ჯანდაბაში დელიკატესს ჭამენ: 


ღამე მრავალვარსკვლავიან სასტუმროში გავათენეთ. სახლში იმდენად ცხელოდა, რო ბაჰარამმა ეზოში დაწოლა შემოგვთავაზა და თვითონ სახურავზე ავიდა გასაშლელად. მოგვიანებით მუჰამად-ალიმ ვახშამი მოამზადა, რომელიც ჯერჯერობით ყველაზე გემრიელი კერძია, რაც აქ გავსინჯეთ. სუფრა რო გაიშალა, ყანადაჰარიდან ვართო. ჩვენთან ჰოეს ვკარგავთ და ყანდაარს ვამბობთ... შეიძლება როგორც ჯანდაბაში, ჯაანაბადში, ჯაჰანაბადში... 


საინტერესო ადგილასაა განლაგებული თეირანის ჯაჰანაბადი. ზედა და ქვედა ნაწილს მდინარე აერთებს, რომელიც ზაფხულში იკეტება და სარწყავ არხებად გამოიყენება. არც ისე მოშორებით აიათოლა ხომეინის მოვზოლეუმია აშენებული. დღეს ის გიგანტურ ტერიტორიას მოიცავს, სადაც ერთერთი ყველაზე მაშტაბური დამკრძალავი ცერემონია გაიმართა. ათი მილიონი ირანელის სულიერ ლიდერთან გამოსამშვიდებებელი პროცესია, რელიგიურ ექსტაზში გადაიზარდა. წმინდა ნაწილების შესანახად, მასამ მანტია აიათოლას ცხედარს შემოახია და მის დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება გახდა საჭირო. ცხედარი ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილას გადაასვენეს და პროცესია მხოლოდ ხუთი საათის შემდეგ განაახლეს. თუმცა კომპლექსს მიმდებარე სოფლების ეკონომიკაზე არავითარი გავლენა არააქვს. სავაჭრო ცენტრიც და სასტუმროებიც შიგნით არის კონცენტრირებული. 

ჯაჰანაბადს კიდევ რამდენიმე სოფელი ესაზღვრება, რის შემდეგაც თითქმის ყუმამდე უდაბური მიწები იწყება. დღეს ამ გზას სპარსეთის ყურის გზატკეცილი ეწოდება, მაგრამ ისტორიულად ის თეირანთან, შაჰრ რეის და ყუმთან ერთად სავეს სავაჭრო გზის სისტემას ქმნიდა. ყუმი, მაშჰადის შემდეგ შია ისლამის მთავარი რელიგიური ცენტრია. ყოველწლიურად ოც მილიონამდე პილიგრიმი, ფატიმა მასუმეს განსასვენებლის მოსალოცად ჩადის, რაც შია ისლამის უმაღლეს სკოლასთან ერთად, ქალაქს უკიდურესად რელიგიურს ხდის. ხომეინიმაც აქედან დაიწყო შაჰის მმართველობის წინააღმდეგ მსვლელობა... 
მაგრამ ზედა და ქვედა ჯანდაბა თუ იყო ნამდვილად არ ვიცოდი. ჯაჰანაბად პაენი ფერმად იყო აღნიშნული და ამიტო პირდაპირ ბალაში მივედი. გაკვირვებულმა მძღოლმა ჩანთები მოგვცა და სასწრაფოდ გაგვერიდა, როცა გაიგო, რო არავინ გველოდებოდა და რო აქ გასაჩერებლად ჩამოვედით. სოფელში ერთი ქუჩაა, რომელზეც რამდენიმე სახლი დგას. ბოლოს ვიღაც გამოვიდა ეზოდან. მივესალმეთ, ღამის გასათევი, ჟესტებით უკეთესად ავუხსენით, ძველი ნოკია ამოიღო და ავღანეთიო. ხმა მაღლა ლაპარაკობდა. ისედაც არაფერი ხდება გარშემო და სამეზობლოც გამოეფინა, მაგრამ სახლში არავის მივუპატიჟებივართ, ერთი ბებოს გარდა, რომლის შვილმაც დატოვებაზე უარი თქვა და შიგნითაც აღარ შევსულვართ. ამასობაში რეზაც შემოგვიერთდა. სხვებისგან განსხვავებულად გამოიყურებოდა და ქუჩაზე გამოჩენისთანავე ყურადღება მიიბყრო. ინგლისურად მოგვიკითხა და სხვებთანაც დაიწყო ლაპარაკი. სახლი კი არის, მარა კონდენციონერი არ ააქვსო. მივედით, ღობესთან, ქვის ქვეშ დამალული გასაღები ავიღეთ და თითქმის დამთავრებულ, ეზოიან რემონტში მოვხვდით, რომელიც ბანკი იქნება და სადაც ჩვენს დასატოვებლად ბაჰარამი ავღანეთში რეკავდა. თითქმის პირველივე სიტყვები, ძალიან ცხელა და სახურავისკენ გაშვერილი თითი იყო, იქ დაწექითო. გასაღები მოგვცა და თვითონ მინდორში სამუშაოდ წავიდა. 


