•  მანძილი თბილისიდან ახალქალაქამდე – 197 კმ
  • საოჯახო სასტუმრო/სასტუმრო – 40-220₾ (2 ადამიანი)
  • აუცილებლად წამოსაღები: კარტოფილი, ყველი, თაფლი.
  • აუცილებლად სანახავი: ფარავნის, მადათაფას და საღამოს ტბები, დაშბაშის კა ნიონი, სოფელი გორელოვკა, სოფელი კოთელია (ძველი ჯავახური მოსახლეობითა და ეკლესიით), სოფელ ყაურმის თაღოვანი ხიდი, ხერთვისის ციხე, ვანის ქვაბები და, რაღა თქმა უნდა, ვარძია.   
  • ჯავახეთის ტბები: ფარავანი, საღამო, კარწახი, ხანჩალი, მადათაფი, ბუღდაშენი, ტაბაწყური (სახელები მომწონს და მინდოდა შენც გაგეხსენებინა).

ჯავახეთი შემოდგომაზე უნდა ნახო. რეკომენდებული კი გვიან გაზაფხულიდან ადრე შემოდგომამდეა, როცა შეგიძლია ფრინველების გადაფრენის პროცესსაც დააკვირდე.

აი, ასე: შეამოწმე ამინდის პროგნოზი, თოვლი არსაიდან დაგატყდეს (მაგ გზამ ნამქერი, ლიპყინული და ჩაკეტვა იცის), აღიჭურვე შესაბამისი ფეხსაცმლითა და სამოსით, ტელეფონში ჩამოწერე ძალიან სასარგებლო აპლიკაცია Javakheti PA (ვრცლად აპის შესახებ წაიკითხე ინდიგოს #5 ნომრის გაჯეტებში), ჩაჯექი მანქანაში და დაადექი გზას აუცილებლად თეთრიწყაროს მხრიდან. 

ჯავახეთი სულ სხვანაირი საქართველოა – უჩვეულოდ ტრამალოვანი, ტბამრავალი, ჭალებიანი, უტყეო, წეროსბუდეებიანი, ცოტახალხიანი, ღრმაკანიონებიანი, იდუმალი.

ხასხასა მდელოები შუა შემოდგომაზე უკვე მიჟანგული ფერისაა, მათ გარს შემოჯარული თავტიტველა მთების წვერები კი, ალბათ, უკვე თეთრი დაგხვდება.

მე შენს ადგილზე დაშბაშის კანიონით დავიწყებდი. მარტივი და მოკლე ბილიკია (დაღმართ/აღმართი). მერე, საყდრიონს, ფოკას, ფარავანს შევუვლიდი, რუხია, მაგრამ საინტერესო, ბევრგან მიტოვებული. ბევრ ისტორიას გიყვება. ეცადე, საღამოს ტბა საღამოს ნახო, მიდი და ჩახედე გულში – მართლა საოცრებაა.

საჭმელი ნინოწმინდაში შეგიძლია საღამოსაც შეჭამო და შერჩეულ სასტუმროს მიაშურო, თუ მოასწრებ, კიდევ რამის სანახავად გაიარე. თუნდაც ის ნახე, აბა, ყაურმის თაღებიანი ხიდი პონტე პიეტრასავით ხომ არ გაანათეს.

ღამის გასათენებლად მე მადათაფას საოჯახო სასტუმროს ავირჩევდი. ღამე მასპინძელს რომ მიადგები, აზრზე რომ არ ხარ, გარშემო რა ხდება, დაიძინებ და დილას გამოღვიძებული რომ  ჩავარდები, იმ შოკს არ გამოვტოვებდი. შოკის მომგვრელი აივნიდან მთელ შენს თვალსაწიერზე გაშლილი ტბა და მთებია, თან როგორები, იდუმალები, არც ხით რომ გეუბნებიან სათქმელს, არც ბუჩქით, დგანან და გიყურებენ.

გორელოვკა მზეს დაამთხვიე, თან სახელიც ითხოვს და თან, რა იცი, წასული დუხობორების აჩრდილები არ აგედევნონ საღამოჟამს.

ქოთნებივით მოხატული სახლების ნახვაც მზეში ჯობს. ქვის ძველი სახლების ცოცხალ სახურავებზეც მზეში უკეთ გაარჩევ, რამდენ მცენარეს იტევს თითო. ის ცისფერი მუზეუმიც არ გამოტოვო, დუხობორების, „ობლის სახლს“ რომ ეძახიან.

ასე ფერადად იცი, რატომ მინდა დაინახო? რუხ და ცივ ფერებში შესაძლოა, გული დაგიმძიმდეს, ჰოდა, ეგ სულ არ არის ჩემი მიზანი.

კოთელია ხომ საყვარელი სახელია? ძველი ჯავახებით დასახლებული სოფელია ახალქალაქიდან 15 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1680 მეტრზე. გზა ასფალტიანი მიდის. აიარე, ნახე, აქ როგორ ცხოვრობენ, რა უხარიათ. ადამიანებიან სახლებში, შესაძლოა, სამოვრის ჩაისა და ბლინებსაც გამოჰკრა ხელი.

კიდევ ნახე, კოთელიაში XV-XVI საუკუნეებში აშენებული, დარბაზული ტიპის, მიტოვებული ეკლესიის სამრეკლოზე როგორ ბუდობენ ყარყატი და ყანჩა.

ნინოწმინდასა და ახალქალაქში აბრებზე არ გაბრაზდე. წამოსაღები პროდუქტები დღისითვე აჯობებს იყიდო.

ვარძიაზე ახალი მე რა უნდა გითხრა, იქვე ახლოს კარგი სასტუმროა გახსნილი, ცოტა ხანს იქ დაისვენე და ისე შეუდექი გზას, კარგა ძალა დაგადგება.

ისე დაგეგმე, რომ დაღამებამდე მანგლისამდე მაინც ჩამოხვიდე, ნისლი იცის ამ სეზონზე.

მოკლედ, ჩემი აზრით, ჯავახეთი ყველა სეზონზე სანახავია – სულ სხვადასხვანაირი. არ არსებობს, ჯავახეთით არ „მოიწამლო“ და ზუსტად ვიცი, კიდევ წახვალ.