მადრიდი ის ქალაქია, სადაც ვიცხოვრებდი.

იქაურობა მართლა სიცოცხლითაა სავსე: სუფთაა, ბევრი პარკი აქვს, კარგი ინფრასტრუქტურა, ნაკლები ავტომობილი, გამჭირვალე ჰაერი, უამრავი კაფე-ბარი-რესტორანი და მაღაზია, არც ისე ძვირია, სავსეა სტუდენტებით, ტურისტებით, ძაღლებთან ერთად მოსეირნე ადამიანებით. კიდევ, მთავარი – ქალაქი სიესტის მადლითაა დაფარული.

კლიმატი და ამინდი თბილისისას ჰგავს, ივლის-აგვისტო კარგა ცხელი იცის, ზამთარი – ყინვაგამორეული. ამიტომ სამადრიდოდ გაზაფხული და შემოდგომა ყველაზე შესაფერისი სეზონები უნდა იყოს.

აი, გამოვედი დილას სასტუმროდან, სადღაც მალაზანასა და სუეკას საზღვარზე ვცხოვრობ. ვიწრო ქუჩაა, თითო მანქანა თუ გაეტევა. უცებ ისეთი რამე მოხდა, „სამხრეთული ტემპერამენტის“ სტერეოტიპი თვალწინ დამენგრა: ჩვენს სასტუმროსთან ტაქსიმ მოაკითხა მგზავრს, ის კი აბნეული ტიპი აღმოჩნდა და ძლივს ჩაალაგა ბარგი. ამის გამო მოძრაობა 3 წუთით მაინც შეფერხდა. დავიძაბე, ვიფიქრე, წამიც და ატყდება მანქანების გაბმული სიგნალი-მეთქი, მაგრამ ერთს არ წასცდენია ხელი.

კარგი დღე კარგი საუზმის გარეშე ხომ არ გამოვა და რამდენიმე სარწმუნო წყაროს რჩევა გავითვალისწინეთ – სანდო ადამიანებისგან ნაქებ HanSo Cafe-ს მივაშურეთ, იქვე მალაზანაზე. ბედნიერი საუზმისთვის აქ ყველაფერია – თან ვინტაჟური და თან მინიმალისტური ინტერიერი, მაღალი ფანჯრები, გემრიელი სენდვიჩ-ტოსტები, კარგი ყავა და ნამცხვრები. ზოგი დასაჯდომი ფანჯრების დაბალ რაფებზეა მოწყობილი და თუ ფანჯარა ღიაა, შეგრძნება გაქვს, თითქოს, თან ქუჩაში ზიხარ. ამ დროს ზოგი წერს, ზოგი კითხულობს, ზოგი დიალოგშია ჩართული.

მერე მივდივარ ბაზარში, ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიურობა ბოლომდე რომ შევიგრძნო. სადაც უნდა ვიყო, ახალი ქალაქის გაცნობას სულ ასე, ბაზრიდან ვიწყებ ხოლმე. იქ ყველაზე ნათლად და კონცენტრირებულად ჩანს, როგორ ცხოვრობენ ჩემთვის უცხო ქალაქში ადამიანები.

ჯერ სუეკა მერკადო სან ანტონისკენ მივდივართ, მაღაზიებითა და ბარ-რესტორნებით გადატენილი ვიწრო ქუჩებით. ბაზრის შენობამდე კი ისეთი ქუჩა გვხვდება, ენაზე თუ არ ვიკბენ, თავი სიზმარში მგონია. მარჯვნივ და მარცხნივ, სულ ერთი და იგივე წარწერებია: Zapatos, რაც ესპანურად ფეხსაცმელებს ნიშნავს; ანუ ფაქტობრივად, ფეხსაცმელების სამოთხეში ხვდები.

ძლივს ვწყდები ფეხსაცმელებს და შევდივარ ბაზარში. აქაა საკვების მოწესრიგებული დახლები, ესკალატორები, განაპირას – მაგიდა-სკამები, გალერეა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით, ბოლო სართულზე კი, ტერასიანი რესტორანი.

რეგიონებიდან ჩამოტანილი ქორფა ხილ-ბოსტნეულის და ახალი ხორცეულ-ყველეულის გარდა, აქ მზა საჭმელიც იყიდება. ჩამოივლი დახლებს და რომელ ტაპასზეც, სუშიზეც, ნამცხვარსა თუ ღვინოზეც მიგივა გული, იყიდი, ჩამოჯდები ხის მაგიდასთან, მიირთმევ და თან ამვლელ-ჩამვლელსაც დააკვირდები.