ეზოსგან განსხვავებით, შენობის კარი არ იკეტებოდა. ჩანთები დავაბინავეთ და ჩვენც ჯანდაბის გასაცნობად გავედით. ოცამდე მოსახლე ცხოვრობს. სიცხის გამო ყველა სახლში შეკეტილი ან მინდორში სამუშაოდ იყო გასული. ცივი წყლის საყიდლად არც მაღაზია მუშაობს და არც თონე. მინდვრებში თითქმის ყველგან ერთი და იგივე მცენარე იზრდება. ვიცანი მაგრამ სახელი ვერ გავიხსენე. თავშეკავების შემთხვევაში, ბამია ხორცის იდეალური შემცვლელია, რომელიც რკინას, ცილებს, კალცს, ცე, ბ6 და ა ვიტამინებს შეიცავს. კიდევ მას ლეიდი ფინგერსს და დამსკი პალჩიკებს ეძახიან, რომელშიც ფოლიუმის მჟავის მაღალი შემცველობაა და ორსულობის ადრეულ ეტაპზე განსაკუთრებულად სასარგებლოა, რადგან ჩანასახის ნერვული დაბოლოებები მისი საშუალებით ყალიბდება. სიარულში სახლსკენ მიმავალი ბაჰარამიც შემოგვხვდა, განსაკუთრებულად მეგობრულ, ლურჯ სპეც-სამოსში ჩაცმულ კაცთან ერთად... გასაღები გვთხოვა... 

რკინის ხიდით გზატკეცილის მოპირდაპირე მხარეს გადავედით. ფერმის ნახვაც საინტერესო იქნებამეთქი. ჯაჰანაბად პაენი გაცილებით დიდი და მოწესრიგებული დასახლება აღმოჩნდა. მაღაზიაც იყო და თონეც, მაგრამ პირველები ერთამანეთისგან განსხვავებული გარეგნობის ბავშვები შეგვხვდნენ ველოსიპედებით. პაშტუნი ვეგონე, ავღანური ტომია, თქვენ ვინ ხართმეთქი. თურქმენები, ტაჯიკები, უზბეკები, ავღანელები, ირანელები სულ აქ ცხოვრობდნენო, სწრაფი ნაბიჯით, სპეციალურად ჩვენთვის მოსულმა, ძალიან კარგი ინგლისურით მოსაუბრე ტიპმა აგვიხსნა... მაგრამ ეს იმის შემდეგ, რაც გამოლაპარაკების მიზეზით უფროსებს ღამის გასათევს ვეკითხებოდით. სხვა რამეზე ლაპარაკი შეუძლებელი იყო. როგორც გაჩნდა, ისევე უცბად გაქრა, თავიდან კი გაგვიკვირდა, მაგრამ სავარაუდო პასუხამდე ჩვენთვითონ დავედით და ბევრი ყურადღება არც მივაქციეთ. სერიოზული აჟიოტაჟი გამოვიწვიეთ. დაბნელებისკენ მიდიოდა საქმე და ფილოსოფიურ განწყობაზე, სახლში დღის შუქზე დაბრუნება ვარჩიეთ. 


ლანდშაფტიდან გამომდინარე, თავის დროზე ეს სოფლები ალბათ ერთგვარ ოაზისს წარმოადგენდნენ. პილიგრიმები და ვაჭრები უდაბნოში, შემდეგ ქარვასლაში მიღწევამდე, სავარაუდოდ მდინარესთან ჩერდებოდნენ და ასეთი მრავალეთნიკური მოსახლეობაც შესაძლოა ამ გადაადგილების მემკვიდრეობა იყოსთქო. მაგრამ ღამე, ყანდაჰარიდან ჩამოსულ ავღანელ ემიგრანტებთან გავათენეთ. მუჰამად-ალიმ, ირანში ყოფნისას ბამიასგან პირველი სახლში მომზადებული კერძი გაგვასინჯა, თან ოჯახთან პაკისტანში რეკავდა და ვინც კი ოდნავ ინგლისური იცოდა, ყველასთან გვალაპარაკა, უცხოელი სტუმრები მყავსო. დოხთარ ექიმი მეგონა, რას მკურნალუბმეთქი, გამოველაპარაკე, თურმე ქალიშვილი ყოფილა. ჯანდაბაში იმაზე მეტი სპარსული ვისწავლე, რაც აქამდე ვიცოდი. რა ვიცოდი, მარა მაინც... საწოლი ეზოში გაშალეს, ხომეინის განსასვენებლიდან მოსულ ლოცვაზე ილოცეს და სახურავზე დასაძინებლად ავიდნენ. ღამით რაღაც შეხებამ გამაღვიძა. ბაჰარამი პლედს მაფარებდა. უდაბნოს ქარმა მაგრად დაუბერა, შეუძლებელი იყო სახურავზე გაჩერება და ისევ სიცხე არჩიეს, რომელზეც თავიდან ლაპარაკობდნენ. 

