ეს ადგილი ციხისძირში 2000 წელს მეგობარმა აღმომაჩენინა. ვიწრო და ოღროჩოღრო გზით უნდა მისულიყავი. ფიჭვებში, ბანანისა და ბამბუკის ხეებში ჩაფლული ჯადოსნური სანატორიუმი „ნაუკა“ მას შემდეგ არ დამვიწყებია. შენობა კონცხზე იდგა და ზღვას გადაჰყურებდა. მაშინ იქ დევნილები ცხოვრობდნენ. ეზოში ბევრი გვიმრა და ყვავილი იყო, კლდეს სულ სურო (ადგილობრივები ასე ეძახიან) ჰქონდა გადაფენილი. ამ კლდეში გაჭრილი ბილიკით ეშვებოდი ზღვაზე და არ ვიცი, მართლა ასე იყო თუ ჯადოსნურობამ გამაბრუა, მაგრამ ის ნაპირი ნიჟარის ნაფშვენებით მოფენილად დამამახსოვრდა. 

მერე ბევრჯერ მიოცნებია, „ნაუკა“ რომ ჩემი ყოფილიყო, როგორ გავაკეთებდი. ის ადგილი ჩემი ვერ გახდა, მაგრამ როგორც კი გავიგე, სხვამ აიხდინა ოცნება და ახალი სასტუმრო ააშენა, გავეშურე, ერთი ღამით ხომ მაინც შემეძლო დამეჩემებინა.

დღეს ამ სასტუმროს Castello Mare Hotel&Wellness Resort ჰქვია და მას 5 ვარსკვლავი ამშვენებს. Castello Mare იტალიურად „ზღვის ციხესიმაგრეს“ ნიშნავს, ჰოდა, მართლა ციხესიმაგრედაა ქცეული სასტუმრო. როგორც კი მის ეზოში შეხვალ, ყველა მხრიდან ბეტონს აწყდები.

ადრე სანატორიუმის ეზოში ცალი ლიანდაგი რომ გადიოდა, ის ლიანდაგი გვირაბში მოუქცევიათ, სწორედ ამ გვირაბის თავზეა ჩაბეტონებული სასტუმროს უკანა ეზო, საიდანაც ის ბანანის ხეები და ბამბუკები გამქრალა. გული დამწყდა. სმარტფონი რომ მქონოდა მაშინ, იმ ბაღის ფოტოები ხომ შემომრჩებოდა.

კლდეზე სურო ისევ ისეა დაფენილი, ჩრდილოეთის მხარეს ბამბუკნარიც შენარჩუნებულია, ჩაისეირნებ ბამბუკების ხეივანში და მიადგები ყურეზე გადასახედს. იდექი და უყურე უსასრულოდ, ყოველი ტალღა როგორ სხვადასხვანაირად იფშვნება კლდის ქიმებზე დასკდომისას. ჰო, ჩრდილოეთ მხარეს ანუ ქობულეთისკენ სანატორიუმს კლდოვანი ნაპირი აქვს, სადაც ყვინთვის მოყვარულთა გასახარებლად კარგა გვარიანად გარჯილან – სპეციალური ნომრები მოუწყვიათ, გამოხვალ აღჭურვილი, შეხვალ დახრილ ლიფტში, პირდაპირ წყალთან ჩახვალ და ჩაყვინთავ შავი ზღვის ფსკერზე. 

კომპლექსში ორი ძირითადი შენობა (87 ნომერი) და რამდენიმე დამხმარე ნაგებობაა. თითოეულ ოთახს ზღვის ხედი აქვს, აივნის მოაჯირის შუაში შუშაა ჩაყოლებული. აი, ასე – ზიხარ კომფორტულად, არც კისრის წაგრძელება გჭირდება, არც გადაყუდება და ზღვას დასცქერი. ნომრები ფართოა, საწოლები – კომფორტული, სათავსოები – საკმარისზე მეტი, აბაზანის კარი ოქროსფერი, დეტალები (უნიტაზი, ბიდე და ხელსაბანი) კი – წითელი. ჩადიხარ ისევ ეზოში და აი, მთავარი სიამაყეც შენ წინაშეა – უზარმაზარი ტერასა ზღვის ხედით, ბევრი კომფორტული შეზლონგით და ზღვაზევე გადაკიდებული აუზით, აი, სოციალურ ქსელში მინიმუმ ერთხელ მაინც რომ გაქვს ნანახი ფოტოზე და იქ ყოფნა რომ გინატრია, ზუსტად ისეთი. აუზის წყალი ნაკლებად ქლორიანია და კარგია.

ტერასის გვერდით ფიჭვნარშიც უამრავი მოწნული სკამი და მაგიდაა, ქვეშ კოინდარით. მზე თუ მოგბეზრდა, ჩრდილს რომ შეაფარო თავი.