ჩემი შემდეგი მისამართია მადრიდის ყველაზე მდიდრული უბანი – სალამანკა, თავისი ლამაზი ქუჩებით. შუადღისას ზოგი სავარჯიშოდ მიდის სპორტულ დარბაზში, ზოგი საყიდლებზე – ძვირიან ბუტიკებში, ზოგიც – ლანჩზე.

მადრიდში სულ პატარ-პატარა აღმართ-დაღმართებია, მაგრამ დაქანება თითქოს შენი ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარზე მოურგიათ, არც ერთფეროვნება გღლის და არც დაქანება. მადრიდი ხმაურის, სიმშვიდის, სიჭრელის, სისადავის, სიძვირისა და სიიაფის ერთი დიდი კალეიდოსკოპია, ოღონდ სწორად დაბალანსებული – ეს ყველაფერი ზუსტად აქაური აღმართ-დაღმართებივით ენაცვლება ერთმანეთს და საშენო თავშესაქცევსაც ამიტომ მარტივად იპოვი.

პუერტე დე ალკალასთან ცნობილი რამსესის ტერასაზე ვსხდებით. კოქტეილებს ვსვამთ, ვდუნდებით და სიესტის დროც დგება. რეტიროზე უკეთესი ადგილი კი სიესტის გასატარებლად არ მეგულება. ჩვეულებრივ პარკებს არ ჰგავს, შუა ქალაქში გამოჭენებული, 125 ჰექტარზე გადაჭიმული ნაკრძალია – რომ შევადაროთ, ვაკისხელა ტერიტორია. 15 ათასი ხე ყოფილა რეტიროში და ვინ მოთვლის, რამდენი ჩიტი, კატა და ციყვი.

დავისვენეთ, სადილის დროც მოვიდა და მეტროთი კიდევ ერთ ყველაზე ხალხმრავალ და ცნობილ სან მიგელის ბაზარში წავედით.

შენობა შუშისაა, კედლებზე ჩაყოლებული შუშისავე თაროებით, რა გინდა, რომ დახლებზე არ იპოვო – ჩამოიარე და აირჩიე ათასნაირი ტაპასი, ზღვის ცოცხალი ნობათი, წიგნები, ღვინო, შერი, ტკბილეული და კიდევ რა ვიცი.

ჩვენთან ზღვის პროდუქტების სიმწირეს მიჩვეულს, იქაური მრავალფეროვნება თვალებს მიჭრელებს. შერჩეულ თევზეულს იქვე, 5 წუთში, ჩემ თვალწინ ამზადებენ. ოჰ, რა რვაფეხები აქვთ…

ბაზრის შემდეგ, პლაზა მეიორზე გადავდივართ, ქალაქის მთავარ მოედანზე, სადაც უამრავი კაფეა, შეარჩიე, რომელიც თვალში მოგივა და ეგაა – სანგრიას დროც დამდგარა.

მერე ღამდება და ელოდები, რომ მაღაზიები დაიკეტება, ხალხი დაიშლება, მაგრამ მაღაზია კი არა, ბაზარიც კი 1-2 საათამდე ღიაა.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდს ამსტერდამის თუ ბერლინის მსგავსად ღამის მერი არ ჰყავს, მაინც ისეთი ცოცხალი და აწყობილი ღამის ცხოვრება აქვს, ევროპაში ბევრი ქალაქი ვერ დაიკვეხნის. „მადრიდში არავინ მიაშურებს საწოლს, ვიდრე ღამეს არ მოკლავსო“, – წერდა ჰემინგუეი. ახლაც ასეა. მთელი ღამე შეგიძლია იხეტიალო და ქალაქის კალეიდოსკოპში საშენო ადგილები ეძებო.

P.S. თუ FC Real-ის თამაში დაგემთხვა, არ გამოტოვო და ნახე, როგორ მოდიან მთელი წლის აბონემენტიანი მადრიდელები დინჯად, მომზადებულები და როგორ გულშემატკივრობენ თავიანთ გუნდს. ამაზე დიდი წარმოდგენა ჯერ არსად მინახავს.

P.P.S. მადრიდს ერთ დღეში, ცხადია, ვერ მოივლი, ასე რომ, იქ აუცილებლად დავბრუნდებით.