 


დილით, სამეზობლოში ჩაის და დაკეტილ ბაღში გასეირნების შემდეგ, ქვედა ჯანდაბაში გადავედით. უკვე გაშინეურებულები ვიყავით, ნაკლებ ყურადღებას ვიბყრობდით. აქ ხმა თბილისზე გაცილებით სწრაფად ვრცელდება. აშკარად დაწესებულებას ჰგავდა, საიდანაც კაცი გამოვიდა და მოგვესალმა. სოფლის გამგეობაში ფორთოხლის ცივი წვენით გაგვიმასპინძლდნენ, ვინ ხართ რა გინდათო. ცოტა ინგლისურით და გუგლის თარჯიმნით ვურთიერთობდით. თარჯიმანი თარგმანს ნიშნავს. 
ფერმა არა, მაგრამ თეირანს ჯაჰანაბად პაენის აირანის ქარხანაც ამარაგებს. აქ დუღს ეძახიან. ვკითხე, შემოსვლა თუ შეიძლებამეთქი... მცირე ქარხანაში ძალიან უშუალო გარემო იყო. მჟავე კიტრით გაზავებულ კარტოფილის ჩაშუშულზე და ახლად ჩამოსხმულ აირანზე დამპატიჟეს. კედლებზე არ მივლია და არც ძაღლუკა მომკვდარა, მარა გარეთ გამოსულებს საქორწინო მანქანებმა ჩაგვიარეს და ცხადია უკან მივყევით. 


ჩასახვევთან დიდი აბრაა, რომელიც სამოთხის ბაღების მიუთითებს. საქორწინო სალონის ტერასა იტალიიდანაა ჩამოტანილი. ქორწილებს თეირანის რჩეულები ჯავშნიან... მარა ეს ყველაფერი იმის მერე გავიგე, რაც ბაღში ერთმანეთის მიყოლებით სამი წყვილი, მეჯვარეები და მათი ფოტოგრაფები ვნახე. ჰამზემ არ გადამაღებინა, პირადი ფოტოებია, თავსაბურავის გარეშე არიანო. სამაგიეროდ ბაღი დაგვათვალიერებინა, მოგვიყვა რა სად გაიშლება და უკვე დიდ ჭიშკართან მიახლოვებულებს გვკითხა საით მიდიხართო. დაემთხვა, რეზამ მომიმესიჯა, კარაჯში გვეპატიჟებოდა თავისთან. ყუმში მივდივართ შაჰ სეფის საფლავის ნახვა მინდამეთქი.... 


სეფი, შაჰ აბას პირველის შვილიშვილი იყო, რომელსაც დედა ქართველი - დილარამ ხანუმი ჰყავდა. დილარამმა ინტრიგებით ჰარამხანაში იმდენად დიდი გავლენა მოიპოვა, რომ მისი უშუალო მონაწილეობით, ღალატში ეჭვმიტანილი შაჰ აბასის შვილები დააბრმავეს ან დახოცეს, ხოლო ტახტის მემკვიდრედ, მოგვიანებით შაჰ სეფი გამოაცხადეს. სეფიც საკმაოდ ეჭვიანი მმართველი იყო, რომელმაც ნახევრად ქართველობის და ქართველი ცოლის მიუხედავად, მთლიანად გაანადგურა სპარსეთის იმპერიაში უნდილაძეების გავლენა და გაცილებით ცბიერი ქართველის - როსტომ ხანის მხარე დაიჭირა. იმ დროისთვის სხვა დანარჩენთან ერთად, სეფიანთა დინასტიაში საქართველო ხარკის სახით ასობით ლიტრ ღვინოსაც აგზავნიდა, რომლის დიდი ნაწილიც რა თქმა უნდა სეფის კარზე ისმებოდა. ერთხელაც, ყუმში ყოფნისას, ცნობილი ქართველი მოქეიფე, ვინმე ჭელიძე იხმო და მას შემდეგ, რაც სტუმარმა ყველა დაათრო, შაჰმა ის შეჯიბრში პირადად გამოიწვია. არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ როგორც ამბობენ, სეფი შუა ქეიფში ჭარბი ღვინისგან გარდაიცვალაო. 


ამას ხომ არ მოვუყვებოდი გიდს, რომელიც ფატიმა მასუმეს განსასვენებლის ეზოში ლოდინის შემდეგ, ჩვენს შესახვედრად გამოგზავნეს. შაჰ აბას მეორეც ნახევრად ქართველი გამოდის და საფლავების მონახულება მინდამეთქი. ერთადერთი უცხოელები ვიყავით და ვერსად დავეკარგებოდით. შიგნით შესვლა მხოლოდ მორწმუნეთათვის შეიძლება, თან საფლავის ქვები, რომელიღაც მუზეუმში გადაიტანეს და თავად საფლავი მაინც უხილავია, წამოდით სეფიანთა ნაწილს დაგათვალიერებინებთო. ძალიან ცხელა ყომში, შუადღით ყველაფერს კეტავენ და როცა იხსნება, ყველაფერი მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს. ანთროპოლოგიის მუზეუმის დათვალიერება გვინდოდა, მაგრამ ჩვენი მასპინძელი მოენი დილით ყარაჯში მიდიოდა და ავტოსადგურამდე ერთად მგზავრობა ვარჩიეთ.