წლის გოგოს სწავლის გაგრძელება უნდოდა. ურჩ შვილიშვილს მთელი ოჯახის კაცები თავს დაახვია. „ხან ვუყვავებდით, ხან ვემუქრებოდით. ბევრნი ვიყავით და ბოლოს მოვუგეთ“. ელჩების შემოთავაზებული სასიძო სარფიან პარტიად შეაფასეს. „იმის შეგნება სად გვქონდა, რომ გოგოს თვითონ აერჩია ვის წაჰყოლოდა. 25 წლის წინ იყო ეს ამბავი, ‒ ამბობს მურვეთი და დახეთქილ ხელისგულებს ითვალიერებს, ‒ ჩვენი გაუგებარი ჭკუით მაშინ ასე გადავწყვიტეთ. გოგო ძალით მივეცით“.

დღეს იძულებით ქორწინება კანონით ისჯება. თუ წყვილიდან ერთი მაინც არასრულწლოვანია, დამნაშავეს ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ დრომდე, ძალდატანებით გათხოვილი გოგონები მშობლების სახლში იშვიათად ბრუნდებოდნენ. განქორწინება ფიზიკური ძალადობის შემთხვევებშიც კი იშვიათი იყო. გაცილებული ქალები ოჯახებისთვის დღესაც სასირცხვილო დაღია. ტაბუს დარღვევის ფასი ქალისთვის შვილებთან დაშორება და გარშემომყოფების მუდმივი, ჩუმი და ღვარძლიანი გაკიცხვაა. თანაც, თემში დადგენილი წესით, მეორე ქორწინების დროს ბავშვები მამასთან რჩებიან. 

 

***

ბეშუმობაზე ჭრელკაბიანი, ოქროს სამკაულით მორთული თინეიჯერი პატარძლები მაყრიონებით მოდიან. საქმრო იქ ყველა სრულწლოვანია. თოთხმეტ-თხუთმეტი წლის ბიჭებს ახლა მშობლები იშვიათად აქორწინებენ. ასეთი წყვილები ძირითადად უფროს თაობაში გვხვდებიან. მშობლების ნების წინააღმდეგ წასვლა, ხშირად, ისევ დაოჯახებაა. არასასურველი ქორწინებიდან თავის დასახსნელად გოგონები შეყვარებულ ბიჭებთან ერთად სახლიდან იპარებიან. თინეიჯერი გოგონებისთვის ცხოვრების სხვა ტრაექტორია ჯერჯერობით მარტო წარმოსახვაში არსებობს.

გათხოვილი გოგოები სკოლაში იშვიათად დადიან ‒ ორსულებს მერხთან ჯდომა ეთაკილებათ. მეოთხე, მეექვსე კლასიდანაც კი ტოვებენ სკოლას. მხოლოდ 2011–2013 წლებში, საჯარო და კერძო სკოლებში ცხრა კლასის დასრულებამდე განათლების მიღება საქართველოში შვიდი ათასზე მეტმა გოგონამ შეწყვიტა. თვრამეტ წლამდე ქორწინებას საქართველოში კანონი კრძალავს. ახლა უკვე არასრულწლოვანს მშობლების ნებართვაც არ აძლევს ქორწინების უფლებას, ასეთი ნებართვის გაცემა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მხოლოდ სასამართლოს შეუძლია. თუმცა, ბავშვები ქორწინების გარეშეც ქმნიან ოჯახებს და ასეთი შემთხვევები მხოლოდ ნაადრევი მშობიარობის დროს გამოაშკარავდება ხოლმე. საქართველოში ქალთა მოძრაობის ინფორმაციით, ყოველდღე 4 არასრულწლოვანი გოგონა მშობიარობს. ამ დროს, ქვეყნის კანონმდებლობით, თექვსმეტ წლამდე ბავშვთან სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი დანაშაულია და ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ამ კანონების შესახებ მთიან აჭარაში ცოტას თუ სმენია.

„თხუთმეტისა რომ მოვიყვანე ქალი, ციხეში უნდა ჩავესვი? ‒ გაოცებული მეკითხება თამაზი, მწყემსი ღორჯომიდან, ‒ ვის უნდა ეჩივლა? პოლიციელებს თვითონ ჰყავთ პატარა ქალები, თოთხმეტი, თხუთმეტი წლისანები“.

დათო და თამარი ოცდახუთი წლის ცოლ-ქმარი არიან. მშობლების თანხმობით, მაგრამ როგორც თავად ჰყვებიან, სიყვარულით შეუღლდნენ. „ერთმანეთზე გაბრაზებულებს ერთი ღამეც არ დაგვიძინია, ‒ გვეუბნება დათო და ცოლს უყურებს, ‒ ვკამათობთ ხოლმე ‒ მე არ მომწონს, თავდაბურული რომ დადის. დღეს ახალგაზრდები მუსლიმანური წესით აღარ იხურავენ-თქო, ვეუბნები. მას კი, მაინც თავშლით ურჩევნია“.

ღორჯომიდან უკანა გზაზე მთებს ვათვალიერებ. ამ სიმაღლიდან ჰორიზონტის ხაზი არ მოჩანს, გარშემო მხოლოდ მთაგრეხილებია. ამ საუკუნოვან რელიეფზე, თითქოს, დროსაც სულ სხვა სიმყარე აქვს. თამარის ამბავი იქ იშვიათი გამონაკლისია. ბევრი მსგავსი ისტორია განზოგადების ცდუნებას აჩენს და ამ, ზოგად სურათში მხოლოდ დაჩაგრული, პატარა გოგოს პორტრეტი იკვეთება. სტატისტიკაში ბიოგრაფიები დაკარგულია. ამ ახალგაზრდა ქალებისთვის ტრადიციების მორჩილება, ხშირად, მხოლოდ რეალობისთვის თვალის გასწორებაა. როცა თავისუფალი არჩევანისთვის ბრძოლის ძალა არ ჰყოფნით, განათლებაზე უარს ამბობენ და ცოლად მიჰყვებიან ბიჭს, რომელიც უბრალოდ სხვებზე მეტად მოსწონთ.