პლაჟზე ჩასვლა-ამოსვლაში რომ არ დაიღალო, ბილიკის ნაცვლად გერმანული დახრილი ლიფტი გხვდება, ჩაგიყვანს და ამოგიყვანს კიდეც. ამ კომფორტით გათამამებულს პლაჟის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა უკვე აღარ მოგწონს. არც შეზლონგებია, არც შხაპი და არც შემოზღუდულია. შესაბამისად, სხვა სტუმრებსაც შეუძლიათ შემოიარონ. შხაპის მაგივრობას კლდიდან გადმოსული პატარა ყინულივით ცივი ჩანჩქერი გაგიწევს, გამოგაფხიზლებს და გაგახსენებს, რომ მაინც საქართველოში ხარ და ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება. ნაპირი ახლა ცალსახად ქვიანია, ოღონდ ქვები არც ისე დიდი ზომისაა – ფეხშველიც მაინც გაუმკლავდები.

„ციხესიმაგრეში“ წასვლა რომ გადავწყვიტე, კარგად გამოვიკითხე, საჭმლის გამო მომიწევდა თუ არა კომპლექსის დატოვება. მითხრეს, ჩვენ ამ ყველაფერზე ნაფიქრი გვაქვს, რესტორანიც გვაქვს, ბარიც, გარეთ გასვლა რომ აღარ დაგჭირდეთო.

მეც ჯერ იშვიათი ეკლექტურობით გამორჩეული დიზაინის რესტორანს ვესტუმრე. სასტუმრო მხოლოდ 1 კვირის გახსნილი იყო, შესაბამისად, მეც ვცდილობდი ლოიალური სტუმარი ვყოფილიყავი, მაგრამ A4-ზე ამობეჭდილი მხოლოდ რუსულენოვანი მენიუს დანახვამ ჩემი მცდელობა წყალში ჩაყარა. მენიუში პირველივე სუპ-ხარჩო რომ მომხვდა თვალში, ვეღარ გავუძელი და ისევ ტერასის ბარს მივაშურე.

ბარს ასევე A4-ზე ამობეჭდილი, ოღონდ ინგლისურენოვანი მენიუ ჰქონდა, მწირი, მაგრამ, რაც გავსინჯე, გემრიელი იყო. სასტუმროს პერსონალი იმდენად მონდომებული და კეთილგანწყობილია, რომ საყვედურები ცივ წყალთან ერთად გადავყლაპე. თითოეული ჭიქა ყავის მოტანისთვის იმხელა გზის გავლა უწევთ, ფეხით დღეში გასავლელ რეკომენდებულ მანძილს, ალბათ, 2 საათში გადიან. 

თუ გაგიმართლა და უღრუბლო ცაა, მზის ჩასვლის ყურებას სასტუმროს ტერასა-აუზიდან არაფერი სჯობს და ყველა ხარვეზსაც დაგავიწყებს, იმასაც კი, 16+ ასაკობრივი შეზღუდვა რომ აქვთ, შენი შვილები შინ დატოვე და ამ დროს სხვა სტუმრების ბავშვების ჭყლოპინი გირღვევს მყუდროებას.

მოსაღამოვდა და სპასაც მივაშურე. რა გინდა, რომ ზღვის ციხესიმაგრის სპაში არ დაგხვდეს: საუნა მშრალი, საუნა ორთქლის, ევკალიპტის არომატით, მცენარეების არომატით, ფეხის ჰიდრომასაჟის კონტრასტული აუზები, დახურული აუზი, ტანისა თუ სახის მოვლისა და დასვენების უამრავი პროცედურა. სხვა სასტუმროების საუნებში თუ დაბალ ტემპერატურას ვუჩივით ხოლმე, კასტელოში კარგა გახურებულია. ქვიშის საათი არ არის და წუთები ან შენით უნდა დაითვალო, ან სპისთვის ყოვლად შეუფერებელი პოპმუსიკის სიმღერების რაოდენობით იანგარიშე. 4-5 სიმღერა და გამოსვლა. ცივი შხაპის შემდეგ ცივ ჩაისა და კომპოტს დაგახვედრებენ.

ამ სასტუმროში ალკოჰოლის დალევას არ გირჩევთ, ან წინასწარ მოემზადეთ კარგა ძვირი ფასებისთვის. დალევას ჯობია, გასართობ ცენტრ „ალეგრას“ მიაშუროთ, ბოულინგი და ბილიარდი ითამაშოთ და კარაოკე იმღეროთ. ან სულაც ღია კორტებზე ჩოგბურთით შეიქციოთ თავი. არც ძვირი დაგიჯდებათ და სასტუმროსა და სპაში განტვირთვასაც წყალში არ გადაყრით. 

ჩემი, როგორც სტუმრის დასკვნა ასეთია: აქ გარემო მაინც ჯადოსნურია, რომელსაც ვერც ბეტონი, ვერც სხვადასხვა ხარვეზი, ვერც ეკლექტური დიზაინი და ვერც მთელი ღამე შემთხვევით სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე დარჩენილი მუსიკა ვერ ახუნებს. ეს ადგილი აჭარაში, ალბათ, ყველაზე მეტად ჰგავს აფხაზეთს.